Facebook Twitter

№ას-554-529-2016 7 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – ლ.პ–ი

წარმომადგენელი - რ.ვ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.მ–ი

წარმომადგენელი - ბ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, .... N5 გასასვლელის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N....., რეგისტრირებულია გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებად, ხოლო მის მოსაზღვრედ - ...... N5 გასასვლელში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N ....., რეგისტრირებულია ლ.პ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებად.

2. 2013 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისა და მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის მოთხოვნით.

3. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ჯეროვანი დაკავშირების საშუალება საჯარო გზასთან, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან არის ალტერნატიული მისასვლელი და მისი მიწის ნაკვეთი არაა ერთადერთი საშუალება საჯარო გზასთან დასაკავშირებლად, გაყვანილია სამანქანო და ფეხით სასიარულო გზაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ სერვიტუტით ქონების დატვირთვა მისი უფლებაა და არა - მოვალეობა და არ სურს არც სასყიდლიანი და არც უსასყიდლო სერვიტუტით ქონების დატვირთვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

5.1. მოსარჩელეს, ქალაქ თბილისში, ........ N5 გასასვლელის მომიჯნავედ, მის საკუთრებაში არსებული N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქალაქ თბილისში, ......, #5 გასასვლელში (საკადასტრო კოდი N ......) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 23 ოქტომბრის N005725014 დასკვნის N1 დანართის შესაბამისად.

5.2. სარჩელი, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N .......) სერვიტუტით დატვირთვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

6. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170-ე, 180-ე, 247-ე და 248-ე მუხლები და დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, არსებობდა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზით დატვირთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

6.1. სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არა ჰქონდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთები # ..... და # ..... საკადასტრო კოდებით, რომელთა შორის არის გასასვლელი (დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი), მაგრამ ნაკვეთთან ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთისა და სამხრეთიდან ფეხით მისვლა შეუძლებელია ეკლოვანი ბუჩქებისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო.

6.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ საჯარო რეესტრში #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლით.

6.3. სერვიტუტთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებას საჭიროებდა და ერთ-ერთი მხარის ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლო წესით სერვიტუტის დადგენა დაუშვებელი იყო. ვინაიდან, სამოქალაქო სამართალში არსებობს სათანადო კომუნიკაციების არმქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების დაცვის სამართლებრივი საშუალება, აუცილებელი გზის ინსტიტუტის სახით, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა, იძულების გზით სერვიტუტის გაფორმების, მხარის ნების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

7.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გამოიყენა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნათლად იყო განმარტებული, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მახლობლად არსებობს საჯარო სარგებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის მოწესრიგება საგზაო ფუნქციებისთვის შესაძლებელია. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს ალტერნატიული საშუალება საჯარო გზასთან დასაკავშირებლად.

7.2. აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ მას მოსარჩელემ მიჰყიდა მიწის ნაკვეთი, რითაც თავად მოისპო საჯარო გზასთან დაკავშირების შესაძლებლობა.

7.3. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ აუცილებელი გზა მოპასუხის მიწის ნაკვეთს, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაყოფდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8.1. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი რომ ერთადერთი საშუალებაა საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა. პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #......) გამოყენების გარეშე. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოსარჩელისათვის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი და აუცილებელი გზა იყო.

8.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ გზასთან კავშირი მოსარჩელემ თვითნებური მოქმედებით დაკარგა. აპელანტმა მოსარჩელისაგან შეიძინა უძრავი ნივთი, რომელიც გასხვისებამდე დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულს წარმოადგენდა. უძრავი ნივთის გაყიდვა კი, ვერ შეფასდება მესაკუთრის იმგვარ თვითნებურ მოქმედებად, რომელმაც გამოიწვია საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის დაკარგვა.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე კვლევისათვის არ იყო წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენებისათვის ესაჭიროებოდა გზა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის. ამ მტკიცებულების არასრულყოფილმა შეფასებამ კი, გამოიწვია მთლიან ეზოზე 3,5 მეტრი სიგანის გზის მოსარჩელისათვის გადაცემა, რამაც უკანონოდ გაუნახევრა მიწის ნაკვეთი მოპასუხეს.

ჯეროვანი გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და ვერც წარადგენდა, ვინაიდან, მისი მიწის ნაკვეთი ციცაბო ფერდობია, რომელსაც არათუ საცხოვრებელი, არამედ უმნიშვნელო ფარდულიც კი არ გააჩნია.

9.2. სასამართლომ სწორად არ შეაფასა ის გარემოება, რომ, ორივე მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო მოსარჩელე, რომელმაც ჯერ მიჰყიდა მოპასუხეს მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ დაიწყო დავა, თავის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოთხოვნით. სასამართლოს სწორად რომ შეეფასებინა მითითებული გარემოება, შემოიფარგლებოდა მოპასუხისათვის მხოლოდ 0,75 მეტრის სიგანის საფეხმავლო გზის მიცემით.

10. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

11. 2018 წლის 7 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმისწარმოების შეწყვეტა.

12. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

12.1. ერთი მხრივ, კასატორი ლ.პ–ი (პ/ნ ......) წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის რ.ვ–ის (პ/ნ ......) სახით და, მეორეს მხრივ, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე გ.მ–ი (პ/ნ .......) დებენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

12.2. ლ.პ–ი იღებს ვალდებულებას გ.მ–ის წინაშე, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში გადაუხდის მას 33 900 (ოცდაცამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარს, ერთიანი გადახდით, თანხის უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მხარის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე;

12.3. მორიგების აქტის 2.2. მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდისთანავე გ.მ–ი გადასცემს საკუთრების უფლებას ლ.პ–ს შემდეგ უძრავ ქონებაზე: ქ. თბილისი, ...... გასასვლელი #5-ის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთი 309.00 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #...... და ეს ქონება აღირიცხება ლ.პ–ის სახელზე;

12.4. ლ.პ–ის მიერ ამ მორიგების აქტის 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, გ.მ–ი უფლებამოსილია, სასამართლოსგან მიიღოს სააღსრულებო ფურცელი შეთანხმებული თანხის ოდენობაზე და მოითხოვოს მისი იძლებითი აღსრულება.

12.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის 12.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე ლ.პ–ი არ გაასხვისებს და უფლებრივად არ დატვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე, ქ. თბილისი, ........, გასასვლელი #5, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ....... ეს ვალდებულება შეზღუდვის ფორმით ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

12.6. წინამდებარე მორიგების აქტის 2.2. მუხლით გათვალისწინებული პირობებით, ლ.პ–ის მიერ მისი ვალდებულების შესრულებამდე, გ.მ–ი არ გაასხვისებს ან/და უფლებრივად არ დატვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე, ქ. თბილისი, ........, გასასვლელი #5, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........... ეს ვალდებულება ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას შეზღუდვის ფორმით.

13. საქმისწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები მხარეთათვის ცნობილია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო, 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

16. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 218-ე, 264.3-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

2.1. ერთის მხრივ კასატორი ლ.პ–ი (პ/ნ ......) წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის რ.ვ–ის (პ/ნ ......) სახით და მეორეს მხრივ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე გ.მ–ი (პ/ნ .....) დებენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

2.2. ლ.პ–ი იღებს ვალდებულებას გ.მ–ის წინაშე, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში გადაუხდის მას 33 900 (ოცდაცამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარს, ერთიანი გადახდით, თანხის უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მხარის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე;

2.3. მორიგების აქტის 2.2. მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდისთანავე გ.მ–ი გადასცემს საკუთრების უფლებას ლ.პ–ს შემდეგ უძრავ ქონებაზე: ქ. თბილისი, .....გასასვლელი #5-ის მომიჯნავედ, მიწის ნაკვეთი 309.00 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....... და ეს ქონება აღირიცხება ლ.პ–ის სახელზე;

2.4. ლ.პ–ის მიერ ამ მორიგების აქტის 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, გ.მ–ი უფლებამოსილია სასამართლოსგან მიიღოს სააღსრულებო ფურცელი შეთანხმებული თანხის ოდენობაზე და მოითხოვოს მისი იძლებითი აღსრულება.

2.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე ლ.პ–ი არ გაასხვისებს და უფლებრივად არ დატვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე, ქ. თბილისი, ......, გასასვლელი #5, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ........ ეს ვალდებულება შეზღუდვის ფორმით ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

2.6. წინამდებარე მორიგების აქტის 2.2. მუხლით გათვალისწინებული პირობებით, ლ.პ–ის მიერ მისი ვალდებულების შესრულებამდე, გ.მ–ი არ გაასხვისებს ან/და უფლებრივად არ დატვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე, ქ. თბილისი, ......., გასასვლელი #5, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ....... ეს ვალდებულება ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას შეზღუდვის ფორმით.

3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე

მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;

5. ლ.პ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე რ.ვ–ის მიერ 2016 წლის 13 ივნისს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი