Facebook Twitter

¹ბს-57-6-კს-04 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. უ.-მ მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მიმართ და მოითხოვა, ცნობილი ყოფილიყო სამკვიდროს ფაქტობრივ მიმღებად და მესაკუთრედ ბინაზე, მდებარე ... ქ. თბილისში. განხორციელებულიყო საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებები და ლ. ქ.-ზე რიცხული ზემოაღნიშნული ბინა აღრიცხულიყო მის სახელზე.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. უ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილად იქნა ცნობილი, რომ რ. უ.-ე ფლობს აწ გარდაცვლილ ლ. ქ.-ის სამკვიდროს, მდებარე ... ქ. თბილისში.

რ. უ.-ე ცნობილ იქნა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ. საჯარიმო რეესტრს დაევალა ქ. თბილისში, საკუთრების უფლებით აღერიცხა რ. უ.-ის სახელზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა.-მ, რომელიც უთითებდა, რომ იგი იყო ანდერძისმიერი მემკვიდრე. იმავე სასამართლოში, იმავე მოსამართლესთან იხილებოდა მისი სარჩელი ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის თაობაზე. სასამართლომ დაარღვია მისი უფლება, როგორც დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

აპელანტი განმარტავდა, რომ გლდანი-ნაძალადევის გამგეობა საქმეში იყო არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან სადავო ქონება ხაზინაზე გადასული არ ყოფილა და, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, თანხმობა განეცხადებინა ქონების გასხვისებაზე.

აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეში მის სათანადო მხარედ ჩაბმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით ზ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნულის მოტივად სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზ. ა.-ს არ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ვინაიდან ის განსახილველ საქმეში არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მე-3 პირს.

ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ზ. ა.-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის ინტერესებს, ვინაიდან დავის საგანი არის ბინა, რომლის ანდერძისმიერ მემკვიდრესაც იგი წარმოადგენს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია მისი პროცესუალური უფლებები მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, როგორც მხარეს ან მესამე პირს, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ თანახმად სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუU მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საფუძვლით წამოყენება მას შეუძლია სააპელაციო ინსტანციაში, მისი საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად და განხილული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, მის ჩაბმას საქმეში მესამე პირად და სააპელაციო საჩივრის განხილვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 იანვრის განჩინებით ზ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ადასტურებს საოლქო სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 364-ე მუხლის გამოყენების მართებულობას და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი ამომწურავად განსაზღვარავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის შეტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ესენი არიან, მხარეები: მოსარჩელე და მოპასუხე, აგრეთვე, მე-3 პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი შესაძლოა შეტანილ იქნეს ასევე იმ პირის მიერ, რომელიც, მართალია, არ იყო ჩაბმული პროცესში არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ, არც მე-3 პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით, მაგრამ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრა მისი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ, მაგალითად, დააკისრა რაიმე მოქმედების შესრულება ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, მას მიეცემა საშუალება აპელაციის გზით დაიცვას თავისი უფლებები.

ზ. ა.-ი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ არც ერთ პირობას, კერძოდ, იგი მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს მხარეს, ჩაბმული არის მე-3 პირად, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მისი უფლებები არ განსაზღვრულა, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ზ. ა.-ს არ გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, გაასაჩივროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა პირის უფლებას საპროცესო საშუალებებით დაიცვას კანონიერი ინტერესები, კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სარჩელით თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების დაცვის მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.