საქმე №ა-5922-შ-180-2019 8 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადთა და მოსაკრებთა სამინისტროს ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ე–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.ე–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 24 რუბლისა და 50 კაპიკის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადთა და მოსაკრებთა სამინისტროს ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციამ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 29 აპრილს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შესრულებულა. მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და მასვე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა საქმის მასალები და სასამართლო უწყება, თუმცა უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვას არ ესწრებოდა. მოპასუხე საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადთა და მოსაკრებთა სამინისტროს ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად რამდენჯერმე გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა ვერ ჩაბარდა. განჩინებით ამ უკანასკნელს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მოწინააღმდეგე მხარეს წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული განჩინების შესახებ საჯარო შეტყობინებით ეცნობა.
7. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, იმ ნაწილში რაც შუამდგომლობითაა მოთხოვნილი.
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.
11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
12. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
13. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
14. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
15. სასამართლოს აზრით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა, გადახდევინებული ფულადი სახსრების კონკრეტულ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, სცდება გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ფარგლებში განსახილველ საკითხს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის პარტიზანთა რაიონის სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ე–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 24 რუბლისა და 50 კაპიკის გადახდა დაეკისრა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე