№ას-743-711-2016 31 მარტი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ე.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – გ.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ჩ–ი (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, მოვალე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, გ.ნ–ის (შემდეგში მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 17 000 აშშ დოლარისა და წლიურად ამ თანხის 10%-ის გადახდა (2012 წლის 21 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეწყვეტილია. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა შეწყდა შესრულებით, რასაც ადასტურებს ვალის აღიარებისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება. კასატორის მითითებით, მარეებმა საჯარო რეესტრს იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით იმიტომ მიმართეს, რომ მოვალემ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.2.1. 2010 წლის 28 დეკემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, კრედიტორსა და მოვალეს შორის, გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და ვალის აღიარების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ აღიარა, მოსარჩელის მიმართ 17 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა, ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...... ხელშეკრულების შესაბამისად, მოვალეს კრედიტორისათვის თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 1 აპრილამდე.
5.2.3. 2012 წლის 23 იანვარს კრედიტორმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც მოვალის ქონებაზე იპოთეკა გაუქმდა.
5.2.4. მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება (ძირი თანხა და მიიღებელი შემოსავლის ზიანი), სსკ-ის 341.1 (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს.
7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 21 და 28 დეკემბერს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებებით მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის 17 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
8. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მან ვალდებულება შეასრულა. საკასაციო პალატა განმარტებით, იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ:Nას-1541-1547-2011,19.04.2012).
9. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან, რომლის შეურულებლობის გამოც კრედიტორი მოპასუხისგან 17 000 აშშ დოლარის გადახდასა და მიუღებელი შემოსავლის ანგარიშში ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
10. კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის განმსაზღვრელია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით სურს მოვალეს, ვალდებულების შესრულების დადასტურება. მოვალე ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, საჯარო რეესტრში იპოთეკისა და ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების ფაქტს მოიხმობს. კასატორის განმარტებით, იპოთეკის გაუქმება მოვალის ქონებაზე ვალდებულების შესრულების თანამდევ შედეგს წარმოადგენდა.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
12. განსახილველ საქმეზე მტკიცების ტვირთი განაწილების ფარგლებში მოპასუხეს უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება დაფარა. ასეთ მტკიცებულებად კასატორი მოვალის ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას მოიაზრებს. საკასაციო პალატა მხარეს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითებს, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად წერილობით საბუთს მიიჩნევს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი). მოცემულ საქმეში, მოპასუხემ თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო.
13. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს სსკ-ის 429-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე არაერთხელ განმარტა, რომ, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომლის არსი ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (შდრ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი). განსახილველი დავაც სწორედ ასეთი შემთხვევაა, ვინაიდან მოპასუხე შესაძლებლობას მოკლებული აღმოჩნდა, ფულადი ვალდებულების შესრულების დამდგენი წერილობითი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენით უცილობლად დაედასტურებინა ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოვალემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 17 000 აშშ დოლარის კრედიტორისათვის გადახდის შესახებ. რაც შეეხება კასატორის შედავებას, იპოთეკის გაუქმებით, ვალდებულების შესრულების დადასტურების თაობაზე, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იპოთეკა წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და მის ნებელობაზეა დამოკიდებული რა ვადით და რა ფარგლებში ისარგებლებს ამ უფლებით. შესაბამისად, ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებაზე იპოთეკის მოხსნა ვალდებულების შესრულებამდე იმთავითვე არ ნიშნავს მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებას და არც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად განიხილება. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს თანხის მიღების თაობაზე კრედიტორის ხელწერილით, ან ანგარიშსწორების სხვა დოკუმენტით, რომლის სასამართლოსთვის წარდგენაც კასატორს ევალებოდა. სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე მოვალეს კრედიტორისათვის თანხის გადახდის ამსახველი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით სასამართლოს წინაშე დაედასტურებინა თანხის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა.
14. საკასაციო პალატა ასევე საფუძვიანად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის ანგარიშში მოთხოვნილი თანხის (2008 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 17000 აშშ დოლარის 10%-ის) დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას მიეცემოდა შესაძლებლობა სადავო თანხის საანაბრო ანგარიშზე განთავსებით გარკვეული ფინანსური სარგებელი მიეღო.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15). პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, გამოიკვეთა. კასატორს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძვლიანობაზე, მისი განსაზღვრის წესსა და ოდენობაზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუდგენია, ამიტომ საკასაციო პალატა ამ საკითხზე მსჯელობას დამატებით აღარ განავრცობს და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლება, რომ საანაბრე ანგარიშზე სადავო თანხის განთავსება მოსარჩელეს დამატებით ფინანსურ სარგებელს მისცემდა, ამასთან, ფულის როგორც მსყიდველობითუნარიანი აქტივის განკარგვით გარკვეული სარგებლის მიღება მოვალისათვის განჭვრეტად ზიანს წარმოადგენდა, რაც დებიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მისი ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, კასატორს გადახდილი ჰქონდა საკასაციო სამართალწარმოებისთვის განსაზღვრული ბაჟი - 2661.00 ლარი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2661.00 ლარის, საგადახდო დავალება #25, გადახდის თარიღი 28.10.2016), 70% – 1862.70 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე.ჩ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2661.00 ლარის, საგადახდო დავალება #25, გადახდის თარიღი 28.10.2016) 70% – 1862.70 ლარი;
3. კასატორ ე.ჩ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული წერილობითი მტკიცებულება - შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ 28.09.2016 წლის #01-04-01/9367 ცნობა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი