№ას-616-589-2016 28 თებერვალი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ე–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ნ–ი“
მესამე პირი - შპს „დ.ს.თ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 1 თებერვალს შპს „ე–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, გამქირავებელი) და შპს „ნ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, დამქირავებელი, საწარმო, დაზარალებული) შორის დადებული „სავაჭრო ფართის ქირავნობის“ ხელშეკრულებით - მოსარჩელეს ქ.თბილისში, ...... მდებარე სავაჭრო ცენტრში 40.47კვ.მ ფართი (შენობა 3/2, N2/11-2) გადაეცა.
2. დამქირავებელი დაქირავებული ფართით სარგებლობდა დილის 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდე. 18:00 საათის შემდეგ სავაჭრო ცენტრი იხურებოდა და ადგილზე რჩებოდა მხოლოდ შპს „დ.ს.თ–ი“ (შემდეგში - დაცვის სამსახური), რომელიც სავაჭრო ცენტრს, მოპასუხესთან გაფორმებული 2010 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, 24 საათის განმავლობაში იცავდა.
3. 2013 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 20:30 წთ-ზე, მაშინ, როცა სავაჭრო ცენტრი დახურული იყო და ადგილზე მხოლოდ დაცვის სამსახურის თან–შრომლები იყვნენ, გაჩნდა ხანძარი. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი არის ცეცხლის წაკიდება. ცეცხლის გავრცელების შედეგად დაიწვა დაახლოებით 6500 კვ.მ-ზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები, მათ შორის, დამქირავებლის სავაჭრო ფართი და სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელი.
4. დამქირავებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გამქირავებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 10 636 ლარის დაკისრება. სარჩელის მიხედვით, დამოუკიდებელმა აუდიტორმა დაუყოვნებლივ ჩაატარა საქონლის მარაგის შესახებ აუდიტი. დასკვნის თანახმად, ხანძარმა გაანადგურა მოსარჩელის კუთვნილი 10 636 ლარად ღირებული საქონელი. მოსარჩელის მტკიცებით, ამ თანხის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი მოპასუხეა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმის ექსპერტიზების თანახმად, გამქირავებელს ხანძრის გაჩენაში ბრალი არ მიუძღვოდა. მოპასუხეს ყველა ზომა ჰქონდა მიღებული ობიექტის სათანადოდ დასაცავად, რასაც ამ უკანასკნელის მიერ დაცვის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებდა. მხარეებს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება მათ უფლება-მოვალეობებს ზუსტად განსაზღვრავდა. გამქირავებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არც მოქმედი კანონმდებლობა და არც ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი არ ითვალისწინებდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით დაცვის სამსახური საქმეში ჩაება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად - მოპასუხის მხარეს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 10 636 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 394-ე, 396-ე, 408-ე, 409-ე და 532-ე მუხლები და მიიჩნია, რომ ზიანი გამოიწვია მოპასუხის მიერ ვალდებულების შესასრულებლად დაქირავებული პირის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, რაც, სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზიანის გამო მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნიდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ; მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ ზიანი გამოიწვია მოსარჩელის მიერ თავისი ვალდებულების შესასრულებლად დაქირავებული პირის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, რაც, სსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზიანის გამო გამქირავებლის პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნიდა. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხანძრის გაჩენაში მისი ბრალის არარსებობისა და იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ დაქირავებულმა დაცვის სამსახურმა ყველა ღონე იხმარა ხანძრის გავრცელების აღმოსაფხვრელად. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ამ თვალსაზრისით სასამართლოს დასაბუთებული მტკიცება ვერ წარუდგინა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 10 636 ლარი იყო. სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი 2012 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრისათვის მოსარჩელეს 21 838.41 ლარად ღირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა ერიცხებოდა; მოსარჩელის კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატის ინფორმაციით, ასევე, კომერციული ბანკების მიერ საქონლის შესაძენად პირთა დაკრედიტებაზე გადახდის დადასტურების ცნობების, სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, 2013 წლის იანვარსა და თებერვალში მოსარჩელემ 12 208 ლარის საქონელი გაყიდა, ხოლო 4 690 ლარის საქონელი შეიძინა; შპს „ა.ს.ჯ.A-ის“ დასკვნის თანახმად, ხანძრის შედეგად განადგურებული მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საბალანსო ღირებულება 10 636.55 ლარი იყო, სარეალიზაციო ფასი კი - 13 820 ლარი. ამ მტკიცებულებათა საპირისპიროდ მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა შპს „დ.ს.ე–ის“ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ვინაიდან 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე არ არის წარდგენილი სასაქონლო მარაგის შემოსავლისა და გასავლის პირველადი დოკუმენტები (ინვოისების, საბაჟო დეკლარაციებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად სწორადაა მითთებული ბრუნვათა უწყისის მიხედვით სასაქონლო მარაგების მოძრაობა და საბოლოო ბუღალტრული ნაშთი. სასამართლომ დასკვნა არ გაიზიარა, რამდენადაც მოსარჩელე დღგ-ს გადამხდელს არ წარმოადგენდა, საქონლის იმპორტს არ ახორციელებდა, შესაბამისად, ინვოისების, საბაჟო დეკლარაციებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარმოების საჭიროება არ გააჩნდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებულ საექსპერტო დაწესებულებას, მისი მოთხოვნის საპასუხოდ, გადაეცა საწარმოს ყველა პირველადი სააღრიცხვო ბუღალტრული დოკუმენტაცია, მათ შორის: 2012 წლის მოგების დეკლარაცია, საკონტროლო სალარო აპარატიდან დაფიქსირებული ინფორმაცია, კომერციული ბანკების მიერ საქონლის შესაძენად პირთა დაკრედიტებაზე გადახდის დადასტურების ცნობები, სასაქონლო ზედნადებები, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარემოების დასადგენად საკმარისი იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა, შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
10.1. მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს, რადგან მას მოსარჩელის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია. ამასთან, არ დგინდება გამქირავებლის ბრალეულობა დამდგარ ზიანში;
10.2. სარჩელის მთავარი საფუძველია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა. ამ დასკვნის გამოტანისას, მოსარჩელე ეყრდნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ ხანძარი დაცვის სამსახურმა დაგვიანებით აღმოაჩინა. ხსენებული დასკვნა მითითებულ ნაწილში არ არის სათანადო მტკიცებულება. ამას ადასტურებს კასატორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტთა წერილობითი განმარტება. განმარტების მიხედვით, ექსპერტებმა ტექნიკური უზუსტობა დაუშვეს, როცა მიუთითეს, რომ ხანძრის საწყის ეტაპზე, 56 წუთის განმავლობაში არავინ მისულა, სინ–დვილეში, 5-6 წუთზეა საუბარი. ამასთან, დასკვნაში ექსპერტები ხანძრის დაგვიანებით აღმოჩენაზე კატეგორიულად მიუთითებდნენ, თუმცა წერილობით განმარტებაში კატეგორიული ტონი აღარ შეინიშნება. ექსპერტის დასკვნა არ არის სათანადო მტკიცებულება არც 50-ლიტრიანი ცეცხლმაქრის გამოუყენებლობის გამო დაცვის სამსახურის ბრალეულობის დასადგენად. სადავო დასკვნის გაცემისას, ექსპერტებს არ გაუთვალისწინებიათ, რომ ცეცხლმოკიდებული შენობის ჭერიდან ცეცხლი ცვიოდა, რის გამოც დაცვის სამსახურს შესაძლებლობა არ ჰქონდა, ცეცხლმაქრს მიახლოებოდა;
10.3. სავარაუდოდ, ვლინდება განზრახ ჩადენილი დანაშაული, რომლის აღკვეთა და გამოძიება სახელმწიფოს ოპერატიული და საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცულობის საკითხი სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხანძარი, სავარაუდოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კი არ გაჩნდა, არამედ - წაკიდებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, დაცვის სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს.
10.4. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად გამქირავებელი რომც მივიჩნიოთ, ზიანის ოდენობა არასწორადაა დადგენილი. სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნას მათემატიკური გაანგარიშება ამჯობინა. რეალურად კი, ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ვერ დგინდება ხანძრამდე არსებული მოსარჩელის კუთვნილი საქონლის ნაშთის რაოდენობა. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა გამოცდილი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ შეუძლებელია, დადგინდეს 2013 წლის 26 თებერვლის მონაცემებით სასაქონლო მარაგების საბუღალტრო ნაშთი. შესაბამისად, დაქირავებულ ფართში ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის საბალანსო და სარეალიზაციო ღირებულების დადგენაც შეუძლებელია. ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ა.ს.ჯ–ის“ აუდიტორული დასკვნით ზარალი არასწორადაა დათვლილი.
10.5. მოსარჩელემ ინვენტარიზაცია კანონდარღვევით ჩაატარა. საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ საწარმოს დირექტორი და ბუღალტერი. აქედან გამომდინარე, დოკუმენტის ობიექტურობა საეჭვოა. გარდა ამისა, ინვენტარიზაციის აქტში მითითებული არ არის მისი ჩატარების ადგილი. აუდიტის აქტში აუდიტორი მიუთითებს, რომ იგი ინვენტარიზაციის პროცესს ვერ დააკვირდა, რადგან ეს პროცესი მის აუდიტორად დანიშვნ–დე მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ვერ გამოხატავდა აზრს ინვენტარიზაციის შედეგთან დაკავშირებით;
11. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო ხელშეკრულების ქირავნობის ხელშეკრულებად კვალიფიკაციის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 532-ე (გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 396-ე (მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს ეფუძნება.
15. საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ გამოძიების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მხრიდან, სავარაუდოდ, განზრახ გაჩენილი ხანძრის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის კასატორისათვის დაკისრება უკანონოა. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ხანძრის „წაკიდებას“ კი არ ედავება, არამედ მათ შორის გაფორმებული სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევაზე აპელირებს, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ სხვა მომსახურების გაწევაზეც, კერძოდ, ხელშეკრულების 2.4. და 5.1.4. პუნქტების თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო, მოპასუხისათვის გადაეხადა ელექტრომომარაგების, წყალ-მომარაგების, გაზ-მომარაგების, დასუფთავებისა და სხვა მომსახურების გადასახადები.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა არ შემოიფარგლებოდა ქირავნობით და მოპასუხის ვალდებულება დაქირავებული ფართისა და მასში არსებული მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მომსახურების გაწევაც იყო. ამ ფაქტობრივ გარემოებას კასატორი არ შედავებია. აქედან გამომდინარე, გამოძიებით რომც დადგინდეს ხანძრის წამკიდებელი პირის ვინაობა, ეს მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს და ვერც შეამსუბუქებს. ამდენად, არსებითია, გაირკვეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოიწვია თუ არა მოპასუხის ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ (შდრ.სუსგ ას-342-327-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი).
16. დამქირავებლის წინაშე საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად გამქირავებელი იყენებდა დაცვის სამსახურს. ეს უკანასკნელი 2013 წლის 26 თებერვალს ხანძრის წაკიდებისას, იცავდა რა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც მოსარჩელის დაქირავებული ფართი იყო განთავსებული, ასრულებდა მოვალის (გამქირავებლის) ვალდებულებას. შესაბამისად, დაცვის თან–შრომელთა ქმედება განიხილება გამქირავებლის ქმედებად. მოპასუხესა და დაცვის სამსახურს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, დაცვის სამსახური ვალდებულია - „ორგანიზება გაუკეთოს და დაიცვას მატერიალური ფასეულობები და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში. თვალყური ადევნოს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და ხანძრის შემთხვევაში გაუწიოს პირველადი დახმარება“.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ხანძრის გაჩენის მიზეზი კი არ არის, არამედ ის, რამ გამოიწვია ხანძრის გავრცელება და შესაძლებელი იყო თუ არა ხანძრის მასშტაბისა და მიყენებული ზიანის თავიდან არიდება. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის (N003731313) საფუძველზე დადგენილია, რომ ხანძრის სწრაფ გავრცელებას და განვითარებას ხელი შეუწყო მისმა დაგვიანებით აღმოჩენ–, ასევე, სახანძრო სამსახურის არასწორმა მოქმედებამ. ამავე დასკვნის მიხედვით, ხანძარი მასშტაბური გახდა, როგორც კერების არსებობის, ასევე, - ავეჯის ცენტრის დაცვისა და სახანძრო სამსახურების მხრიდან ხანძრის ჩაქრობის საწყის ეტაპზე მეთოდურად არასწორი მოქმედების გამო, აქედან ძირითადია: ხანძრის გვიან აღმოჩენა, 50-ლიტრიანი ცეცხლმაქრის გამოუყენებლობა და კერების ლოკალიზება.
18. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 50-ლიტრიანი ცეცხლმაქრის გამოყენება შეუძლებელი იყო ამ უკანასკნელის ხანძრის კერასთან ახლოს არსებობისა და მასზე ცეცხლის დაცვენის გამო, რამდენადაც ეს გარემოება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში დაცვის მუშაკის განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ 50-ლიტრიანი „ოპ-50“ ცეცხლმაქრი არ იქნა გამოყენებული. ექსპერტს ცეცხმაქრის გამოყენების შეუძლებლობაზე არ მიუთითებია, ხოლო ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
19. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ტექნიკური უზუსტობაა დაშვებული, კერძოდ, მითითებულია, რომ „ვიდეომასალაზე ხანძრის საწყის პერიოდში 56 წუთის განმავლობაში არავინ არ ფიქსირდება“, რეალურად კი, 5-6 წუთზეა საუბარი. ჯერ ერთი, სახანძროს მისვლამდე 180 კვ.მ დაიწვა და არადამაჯერებელია 5 წუთში ამხელა ტერიტორიის დაწვა. მეორეც, თუ წუთებს შორის განსხვავება მხოლოდ ტექნიკური უზუსტობაა და არა - შინაარსობრივი, გამოდის, რომ ექსპერტმა სწორედ ეს დრო მიიჩნია დაგვიანებად. ამასთან, ექსპერტის დასკვნა ხანძრის გვიან აღმოჩენასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულების ანალიზს ეფუძნება და არა მხოლოდ ვიდეომასალას. ამდენად, თუნდაც 5-6 წუთზე იყოს მითითება, აღნიშნული არ ცვლის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფაქტს, რომ ხანძრის მასშტაბურობა განაპირობა დაცვის სამსახურის მიერ ხანძრის გვიან აღმოჩენ–.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ 01.06.2015 წლის ცნობა კი, რომლითაც კასატორის მითითებით, ექსპერტები აბათილებენ დასკვნას ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, ვერ გამოდგება რაიმეს დასადასტურებლად, მით უფრო, არ არის ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე და მისი გამაბათილებელი მტკიცებულება.
20. ამდენად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა ბრალის არარსებობის მტკიცება, კერძოდ, რომ მან იმოქმედა დროულად, ეფექტურად და ხანძარი მაინც გავრცელდა. მოპასუხემ კი, სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია და ზიანის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.
21. რაც შეეხება დაკისრებულ თანხას, კასატორის პრეტენზია ზიანის ოდენობის სასამართლოს მიერ გამოანგარიშებას უკავშირდება. მისი მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა. პალატას უნდა გაეზიარებინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხანძრის შედეგად განადგურებული მოსარჩელის კუთვნილი საქონლის ღირებულების დადგენა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნების არასწორი შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი დადგენილია სსსკ-ის 105-ე მუხლით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) რომლის თანახმადაც, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც მათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად სწავლობს, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. მოცემული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის. მან ექსპერტიზის დასკვნის კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების მტკიცების მიზნით წარადგინა შპს „ა.ს.ჯ–ის A“-ის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, განადგურებული საქონლის საბალანსო ღირებულება - 10 636 ლარი, ხოლო სარეალიზაციო ღირებულება - 13 820 ლარი იყო. ამასთან, მოსარჩელემ, ამ დასკვნაზე დაყრდნობით, მოითხოვა საქონლის საბალანსო ღირებულება - 10 636 ლარი.
თავის მხრივ, მოპასუხემ წარმოადგინა შპს „დ.ს.ე–ის“ 28.04.2015 წლის დასკვნა, რომელის თანახმადაც, ვინაიდან 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე ექსპერტისათვის არ იყო წარდგენილი სასაქონლო მარაგის შემოსავლისა და გასავლის პირველადი დოკუმენტები, შეუძლებელი იყო ბრუნვათა უწყისის მიხედვით სასაქონლო მარაგების მოძრაობისა და საბოლოო ბუღალტრული ნაშთის დადგენა, აქედან გამომდინარე, ვერ დადგინდებოდა განადგურებული საქონლის ღირებულებაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დასკვნის გამცემ საექსპერტო დაწესებულებას, მისი მოთხოვნის საპასუხოდ, გადაეცა საწარმოს ყველა პირველადი სააღრიცხვო ბუღალტრული დოკუმენტაცია, მათ შორის, 2012 წლის მოგების დეკლარაცია, საკონტროლო სალარო აპარატიდან დაფიქსირებული ინფორმაცია, კომერციული ბანკების მიერ საქონლის შესაძენად პირთა დაკრედიტებაზე გადახდის დადასტურების ცნობები, სასაქონლო ზედნადებები, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარემოების დასადგენად საკმარისი უნდა ყოფილიყო. ამდენად, საკასაციო პალატა შპს „დ.ს.ე–ის“ დასკვნას, პირველადი დოკუმენტების არარსებობის გამო, ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის ღირებულების დაუდგენლობის თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, რომ ხანძრის შემდგომი ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ნაშთის ღირებულება - 10 636 ლარი იყო. ამ დასკვნის გასაბათილებლად მოპასუხემ წონადი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მითითება, რომ ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩატარებულა, ინვენტარიზაციის აქტსა და აუდიტის დასკვნას ვერ აბათილებს. ამასთან, ვერც მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა სათანადოდ ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის ღირებულება 10 636 ლარი იყო.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მოპასუხე კომპანიაა. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხანძრის შედეგად განადგურებული მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება სწორად განსაზღვრა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარმოდგენა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი