№ას-1093-1050-2016 24 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ.ლ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ა.ღ–ძე, ზ.ც–ძე, ლ.ფ–ძე
წარმომადგენლები - მ.მ–ძე, ქ.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1990 წლის 18 აპრილს რეგისტრირებული კოოპერატიული ფირმა „დ–ის“ (შემდეგში - კოოპერატივი) დამფუძნებლები იყვნენ ა.ღ–ძე, ზ.ც–ძე, ლ.ფ–ძე (შემდეგში: მოსარჩელეები, დამფუძნებლები).
2. 1990 წლის 24 დეკემბრისა და 1992 წლის 8 იანვრის ხელშეკრულებების თანახმად, კოოპერატივმა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური ვეტერინალურ-სანიტარული რაზმისგან 260000 მანეთად შეიძინა თბილისში, ..... გზატკეცილზე, სოფელ ..... მდებარე შენობა-ნაგებობის კომპლექსი.
3. 1992 წლის 15 თებერვალს კოოპერატივის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება კოოპერატივის მცირე საწარმო კომერციულ ფირმად რეორგანიზაციის თაობაზე, ხოლო ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით (N2.8.35), კოოპერატივის უფლებამონაცვლე საწარმო „ლ–ი“ (შემდეგში - საწარმო) რეგისტრაციაში გატარდა.
4. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 24.12.1990 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, საწარმოს გადაეცა სოფელ ....., ..... გზატკეცილზე მდებარე შენობა-ნაგებობები: ადმინისტრაციული კორპუსი, სახელოსნო, ორი გარაჟი საწყობით, დარაჯის ოთახი.
5. საწარმოს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.
6. 1996 წლის 15 თებერვალს, საწარმოს საერთო კრებამ დაადგინა, რომ გაუქმებული საწარმოს ქონება მის დამფუძნებელ წევრებზე თანაბრად განაწილებულიყო.
7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1998 წლის 31 მარტს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც საწარმოს საკუთრებაში გადაეცა ..... გზატკეცილზე, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება - 337 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ მოწმობის საფუძველზე საწარმომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრებად დაირეგისტრირა სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები: ლიტერი „ა“ - ადმინისტრაციული კორპუსი, ლიტერი „ბ“ - სახელოსნო, ლიტერი „გ“ - ორი გარაჟი საწყობით, ლიტერი „დ“ - დარაჯის ოთახი (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება).
8. მოსარჩელეებმა მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საწარმოს სახელზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო შემდეგ შეწყდა (საწარმოს სამართალმემკვიდრეობისა და დაინტერესებული პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით).
9. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელეთა მითითებით, სადავო უძრავი ქონება საწარმომ შეისყიდა, თუმცა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრაცია ვეღარ გაიარა. საწარმო ლიკვიდირებულია მისი საერთო კრების 1992 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N2). არც სახელმწიფოსა და არც სხვა მესამე პირებს არ აქვთ რაიმე მოთხოვნა ან პრეტენზია ამ ქონებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც საგადასახადო ორგანოში საწარმოს სახელზე დავალიანება არ ირიცხება, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 22 აპრილის N21-11/26735 წერილით. შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში საწარმოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება უნდა განაწილდეს პარტნიორებს შორის.
10. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის (1996 წლის 1 სექტემბრამდე) გასვლიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 31.03.1998 წელს, რაც მიუთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. ამასთან, სარჩელს არ ერთვის მტკიცებულებები იმისა, რომ მოსარჩელეები საწარმოს უფლებამონაცვლეები არიან.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლ–იის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეები ცნობილ იქნენ თბილისში, სოფელ ....., ..... გზატკეცილზე მდებარე, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, საწარმოს სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების - 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 337 კვ.მ შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეებად (ლიტერი ,,ა” -ადმინისტრაციული კორპუსი, ლიტერი ,,ბ” - სახელოსნო, ლიტერი ,,გ” - ორი გარაჟი საწყობით, ლიტერი ,,დ” - დარაჯის ოთახი).
12. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილება, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.10 მუხლი და მიუთითა შემდეგი:
12.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ საწარმოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრაცია აღარ გაუვლია. მაგრამ ეს გარემოება უფლებას არ ართმევს საზოგადოების პარტნიორებს, გაინაწილონ საზოგადოების ქონება, ვინაიდან საწარმო გაუქმებულად მიიჩნევა.
12.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998 წლის 31 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დადგენილია, რომ საწარმოს საკუთრებაში გადაეცა ..... გზატკეცილზე, სოფელ ..... მდებარე 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 337 კვ.მ შენობა-ნაგებობები. მოწმობაშივეა მითითებული, რომ საწარმოს დამფუძნებლები არიან მოსარჩელეები. დადგენილია ტექნიკური აღრიცხვის არქივში სადავო ქონების საწარმოს საკუთრებად რეგისტრირების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან საწარმო გაუქმებულია, მის სახელზე აღრიცხული ქონება საკუთრებაში უნდა გადაეცეთ მის დამფუძნებლებს.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. აპელანტმა მიუთითა შესაგებელში აღნიშნულ პრეტენზიებზე და დამატებით აღნიშნა:
13.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამონაცვლის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩართვის შესახებ, მაშინ, როდესაც სასამართლომ სწორედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998 წლის 31 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დაადგინა სადავო ქონების საწარმოსადმი კუთვნილება. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული მონაცემებით, სწორედ 31.03.1998 წლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაა მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად, აღნიშნული მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით, აქტის გამომცემ ორგანოს პოზიცია სრულყოფილად უნდა დაეფიქსირებინა.
13.2. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, თუ რამდენად წარმოეშობოდა არარსებულ სუბიექტს 31.03.1998 წელს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით უფლება სადავო ქონებაზე.
13.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა პარლამენტის N578 დადგენილება და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლ–იის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
14.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილებაზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე; საქართველოს პარლამენტის N80 დადგენილებაზე, რომლითაც ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე; N578 დადგენილების მე-4 პუნქტსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტზე (1994 წლის 28 ოქტომბრის რედაქცია), რომელთა მიხედვითაც, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს რეგისტრაცია უქმდება.
14.2. რადგან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საწარმოს რეგისტრაცია აღარ გაუვლია და, შესაბამისად, გაუქმდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო საწარმოს ქონების დამფუძნებლების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
14.3. რაც შეეხება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998 წლის 31 მარტს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობას, პალატამ აღნიშნა, რომ მისი კანონიერება განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამასთან, საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ-ის 102-103 მუხლების თანახმად), რაც მოწმობის არაკანონიერებას დაადასტურებდა.
14.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ, თავდაპირველად, მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საწარმოს უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია 1998 წლის 31 მარტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობა და კანონიერება. ამასთან, 24.11.2015 წლის მოსამზადებელ სხდომაზე, თავად მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დავის საგნიდან გამომდინარე სათანადო მოპასუხე იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქართველოს სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოთი. სასამართლო სხდომაზე თავდაპირველ მოპასუხეს არ განუცხადებია, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მის უფლებებსა და ინტერესებს, მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი იყო განსახილველი დავის არსის შესახებ. სწორედ ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 16.03.2016 წლის საოქმო განჩინებით, მართებულად არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
15.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ არ არსებობდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ არსებობდეს საწარმოსათვის გადაცემული და პარტნიორებს შორის გაუნაწილებელი ქონება. ამგვარი ქონების არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, რამდენადაც არ გამოკვლეულა კონკრეტულად რა ქონება ჰქონდა საწარმოს. ამასთან, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არასწორად არის გაცემული საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან ორი წლის შემდეგ.
15.2. კასატორი იმაზეც აპელირებს, რომ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მხარეც მიუთითებს, რომ მათ დროულად ვერ შეასრულეს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
15.3. მოსარჩელეების, როგორც ფიზიკური პირების, მოთხოვნა სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ამ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია.
16. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოსარჩელეთა მოთხოვნა რეგისტრაციაგაუქმებული საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის.
19. კასატორის პირველი პრეტენზია ისაა, რომ სადავო ქონება საწარმოს საკუთრებას არ წარმოადგენს, რადგან 1998 წლის 31 მარტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც სადავო ქონება საწარმოს გადაეცა, არასწორადაა გაცემული.
20. აღნიშნული შედავება არაკვალიფიციურია, რამდენადაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია სახელმწიფოს, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, რომელიც არც მის გამომცემ ორგანოს, არც ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს და არც სასამართლოს არ გაუუქმებია, შესაბამისად, მოწმობა ძალაშია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან აპელირება მის მიერვე გაცემული საკუთრების მოწმობის არანამდვილობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
21. კასატორის პრეტენზია, რომ აუცილებელი იყო მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამონაცვლეს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოეხატა თავისი მოსაზრება სადავო საკუთრების მოწმობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელი არ არის. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არასათანადო მოპასუხის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათანადო მოპასუხით შეცვლამდე, სამინისტრომ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სადავო ქონების საწარმოსადმი კუთვნილება (შესაბამისად, საკუთრების მოწმობა) სადავოდ არ გაუხდია (შესაგებლის მიხედვით, მართალია, სადავო ქონება საწარმოს ეკუთვნოდა, მაგრამ, ეს უკანასკნელი გაუქმებული არ იყო, რის გამოც ქონების ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი არ არსებობდა) და, მეორეც, ვინაიდან კერძოსამართლებრივ დავაში როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ისე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფოს წარმოადგენს, მოპასუხის მითითება სხვა სახელმწიფო უწყების შეცდომაზე, არაარსებითია.
22. რაც შეეხება საწარმოს სახელზე რიცხული ქონების მოსარჩელეთა საკუთრებაში გადასვლის წინაპირობას - საწარმოს ლიკვიდაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 69.3 მუხლის მიხედვით, იმ საწარმოებზე, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესები. მითითებული ნორმა ეხება იმ საწარმოებს, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია და არ არის დასრულებული ლიკვიდაციის პროცესი. შესაბამისად, უნდა გაირკვეს დაიწყო და მიმდინარეობს თუ არა ლიკვიდაციის პროცესი საწარმოს მიმართ.
23. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საწარმოს გაუქმება, საწარმოს ლიკვიდაცია და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება (რეესტრიდან ამოშლა) სხვადასხვა სამართლებრივი ცნებებია. საწარმოს გაუქმება ლიკვიდაციის დაწყების წინაპირობაა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტნიორები იღებენ. ლიკვიდაცია კი, კანონმდებლობით დადგენილი წესების, პროცედურების ერთობლიობაა, რომელსაც ლიკვიდატორი ახორციელებს.
24. ამდენად, პარტნიორთა მიერ საწარმოს გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს ლიკვიდაციის პროცესის ავტომატურად დაწყებას, ხოლო შეასრულეს თუ არა მოსარჩელეებმა იმ დროს მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით (28.10.1994წ რედაქცია) დადგენილი მოთხოვნები ლიკვიდაციის პროცედურებთან დაკავშირებით (14.2. მუხლის მიხედვით, ლიკვიდატორებმა უნდა შეადგინონ ბალანსი. საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან ცნობილ კრედიტორებს საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ უნდა აცნობონ სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებსა და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია, საჯარო განცხადებით და მოიწვიონ ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისათვის. ლიკვიდატორები მოვალე არიან დაამთავრონ მიმდინარე საქმეები, განახორციელონ აქტივები და შეასრულონ საზოგადოების ვალდებულებები, თუ ბალანსიდან დავალიანება არ გამომდინარეობს. დავალიანების დადგენისთანავე ისინი მოვალე არიან ამის თაობაზე აცნობონ სასამართლოს, რომელმაც უნდა აღძრას საბანკროტო საქმე. ლიკვიდატორები წარმოადგენენ საზოგადოებას ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, შეუძლიათ, წარმართონ ამასთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავრონ საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულონ დავები, ხოლო თუ საჭიროა, ჩაერთონ ახალ გარიგებებშიც. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, თავისუფლად გაყიდონ აქტივები. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს მათ ყოველწლიურად უნდა შეადგინონ შუალედური ბალანსები. საზოგადოება პასუხს აგებს ლიკვიდატორის მიერ თავის საქმიან მოვალეობათა შესრულებისას უნებართვო მოქმედებებით მიყენებული ზიანისათვის) საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, მოცემული დავის მიმართ გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია (მე-14 მუხლი).
25. ლიკვიდაციის არსი საზოგადოების უფლებამოსილ პირთა შორის ქონების ნებაყოფლობით განაწილებაა, რომელიც კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ ხდება. ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ საწარმოს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება არ ერიცხება (რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის 22.04.2014 წლის ცნობა), არ არსებობენ კრედიტორები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ საწარმოს კუთვნილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდაციის პროცედურების დაცვა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, პალატა საწარმოს ფაქტობრივად ლიკვიდირებულად მიიჩნევს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საწარმოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარდამავალი კანონმდებლობის პერიოდში, რომელმაც საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა მის გაუქმებას დაუკავშირა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილების, მე-2 პუნქტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე; საქართველოს პარლამენტის N80 დადგენილებით, ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე; N578 დადგენილების მე-4 პუნქტსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტმა (1994 წლის 28 ოქტომბრის რედაქცია) დაადგინა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს რეგისტრაცია უქმდებოდა). რაკი საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია აღარ გაუვლია, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში არ არის რეგისტრირებული და არც საარქივო სამმართველოშია რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი რეგისტრაციის შესახებ, ამჟამად, დადგენილი წესით საწარმოს ლიკვიდაცია და სამეწარმეო რეესტრიდან მისი ამოშლა ობიექტურადაც შეუძლებელია.
26. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შედეგი პარტნიორთა შორის ქონების განაწილებაა (14.9 მუხლი), რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობა კი, -საწარმოს ლიკვიდაცია (14.8 მუხლი). ვინაიდან, საწარმო ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, ხოლო სამეწარმეო რეესტრში ის რეგისტრირებული ისედაც არ არის, უნდა დადგეს ის შედეგი, რომელიც საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას უკავშირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად მოსარჩელთა ცნობის თაობაზე.
27. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი