Facebook Twitter

საქმე №ას-1244-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ბ–ძე, ს.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.კ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ძისა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ს.ბ–ძის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმირებული იყო პირველი მოპასუხე, შესაბამისად, მოპასუხეებს, როგორც გასაჩივრების უფლების მქონე იმ პირებს, რომლებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჰქონდათ ვალდებულება არა უადრეს 2019 წლის 10 აპრილისა და არა უგვიანეს 22 აპრილისა (ვინაიდან 20-21 აპრილი იყო შაბათი და კვირა - დასვენების დღეები) მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება, რაც მათ არ განუხორციელებიათ. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეებისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან და ამოიწურა 2019 წლის 3 მაისს. მოპასუხეებმა კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინეს 2019 წლის 15 მაისს.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო მეორე მოპასუხის გაფრთხილების აქტი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2019 წლის 27 მარტის ნაცვლად გადმოტანილ იქნა 2019 წლის 20 მარტს. თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს გარემოება ვერ იქნებოდა მეორე მოპასუხისთვის სამართლებრივად სასარგებლო, რადგან მას 27 მარტიდან ათვლის შემთხვევაშიც დარღვეული ჰქონდა გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მეორე მოპასუხის წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო სხდომის დღის შესახებ, შესაბამისად, მეორე მოპასუხეს გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით ჰქონდა (დაემთხვა სააღდგომო დღეები - უქმეები) და მას სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 14 მაისს, 24:00 საათამდე უნდა წარედგინა.

8. სააპელაციო პალატამ თანაშემწის შედგენილი აქტით (ს.ფ. 83) დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს მიეწოდა ინფორმაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღედ 2019 წლის 27 მარტის ნაცვლად, 2019 წლის 20 მარტის განსაზღვრის შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნამდვილად გამოცხადდა 2019 წლის 20 მარტს, ანუ იმავე დღეს, როცა მხარე გააფრთხილეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი გაფრთხილება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულების შესახებ მხარე გონივრული ვადით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება იმავე დღეს, როცა მხარე გაფრთხილდა აღნიშნულის თაობაზე, არაგონივრულია. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო არა 2019 წლის 20 მარტიდან, არამედ - 2019 წლის 27 მარტიდან, თუმცა მოპასუხეებს ამ დღიდანაც დარღვეული ჰქონდათ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რომელიც დაიწყო 30 აპრილს და ამოიწურა 14 მაისს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლო თავად ადასტურებს, რომ სასამართლომ სხდომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ პირველ მოპასუხეს და საქმეში არ დევს მეორე მოპასუხის გაფრთხილების აქტი. კერძო საჩივრის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ წარმომადგენელი ვერ დაესწრებოდა სხდომას, რადგან იგი მიემგზავრებოდა ინგლისში. აღნიშნულის თაობაზე წარმომადგენელმა აცნობა მოსამართლის თანაშემწეს. შესაბამისად, მხარისათვის შეტყობინების გადაცემის ფორმა დაცული არ არის.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. საქმის მასალებში წარმოდგენილი გაფრთხილების ხელწერილით დასტურდება, რომ მოპასუხეების წარმომადგენლისთვის (თ.გ–სთვის) ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2019 წლის 27 მარტი (იხ. ტ.1. ს.ფ. 81).

18. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2019 წლის 20 მარტს. მოპასუხეები (ასევე, მათი წარმომადგენელი) გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებიან (იხ. ტ.1. ს.ფ. 84-85).

19. საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 20 მარტს მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა პირველ მოპასუხეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ 2019 წლის 27 მარტის ნაცვლად 2019 წლის 20 მარტს (იხ. ტ.1. ს.ფ. 83). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამგვარი შეტყობინება კანონით დადგენილი წესით მხარის გაფრთხილებად ვერ ჩაითვლება, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა იმავე დღეს, როცა მხარე გაფრთხილებულ იქნა აღნიშნულის თაობაზე. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მისთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი საერთოდ არ უცნობებია.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2019 წლის 27 მარტიდან. იმ ფაქტს, რომ მოპასუხეების წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2019 წლის 27 მარტს გამოცხადების თაობაზე, სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის 27 მარტს არ მიუღია, იგი 2019 წლის 20 მარტს გამოცხადდა.

21. ამგვარად, რადგან მოპასუხეები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ დასწრებიან და მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არც გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ყოფილა ცნობილი, მათ არ წარმოშობიათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სასამართლოში გამოცხადებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება. პირიქით, ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება წარმოეშვა სასამართლოს.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამგვარად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ, კერძოდ, იმგვარად, რომ დაცული იქნას გასაჩივრების უფლების მქონე მხარის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150-150 ლარიდან, საერთო ჯამში 300 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი 250 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მურმან და ს.ბ–ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე მ. და ს.ბ–ძეების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კერძო საჩივრის ავტორებს მ.ბ–ძესა (პ/ნ: ....) და ს.ბ–ძეს (პ/ნ: ....) დაუბრუნდეთ მ.ბ–ძის (პ/ნ: .....) მიერ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 26 ივლისს №8230967718 და №8230959092 საგადახდო დავალებებით გადახდილი 150-150 ლარიდან, საერთო ჯამში 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე