საქმე №ას-157-2020
5 ივნისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები ნ.გ–ძე, ა.ზ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე ს.ს–ის (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს.ს–ისმა (შემდეგში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ძის და ა.ზ–ის (შემდეგში - „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ს.ს–ისი წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .... ბინა №35 (ს/კ ......) მესაკუთრეს. მოსარჩელეს მოპასუხეებთან დადებული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კანონით დადგენილი წესით და ფორმით. მათ აქვთ დავალიანება მოსარჩელის წინაშე, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ბინას და მოსარჩელე ვერ ახერხებს კუთვნილი ქონებით სარგებლობას, მფლობელობას და განკარგვას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს ბინა ესაჭიროება 86 წლის ინვალიდი, უსინათლო, მარტოხელა დის საცხოვრებლად.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.
გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2019წ. გადაწყვეტილება.
5.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, ......., ფართი 80.95 კვ.მ ს/კ ...... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს.ს–ის სახელზე.
2017 წლის 3 აპრილს ს.ს–ისსა და ნ.გ–ძეს შორის დაიდო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა ერთი წლის განმავლობაში იქირავა ნ.გ–ძემ. ყოველთვიური ქირის საფასურია 350 ლარი, რომელსაც შეიტანს მესაკუთრის ანგარიშზე ლიბერთი ბანკში. ნ.გ–ძემ იკისრა კომუნალურ გადასახადების გადახდები და ბინაში შესვლისთანავე მისი გარემონტება.
2018 წლის 07 ნოემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად ნ.გ–ძის და ა.ზ–ის ვალი ს.ს–ის მიმართ 2018 წლის აპრილის თვიდან შეადგენს -7200 ლარს.
საქმეში ასევე წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, ნ.გ–ძეს აქვს ს.ს–ის ვალი 8400 ლარის ოდენობით, რომელსაც დაფარავს - 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა და ს.ს–ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ნ.გ–ძე და ა.ზ–ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.3. სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
5.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის მფლობელებს და განმარტა, რომ მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
5.5. აპელანტების მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოპასუხე ნ.გ–ძეს უნდა გაერემონტებინა სახლი და დახარჯული თანხის სანაცვლოდ უნდა ეცხოვრა ბინაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს იმგვარ არსებით შედავებას, რაც მოპასუხეების მიერ ნივთის ფლობის მართლზომიერებას დაასაბუთებდა.
5.7. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. კასატორებმა მიუთითეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით მოითხოვა მოპასუხეებზე თანხის დაკისრება 3 600 ლარის ოდენობით.
6.3 საქმის განხილვის დროს დადასატურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის შესახებ შეთანხმება და სწორედ აღნიშნული დავალიანება გახლდათ 3 600 ლარი, რაც გადახდილი იქნა სრულად.
6.4. მოპასუხე ა.ზ–მა დატოვა საცხოვრებელი სახლი სარჩელის აღძვრამდე და ცხოვრობს სხვა მისამართზე.
6.5 მოპასუხე მხარემ თავისი სახსრებით გაარემონტა მოსარჩელის საკუთრება და მოაწყო საცხვრებელი პირობები. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია და 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ, სადაც ნ.გ–ძემ ქირის თანხის სანაცვლოდ გააკეთა რემონტი, რაშიც დახარჯა 4 000 ლარი, შესაბამისად მოსარჩელეს არ უნდა მოეთხოვა ქირის თანხა, თუმცა მან აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმართვის გზით მაინც მოითხოვა ფულადი ვალდებულების დაკისრება, რაც გადახდილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დავის საფუძველი მხარეთა შორის.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2.04.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. 25.07.2019წ., საქმეზე Nას-914-2019; სუსგ. 20.03.2018წ., საქმეზე ას-246-246-2018 ).
12. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. უდავოა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის მფლობელებს.
14. რაც შეეხება მოპასუხეთა ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. 17.12.2019წ. საქმეზე Nას-1579-2019).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტების მიერ მითითება სადავო ბინის რემონტზე გაწეული ხარჯის შესაბამისად ქირის ოდენობის შემცირების (გაქვითვის) თაობაზე, მოცემული დავის მიზნებისათვის, ვერ იქნება მიჩნეული ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ სათანადო გარემოებად, მით უფრო მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.
16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 27.12.2019წ., საქმეზე Nას-887-2019).
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითიც ვერ დაიძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ განხორციელდა მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ.გ–ძის და ა.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.გ–ძეს პ/ნ ...... და ა.ზ–ს პ/ნ ....... დაუბრუნდეს მ.ჩ–ის პ/ნ ...... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #9168407522, წარდგენის თარიღი 09/03/2020წ, მიღების თარიღი 09/03/2020) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე