საქმე №ა-1128-შ-28-2020 8 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ძესა (მოსარჩელე) და ნ.ბ–ს (მოპასუხე) შორის 2009 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ნ.ბ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 19 სექტემბრიდან.
4. მხარეებს შორის გაფორმებულია განქორწინების შემდგომი შეთანხმება. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
5. საქმეში არსებული საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 6 იანვრის ბრძანებულების თანახმად, ნ.ბ–ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით ნ.ბ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ძესა და ნ.ბ–ს შორის, 2009 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 19 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების კანონის შესაბამისად.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
11. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 6 იანვრის ბრძანებულების თანახმად, ნ.ბ–ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
12. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.
13. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
14. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ბ–ძესა და ნ.ბ–ს შორის 2009 წლის 10 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე