¹ბს-577-163(კს-05) 8 ივნისი, 2005 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 13 ივლისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და თ. და თ. ჯ-ების მიმართ 1938წ. 21 სექტემბერს საბინაო სამმართველოს მიერ ა. ჯ-აზე გაცემული ¹843 ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
2005წ. 1 აპრილს მ. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების დაყადაღების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა ვერ გააძნელებდა სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ აღძრული იყო აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ დააბრკოლებდა ქონებაზე ყადაღის დაუდებლობა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სარჩელის მოთხოვნის (ორდერის ბათილობა) დაკმაყოფილება, ვეღარ გამოიწვევდა სამართლებრივ შედეგებს, ვინაიდან შეუძლებელი იქნებოდა დავა უკვე დემონტაჟებულ, არარსებულ ქონებაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან დავა მიმდინარეობს ადმინისტრაციული აქტის შედეგზე – ორდერზე, ხოლო თვით ადმინისტრაციული აქტი, ორდერის გაცემის საფუძველი, ქ.ის მერის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში, რითაც მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული აქტის შეჩერება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სადავო ორდერით ... ¹9-ში ჩასახლებული პირების საკუთრებაში გადასული ქონების დაყადაღებით უნდა მოხდეს სარჩელის უზრუნველყოფა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კერძო საჩივრის ავტორის _ მ. კობალაძის მამა, გ. კ-ე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1998წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
აღნიშნული საფუძვლით, მ. კ-ე, როგორც მემკვიდრე, ითხოვს 1938წ. 21 სექტემბერს გაცემული ¹843 ორდერის ბათილად ცნობას, რომლითაც ქ. თბილისში, ... ¹9-ში მდებარე სახლში, რომელიც მამამისს ჩამოერთვა კონფისკაციის სახით, შესახლებულ იქნა ა. ჯ-ა ოჯახის წევრებთან ერთად.
დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ეს უარი ეთქვა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული ბინის დაბრუნებაზე.
მოცემულ ეტაპზე მ. კ-ე, იმ მოტივით, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს ბინას, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹9-ში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ვერ ასაბუთებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
სსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ორდერის ბათილად ცნობა, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილება არ იძლევა მ. კ-ის სადავო სახელზე საკუთრების აღდგენის მექანიკურ სამართლებრივ საფუძველს და თავისთავად, ობიექტის არსებობა-არარსებობა ვერ დააბრკოლებს მოცემული, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან ერთადერთი შედეგი, დავის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, არის ორდერის ბათილად გამოცხადება.
საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს განსახილველი სარჩელის აღსრულებას და არა პირის სამომავლო და სავარაუდო უფლებების უზრუნველყოფას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.