საქმე №ა-1222-შ-31-2020 8 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ე.
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ე.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ე. და ს.ე. განქორწინდნენ.
2. ი.ე.მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობაში განმარტავს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკაში, რის გამოც მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრს, რათა რეგისტრაციაში გაეტარებინათ განქორწინება, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოდან მას მოსთხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 10 მაისიდან.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად. სასამართლო სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა. მოწინააღმდეგე მხარე სარჩელს დაეთანხმა.
5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით ი.ე–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 25 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ი.ე–ის (ც–ას) და ს.ე–ის განქორწინების შესახებ.
9. მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ე–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლი ანადოლუს მე-18 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ი.ე–ის (ც–ას) და ს.ე–ის განქორწინების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე