Facebook Twitter

№ას-171-171-2018 30 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ თ.გ.ფ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ.ო–ი, ნ.ზ–ძე, დ.ლ–ი, კ.მ–ი, დ.მ–ი, დ.ე–ი, გ.მ–ძე, ა.ხ–ძე, უ.მ–ძე, ნ.ი–ი, გ.ა–ი, მ.მ–ი, ნ.ტ–ძე, ნ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ კომპენსაციის გადახდა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ზ–ძე - 2013 წლის 1 დეკემბრიდან, გ.ო–ი, დ.ლ–ი, კ.მ–ი, დ.მ–ი, დ.ე–ი, გ.მ–ძე, ა.ხ–ძე, უ.მ–ძე, ნ.ი–ი, გ.ა–ი, მ.მ–ი, ნ.ტ–ძე, ნ.მ–ი (შემდეგში: დასაქმებულები, მოსარჩელეები) კი, 2014 წლის 21 თებერვლიდან დასაქმებული იყვნენ ა(ა)იპ თ.გ.ფ–ში (შემდეგში: დამსაქმებელი, ფონდი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი).

2. დასაქმებულები ფონდის რეორგანიზაციის გამო, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს საფუძველზე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. დამსაქმებლმა მათ გადაუხადა კომპენსაცია - ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

3. 2014 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ფონდს საკომპენსაციოდ დამატებით ორი თვის შრომის ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

4. დასაქმებულებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს:

4.1. კომპენსაციის - 2 თვის ხელფასის გადახდა,

4.2. გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

5. მოსარჩელეთა მტკიცებით, თითოეულ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მათ შორის, ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციისას, დამსაქმებელი ვალდებულია, გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით და, მიუხედავად გაფრთხილებისა, გადაუხადოს კომპენსაცია შეთანხმებული ხელფასის არაუმცირეს სამმაგი ოდენობით. მოპასუხემ მოსარჩელეებს გადაუხადა კომპენსაცია - ერთი თვის ხელფასი, ნაცვლად სამისა. ამასთან, მოსარჩელეებს არ აუნაზღაურდათ გამოუყენებელი შვებულება.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ხელშეკრულებათა შეწყვეტამდე ფონდსა და მოსარჩელეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება ფონდის შეტყობინების სახით, რომ დასაქმებულებს, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს საფუძველზე, მიეცემოდათ მხოლოდ ერთი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია. ეს ვალდებულება კომპანიამ კეთილსინდისიერად შეასრულა.

შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ფონდში არსებული დოკუმენტის დედნები ამოღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ფონდის თანამშრომელთა მიმართ დაწყებული გამოძიების გამო. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, მოსარჩელეებმა ისარგებლეს თუ არა კუთვნილი შვებულებით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

7.1.მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა: გ.ო–ის სასარგებლოდ - 4000 ლარის; ნ.ზ–ძის სასარგებლოდ - 1600 ლარის; დ.ლ–ის სასარგებლოდ - 3000 ლარის; კ.მ–ის სასარგებლოდ - 2000 ლარის; დ.მ–ის სასარგებლოდ - 4000 ლარის; დ.ე–ის სასარგებლოდ - 4000 ლარის; გ.მ–ძის სასარგებლოდ - 4000 ლარის; ა.ხ–ძის სასარგებლოდ - 4000 ლარის; უ.მ–ძის სასარგებლოდ - 4000 ლარის; ნ.ი–ის სასარგებლოდ - 4000 ლარის; გ.ა–ის სასარგებლოდ - 3000 ლარის; მ.მ–ის სასარგებლოდ - 4000 ლარის; ნ.ტ–ძის სასარგებლოდ - 1000 ლარის; ნ.მ–ის სასარგებლოდ - 1000 ლარის.

7.2. მოპასუხეს დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება: გ.ო–ის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის, ნ.ზ–ძის სასარგებლოდ - 533.34 ლარის; დ.ლ–ის სასარგებლოდ - 1000 ლარის; კ.მ–ის სასარგებლოდ - 666.67 ლარის; დ.მ–ის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; დ.ე–ის სასარგებლოდ -1333.34 ლარის; გ.მ–ძის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; ა.ხ–ძის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; უ.მ–ძის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; ნ.ი–ის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; გ.ა–ის სასარგებლოდ - 1000 ლარის; მ.მ–ის სასარგებლოდ - 1333.34 ლარის; ნ.ტ–ძის სასარგებლოდ - 333.34 ლარის; ნ.მ–ის სასარგებლოდ - 333.34 ლარის.

8.1. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კომპანიამ ხელშეკრულებით, რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულებთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იკისრა კომპენსაციის - 3 თვის შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეებისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით მათ ეცნობათ სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების შესახებ, რაც, მოპასუხის განმარტებით, ადასტურებდა, რომ დასაქმებულებისთვის ცხადი იყო, საკომპენსაციოდ მიეცემოდათ მხოლოდ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით, მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ, ე.ი. პირობას დასთანხმდნენ. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს ასეთი შინაარსის შეტყობინება მართლაც რომ გაეგზავნა მოსარჩელეებისთვის, მასში სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მითითება არ ნიშნავდა შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შეცვლას, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში საუბარია არა ერთი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის გადახდაზე, არამედ არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის გადახდაზე, რაც შეესაბამება შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობას - 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ვერ შეცვლიდა შრომითი ხელშეკრულების პირობას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა დარჩენილი თანხის ანაზღაურება, კერძოდ, კომპენსაციის - 2 თვის შრომის ანაზღაურების გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

8.2. სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საშვებულებო თანხის ანაზღაურებას იმ შემთხვევისათვის, როცა პირი არ გამოიყენებდა მისთვის კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლებას.მოსარჩელეებს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში არც წერილობით და არც ზეპირად კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით დამსაქმებლისათვის არ მიუმართავთ, თუმცა სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მათ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, არ უმუშავიათ 11 თვე. სშკ-ის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ.

სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 21.4 მუხლზეც, რომლის შესაბამისად, რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად და დაასკვნა, რომ, რადგან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, დასაქმებულებს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდათ მუშაობის ბოლო წელს შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ნამუშევარი 8 თვის პროპორციულად (და არა - სრული საშვებულებო ანაზღაურება, როგორც ამას ითხოვდა მოსარჩელე).

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

9.1. აპელანტის მტკიცებით, შეტყობინებების საფუძველზე, ფონდში დასაქმებულებს ეცნობათ თავმჯდომარის 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ფონდის ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. შეტყობინების საფუძველზე აპელანტი და მოპასუხეები შეთანხმდნენ, სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულისთვის 1 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის მიცემის თაობაზე, რაც დამსაქმებელმა შეასრულა.

9.2. აპელანტის მითითებით, ფონდსა და დასაქმებულებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 8 თვეს. ხელშეკრულება არ შეიცავდა შვებულების საკითხის სშკ-საგან განსხვავებულად მოწესრიგების შესახებ მხარეთა შეთანხმებას. ამდენად, სშკ-ს 22.1 მუხლის საფუძველზე დასაქმებულები შვებულების მოთხოვნის უფლებას შეიძენდნენ მხოლოდ ფონდში 11 თვით მუშაობის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ დასაქმებულებს შეეძლოთ გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, 21-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები, 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის საკომპენსაციოდ სამი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმა კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით შეესაბამება სშკ-ის 38-ე მუხლს. ამ მხრივ აპელანტის არგუმენტი, იმის შესახებ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინებით, მხარეები შეთანხმდენენ კომპენსაციის, 1 თვის შრომის ანაზღაურების გადახდაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან ასეთი შეტყობინება ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების პირობების შეცვლად.

10.2. შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ დამსაქმებელს ჰქონდა უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები დასაქმებულთა მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების შესახებ, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

10.3. პალატამ მიუთითა „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის თანახმად, თუ პირს, რომელსაც არ გამოუყენებია კუთვნილი შვებულება, გაათავისუფლებს მეწარმე და ეროვნული კანონები ითვალისწინებს შესაბამისი ანაზღაურების გამოყენების საშუალებას, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. ვინაიდან კონვენციით გათვალისწინებული შვებულების ანაზღაურების სამივე პირობა ვლინდებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა და სწორად განსაზღვრა ანაზღაურება ნამუშევარი 8 თვის პროპორციულად, რის გამოც პალატამ არც ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. მართალია, მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ფულადი კომპენსაცია ხელფასის სამმაგი ოდენობით, თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებულები მოგვიანებით შეთანხმდნენ კომპენსაციის - ერთი თვის შრომის ანაზღაურებაზე სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11.2. „ყოველწლიანი ფასიანი შვებულების შესახებ“ 52-ე კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლების თანახმად, კომპენსაციის მიღების წინაპირობაა დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება.

სშკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დროს შვებულების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს მუშაობის თერთმეტი თვის შემდგომ წარმოეშვება, თუ მხარეთა მიერ შვებულების უფლების წარმოშობის უფრო ადრინდელი ვადა არ იქნება დათქმული. კონვენციის მეორე მუხლის თანახმად კი, ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლება წარმოიშობა პირის მიერ სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შემდგომ, თუ ნაციონალური კანონმდებლობით ან შეთანხმებით დასაქმებულისათვის უფრო ხელსაყრელი პირობა არ არის განსაზღვრული (კონვენციის მე-9 მუხლი). შესაბამისად, დასაქმებულის უფლება, ისარგებლოს საშვებულებო ანაზღაურებით, წარმოიშვება მუშაობის თერთმეტი თვის შემდგომ, თუ მხარეთა მიერ შვებულების უფლების წარმოშობის უფრო ადრინდელი ვადა არ იყო დათქმული.

ამასთან, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციით გათვალისწინებული კომპენსაციის საკითხი ამავე კონვენციის მე-6 მუხლით წესრიგდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ეროვნული კანონმდებლობით მოპოვებული აქვს შვებულების უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი, დასაქმებულებს შვებულების უფლება არ მოუპოვებიათ.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორადვე განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ გასაზიარებელია.

14. მოსარჩელეთა პირველი მოთხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრებაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნის საფუძველი სშკ-ის 38.1 მუხლი (დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში) და ზემოხსენებული ხელშეკრულებაა (სსკ-ის 316.1 მუხლი - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც).

15. დასაქმებულებთან ხელშეკრულების სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) საფუძველზე შეწყვეტა სადავო არ არის. რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას სშკ-ის 38.1 მუხლი ადგენს დასაქმებულის კომპენსირებას არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურებით.

16. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების სადავო 6.2.2 მუხლის რედაქცია ყველა შემთხვევაში იდენტურია და დადგენილია შემდეგი: „შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში, მათ შორის, ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციისას, დამსაქმებელი ვალდებულია, გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ამასთან, მიუხედავად გაფრთხილებისა, დასაქმებულს უცილოდ მიეცემა ფულადი კომპენსაცია შეთანხმებული ხელფასის არაუმცირეს სამმაგი ოდენობით“. ამდენად, დამსაქმებელმა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, ხელშეკრულებით შეიბოჭა თავი და რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულთა გათავისუფლებისას კომპენსაციად სამი თვის სახელფასო ანაზღაურების ვალდებულება იკისრა.

17. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულება კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური სახეა, რომელსაც ორგანული კანონი აწესრიგებს.

სშკ-ის პირველი მუხლის (ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას) დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ ვრცელდება სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას) გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, თუ იგი არ ეწინააღმდეგება სპეციალურ მოწესრიგებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, შრომით ურთიერთობაში ბათილი პირობის ნაცვლად, მოქმედებს კანონით დადგენილი პირობა.

18. ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების დათქმა 3 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსირების თაობაზე არ ეწინააღმდეგება სშკ-ის 38.1 მუხლს, შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან, მოპასუხისაგან მოითხოვონ შეთანხმებული კონპენსაციის ანაზღაურება, თავის მხრივ, მოპასუხეები ვალდებული არიან, ჯეროვნად და კეთილსინდისერად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება - თანახმად სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

19. კასატორის შესაგებლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობა, რომელიც ფონდის რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას კომპენსაციას სამი თვის სახელფასო ანაზღაურებას ითვალისწინებდა, მოგვიანებით ახალი შეთანხმებით შეიცვალა, კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, კომპენსაციად ერთი თვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა.

20. სსკ-ის 50-ე და 327-ე მუხლების თანახმად, ორმხრივი ნების პირობებში, ხელშეკრულების არსებით პირობად განიხილება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ურთიერთთანხვდენილი ის ნება, რომელზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ამგვარი პირობის შესაცვლელად კი, ერთი მხარის მიერ ნების გამოვლენა საკმარისი არ არის. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც შრომითი ხელშეკრულებები ორმხრივი გარიგებებია, სამართლებრივი შედეგისათვის აუცილებელი იყო ორი შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვდენილი ნების გამოვლენა. ამდენად, მხოლოდ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნება - შეტყობინება არ იყო საკმარისი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შესაცვლელად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელეთა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

21. საკასაციო პალატა იზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მისთვის არაწორად დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ვლინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.

შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება; ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება (შდრ. სუსგ №ას-131-127-2016, 23.09.2016; №ას-549-517-2010, 19.10.2010წ).

ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვებისათვის კი, სშკ-ის 22.1 მუხლი (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც) მუშაობის თერთმეტთვიან ვადას აწესებს.

22. დადგენილია, რომ მოსარჩელეებთან ხელშეკრულებები დაიდო 2013 წლის პირველ დეკემბერს (ერთ შემთხვევაში, 2014 წლის 21 თებერვალს) და შეწყდა 2014 წლის 17 ოქტომბერს. ხელშეკრულებები არ შეიცავდა მხარეთა შეთანხმებას შვებულების საკითხის შრომის კოდექსისგან განსხვავებულად მოწესრიგების შესახებ. რადგან მოსარჩელეებს ფონდში 11 თვე არ უმუშავიათ, მათ ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შვებულების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ.

23. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება „ყოველწლიანი ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 52-ე კონვენციას, რომლის მე-6 მუხლი (კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი, ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს) ითვალისწინებს მხოლოდ კუთვნილი შვებულების კომპენსირებას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წინაპირობა დასაქმებულის მიერ შვებულების უფლების მოპოვებაა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს მოპასუხე დაწესებულებაში შვებულების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობიათ. ამდენად, ვინაიდან დასაქმებულებს ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის „გამოუყენებელი შვებულება“ არ ჰქონდათ, არც მოპასუხეს გააჩნია ამგვარი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე ჯამში 2 394.37 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 2 992.97 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, თითოეულ მოსარჩელეს, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, დაეკისრება სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2.1. გ.ო–ის, ნ.ზ–ძის, დ.ლ–ის, კ.მ–ის, დ.მ–ის, დ.ე–ის, გ.მ–ძის, ა.ხ–ძის, უ.მ–ძის, ნ.ი–ის, გ.ა–ის, მ.მ–ის, ნ.ტ–ძის და ნ.მ–ის სარჩელი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2.2. გ.ო–ს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.3. ნ.ზ–ძეს დაეკისროს 48 (ორმოცდარვა) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.4. დ.ლ–ს დაეკისროს 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.5. კ.მ–ს დაეკისროს 60 (სამოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.6. დ.მ–ს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.7. დ.ე–ს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.8. გ.მ–ძეს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.9. ა.ხ–ძეს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.10. უ.მ–ძეს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.11. ნ.ი–ს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.12. გ.ა–ს დაეკისროს 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.13. მ.მ–ს დაეკისროს 120 (ას ოცი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.14. ნ.ტ–ძეს დაეკისროს 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

2.15. ნ.მ–ს დაეკისროს 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი