საქმე №ას-711-2019 20 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ყ.თ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს "ყ.თ–ის" სარჩელი, ლ.კ–ის მიმართ, მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით, ლ.კ–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ.რ–ი მოქმედი ადვოკატია (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) და საკასაციო საჩივრის ელექტორნული ვერსია.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს ლ.კ–ს, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 20 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით, ლ.კ–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ.რ–ი მოქმედი ადვოკატია (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია) და საკასაციო საჩივრის ელექტორნული ვერსია.
საქმეში არსებული 2019 წლის 10 აგვისტოს და 23 სექტემბრის უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი კასატორს, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ......., კერძო სახლი) გაეგზავნა ორჯერ თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან კურიერს არავინ დახვდა მისამართზე (2019 წლის 23 სექტემბრის უგუზავნილზე მითითებულია, რომ ადრესატი ინფორმირებულია გზავნილის თაობაზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ,, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი