№ას-1170-1116-2013 17 ივნისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ც.პ.ს–ი“
წარმომადგენლები (ადვოკატები) - მ.ჯ–ი, ლ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.გ–ა
წარმომადგენელი (ადვოკატი) - ბ.ვ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2005 წლის 28 ოქტომბერს ს.გ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) და შპს „ც.პ.ს–ის“ (შემდეგში: კომპანია, მოპასუხე, კასატორი) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ, 9 950 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, …… 46,5 კვ.მ საცხოვრებელი ბინის (შემდეგში - სადავო უძრავი ქონების) აშენების ვალდებულება იკისრა. მოპასუხეს ბინა მშენებლობის დაწყებიდან 36 თვის ვადაში - 2008 წლის დეკემბრისათვის უნდა დაესრულებინა.
2. მოსარჩელემ თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულება ვერ უზრუნველყო.
3. 2010 წლის 15 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, უძრავი ქონება სამომავლო საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
4. 2012 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილით აცნობა, რომ კომპანია შესაძლოა, მოვალეთა რეესტრში შესულიყო (რის საფუძველზეც საწარმო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ვეღარ განკარგავდა, საწარმოს მოვალეთა რეესტრიდან ამოღებამდე/ამოშლამდე). მოპასუხე ამ წერილითვე მოითხოვდა მის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების 2012 წლის 2 მარტამდე შესრულებას, ასევე, იგი მოსარჩელეს ურჩევდა, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ქონებაზე სააღსრულებო წარმოება მიქცეულიყო მესამე პირების სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. 2012 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დამატებით გაფორმდა „უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნაყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონების ღირებულება 16 461 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამასთან, მხარეებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელემ გადაიხადა 13950 აშშ დოლარი, დარჩენილი 2511 აშშ დოლარი კი, 2012 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. აღნიშნული პირობის შესრულებამდე მესაკუთრეს აეკრძალა უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ხოლო, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს მიეცა უფლება, ცალმხრივად გაეუქმებინა მოსარჩელის საკუთრების უფლება. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღირიცხა.
6. მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2012 წლის 28 თებერვლის შეთანხმებით გათვალისწინებული 2511 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 28 თებერვალის ხელშეკრულების ნაწილის (1.1, 1.3.3 და 1.4 პუნქტების) ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ პუნქტების, რომლითაც მას მოპასუხისათვის დამატებით 2511 აშშ დოლარის გადახდა ეკისრებოდა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა გადახდილი თანხის 18% - 2511 აშშ დოლარი და მან კანონსაწინააღდეგო მოქმედებებით მიაღწია 2012 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების შედგენას.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის გაგზავნილი შაბლონური ხასიათის შეტყობინების მიზანი მხარეთა შორის უკვე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მისაღები ანაზღაურების დროულად გადახდის უზრუნველყოფა იყო და არა - დამატებითი შესრულების მოთხოვნა. 2012 წლის 28 თებერვლის გარიგება დადებულია მხარეთა მიერ თავისუფლად გამოვლენილი ნების შედეგად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 50-ე, 85-ე, 86-ე, 10.2, 631.2 მუხლებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 28 თებერვლის გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა ვერ დაადასტურა შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. მოსარჩელემ, გარიგების დადების მიზნით, მის მიმართ რაიმე სახის იძულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 21 თებერვლის შეტყობინებით მოპასუხე ვერ მოითხოვდა 2012 წლის 28 თებერვლის გარიგებაში დასახელებული თანხის - 2511 აშშ დოლარის გადახდას, რადგან შეტყობინებით მოპასუხე უკვე არსებული ვალდებულების შესრულებას ითხოვდა, ხოლო 2012 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულება შედგენილი იყო მოსარჩელის მიერ დასახელებული წერილის მიღების შემდეგ. ამასთან, 2012 წლის 21 თებერვლის შეტყობინება არასწორ მონაცემებს არ ასახავდა, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოპასუხე საზოგადოების ქონება რეალურად იყო დაყადაღებული მესამე პირთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. სახელშეკრულებო ურთიერთობებში მყოფი მხარეების მიერ აღნიშნული ხასიათის ინფორმაციის მიწოდება კი, კანონშეუსაბამო მოქმედებად ვერ განიხილება.
9.2. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რათა თავიდან აეცილებინა უძრავი ქონების დაკარგვა. ამ ხელშეკრულების უმთავრესი მიზანი მოპასუხის მიერ საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება იყო, აღნიშნულის შესახებ მითითებულია ხელშეკრულების 1.3 პუნქტშიც. შესაბამისად, გარიგება დამატებით 2511 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია დამკვეთისა და მენარდის ორმხრივი კონსენსუსის შედეგად ნარდობის საფასურის გაზრდის შესახებ შეთანხმებად. სასამართლომ არ გაიზიარა არც ის მოსაზრება, რომ მითითებული თანხით მოპასუხეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაეხადა. ამდენად, სასამართლომ მიაჩნია, რომ არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ მოპასუხის მოქმედებები მოსარჩელეს ქონების რეალურად დაკარგვის საფრთხედ აღექვა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო შეთანხმების მიზანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის დამატებითი სახსრების მობილიზება იყო და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს საცხოვრებელ კომპლექსზე, სადავო შეთანხმების დადების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებია. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ შეთანხმებაში მითითებული თანხით ნარდობის საფასური გაიზარდა. ამის შესახებ თავად შეთანხმებაშიც არ არის მითითებული. აპელანტის მტკიცებით, ზედმეტად გადასახდელი თანხა - 2511 აშშ დოლარი სწორედ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ იყო, რითაც მოპასუხემ უკანონოდ გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება.
10.2. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეტყობინების გაგზავნის დროისათვის მოსარჩელეს ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა. სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არც ის მტკიცებულებები შეაფასა, რომლებიც ადასტურებდა, რომ მოპასუხემ ქონების დაკარგვის შიშით აიძულა მოსარჩელე, ხელი მოეწერა სადავო შეთანხმებაზე. ამდენად, სწორედ იმის გამო, რომ მოსარჩელემ ობიექტურად შეაფასა მოვლენები (მოპასუხის უკანონო ქმედებებზე რეაგირება არ ხდებოდა მთავარ პროკურატურაში შეტანილი არაერთი საჩივრის გამო; საჯარო გამოსვლებში მოპასუხე კატეგორიულად, ულტიმატუმის ენით აცხადებდა, რომ საკუთრებაში ბინებს ვერ გადასცემდა დღგ-ს გადახდის გარეშე; 21.02.2012 წლის შეტყობინება არარსებული დავალიანების დაფარვის შესახებ), იძულებული გახდა ხელი მოეწერა კაბალურ შეთანხმებაზე.
10.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 631-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 52-ე მუხლი, არც ის დაადგინა, ვლინდებოდა თუ არა იძულების სამი კომპონენტი: 1. იძულების მართლსაწინააღმდეგო მიზანი; 2. იძულების მართლსაწინააღმდეგო საშუალება; 3. მიზეზობრივი კავშირი იძულებასა და გარიგების დადებას შორის.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
11.2. სარჩელი დაკმაყოფილდა;
11.3. ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 28 თებერვალის „უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების“ 1.1, 1.3.3 და 1.4 პუნქტები.
12.1 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 2008 წლის 25 მაისისათვის და 2009 წლის 14 ივნისისათვის მოქმედი რედაქციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილზე, (გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით) და განმარტა, რომ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა. ამ პირობასთან ერთად მნიშნვნელოვანი იყო მეორე გარემოებაც - გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით.
12.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ისარგებლა მითითებული პერიოდისთვის არსებული მდგომარეობით, რადგან, ერთი მხრივ, არსებობდა რეალური საშიშროება მოსარჩელეს საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით არ გადასცემოდა, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის ქონებაზე არსებული სამართლებრივი შეზღუდვების რაოდენობიდან გამომდინარე, კომპანიას მოსარჩელისათვის ვერ აენაზღაურებინა ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი. აღნიშნულის გამო კი, მოსარჩელე იძულებული გახდა, ეკისრა დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება. მისი საკუთრების უფლება სადავო ბინაზე აღირიცხა მხოლოდ სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ამდენად, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეასრულა, რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება. სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა არა ორმხრივი სარგებლის მიღება, არამედ მოსარჩელე შეიბოჭა დამატებითი ვალდებულებით მოპასუხის მიმართ.
12.3. პალატის მოსაზრებით, მოდავე მხარეთა შორის 2012 წლის 28 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების გასაჩივრებული პუნქტები ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს და, სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო პუნქტები ამორალურ გარიგებას წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება არ ეხებოდა 2012 წლის 28 თებერვლის შეთანხმების იმ ნაწილებს, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა კონკრეტული უძრავი ქონება. მოსარჩელისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მოპასუხეს ეკისრებოდა მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. მოცემულ შემთხვევაში, შესრულებასა და ანაზღაურებას შორის ბალანსი დაცული იყო. ცალკე აღებული მძიმე მდგომარეობა თუ საბაზრო ძალაუფლების გამოყენების ფაქტი, გარიგების ბათილობისათვის საკმარისი წინაპირობა არ არის. სადავო გარიგების დადებით მოპასუხეს კანონშეუსაბამოდ არ უმოქმედია. მოსარჩელემ თავისი ნება გამოავლინა, როგორც შინაგანი განწყობით, ისე - გარეგნული გამოხატულებით. იგი აღძრული სარჩელით გარიგებით ნაკისრი ვალდებულებისაგან თავის დაღწევას ცდილობს.
13.2. ხარჯთაღრიცხვა გაიზარდა იმ დროს, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობდა და ამის შესახებ მოსარჩელეს მოგვიანებით, ნივთის ჩაბარებამდე (საკუთრებაში გადაცემამდე) ეცნობა. მან სრულად მოიწონა გაზრდილი ხარჯთაღრიცხვა, არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა და მხარეებს შორის გაზრდილი ხარჯთაღრიცხვით ახალი გარიგებაც დაიდო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
16. მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 28 თებერვალის ხელშეკრულების ნაწილის (1.1, 1.3.3 და 1.4 პუნქტების) ბათილად ცნობაა. მითითებული მოთხოვნა აღიარებითი შინაარსისაა. აღიარებითი სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებამდე სასამართლო ვალდებულია, მისი დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი.
17. აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.
18. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ: მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა . . . აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015, ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები საქმეზე ას -121-117-2016).
19. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, იმ უფლებრივი შეზღუდვის გაუქმებაა, რომელიც 2012 წლის 28 თებერვლის სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო ქონებაზე ვალდებულების გრაფაში მითითებულია, რომ „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, მყიდველს უფლება არ აქვს უძრავი ნივთი გაყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, უფლებრივად დატვირთოს“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულების იმ პუნქტების ბათილად ცნობით, რომლითაც მას კასატორისათვის 2511 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება, აღნიშნული უფლებრივი შეზღუდვაც გაუქმდება.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ზემოხსენებული გარიგების სადავო პუნქტების ბათილად ცნობით, მოსარჩელე ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს, ვინაიდან სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების თაობაზე რეგისტრაციას ვერ გააუქმებს. ამ მიზნის მისაღწევად უნდა არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის გაუქმების თაობაზე. რაკი ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ აღუძრავს, სასამართლო კი, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება (სსსკ-ის 248-ე მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, შესაბამისად, ეს სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.
21. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა, როგორც აღინიშნა, იურიდიული ინტერესის არსებობაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეში ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეებს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ აქვთ. ეს კი, მოსარჩელეთა აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
22. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და სსსკ-ის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვისკენაა მიმართული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. ამდენად, მოცემულ საქმეზე, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.გ–ას სარჩელი, ამ უკანასკნელსა და შპს „ც.პ.ს–ის“ შორის 28.02.2012 წელს დადებული უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების 1.1., 1.3.3. და 1.4. პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. გაუქმდეს ამ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი