Facebook Twitter

საქმე №ას-71-2020

13 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მისო ,,რ.ე–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების იმ პუნქტის გაუქმება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დადგინდა გადაწყვეტილების სხვა პუნქტების ძალაში შესვლასთან ერთად.

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ლ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მისო ,,რ.ე–ის“, ლ.პ–ის და ლ.ა–ის (შემდგომ – მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირების მოთხოვნით. სარჩელის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

სარჩელის საფუძვლები:

2015 წლის 30 დეკემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ს'' და ლ.ა–ს შორის გაფორმდა №13468-02 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ის'' მიერ ლ.ა–ზე გაიცა სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, სესხის ვადა კი 35 თვით და იგი სრულდებოდა 2018 წლის 30 ნოემბერს;

ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის თანახმად, ყოველთვიურად, სესხის აღებიდან 35 თვის მანძილზე მსესხებელს უნდა გადაეხადა მხოლოდ პროცენტის მომსახურების თანხა, ხოლო ძირითადი თანხა უნდა გადაეხადა 2018 წლის 30 ნოემბერს გრაფიკის დასრულებისას. ხელშეკრულების თანახმად სარგებლის/პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 30 რიცხვში;

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 28 ივლისს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ს'' და ლ.ა–ს შორის დაიდო №13468 იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრეა;

2019 წლის 11 იანვარს ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ გაიცა №190026860 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მოვალეს - ლ.ა–ს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 11 985.81 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლის - 423.38 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2 457.09 აშშ დოლარის, სულ 14 866.28 აშშ დოლარის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 127.90 ლარის გადახდა;

სააღსრულებო ფურცლის თანახმად დადგინდა ნ.ლ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილი იქნა კერძო აღმასრულებელ ლ.პ–თან, რომლის მიერაც გაიცა გაფრთხილება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე; სადავო არაა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ძირითადი თანხის ოდენობა;

გრაფიკის თანახმად მსესხებელი ყოველთვიურად პროცენტის სახით იხდიდა დაახლოებით 180 აშშ დოლარს. მის მიერ არ არის შესრულებული მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო თვის საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, გაურკვეველია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ის'' მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პროცენტის ოდენობა;

მოვალის მიერ 35 თვის განმავლობაში პროცენტის სახით ჯამში გადახდილი აქვს 6 116.82 აშშ დოლარი - ძირითადი თანხის 50%-ზე მეტი. აღნიშნული თანხიდან კი მხოლოდ 14.19 აშშ დოლარია მიმართული ძირითადი კაპიტალის შესამცირებლად; სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, იგი წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების 20.50%-ს;

მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–მა’’ სარჩელი არ ცნო.

მოპასუხეებს ლ.პ–ს და ლ.ა–ს შესაგებელი არ წარუდგენიათ

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ლ–ძის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ის'', ლ.პ–ის და ლ.ა–ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ცვლილება შევიდა ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემულ №190026860 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში. აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 246 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის ნაწილში განისაზღვრა 179.78 აშშ დოლარის ოდენობით; ნ.ლ–ძის სარჩელი მოპასუხეების - ლ.პ–ის და ლ.ა–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №190026860 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება, ამავე საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №190026860 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. გადაწყვეტილების ეს პუნქტი ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სხვა პუნქტების ძალაში შესვლასთან ერთად’’.

პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში შევა კანონიერ ძალაში და თანხების შემცირების ნაწილში არა, გაგრძელდება შეჩერებული სააღსრულება წარმოება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და აზრს დაკარგავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და შემცირდა დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. შესაბამისად, აზრს დაკარგავს ასევე სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლის მიზანიც იყო არ გაგრძელებულიყო სააღსრულებო წარმოება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს კონტროლის არეალში არ მოხვედრილა და შედეგად შეუძლებელი არ გამხდარიყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. პალატამ განმარტა, რომ ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, ნათელია, რომ კანონი იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, რომლის აღსასრულებლადაც სააღსრულებო ფურცელი გაიცა. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ პირის უფლება სასამართლო წესით იდავოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დარღვეული უფლებისა თუ ინტერესის აღსადგენად, იწვევს რეალური საპროცესო-სამართლებრივი მექანიზმების ამუშავების საჭიროებას.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის პირობებში, არ შეაჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება.

პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის უფლება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ლეგიტიმურია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ პუნქტის გაუქმება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დადგინდა გადაწყვეტილების სხვა პუნქტების ძალაში შესვლასთან ერთად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით შემოთავაზებული ცვლილებით ვერ ხერხდება იმ სამართლებრივი მექანიზმის მიღება, რასაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავისი არსითა და მიზნით ემსახურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

7. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი და მისი განხორციელების საპროცესო წინაპირობები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასაართლოს არაერთ განჩინებაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა. თავად უზრუნველყოფის დროებითი ბუნებიდან გამომდინარე კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

9. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ნ.ლ–ძის სარჩელის ფარგლებში გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემულ №190026860 სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში. აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 246 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის ნაწილში განისაზღვრა 179.78 აშშ დოლარის ოდენობით;

ამავე გადაწყვეტილბით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

11. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ ნ.ლ–ძემ. სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილი.

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების მოცულობა სააპელაციო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია და 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის ნაწილობრივ კანონიერ ძალაშია შესული.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირების ვინაობას და ადგენს ასევე საკასაციო საჩივრის ობიექტს. საკასაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. საკასაციო საჩივრით კასატორი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

13. საკასაციო პალატის დასკვნით, ნ.ლ–ძის ინტერესი, რომელიც გამოიხატა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრული სარჩელით მიღწეულია. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა - 246 აშშ დოლარით ხოლო პროცენტი - 179,78 აშშ დოლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ფულადი ვალდებულების სახეცვლის ნაწილში არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე ნაწილობრივ კანონიერ ძალაშია შესული.

14. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ნ.ლ–ძის მოსაზრებით არასამართლიანი მონაცემების შემცველი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების პროცესის შეჩერება.

როგორც აღინიშნა მხარეთა დავა ფულადი ვალდებულების განსაზღვრის შესახებ რეალურად დასრულებულია და გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე აღსრულების პროცესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ახალი რეალობის გათვალისწინებით.

ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ლ–ძის ინტერესი - შეცვლილიყო სააღსრულელბო ფურცლის მონაცემები მიღწეულია და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემდგომი გამოყენების საფუძველი სრულადაა აღმოფხვრილი. მეტიც, მოცემულ ეტაპზე, მატერიალური მოთხოვნების მიმართ საკასაციო შედავების არარსებობის პირობებში აღსრულების შემდგომმა შეფერხებამ შესაძლოა დაუსაბუთებელი საფრთხე შეუქმნას აწ უკვე კრედიტორის ინტერესებს.

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების სახეცვლის მოთხოვნით აღძრული სასარჩელო განცხადების განხილვისას გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და კრედიტორის მიმართ გადასახდელი თანხის შემცირების პირობებშიც უნდა გაუქმდეს მხოლოდ გადაწყვეტილების სხვა პუნქტების კანონიერ ძალაში შესვლასთან ერთად. სწორედ აღნიშნული მიდგომით მიიღწევა მხარის რეალური ინტერესი - კრედიტორის მიმართ აანაზღაუროს მხოლოდ სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებული თანხები.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ლ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს დ. ლ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #22545255, გადახდის თარიღი 12/12/2019 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე