საქმე №ას-1462-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – პ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.რ–ძე, თ.ჭ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს და 18 სექტემბრის განჩინებები
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით პ.ნ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ი–ის“ ყოფილი დირექტორის, ი.რ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე), მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ი–ის“ მოქმედი დირექტორის, თ.ჭ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე), მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2019 წლის 12 აგვისტოს, წარდგენილ იქნა აპელანტის განცხადება, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის წინააღმდეგ შპს ,,ი–ის“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შეადგენს 66 675 (სამოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათხუმეტი) ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების მდებარე: 1)რაიონი თერჯოლა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი #......., დაზუსტებული ფართობი: 4122.00 კვ/მ. შენობა ნაგებობის ჩამონათვალი #01/1. #02/1; 2) რაიონი თერჯოლა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი #......, დაზუსტებული ფართობი: 5187.00 კვ.მ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
5. მოსარჩელის ინიცირებით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უზრუნველყოფის საგნის (უძრავი ქონების), საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და საფრთხე ექმნება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში მის აღსრულებას.
6. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე: 1. მისამართი: ქ. თბილისი, ......, ფართი 65,55 კვ.მ. ს/კ ........; 2. მისამართი: ქ. თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 800 კვ.მ. ს/კ ...... და პირველ მოპასუხეს აეკრძალოს მითითებული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინებით აპელანტის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და 2019 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. ამ განჩინების 4-6 პუნქტები).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინება, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 198.1-ე, 198.3-ე, 191.1-ე, 1971-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განმცხადებელი ზოგადად საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობაზე, ამასთან ერთად, უზრუნველყოფის საგნის არასაკმარისი ღირებულება სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არ წარმოადგენს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უპირობო საფუძველს, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია როგორც სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდი, ასევე, ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის დამდგარი ზიანი, რომელიც პირველი მოპასუხის ქმედების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, მოსარჩელემ ვერ გასწია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ ფაქტის არსებობა, რაც გამორიცხავს ზიანსა და პირველი მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობასაც და, შესაბამისად, მოპასუხე გათავისუფლებულია იმის მტკიცებისაგან, რომ ზიანის მიმართ იგი კეთილსინდისიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და აპელანტის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
13. სსსკ-ის 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
14. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
15. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტებშია ასახული, რადგან იგი საპროცესო კანონმდებლობით გამტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
17. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
18. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ პირველმა მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.
19. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, პირველი მოპასუხი საკუთრებაა (შდრ. სუსგ #ას-413-413-2018, 27.04.18 წ.).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ #ას-54-2019, 06.06.2019 წ.).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის, 2019 წლის 16 აგვისტოს, განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სრულად იქნეს უზრუნველყოფილი მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 197-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ნ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს განჩინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აგვისტოს და 18 სექტემბრის განჩინებები;
3. პ.ნ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;
4. ი.რ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ......, დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი ......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5. განემარტოს მოსარჩელეს, რომ საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე