Facebook Twitter

საქმე №ას-1110-2018 10 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ს–ს“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) შპს „რ.ს–ს“ (შემდგომში − „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) გაუწია 56 062.5 ლარის ღირებულების მომსახურება. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, კერძოდ:

1.1. 2015 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მოპასუხემ ჩაიბარა 2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 3 470.00 ლარის ოდენობით;

1.2. 2015 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მოპასუხემ ჩაიბარა 2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 12 567.5 ლარის ოდენობით;

1.3. 2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მოპასუხემ ჩაიბარა 2015 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 16 118.75 ლარის ოდენობით;

1.4. 2015 წლის 14 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 567.5 ლარს;

1.5. 2015 წლის 15 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 3 470 ლარს;

1.6. 2015 წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 16 118.75 ლარს;

1.7. 2015 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 18 038.75 ლარს;

1.8. 2016 წლის 14 იანვრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 867.5 ლარს.

2. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის, მიღებული მომსახურების ანგარიშში, გადახდილია 10 000 ლარი, ხოლო 46 062.5 ლარი მას არ აუნაზღაურებია.

3. მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 5 305 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებული არ არის.

4. მხარეებმა თანხმობა განაცხადეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე.

5. 2016 წლის 4 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 46 062.5 ლარის გადახდის დაკისრება.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

6.1. მოსარჩელემ მას ტექნიკით უხარისხო მომსახურება გაუწია, რაც დადასტურებულია წუნდებული აქტებით;

6.2. მოსარჩელის მიერ შესრულებული წუნდებული სამუშაოების ღირებულება 10 853.00 ლარს შეადგენს;

6.3. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გაწეული უხარისხო მომსახურებით ფინანსური ზიანი განიცადა.

7. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 5 305 ლარის გადახდის დაკისრება.

8. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 46 062.5 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის ცნობის გამო დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 305 ლარის გადახდა; განხორციელდა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 757.5 ლარის გადახდა.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტები.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მას უხარისხო მომსახურება გაუწია, რითაც ამ უკანასკნელს ზიანი მიადგა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ იყო. სასამართლოს წარედგინა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ნაკლიანი შესრულების შესახებ, რასაც მეორე მხარე უარყოფდა.

14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე (საქმე №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი) და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეშიც მსგავსი ვითარება იყო – შემკვეთმა მიიღო სამუშაო და ნაკლიან შესრულებასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მას უხარისხო მომსახურება გაუწია. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე წუნდებულ აქტებს აფუძნებს. ნაკლიანი შესრულების შედეგად მოპასუხეს მატერიალური ზიანი მიადგა;

17.2. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და მოპასუხის ახსნა-განმარტება სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია. აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაში დადგინდებოდა მოსარჩელის მიერ ზიანის მიყენებისა და უხარისხო მომსახურების ფაქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლიანი, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).

24. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადგენილია და არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, რომ მოსარჩელემ მას 56 062.5 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მიღებული მომსახურების საფასური 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო 46 062.5 ლარი მას არ აუნაზღაურებია. მომსახურების საზღაურის სრულად გადახდაზე მოპასუხემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ მას არაჯეროვანი, უხარისხო მომსახურება გაუწია.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

28. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

30. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

31. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებდა მოსარჩელის მიერ ნაკლიან შესრულებაზე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

32. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ახსნა-განმარტება სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში და დამატებით მიუთითებს, რომ კონკრეტული ფაქტის დადგენისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, თუ აღნიშნულს მეორე მხარე სადავოდ ხდის, საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-243-231-2017, 12 იანვარი, 2018 წელი; №ას-843-787-2017, 20 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-822-788-2016, 29 დეკემბერი, 2016 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2038 ლარის 70% – 1426 ლარი და 60 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ.ს–ს“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „რ.ს–ს“ (ს/კ: ....) დაუბრუნდეს რ.ც–ძის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2038 (ორი ათას ოცდათვრამეტი) ლარის 70% – 1426 (ერთი ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე