Facebook Twitter

№ ას-1831-2018 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ჩ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“) და გ.ა–ი ( შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 15 ივლისიდან.

2. მოსარჩელე და მოპასუხე 2018 წლის იანვრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.

3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაძაბული ურთიერთობაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 2018 წლის 18 იანვარს, მოსარჩელის N143001 შეტყობინების საფუძველზე, მოპასუხის მიმართ ერთი თვის ვადით გაიცა და დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც, მოსარჩელეს მიენიჭა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. შემაკავებელი ორდერის პირობების თანახმად, მოძალადეს ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მოსარჩელესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გამოიცა დამცავი ორდერი მოსარჩელის მიმართ, რომლის თანახმადაც მოძალადეს (მოპასუხე) აეკრძალა მსხვერპლთან, მოსარჩელესთან, როგორც ფიზიკური მიახლოვება, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია.

5. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 8 მარტიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში - 2013 წლის 15 ივლისიდან. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას. მხარეებს საერთო შვილი არ ჰყავთ. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მხარეებს შორის, ასევე, ვერ მოხდა შეთანხმება, ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის, ქორწინების შესაწყვეტად.

6. 2018 წლის 7 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, სასამართლოს მოეხდინა მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინების შეწყვეტა - განქორწინება. ასევე, მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.

7. მოპასუხემ სარჩელი ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რეგისტრირებული 2013 წლის 15 ივლისს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N01133004454.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მეუღლეთა შესარიგებელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტები.

12. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. დამატებით მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 1122-ე და 1123-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონმდებელი ქორწინების საფუძლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვლება ნამდვილად.

13. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოში არ ცხოვრობს, სარჩელის სასამართლოში შეტანიდან სააპელაციო ინსტანციაში განხილვამდე გასული იყო 6 თვეზე მეტი და მხარეთა შორის არც ყოფილა ოჯახის გაერთიანების მცდელობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ვინაიდან მათ შორის ურთიერთობა დაძაბული და კონფლიქტურია.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთანავე, საოჯახო სამართლით განმტკიცებულია განქორწინების თავისუფლების პრინციპი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა მეუღლეთა შესარიგებელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი მოთხოვნის, კერძოდ, შესარიგებელი ვადის განსაზღვრისა და რეგისტრირებული ქორწინების გაუქმებაზე უარის თქმის, დაკმაყოფილება.

16. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლომ კასატორს არ მისცა სრული ახსნა-განმარტების საშუალება, რითაც, საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძოდ, სურდა აეხსნა, რომ მოსარჩელემ განქორწინების თაობაზე სასამართლოს მისი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიმართა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა, ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოსარჩელე იმყოფება საზღვარგარეთ და მისი პოზიცია სარჩელის აღძვრის (2018 წლის 7 თებერვალი) შემდეგაც უცვლელია და მას მოპასუხესთან განქორწინება კვლავ სურს.

23. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნაწილში დაუსაბუთებელია. მარტოოდენ მითითება იმაზე, რომ დაირღვა უფლება, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-70-70-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-47-2019, 6 მაისი, 2019 წელი), კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი, საქართველოს კანონით სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე