საქმე №ას-1676-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.წ–ძე, ლ.ო–ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ „ს.ე.პ.ო.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ააიპ ს.ე.პ.ო.კ–ი (ს/ნ ....; შემდეგში: მოპასუხე, ააიპ ან კომიტეტი) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომელიც 2003 წლის 30 მაისს დარეგისტრირდა ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ (რეგისტრაციის N 5/9-749).
2. კომიტეტის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება და გამგეობა, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, კერძოდ:
- პრეზიდენტი/წევრი - შ.მ–ძე;
- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი.ბ–ძე;
- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ლ.ა–ი;
- გენერალური მდივანი/წევრი - რ.რ–ი;
- წევრები: ვ.წ–ი, ვ.ჭ–ი, ზ.ც–ი, რ.ი–ი, თ.რ–ი.
3. 2016 წლის 19 მაისს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებამდე კომიტეტის მმართველობითი ორგანო შედგებოდა წევრთა საერთო კრებისა და გამგეობისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
- პრეზიდენტი/წევრი - გ.ჩ–ძე;
- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი.გ–ძე;
- ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი.ბ–ძე;
- გენერალური მდივანი/წევრი - ლ.ო–ა;
- წევრები: ბ.ლ–ი, მ.მ–ძე, თ.მ–ი, ვ.ჭ–ი, ზ.ძ–ი
4. კომიტეტის შიდა სტრუქტურული საქმიანობა წესრიგდება წესდების მეშვეობით, რომლის 6.1 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში მინიმუმ ერთხელ. ამავე წესდების 6.4 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა შესაძლებელია პრეზიდენტის, ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან საერთო კრების წევრთა 1/4-ის ინიციატივით.
5. წესდების 6.5 და 6.6 პუნქტების თანახმად, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უბრალო უმრავლესობა (50%+1). საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს, დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით (50%+1). საერთო კრების თავმჯდომარეა პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის ან უუნარობის შემთხვევაში - ასაკით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
6. საერთო კრების კომპეტენციაში, სხვა საკითხებთან ერთად, ექცევა, პრეზიდენტის არჩევა, პრეზიდენტის წარდგინებით ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრების დამტკიცება.
7. კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანოა 9 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომლის წევრებსაც, პრეზიდენტის წარდგინებით, 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.
8. წესდების თანახმად, გამგეობის სხდომები იმართება პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მოწვევით, საჭიროებისამებრ, გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. გამგეობის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ, სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
9. გამგეობა იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ წევრებს.
10. კომიტეტის წარმომადგენლობას მესამე პირებთან ურთიერთობაში ახორციელებს პრეზიდენტი, რომლის უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება - კომიტეტის ფულადი სახსრების, მატერიალური რესურსების განკარგვა და პასუხისმგებლობის კისრება მათ სწორ გამოყენებაზე, ასევე კომიტეტის სახელით შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა. ამავდროულად პრეზიდენტი წესდების შესაბამისად, გამგეობასთან ერთად ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ასევე კოორდინაციას უწევს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს.
11. კომიტეტის ხელმძღვანელობითი სტრუქტურა, პრეზიდენტისა და გამგეობის გარდა, ითვალისწინებს ორი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელთაც პრეზიდენტის წარდგინებით, 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.
12. კომიტეტის წევრებს შორის წლების მანძილზე არსებობს დაპირისპირება და უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია კომიტეტის ხელმძღვანელობითი პოზიციების გადანაწილებასთან.
13. აღნიშნულთან მიმართებით, მხარეთა შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ.ო–ას (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) სარჩელი ააიპ-ის მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს.ე.პ.ო.კ–ის:
- 2012 წლის 1 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ01/12 და კრების გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია;
- 2012 წლის 07 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი Nრ-სკ02/12;
- 2012 წლის 08 დეკემბრის დადგენილება Nრ-გს-01/12 წევრთა მიღების თაობაზე;
- 2012 წლის 27 დეკემბრის საერთო კრების ოქმი;
- 2013 წლის 15 ივნისის საერთო კრების ოქმი.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. გადაწყვეტილებით, კონკრეტული კრების ოქმების, წესდებისა და დადგენილების ბათილად ცნობა განაპირობა კანონითა და წესდებით განსაზღვრული პროცედურული საკითხების დარღვევამ. სასამართლოს შეფასებით, მითითებული სამოქალაქო საქმის არსებობა, რომელიც მიმდინარეობდა პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ვერ იქნება განხილული მოცემულ საქმესთან კავშირში, მისი მეშვეობით არ დგინდება კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გამოიწვევდა სადავო კრების ოქმების ბათილობას. რამეთუ დავის საგანი, მათ შორის ფაქტობრივი გარემოებები, განსხვავებულია და აღნიშნული გადაწყვეტილებების მოხმობა სხვა კრების ოქმების ბათილობის მოთხოვნასთან შემხებლობაში არ არის, მოცემული დავის ფარგლებში სადავო კრების ოქმების ბათილობის დასადასტურებლად შესაფასებელია კონკრეტული კრებების მოწვევის, ჩატარებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ერთადერთი, რაც დგინდება არსებული გადაწყვეტილებით, ეს არის კომიტეტის ფარგლებში არსებული ორი დაპირისპირებული მხარის არსებობა, რომელიც წლების მანძილზე ცდილობს მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას. არსებული დავის ფარგლებში კი, სასამართლოს შეფასების საგანს არ შეადგენს მათ შორის უფრო ღირსეული მხარის შერჩევა, რადგან გამგეობის შემადგენლობის, მათ შორის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის შერჩევის უფლება აქვთ თავად კომიტეტის წევრებს, რასაც კონკრეტული დავის ფარგლებში სასამართლო ვერშეაფასებს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განუმარტა მხარეებს, რომ დავის გადაწყვეტისათვის არც ის არის გადამწყვეტი, ნამდვილად გადააჭარბა თუ არა რომელიმე მხარემ მის უფლებამოსილებებს, გამოიყენა თუ არა მათგან რომელიმემ კომიტეტის ბიუჯეტი პირადი მიზნებისათვის, არამედ კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს სასამართლო აფასებს მხოლოდ ფორმალური, პროცესუალური გამართულობის თვალსაზრისით, ნამდვილად შეიკრიბა თუ არა სხდომა და ნამდვილად გამოავლინეს თუ არა მასზე დამსწრე პირებმა ნება, წესდებით გათვალისწინებული კვორუმით, ახალი გამგეობის ჩამოყალიბებასთან მიმართებით. შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მიღწევები, ასევე ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევა, სასამართლოს აზრით, ვერ გახდება არსებული დავისათვის გადამწყვეტ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 21 თებერვალს გაიმართა კომიტეტის გამგეობის კრება (ოქმი N10), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც - კომიტეტის წევრობიდან წესდების დარღვევის გამო, გარიცხულ იქნენ: გ.ძ–ძე, დ.მ–ძე, ა.ტ–ძე, შ.მ–ძე, რ.ი–ი და ვ.ა–ი. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრებად მიიღეს - ა.პ.კ–ი, გ.ჩ–ძე და ა.ა–ი. ასევე კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო საერთო კრებაზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია, განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
- გ.ჩ–ძე,
- ლ.ო–ა (პირველი მოსარჩელე),
- გ.წ–ძე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი და მეორე კასატორი)
- ი.გ–ძე
- ნ.თ–ი
- ა.ა–ი
- თ.ა–ი
- ი.მ–ი
- ა.პ.კ–ი
- ს.ი.ა. „ა–ა ....“
- კ.რ.შ.შ.მ.პ.ი.ც–ი;
- ი.პ.მ. და მ.დ.კ–ი;
- ბ.ლ–ი
- თ.მ–ი;
- ზ.ძ–ი.
16. 2016 წლის 27 აპრილს გაიმართა კომიტეტის გამგეობის კრება (ოქმი N2), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც: - კომიტეტის წესდების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წესდების დარღვევის გამო, წევრობიდან გაირიცხნენ: პირველი და მეორე მოსარჩელეები, ბ.ლ–ი, ნ.თ–ი, ა.ა–ი, ზ.ძ–ი, თ.ა–ი, ი.მ–ი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პ.კ., ს.ი.ფ.„ა–ა ...“, ააიპ ს.მ., მ.ი.პ. და მ.დ.დ.კ–ი.
17. კომიტეტის წესდების 4.1 და 4.2 პუნქტების საფუძველზე, კომიტეტის წევრებად მიიღეს: გ.ა–ი, გ.ქ––ი, გ.ხ–ი, ვ.წ–ი, ზ.ც–ი, თ.რ–ი, ლ.ა–ი და რ.რ–ი.
18. პრეზიდენტ გ.ჩ–ძეს, ვიცე-პრეზიდენტებს ი.გ–ძესა და ი.ბ–ძეს, ასევე გამგეობის წევრს ვ.ჭ–ს დაევალათ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვადამდელი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე.
19. კომიტეტის წესდების 6.3 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე დაინიშნა პრეზიდენტის, გამგეობის, ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის ვადამდელი არჩევნები.
20. წესდების 6.4 მუხლის საფუძველზე მოწვეულ იქნა რიგგარეშე საერთო კრება, რომლის დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგნაირად:
1. კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევა;
2. კომიტეტის გამგეობის ახალი წევრის არჩევა;
3. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის არჩევა.
21. კომიტეტის პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 მაისი.
22. ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
1. გ.ჩ–ძე;
2. ი.გ–ძე;
3. გ.ა–ი;
4. გ.ქ––ი;
5. გ.ხ–ი;
6. ვ.წ–ი;
7. ზ.ც–ი;
8. თ.მ–ი;
9. თ.რ–ი;
10. ლ.ა–ი;
11. რ.რ–ი;
12. კ.რ.შ.შ.მ.პ.ი.ც–ი.
23. 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე კომიტეტის პრეზიდენტმა - გ.ჩ–ძემ გამგეობის წევრებს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: კომიტეტის წევრები - თ.ა–ი, ი.მ–ი, ს.ი.ფ. „ა–ა ...“, ააიპ ს.მ.მ.ი.პ. და მ.დ.დ.კ–ი არ არიან ჩართული კომიტეტის საქმიანობაში და არ ზრუნავენ მის განვითარებაზე, შესაბამისად, არ ასრულებენ წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. რაც შეეხება, დანარჩენ წევრებს, მათ შორის პირველ და მეორე მოსარჩელეებს, ნ.თ–ს, ა.ა–ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარაოლიმპიურ კომიტეტს, ბ.ლ–ს, ზ.ძ–ს, მათთან მიმართებით არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა კომიტეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, ბოროტად ხდება უფლებამოსილებების გამოყენება და კომიტეტის ფინანსები ნაწილდება არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ - შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება წესდებას, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, კომიტეტის წევრი შეიძლება გახდეს პირი იმ შემთხვევაში, თუ იგი აღიარებს საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის წესდებას და განსაკუთრებულ სამსახურს უწევს პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებას. შესაბამისად, წესდების 4.6 პუნქტის თანახმად ჩამოთვლილი პირების კომიტეტიდან გარიცხვის საფუძველი არსებობს.
24. ასევე, კომიტეტის წესდების 4.2 მუხლის შესაბამისად, კომიტეტს წერილობით მიმართეს: გ.ა–მა, გ.ქ––მა, გ.ხ–მა, ვ.წ–მა, ზ.ც–მა, თ.რ–მა, ლ.ა–მა და რ.რ–მა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი კომიტეტის წევრობაზე. მათ მიერ ასევე წარმოდგენილია წესდების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციები და აღნიშნული პირები აკმაყოფილებენ წესდების 4.1 პუნქტის მოთხოვნებს.
25. სხდომაზე პრეზიდენტმა გ.ჩ–ძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა ი.გ–ძემ და ი.ბ–ძემ, ასევე გამგეობის წევრმა ვ.ჭ–მა გააკეთეს განცხადება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ.
26. კრებაზე ასევე აღინიშნა, რომ კომიტეტმა მიიღო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N09/792 წერილი, სადაც მითითებულია, რომ დეპარტამენტში მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება და მოთხოვნილ იქნა კომიტეტის გამგეობის კრების ოქმები.
27. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 7 აპრილის N10/903 წერილით კომიტეტს ეცნობა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული გაურკვევლობის გამო, მიზანშეწონილია საკითხის გარკვევამდე შეჩერდეს პარაოლიმპიურ სპორტში (შშმ მკლავჭიდი, ძიუდო და ფარიკაობა) მთავარ მწვრთნელებზე ფულადი პრემიების გაცემის საკითხი. ასევე მითითებულია, რომ წარდგენილ დოკუმენტებში აშკარა შეუსაბამობები არსებობს, რომელთა დეტალური შესწავლა და რეაგირება დაევალა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
28. აქედან გამომდინარე, კრებაზე დამსწრე პირებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელმძღვანელობის შეცვლა, რადგან მითითებული გარემოებები რეპუტაციას ულახავს კომიტეტს და აფერხებს მის საქმიანობას. ეს კი განაპიროებებს კომიტეტის წესდების 6.3 პუნქტის გათვალისწინებით, გამგეობის დადგენილებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას. სხდომაზე აზრი გამოთქვეს კომიტეტის გამგეობის წევრებმა და განაცხადეს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა პარასპორტსმენთა და მწვრთნელების მხრიდან. ხდება პარასპორტის სახეობების იგნორირება, სპორტსმენების შევიწროება და დისკრიმინაცია. პარაოლიმპიურმა მოძრაობამ ფაქტობრივად შეწყვიტა განვითარება. პრობლემები შეექმნა პარასპორტის არაერთ მიმართულებას, მათ შორის პარაძიუდოს, პარაცხენოსნობას, პარაცურვას, უსინათლოთა ფეხბურთს, პარამშვილდოსნობას და სხვა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს კომიტეტის წევრების გარიცხვა, ახალი წევრების მიღება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
29. 2016 წლის 27 აპრილის კრების ჩატარებამდე, 2016 წლის 24 მარტსა და 7 აპრილს, კომიტეტის პრეზიდენტს - გ.ჩ–ძეს განცხადებით მიმართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან და განუმარტეს, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შესწავლასთან დაკავშირებით, ასევე, სამინისტრომ მოითხოვა 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე არსებული, ააიპ-ის გამგეობის კრების ყველა ოქმის მოწოდება. კონკრეტულად, 2016 წლის 7 აპრილის წერილით კი, გ.ჩ–ძეს განუმარტეს, რომ ს.ე.პ.ო.კ–ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული გაურკვევლობის გამო, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მოცემული საკითხის გარკვევამდე შეჩერებულიყო პარაოლიმპიურ სპორტში (შშმ მკლავჭიდი, ძიუდო და ფარიკაობა) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრიზების გაცემის პროცესი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ს.ე.პ.ო.კ–ის მიერ წარდგენილ გამგეობის ოქმების ასლებსა და დამატებით წარდგენილ, კომიტეტის გამგეობის ოქმის დედანს შორის, ამ საკითხის შესწავლაც სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა.
30. კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტის შ.მ–ძის მიერ 2017 წლის 10 მარტს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წლის 27 აპრილის კომიტეტის გამგეობა დანიშნული იყო 11:00 საათზე, მისამართზე - ქ. თბილისი, ..... (კომიტეტის ყოფილი ოფისი), სხდომა დაიწყო 15-20 წთ-ის დაგვიანებით. გამგეობის სხდომის შესახებ გამგეობის წევრებს ეცნობათ და სხდომის დღის წესრიგი მიეწოდათ პირადად და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (ელ. ფოსტა, ტელეფონი). გამგეობის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხები შედგენილი იყო ყოფილი პრეზიდენტის გ.ჩ–ძის, ვიცე-პრეზიდენტის ი.ბ–ძისა და ი.გ–ძის მიერ.
31. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ი.გ–ძის კონკრეტულ კრებაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, რადგან ეს გარემოება არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესით, რომლის შესაბამისადაც, სააგენტოში სამუშაო დრო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არის 40 საათი. სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე, ამავე შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის თანხმობით შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოში დასაქმებულ ცალკეულ პირთათვის სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო. ამასთან, ამავე შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია შესვენების დრო, რომლითაც დასაქმებულ პირებს გარანტირებული აქვთ შესვენების უფლება, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო განსაზღვრულია 13:00-დან 14:00 სთ-მდე, რომელი წესიც ითვალისწინებს გამონაკლისს, კერძოდ 5.3 მუხლის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოში დასაქმებულ ცალკეულ პირთათვის შესვენების დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო. მართალია, 2016 წლის 27 აპრილი იყო სამუშაო დღე (ოთხშაბათი), თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ი.გ–ძემ განმარტა, რომ მას აქვს თავისუფალი გრაფიკი და შინაგანაწესით განსაზღვრულ სამუშაო დროის განმავლობაში არ ევალება მუშაობა. შესაბამისად მასზე ვრცელდება შინაგანაწესის 4.1 მუხლის მოქმედება, რაც ვერ გამორიცხავს ი.გ–ძის დასწრებას გამგეობის კრებაზე 2016 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე. .
32. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ვ.ჭ–ი 2009 წლის 29 სექტემბრიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სპეციალისტის პოზიციაზე, მის. თელავი, ...... მისი სამუშაო საათები განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, შესვენება - 12:00-დან 16:00 საათის მონაკვეთში 1 საათით, შაბათ-კვირა დასვენების დღეები. 2016 წლის 27 აპრილს ვ.ჭ–ი სარგებლობდა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დასვენების (day off) დღით. ამდენად, აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება, რომ ვ.ჭ–ის 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე გამოცხადებას ვერ დააბრკოლებდა მის მიერ სამუშაოს განხორციელება. ასევე, კონკრეტულ თარიღში დამატებითი დასვენების დღის აღება, მის კონკრეტულ სხდომაზე დასწრების ფაქტს და სწორედ ამ მიზნით დასვენების დღის აღებას ამყარებს.
33. 2016 წლის 19 მაისს გაიმართა კომიტეტის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ - ი.გ–ძე, ლ.ა–ი, გ.ა–ი, რ.რ–ი, თ.რ–ი, გ.ქ––ი, ვ.ჭ–ი, ვ.წ–ი, გ.ხ–ი, თ.მ–ი, ზ.ც–ი, ასევე „სკაიპის“ მეშვეობით - გ.ჩ–ძე. ეს კრება მოწვეულ იქნა გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის დადგენილების საფუძველზე, წესდების 6.3 და 6.4 პუნქტების შესაბამისად. კრებაზე ჩატარებული ღია კენჭისყრის საფუძველზე კომიტეტის პრეზიდენტად არჩეულ იქნა შ.მ–ძე. კომიტეტის გამგეობის წევრებად აირჩიეს:
- ლ.ა–ი
- ი.ბ–ძე
- რ.რ–ი
- თ.რ–ი
- ზ.ც–ი
- ვ.ჭ–ი
- ვ.წ–ი
- რ.ი–ი
- შ.მ–ძე
კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩნენ - ლ.ა–ი და ი.ბ–ძე, ხოლო კომიტეტის გენერალურ მდივნად - რ.რ–ი.
34. 2016 წლის 19 მაისს, დამოუკიდებლად გაიმართა კომიტეტის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: პირველი და მეორე მოსარჩელეები, ა.ა–ი, ააიპ ა.პ.კ–ი, ააიპ ს.ი.ფ.ია „ა–ა 2002“, ააიპ ინვალიდ, მრავალშვილიან და მარტოხელა დედათა კავშირი, ბ.ლ–ი და ზ.ძ–ი. კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულა პირველმა მოსარჩელემ, რადგანაც კრებას არ ესწრებოდნენ კომიტეტის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. პირველი მოსარჩელის განმარტებით, კრებას ესწრებოდა 8 წევრი, რაც შეადგენს წევრთა საერთო რაოდენობის (15 წევრი) ნახევარზე მეტს, ამდენად კომიტეტის წესდების 6.5 მუხლის მიხედვით კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. კრება მოწვეულ იქნა კომიტეტის 4 წევრის ინიციატივით და წესდებით განსაზღვრულ ვადებში ეცნობათ თარიღის და დღის წესრიგის შესახებ ყველა წევრს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით:
- გ.ჩ–ძე გადაყენებულ იქნა კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობიდან;
- პრეზიდენტად არჩეულ იქნა მეორე მოსარჩელე
- კომიტეტის გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ:
1. მეორე მოსარჩელე
2. ზ.ძ–ი
3. გ.გ–ი
4. პირველი მოსარჩელე
5. ბ.ლ–ი
6. ა.ა–ი
7. დავით ქობალია
- კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ: ზ.ძ–ი და გ.გ–ი, ხოლო კომიტეტის გენერალურ მდივნად გამგეობის წევრთა შემადგენლობიდან არჩეული იქნა მეორე მოსარჩელე.
- კრებაზე დამსწრე სუბიექტებმა კენჭისყრის საფუძველზე „აირჩიეს“ გამგეობის წევრები, ამდენად აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მათი მხრიდან ინფორმაციის ქონას 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მათთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ისინი აღარ წარმოადგენდნენ 2016 წლის 27 აპრილის გამგეობის კრების ოქმის საფუძველზე გამგეობის წევრებს, რამაც განაპირობა მათ მიერ კრების მოწვევა და ჩატარება, მათთვის ასევე ცნობილი იყო 2016 წლის 19 მაისის კრების ოქმის თაობაზე, რის გამოც სწორედ ამ კრების პარალელურად ჩაატარეს კრება და იმავე დღეს წარადგინეს დასამტკიცებლად მიღებული ოქმი, რაც გამორიცხავს სადავო კრების ოქმების ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ კომიტეტის წევრები არ ყოფილან მოწვეულნი კრებაზე.
35. 2016 წლის 19 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარადგინეს კომიტეტის კრების ოქმები, შესაბამისად, მასში მონაწილე სუბიექტებმა, რომლებმაც წარდგენილი განცხადებებით მოითხოვეს ორი სხვადასხვა სარეგისტრაციო ცვლილების განხორცილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით B16079773/3, შ.მ–ძის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რამდენადაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, წარდგენილი განცხადების ფარგლებში შ.მ–ძის მიერ მოთხოვნილი იყო ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილება. განცხადებას თან ერთვოდა კომიტეტის წევრთა 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი; გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის კრების ოქმი N2 და იმ პირთა ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დაინიშნენ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ, 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა საზოგადოების თორმეტივე წევრი. გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის N2 კრების ოქმით განისაზღვრა ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია. თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დამოწმებული. კომიტეტის რეგისტრირებული წესდების მე-4 მუხლის თანახმად, გამგეობა წარმოადგენს საზოგადოების წევრების მიღებაზე, გარიცხვასა და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამავდროულად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეორე მოსარჩელის მიერ წარდგენილია განცხადება (NB16079815), არასამეწარმეო იურიდიული პირი „ს.ე.პ.ო.კ–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის, კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილების მოთხოვნით. მეორე მოსარჩელის განცხადებაზე თანდართულია ამავე საზოგადოების წევრთა 2016 წლის 19 მაისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმი. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, საზოგადოებას ჰყავს 15 წევრი, კრებას ესწრებოდა 8 წევრი.
36. მარეგისტრირებელ ორგანოში დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ N16079773 და N16079815 განცხადებებს თან ერთვის კომიტეტის წევრთა 2016 წლის 19 მაისის ორი რიგგარეშე კრების ოქმი. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული საზოგადოების წევრები და მათი რაოდენობა არ შეესაბამება ერთმანეთს. ამასთან, საზოგადოების მოქმედი წესდების თანახმად წევრების მიღებაზე, გარიცხვასა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა. შესაბამისად, გამგეობა განსაზღვრავს წევრთა ვინაობას და რაოდენობას. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის N2 კრების ოქმი, რომლითაც განისაზღვრა ვადამდელ არჩევნებზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა სია. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს არასამეწარმეო იურიდიული პირების წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციით არ დგინდება კომიტეტის 2016 წლის 19 მაისს ჩატარებული რომელი კრება არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ცვლილების შესახებ.
37. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებების შესწავლასთან დაკავშირებით წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მომზადდა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც სამსახურეობრივი შემოწმების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მიღებული ახსნა-განმარტებისა და ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით მეორე მოსარჩელის დანიშვნა შშმპ მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.
38. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, შემდგომი რეაგირების მიზნით, წარდგენილ იქნა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N391 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით წარმოადგინა იმ პირთა სია, რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილების საფუძველზე უნდა გაცემულიყო ფულადი პრიზები. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია კომიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ გარკვეულ უზუსტობებზე, რის გამოც მოითხოვა მოცემული საკითხის გარკვევამდე პარაოლიმპიურ სპორტში (შშმ მკლავჭიდი, ძიუდო და ფარიკაობა) მთავარ მწვრთნელებზე გასაცემი ფულადი პრიზების გაცემის პროცესის შეჩერება. ამასთან დაკავშირებით, დამატებით კომიტეტის მიერ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტს წარედგინა კომიტეტის გამგეობის 2015 წლის 4 მარტის N5 ოქმის ასლი, რომლის თანახმადაც, უსინათლოთა ძიუდოს მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვ.ნ–ძე და ეტლით ფარიკაობით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მ.ბ–ძე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ორი საკითხი იყო დღის წესრიგში), ხოლო კომიტეტის გამგეობის 2015 წლის 24 მარტის N7 ოქმის ასლის თანახმად, შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მეორე მოსარჩელე (ოქმის მიხედვით, მხოლოდ ეს ერთი საკითხი იყო დღის წესრიგში). სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის მიერ კომიტეტს ეთხოვა, რომ წარედგინათ ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის ორიგინალები და მათ მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ კომიტეტის გამგეობის 2015 წლის 4 მარტის N5 ოქმი, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში შეტანილი და გადაწყვეტილი იყო სამი საკითხი. კერძოდ, ვ.ნ–ძის, მ.ბ–ძისა და მეორე მოსარჩელის მთავარ მწვრთნელებად დანიშვნის შესახებ, რითაც აშკარად გამოიკვეთა შეუსაბამობა მანამდე წარდგენილ გამგეობის ოქმების ასლებსა და დამატებით წარდგენილ კომიტეტის გამგეობის ოქმის დედანს შორის. სწორედ აღნიშნულმა შეუსაბამობამ წარმოშვა მოკვლევის ჩატარების აუცილებლობა. სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო 2016 წლის 9 თებერვალს და დასრულდა 2016 წლის 9 დეკემბერს. დასკვნის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევისა და მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე განმარტებულია, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მკლავჭიდსა და შშმპ მკლავჭიდში იმართება მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის - World Armwrestling Federation (WAF) ეგიდით და ორგანიზებით. 2015 წელს გამართული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის (IPC) ეგიდით და იგი გაიმართა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით. ამასთან, მკლავჭიდი არ წარმოადგენს სპორტის ოლიმპიურ სახეობას და შესაბამისად, შშმპ მკლავჭიდიც არ არის პარაოლიმპიური სახეობა და არც ერთი ჩატარებული ჩემპიონატი შშმპ მკლავჭიდის სახეობაში არ გამართულა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ასევე, შშმპ მკლავჭიდი არ ყოფილა და არ არის საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პროგრამაში. ამასთან, 2013 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია. მოპასუხე კომიტეტის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მიიღო მოწვევა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციიდან და შესაბამისად აღნიშნული მოწვევის საფუძველზე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ნაცვლად მოახერხეს მონაწილეობის მიღება 2015 წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ამასთან, მეორე მოსარჩელე არასოდეს ყოფილა მკლავჭიდელი და შესაბამისად მას არ გააჩნია მკლავჭიდის სამწვრთნელო გამოცდილება, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შშმპ მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას და აქედან გამომდინარე სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული სამწვრთნელო შედეგების გამო დაუშვებელია მისი წარდგენა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ გათვალისწინებულ ფულად პრიზებზე. ამდენად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომიტეტის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ მეორე მოსარჩელის დანიშვნა შშმპ მკლავჭიდის მთავარ მწვრთნელად ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. აღნიშნულ დასკვნას თან ერთვის კომიტეტის რამდენიმე კრების ოქმის ასლი, რომელთა შესაბამისადაც: 2015 წლის 4 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N5) მიღებული გადაწყვეტილებით, ს.ე.პ.ო.კ–ის - ა) უსინათლოთა ძიუდოს მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვ.ნ–ძე; ბ) ეტლით ფარიკაობის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მ.ბ–ძე; გ) შშმ პირთა მკლავჭიდის მიმდინარეობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მეორე მოსარჩელე. 2015 წლის 4 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N5/1) მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა გამგეობის 2015 წლის 4 მარტის კრების ოქმი N5, რამდენადაც კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში დადგა შშმ მკლავჭიდის მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხის ცალკე განხილვა. 2015 წლის 24 მარტის გამგეობის კრებაზე (ოქმი N7) მიღებული გადაწყვეტილებით კომიტეტის შშმ პირთა მკლავჭიდის მთავარ მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა მეორე მოსარჩელე.
39. 2015 წლის 4 მარტის კრების ოქმის N5 ასლში დღის წესრიგად, დედნისგან განსხვავებით, ასახულია მხოლოდ ორი საკითხი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებულია მხოლოდ უსინათლოთა ძიუდოს მიმდინარეობისა და ეტლით ფარიკაობის მთავარ მწვრთნელებთან მიმართებით.
40. მოწმე, მ.მ–ძის განმარტებით, იგი იყო ს.ე.პ.ო.კ–ის გამგეობის წევრი დაახლოებით 2 წლის წინ, მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა გამგეობის კრებებზე დასწრება, მონაწილეობის მიღება საკითხების გადაწყვეტაში. მოწმის განმარტებით, მას სატელეფონო ზარის მეშვეობით აფრთხილებდნენ კრების თაობაზე. რაც შეეხება, 2016 წლის 27 აპრილის კრებას, იგი ამ კრებაზე არ ყოფილა მიწვეული და მისთვის ასევე უცნობია ამ სხდომაზე განხილული საკითხები. მოწმის მითითებით, ფინანსური საკითხებთან დაკავშირებით იგი გადაწყვეტილებებს არ იღებდა, გამგეობის კრებაზე მსჯელობდნენ, ვინ იყო წარმატებული სპორტსმენი, მწვრთნელი და სხვა მსგავსი ორგანიზაციული საკითხები განიხილებოდა. მოწმისათვის უცნობია, ვინ იღებდა მონაწილეობას ფინანსური საკითხების განკარგვაში. . მ.მ–ძეს არ ახსოვს, როდის შეუწყდა გამგეობის წევრობის სტატუსი. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 19 მაისის ერთ-ერთ კრებაზე იყო მიწვეული, თუმცა რა საკითხები უნდა განხილულიყო, აღარ ახსოვს, მიწვეულ კრებაზე არ გამოცხადებულა. მ.მ–ძის განმარტებით, მას გ.ჩ–ძემ დაურეკა სხდომის შესახებ და იგი არ მივიდა იმიტომ, რომ იცოდა არსებული გაუგებრობის შესახებ და აღარ ჩათვალა საჭიროდ მისვლა. მოწმემ მისი გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ გადმოცემით, დაახლოებით მაისის თვეში, გაიგო. მოწმის მითითებით, ახალი გამგეობის არჩევისას ის აღარ იყო წევრი. სხვა სხდომებთან მიმართებით, მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 6-7 სხდომას ესწრებოდა და, როგორც წესი, სატელეფონო ზარით ატყობინებდა ხოლმე გ.ჩ–ძე ამას და განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს აცნობებდა.
41. მოწმე ბ.ლ–ი, ასევე იყო ს.ე.პ.ო.კ–ის გამგეობის წევრი, მისი განმარტებით, წესდების შესაბამისად გამგეობის წევრები კოლეგიურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს სპორტსმენების დაფინანსებისა და სხვადასხვა მსგავსი ღონისძიებების შესახებ. სხდომების თაობაზე წინასწარ ეცნობებოდათ გამგეობის წევრებს სატელეფონო ზარის ან/და პირადი კომუნიკაციის მეშვეობით. კომიტეტს ჰქონდა ოფისი, სადაც გამგეობის წევრები დადიოდნენ ყოველდღიურად და შესაბამისად კრებების შესახებ იგებდნენ დაახლოებით ერთი თვით ადრე, მათ შორის, განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას. მოწმის ჩვენებით, არ არსებობდა წერილობითი შეტყობინების აუცილებლობა, რამეთუ მხარეთა შორის არსებობდა ყოველდღიური ზეპირი კომუნიკაცია. ბ.ლ–ის განმარტებით, მას 2016 წლის 27 აპრილის კრებაზე მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც არავის გაუფრთხილებია კრების მოწვევის თაობაზე. მოწმის მითითებით, ფინანსური სახსრების განკარგვა მისი ფუნქცია არ ყოფილა და მხოლოდ პრეზიდენტს - გ.ჩ–ძეს მიუწვდებოდა ხელი ფინანსურ სახსრებსა და მათ განკარგვაზე. ბ.ლ–ისათვის მისი გარიცხვის საფუძველი უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი კოლექტიურ გადაწყვეტილებებში იღებდა მონაწილეობას, როგორც გამგეობის წევრი, თუმცა ფინანსური ოპერაციების განხორციელების აღსრულების შესაძლებლობა და უფლებამოსილება მას არ ჰქონია. მოწმემ მაგალითის სახით მოიყვანა სპორტსმენების დაფინანსებასთან მიმართებით გამგეობის მიერ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევა. ბ.ლ–ის მითითებით, 2016 წლის 19 მაისის კრებაზე შ.მ–ძის არჩევის თაობაზე გაიგო გარკვეული პერიოდის შემდგომ, ინფორმაცია კრების თაობაზე არ მიუღია, ჯერ კიდევ გამგეობის წევრად მოიაზრებდა მოწმე თავს, როცა შეიტყო შ.მ–ძის დანიშვნის შესახებ. მოწმის მითითებით, გამგეობის კრებები ოფისში ტარდებოდა ყოველთვის, სხვაგან არასდროს არ ჩატარებულა. გამგეობის სხდომებს თითქმის ყველა წევრი, გარდა ი.ბ–ძისა, ესწრებოდა, მინიმუმ 8 კაცი ცხადდებოდა, თუმცა ყველას აგებინებდნენ სხდომის თაობაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ყოველ კვირა მინიმუმ 3 დღე მიდიოდა ოფისში და რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტთანაც. ბ.ლ–ის განმარტებით, შ.მ–ძის პრეზიდენტად არჩევის სხდომაზე ის არ ყოფილა მიწვეული, ხოლო მეორე მოსარჩელის არჩევის სხდომაზე იგი დაბარებულ იყო. შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა გამგეობის ხელახლა არჩევა იმ შემთხვევაში, თუ მათ არ იცოდნენ გარიცხვის თაობაზე მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს ზუსტად იცოდა თუ არა ამ დროისთვის, იყო თუ არა გარიცხული. ასევე, ბ.ლ–ის მითითებით, მათი ხელახალი არჩევა მიაჩნდა ვადის გაგრძელებად, ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ის არის სპორტსმენი და სურს იყოს ის მხარე რომელიც სპორტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ამით არის დაინტერესებული, რაც შეეხება კონკრეტული დავის გადაწყვეტას, ეს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და არ არის დაინტერესებული.
42. მოწმე ი.ბ–ძე, არის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, მან მიცემული ჩვენების ფარგლებში განმარტა, რომ 2016 წლის 27 აპრილის სხდომა ნამდვილად ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა პრეზიდენტის გ.ჩ–ძის მიერ ინიცირებული საკითხები, რომლებიც შეეხებოდა იმ სირთულეებს, რის წინაშეც იდგა პარაოლიმპიური კომიტეტი. ბ–ძის განმარტებით, მან სხდომაზე მოითხოვა პრეზიდენტის გადადგომა, ასევე დაისვა საკითხი გამგეობის წევრების გარიცხვისა და რიგგარეშე კრების ჩატარების თაობაზე. მოწმის მითითებით, მას კრების თაობაზე პირადად აცნობა გ.ჩ–ძემ, რომელიც ძალიან ნერვიულობდა. რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა მანამდე ჩატარებულ სხდომებზე დასწრებას ბ–ძე ვერ ახერხებდა; მართალია, კონკრეტული კრება პირველი არ ყოფილა, თუმცა, როგორც წესი, ის ვერ ახერხებდა სხდომებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას. 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე პრეზიდენტმა გ.ჩ–ძემ აღნიშნა, რომ გამგეობის წევრებთან იყო შეუთავსებლობა, იგი კომიტეტს ვეღარ მართავდა, მის სიტყვას ძალა არ ჰქონდა და ჩიხში იყო შესული კომისიის საქმიანობა, რის გამოც საჭირო იყო წევრების გარიცხვა და ახალი კენჭისყრის ჩატარება. აღნიშნული გარემოებების გამო, მოწმის მითითებით, მან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი თავის გადაყენებისა და გამგეობის წევრების გადაყენებასთან მიმართებით. მოწმემ განმარტა, რომ იგი ენდო პრეზიდენტის სიტყვას, რომელიც მისთვის ავტორიტეტი პიროვნება იყო. მოწმის განმარტებით, სხდომა ჩატარდა კედიას ქუჩაზე. კითხვაზე, თუ რატომ მივიდა იგი ამ სხდომაზე, მაშინ, როცა წინა სხდომებზე არ დადიოდა, მოწმემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მან საჭიროდ ჩათვალა სხდომაზე გამოცხადება. მოწმეს არ ახსოვს,ზუსტად სად შეხვდა ჩ–ძეს. ბ–ძის განმარტებით, იგი ჩამოყალიბებული აზრით მივიდა სხდომაზე, იცოდა, რომ კომიტეტი რეგრესის გზაზე იყო კონკრეტულ პირთა შეუთანხმებლობის გამო. ი.ბ–ძემ აღნიშნა, რომ მან იკითხა სხვა წევრების გამოცხადების თაობაზედაც, რაზეც ჩ–ძემ განუმარტა, რომ სხვა წევრებსაც ეცნობათ სხდომის თაობაზე, თუმცა ისინი არ გამოცხადებულან. მოწმის მითითებით, იგი კრებაზე მიწვეული იყო, როგორც გამგეობის წევრი, არ ახსოვს, იყო თუ არა თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. ბ–ძის განმარტებით, მას დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შესაძლოა გ.ჩ–ძეს ჩაეთვალა, რომ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, რადგანაც მოწმე არ შეედავა, დღის წესრიგი მიღებული იყო ერთობლივად; დღის წესრიგი მისი მონაწილეობით არ შედგენილა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი იცნობს ი.გ–ძეს, სხდომამდე გ–ძესა და ჩ–ძესთან ჰქონდათ თუ არა ერთობლივი შეხვედრა არ ახსოვს. ბ–ძემ განმარტა, რომ ჩ–ძემ მას წინასწარ გააცნო საკითხები და თუ აღნიშნული ჩაითვლება დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღებად, მაშინ გამოდის, რომ მიიღო მონაწილეობა საკითხების განსაზღვრაში.
43. მოწმე ი.გ–ძის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილის კრების ჩატარებაზე წევრები შეთანხმდნენ, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ერთად შეკრებილიყვნენ და მიღებულიყო გარკვეული ცვლილებები. მოწმე იმ პერიოდისათვის გამგეობის ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა მას ნაკლებად უწევდა ოლიმპიურ კომიტეტში მისვლა და იგი აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა კომიტეტის საქმიანობაში. მოწმის მითითებით, მას არ ჰქონდა საშუალება ყოველთვის ევლო, რამდენადაც იგი მუშაობს საჯარო რეესტრში. ამასთან, მისი გასაკეთებელი კომიტეტში არაფერი არ ყოფილა, რის გამოც დაწერა განცხადება წამოსვლასთან დაკავშირებით. 2016 წლის 27 აპრილის სხდომის თაობაზე წევრები გააფრთხილა ჩ–ძემ, ასევე გააცნო დღის წესრიგი წევრთა გარიცხვისა და ჩანაცვლების თაობაზე. მოწმის განმარტებით, თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან მიმართებით მას ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ხედავდა, რომ საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, სიტუაცია არ იყო დალაგებული. მოწმის განმარტებით, მას არავითარი ფუნქცია არ ჰქონდა, დაკავებული იყო სამსახურით, სპორტით და ვიცე-პრეზიდენტობით არ იყო დაინტერესებული, ამიტომაც გადადგა 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ჩ–ძემ უთხრა მას, რომ შეკრებილიყვნენ სხვადასხვა საკითხის განსახილველად, იქვე არ უთქვამს დღის წესრიგის შესახებ. როგორც წესი, კრება იმ მისამართზე, სადაც 27 აპრილის სხდომა გაიმართა, არ ტარდებოდა. სხდომას ესწრებოდა გამგეობის 5 (ხუთი) წევრი. ისინი კრებაზე დაბარებული იყვნენ დილის საათებში, 11-12-ის ნახევრისათვის. მოწმის მითითებით, 12 საათი იყო დაწყებული მისი მისვლის დროისთვის, სადაც დახვდა ჩ–ძე, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, ხოლო მდივანი თვითონ იყო. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარემ განსაზღვრა, კრება ჩატარდა და გადაწყვეტილებაც ერთხმად იქნა მიღებული, ძირითადად საუბარი იყო მოქმედი გამგეობის წევრების გარიცხვაზე და ახალი წევრების მიღებაზე. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის კრებას, გ–ძის განმარტებით, გ.ჩ–ძე აღნიშნულ სხდომაზე ჩაერთო „სკაიპის“ მეშვეობით. მოწმეს არ ახსოვს, თუ როგორ გაიგო კრების თაობაზე, სავარაუდოდ მწვრთნელმა დაურეკა და შეატყობინა, არც კრების თავმჯდომარე ახსოვს. 2016 წლის 19 მაისს ნოტარიუსმა დაამტკიცა კრების ახალი წევრები, კენჭისყრა ჩატარდა თუ არა მოწმეს არ ახსოვს. ი.გ–ძის მითითებით, მან თანამდებობის დატოვებაზე განცხადება დაწერა 2016 წლის 27 აპრილამდე, რაც განხილული იქნა იმავე წლის 27 აპრილის სხდომაზე, ასევე აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა ი.ბ–ძის თანამდებობის დატოვების საკითხიც. მოწმის განმარტებით, იგი პარაოლიმპიური სპორტით დაკავებულია 2005 წლიდან, სხვადასხვა დროს გამგეობის წევრიც იყო. ინტენსიურად არ ღებულობდა მონაწილეობას, მხოლოდ თუ დაურეკავდნენ გამგეობის ახალი წევრის მიღებაზე, როგორც გამგეობის წევრი, დასწრებია ერთ-ორ სხდომას. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი სტიპენდიას გარკვეული პერიოდი იღებდა, თუმცა 2014 წელს დაჯარიმდა დოპინგის მიღების გამო, რის შემდგომაც ი.გ–ძეს სტიპენდია აღარ მიუღია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2016 წელს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდა კომიტეტის მმართველობასთან, რომელიც შეეხებოდა დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას, რა დროსაც გ–ძის განმარტებით, მას ესაჭიროებოდა კომიტეტის გვერდში დგომა, თუმცა კომიტეტი მას არ დახმარებია. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიჩნეოდეს რევანშად, გ.ჩ–ძემ დაიბარა გამგეობის წევრები, გააცნო არსებული რეალობა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება. დღის წესრიგი იქვე განსაზღვრა ჩ–ძემ, გ–ძის მითითებით, დღის წესრიგთან მიმართებით, იგი მანამდე ბ–ძესა და ჩ–ძეს არ შეხვედრია. გ–ძის განმარტებით, ფინანსური მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაციას არ აძლევდნენ, ერთი-ორი სპორტსმენის სტიპენდიასთან დაკავშირებით ექნება ნამსჯელი გამგეობის სხდომაზე კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების პირობებში. მოწმის განმარტებით, იგი ენდო ჩ–ძეს, ამასთან, მართალია, დოკუმენტებს არ გაცნობია, თუმცა იცოდა არსებული რეალობა.
44. მოწმე ზ.ძ–ის განმარტებით, იგი 2016 წლის 27 აპრილის სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისად მისთვის უცნობია კონკრეტულ კრებაზე განხილული საკითხების დღის წესრიგი. მოწმის მითითებით, იგი გამგეობის წევრია 2012 წლიდან და სხდომებშიც მონაწილეობდა. სხდომის თაობაზე უკავშირდებოდა მდივანი - ო–ა სატელეფონო კავშირის მეშვეობით, წერილობითი შეტყობინება არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, იგი ძირითადად ყველა სხდომას ესწრებოდა, სხდომებზე კი განიხილებოდა ფინანსური საკითხები, მათ შორის - ხელფასების. ფინანსური ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით მოწმე ინფორმაციას არ ფლობს. უშუალოდ ფინანსების განკარგვაზე არც წესდებით და არც კანონით არ ჰქონია მოწმეს წვდომა. ძ–ის განმარტებით, სავარაუდოდ, თანხებს პრეზიდენტი განკარგავდა. გ.ჩ–ძე ყველა სხდომას ესწრებოდა და მასთან ერთად ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება და მისგან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობა თანხების განკარგვასთან დაკავშირებით,მოწმისათვის უცნობია. ძ–მა, ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 19 მაისის კრებაზე, რომელიც ჩატარდა გ.ჩ–ძის ინიციატივით, იგი არ ყოფილა მიწვეული. სადავო კრების შესახებ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის მეორე კრებას, მისთვის უცნობია, თუ რამ განაპირობა რიგგარეშე კრების მოწვევის საჭიროება და გამგეობის წევრების არჩევა.
45. მოწმე თ.მ–ის განმარტებით, 2016 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სხვადასხვა მიმართულებით კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მას ჰქონდა წიგნის გამოქვეყნების პროექტი, რის გამოც ხშირად უხდებოდა სამინისტროში მისვლა, სადაც ნახა პრეზიდენტი ჩ–ძე, რომელმაც გააფრთხილა, რომ 2016 წლის 27 აპრილს 11:00 სთ-ზე უნდა გამართულიყო გამგეობის კრება, ....... 17-ში. მოწმის მითითებით, მას გაუკვირდა, არ ელოდა რიგგარეშე კრებას, თუმცა ჩ–ძემ იმგვარი არგუმენტები დაუსახელა, რომ მოწმემ საჭიროდ მიიჩნია კრებაზე დასწრება. დასახელებული საკითხები შეეხებოდა აღმასკომის წევრთა საქმიანობას, მათი შემდგომი საქმიანობის გაგრძელებას. მ–ის განმარტებით, 2016 წლის 27 აპრილის სხდომაში მონაწილეობა მიიღო, დაგვიანებით მივიდა სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, ბ–ძე, ჭ–ი, გ–ა, ჩ–ძე. სხდომაზე მიმდინარეობდა კამათი, მოწმის მითითებით, ის ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საჭირო იყო ცვლილებები და არ შეეძლო წინააღმდეგ წასულიყო. მ–მა დაადასტურა ოქმის შედგენა, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა ნოტარიულად. კრებაზე სხვა წევრების არყოფნასთან მიმართებით, მოწმემ განმარტა, რომ მან იკითხა მათ შესახებ, რაზეც ჩ–ძემ დაუდასტურა, რომ ისინიც მოწვეულნი იყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ ზოგადად კრებებში მონაწილეობდა, სადაც განიხილებოდა სპორტის განვითარების საკითხები, სტიპენდიებისა და დანამატების საკითხები. მას, როგორც გამგეობის წევრს, არ ჰქონდა უფლება, განეკარგა ფინანსები. რაც შეეხება, 2016 წლის 19 მაისის კრებას, აღნიშნულთან მიმართებით 27 აპრილს მიიღეს თუ არა გადაწყვეტილება არ ახსენდება.
46. მოწმე ვ.ჭ–ის განმარტებით, იგი 2016 წლის აპრილის მეორე ნახევარში იმყოფებოდა თბილისში, რა დროსაც მას ჩ–ძემ აცნობა კრების თაობაზე, სატელეფონო კავშირის მეშვეობით, რომელსაც მოწმე დაესწრო. ხოლო 2016 წლის 19 მაისის სხდომა იმავე 27 აპრილის სხდომაზე დაიგეგმა. მოწმემ განმარტა, რომ, როგორც გამგეობის წევრი, ესწრებოდა გამგეობის სხდომებს, რომლებიც ზოგადად სპორტული ცხოვრების განვითარებას ეხებოდა, გარკვეული დღის წესრიგებით. ჯამში 2-3 სხდომას ესწრებოდა და კრებაზე გადაწყვეტილებები კოლეგიურად მიიღებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ იმდროინდელ გამგეობის წევრებთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა იარაღის შეძენასთან მიმართებით, კერძოდ, ძ–თან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა, ამის გამო გადაწყვეტილება არ მიუღია და არც მოსარჩელეთა მიმართ ჰქონია რაიმე სახის პირადი ინტერესი. მოწმის მითითებით, მან როგორც იცოდა მეორე მოსარჩელე იძულებას ახდენდა პრეზიდენტზე.
47. 2016 წლის 27 აპრილს კომიტეტის გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: პრეზიდენტი/წევრი - გ.ჩ–ძე; ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი.გ–ძე; ვიცე-პრეზიდენტი/წევრი - ი.ბ–ძე; გენერალური მდივანი/წევრი - პირველი მოსარჩელე; წევრები: ბ.ლ–ი, მ.მ–ძე, თ.მ–ი, ვ.ჭ–ი და ზ.ძ–ი. 9 კაცისაგან შემდგარი გამგეობის 5 წევრი ადასტურებს კრებაზე მიწვევისა და მონაწილეობის, ასევე მასზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტს, ხოლო დარჩენილი 4 წევრი, რომელთა გარიცხვაც სადავო კრების ოქმით განხორციელდა,კრებაზე მიწვევის ფაქტს უარყოფს. კომიტეტის წევრებს შორის წლების მანძილზე არსებობდა დაპირისპირება, რაც მოწმეთა ჩვენებითაც დგინდება. გამგეობა შედგება 9 წევრისაგან, რომლის უმრავლესობა (5 წევრი) ადასტურებს კრების ჩატარებას, ხოლო მეორე დაპირისპირებული ნაწილი, უმცირესობა (4 წევრი) უარყოფს კრების ჩატარებას და ამ საფუძვლით ითხოვს გარიგებათა ბათილად ცნობას.
48. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
48.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოსარჩელეების სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, კომიტეტის გამგეობის 2016 წლის 27 აპრილის #2 კრების ოქმისა და 2016 წლის 19 მაისის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
48.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 31-ე, 35-ე, 50-ე, 54-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლით იხელმძღვანელა.
49. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
49.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
49.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომიტეტის ან მისი გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს კრების მონაწილე პირთა ნებას და თავისთავად იგი განიხილება როგორც მათ შორის არსებული გარიგება. გარიგების ბათილობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მხარეთა შორის ნების გამოვლენა. აღნიშნულის დასადგენად კი გარიგება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით, ასევე, შინაარსობრივადაც. იმის დასადგენად, ბათილია თუ არა გამგეობის წევრთა კრების გადაწყვეტილება, საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოებების შეფასება თუ როგორ მოიწვიეს კრება, რამდენი წევრი ესწრებოდა მის მსვლელობას და არსებობდა თუ არა ქვორუმი, არამედ იმასაც, თუ რამდენად მართლზომიერად გამოხატეს გარიგებაში მონაწილე პირებმა მათი ნება კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს სასამართლოს მიერ მსგავსი გარიგების შინაარსის შეფასებას. მთელი რიგი გარიგებების ბათილად საცნობად აუცილებელია მისი შინაარსობრივი შეფასება. იქნება ეს მოჩვენებითი, თვალთმაქცური, შეცდომით დადებული ან სხვა სახის გარიგებები, მათი ბათილობაც დამოკიდებულია მათ შინაარსზე, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენაზე. შესაბამისად, მითითებული თვალსაზრისით გარიგების შეუფასებლობა დაუშვებელია სასამართლოს მიერ. ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ ამ ორი კუთხით კრების ოქმის შეფასება არ ნიშნავს იმას, რომ გარიგების გასაბათილებლად აუცილებელია ორივე პირობის არსებობა. ერთ-ერთი მათგანის დარღვევა საკმარისია გარიგების გასაბათილებლად.
49.3. მოსარჩელეთა გარიცხვის მიზეზად მოხსენიებულია კომიტეტის პრეზიდენტის გ.ჩ–ძის გამგეობის წევრებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათი მიმართებით არაერთი პრეტენზია დაფიქსირდა კომიტეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, რომ ბოროტად ხდებოდა უფლებამოსილებების გამოყენება და კომიტეტის ფინანსები ნაწილდებოდა არა რეალური საჭიროების გათვალისწინებით, არამედ შიდა წრეებში, ნაცნობობისა და ახლობლობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნული კი მათი მოსაზრებით ეწინააღმდეგება წესდებას.
49.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი აუცილებლად უნდა გამხდარიყო ის გარემოება, თუ რა პრეტენზიები დაფიქსირდა მოსარჩელეთა მიმართ და რეალურად ჰქონდა თუ არა ამ გარემოებებს ადგილი და თუ იყვნენ აღნიშნული პირები პასუხისმგებლები ყოველივე იმის თაობაზე, რაც გაცხადებული იქნა სხდომის დროს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გარიცხვა მოხდა მხოლოდ კომიტეტის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე. სასამართლო კი ვალდებულია გამოიკვლიოს, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი კრება მხოლოდ პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე გაერიცხა მითითებული პირები საზოგადოებიდან, მითუმეტეს ისე, რომ ამ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მოსაზრებები არ მოუსმენიათ.
49.5. სასამართლოს არ გამოუკვლევია საერთოდ ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ამ განცხადებას საფუძველი და მისი სინამდვილესთან შესაბამისობა გამოიკვლია თუ არა მოპასუხემ ამ საკითხის განხილვამდე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს ის გარემოება, რეალურად ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი კრების ჩატარების დროს და მითითებული ფაქტები შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს გარიცხვის საფუძვლად. ამ თვალთახედვით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, თუ რა ფუნქციები ეკისრათ მათ და მიუწვდებოდათ თუ არა ხელი თუნდაც ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, როგორიცაა ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა და ა.შ.
49.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი ფაქტების დადგენა სასამართლოს მოვალეობაა და მისი დადგენის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება. ამის გარეშე შეუძლებელია კრების ოქმი ცნობილი იქნეს კანონიერად, თუ ვერ დადგინდება წევრთა გარიცხვისათვის აუცილებელი პირობების არსებობა. მხოლოდ ფორმალური ნიშნით კი ამ საკითხის შეფასება კანონის მოთხოვნებს სცილდება. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები და მხოლოდ მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.
49.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობისაა სადავო კრების ოქმების კანონიერების დადგენა, ასევე - მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოებაც, რამდენად სწორად, კანონის ნორმათა და პროცედურული წესების დაცვით იქნა მოწვეული და ჩატარებული სადავო კრებები. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს შეადგენს ასევე, გამგეობის წევრთა კეთილსინდისიერების შეფასება კრების მოწვევის პროცედურების წესდებით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის განსაზღვრის თვალსაზრისით. ამ კუთხით მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა შეაფასოს სასამართლომ, იყვნენ თუ არა კომიტეტის წევრები კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვი მოწვეულით, ჩატარდა თუ არა კრება, განხილული იქნა თუ არა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გამგეობის წევრთა კრებაზე ყოფნისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერებას.
50. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
50.1. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება.
50.2. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო შეემოწმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი, ასევე - ფორმალური თვალსაზრისით და საქმეზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება მისი ხელახლა განსახილველად დაბრუნების გარეშე.
51. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
51.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
52. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
53. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთაგან არც ერთს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა საკასაციო სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
55. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
57. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 49.2-49.6 ქვეპუნქტები).
58. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით წაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობის გასარკვევად, ჯერ შესამოწმებელი და გამოსაკვლევია მოსარჩელის სტადიაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობასა და დასაბუთებულობაზე მიუთითებენ.
59. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).
60. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენ მნიშვნელოვან გარემოებათა წრეს, მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგნის განსაზღვრის აუცილებლობას, არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საქალაქო სასამართლოსთვის ხელახლა დაბრუნების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სსსკ-ის 385-ე მუხლით განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია: „სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა“. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ („გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“) ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საფუძველმა განაპირობა საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რიგ გარემოებათა დაუდგენლობა და მის საფუძველზე სარჩელის საფუძვლიანობის შეუმოწმებლობა არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (შდრ. სუსგ #ას-945-833-2017, 13.10.2017 წ.).
61. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ „გარემოებათა მის მიერ (სააპელაციო სასამართლოს მიერ) გამოკვლევა მიზანშეუწიონელია. ასეთ შემთხვევაში მხარე დაკარგავდა კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლოში) ფაქტობრივ გარემოებაზე შედავების შეასძლებლობლას, ვინაიდან მას გასაჩივრება მოუწევდა პირდაპირ საკასაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს“ (იხ. სუსგ-ები: # ას-261-248-2015, 10.07.2015წ; #ას-450-429-2015, 28.07.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავა მართებულად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი მითითებებით, რაც, გარდა იმისა, რომ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მართებულად მოძიებას უკავშირდება, იმავდროულად უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე განხორციელებას, რაც სულ მცირე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი საფუძვლების კვლევასა და შეფასებას უკავშირდება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებისა და ფაქტების, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, საფუძველზე ამოწმებს. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე საქმეთა განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განმარტებაზე სარჩელთა სახეების მნიშვნელობისა და აღიარებითი თუ მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების თავისებურებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-634-2016, 231-232-ე პუნქტები).
62. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(იხ. სუსგ # ას- #-ას-471-450-2015, 30.10.2015წ; შდრ. სუსგ-ებს: #ას-973-922-2015, 16.02.2016წ; #ას-151-147-2016, 19.04.2016წ; #ას-1132-1088 -2016, 17.02.2017წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.
63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.წ–ძის და ლ.ო–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.წ–ძეს (პ/ნ ....) და ლ.ო–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.წ–ძის (პ/ნ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 13 ნოემბ–), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე