საქმე №ას-969-2019 26 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.კ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1403 ლარის გადახდა.
4. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება და დადგინდა საქმის შესაგებლის წარდგენის სტადიიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება.
12. 2019 წლის 10 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოსარჩელის განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა მოსარჩელეს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ც.გ–ძეს - 2019 წლის 7 თებერვალს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
15. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისათვის მართლაც გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, რომლის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი საქმის ხელახლა განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით არ გადაუწყვეტია.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 10 მაისს, დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
18. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი არ არის იურისტი, რომ დროულად აღმოეჩინა განჩინების ხარვეზი. განჩინების სწორად შედგენაზე მოსამართლე იყო პასუხისმგებელი, მას არ უნდა გამორჩენოდა მოსარჩელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის - მოპასუხისთვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.
23. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 27 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა განჩინება მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინებით უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება. უდავოა, რომ აღნიშნული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 228-236).
24. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა მოსარჩელეს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 7 თებერვალს ჩაბარდა მის მეუღლეს - ც.გ–ძეს (იხ. ტ.1. ს.ფ. 240).
25. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისს მიმართა (იხ. ტ.1. ს.ფ. 248).
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
27. ზემოხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. ამავე დროს, სასამართლო არაა უფლებამოსილი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
28. კანონის იმპერატიული დათქმა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია ზემოხსენებული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თუნდაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი, ორი ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ან მხარემ საქმის გაცნობისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე (გარდა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისა) 7 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით, ასეთი განმარტება უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რაც საფუძველს აცლის სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ. სუსგ №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი; №ას-452-428-2013, 30 აპრილი, 2014 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა მოსარჩელეს 2019 წლის 8 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით შეეძლო. თუმცა ამ უკანასკნელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოს 2019 წლის 10 მაისს, 7-დღიანი ვადის დარღვევით მიმართა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად მოსარჩელის განცხადება. ამგვარად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე