№ას-1103-1060-2016 6 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი – თ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ს–ი
წარმომადგენელი – დ.კ-დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.ს–ი (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე) 2006 წლიდან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდეგში: დამსაქმებელი, სსიპ, ცენტრი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ფინანსური სამსახურის უფროსად მუშაობდა.
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 3 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა „სკოლის მასწავლებელთა ონლაინს ისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ ევროსაბჭოსა და მოპასუხის ერთობლივი პროგრამის (შემდეგში - სპეციალური პროგრამის) ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 600 ევროს ეკვივალენტი ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ცენტრის 2013 წლის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2014 წლის თებერვალსა და მარტში ჩაატარა. 2014 წლის 7 აგვისტოს შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის (შემდეგში - აუდიტის ანგარიშის) მიხედვით, გამოვლინდა არაერთი დარღვევა შესყიდვების, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე.
4. ცენტრის დირექტორის 2014 წლის 20 აგვისტოს ბრძანებით (N05-46) ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა; ამავე ბრძანებით დადგინდა ცენტრში დასაქმებული პირებისათვის რეორგანიზაციის შედეგად შრომითი ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობა. 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით (N 05-50) დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი, ასევე - ცენტრის სტრუქტურული ერთეულები, რომელთაგან ერთ-ერთი ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურია; შესაბამისად, 2014 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით (N01-3), ცენტრის დირექტორის 2012 წლის 11 ინავრის ბრძანებაში (N1-25) შევიდა ცვლილება და მისი მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა მოსარჩელე. მისი ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 2100 ლარით.
5. ცენტრის დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბერს ბრძანებით, შეიქმნა კომისია, აუდიტის ანგარიშით განსაზღვრული რისკების გამომწვევი მიზეზებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების დადგენის მიზნით.
6. 2014 წლის 22 სექტემბერის ოქმით კომისიამ გამოავლინა კონკრეტული დარღვევები და ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები, რომელთა შორისაა მოსარჩელეც.
7. ცენტრის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) 2014 წლის 2 ოქტომბრის (N12-19) ბრძანებით, მოსარჩელე ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, ცენტრის დირექტორის 2014 წლის 27 მაისის ბრძანებით (N05-34) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 პუნქტი, კომისიის ოქმი და აუდიტის ანგარიში.
8. 2014 წლის 13 ოქტომბრის წერილობითი დასაბუთებით, მოსარჩელეს ეცნობა გათავისუფლების მიზეზების შესახებ.
9. ცენტრის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) 2014 წლის 28 ოქტომბრის (N12-26) ბრძანებით მოსარჩელესთან 2014 წლის 3 იანვრის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლდა (ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან). გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ცენტრის დირექტორის 2014 წლის 2 ოქტომბრის (N12-19) ბრძანება.
10. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
10.1. ცენტრის დირექტორის 2014 წლის 2 ოქტომბრის ბრძანების (N12-19) ბათილად ცნობა;
10.2. ცენტრის დირექტორის 2014 წლის 28 ოქტომბრის ბრძანების (N12-26) ბათილად ცნობა;
10.3. ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა;
10.4. სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა;
10.5. მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის - თვეში 2100 ლარის ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 2 ოქტომბრიდან ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების უფროსის თანამდებობაზე აღდგენამდე;
10.6. მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის - თვეში 600 ევროს ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 2 ოქტომბრიდან სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენამდე;
10.7. მოპასუხისათვის 2100 ლარის კომპენსაციის დაკისრება, ცენტრის ფინანსური და მატერიალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან წინასწარი შეტყობინების გარეშე გათავისუფლების გამო;
10.8. მოპასუხისათვის კომპენსაციის, მოსარჩელის 2 თვის შრომის ანაზღაურების დაკისრება სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო.
11. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ კომისიამ, ნაცვლად აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და გამოსწორების გზების მოძიებისა, მოამზადა იმ თანამშრომელთა ნუსხა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ გამოვლენილ დარღვევებზე. დასაქმებული ამტკიცებდა, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან წინასწარი შეტყობინების გარეშე გათავისუფლდა და კომპენსაცია ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით მიიღო, ნაცვლად ორი თვისა. სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანანმდებობიდან კი, წინასწარი შეტყობინებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე გათავისუფლდა.
12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, კომისიის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშში მითითებულ არაერთ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო ცენტრის საფინანსო-სამეურნეო სამსახური, რომლის საქმიანობასაც უძღვებოდა მოსარჩელე. დირექტორმა გაიზიარა კომისიის რეკომენდაციები და შესაბამისი ზომები მიიღო. ვინაიდან მოსარჩელე 2014 წლის 20 აგვისტოს წერილით გაფრთხილებული იყო შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, მან თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ერთი თვის კომპენსაცია მიიღო.
იმ შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა, მოპასუხემ განმარტა, რომ ეს ურთიერთობა ცალკე არ იყო დამსაქმებელსა და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობა. ამ დროისათვის მოსარჩელე უკვე იყო ცენტრში დასაქმებული, მისი ერთ-ერთ მოვალეობა კი, ამ პროექტის ფინანსური მენეჯერის ფუნქციების შესრულება იყო, რაც პირდაპირ გამომდინარეობდა საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის ფუნქცია-მოვალეობებიდან. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით, დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც არ ჰქონდა. გარდა ამისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებისას, ცენტრის დირექტორისათვის უცნობი იყო პროექტის ფარგლებში ცენტრსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თაობაზე.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.1 ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2014 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება (№12-19) მოსარჩელის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
13.2. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2014 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება (N12-26) სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ;
13.3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
13.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - თვეში 2100 ლარის ანაზღაურება 2014 წლის 2 ოქტომბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე;
13.5. მოპასუხეს, 2014 წლის 3 იანვრის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა კომპენსაციის - 3 თვის ხელფასის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
14.1 სასამართლომ მიუთითა, რომ გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების (#12-19) მიხედვით, მოსარჩელე ფინანსური და მატერიალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტისა და კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს ოქმის საფუძველზე გათავისუფლდა. სასამართლო გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას ამ ოქმის დასაბუთებას დაეყრდნო, რამდენადაც მასში ფართოდ და სრულად იყო მითითებული დარღვევების შესახებ.
14.2. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ოქმში („ა“ პუნქტი) მითითებული დარღვევა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 785 ლარის არამიზნობრივად გახარჯვის თაობაზე, რომელიც უშუალოდ მოსარჩელეს არ ჩაუდენია, საბოლოოდ აუდიტორულ შემოწმებამდე გამოსწორდა და ცენტრს ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნდა.
14.3. სასამართლომ ოქმის „ბ“ პუნქტში დაფიქსირებულ დარღვევასთან (96 000 ცალი სახელმძღვანელოს არამიზნობრივად დაბეჭდვასთან, შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნებებიდან 280 672 ლარის არამიზნობრივად გახარჯვასთან) დაკავშირებით განმარტა, რომ, მართალია, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსს გარკვეული ფუნქციები ეკისრებოდა, თუმცა სახელმძღვანელოების დაბეჭდვასთან დაკავშირებით არსებითი ხასიათის გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელის ფუნქციას სცილდებოდა. ეს საკითხი ცენტრის ძირითად ფუნქციას, მის მთავარ საქმიანობას უკავშირდებოდა, შესაბამისად, ხელმძღვანელის გადასაწყვეტი იყო.
14.4 ოქმში ასახული დანარჩენი დარღვევები (4 დღით ადრე თანხის გადახდა, პირგასამტეხლოს დაუკისრებლობა ზუსტად თვის ბოლოს, ტენდერში გამარჯვებულთან ერთზე მეტი ხელშეკრულების გაფორმება, საწვავის ლიმიტის ზემოთ გახარჯვა), სასამართლოს აზრით, თავისი მნიშვნელობით იმდენად მცირე იყო, რომ მათ გამო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება ადეკვატური დისციპლინური ღონისძიება არ იყო.
14.5. სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ მოპასუხე მოსარჩელის პროფესიონალიზმს სადავოდ არ ხდიდა. ამასთან, გათავისუფლების ბრძანება პირდაპირ არ მიუთითებდა მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თუმცა საქმის გარემოებებით დასტურდებოდა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი აუდიტის მიერ დაფიქსირებული დარღვევები გახდა. ამდენად, რეალურად, მოპასუხემ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა და დასაქმებული მის მიერ ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო გაათავისუფლა, მაშინ, როდესაც დასაქმებულს დაკისრებული ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ არაადეკვატური სასჯელი გამოიყენა.
14.6. რაც შეეხება 2014 წლის 28 ოქტომბრის (N12-26) ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელე სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლდა, სასამართლომ მიუთითა, რომ მასში დასაბუთებული არ იყო გათავისუფლების მოტივები, თუმცა, საქმის არსებითი განხილვისას, ნათელი გახდა, რომ, რადგან მოსარჩელე ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა, იგი ვეღარ ასრულებდა პროექტის ფინანსური მენეჯერის თანამდებობის მოვალეობებს, რის გამოც აქედანაც გათავისუფლდა. 2014 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ მოსარჩელე ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსი აღარ იქნებოდა, ეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებელი მოსარჩელეს ნებას რთავდა, შეთავსებით ორ თანამდებობაზე ემუშავა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის პროექტის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნია, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა, სასამართლოს აზრით, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი იყო და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელისათვის 3 თვის ხელფასის შესატყვისი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
15.1. აპელანტის მტკიცებით, 2014 წლის 2 ოქტომბრის (N12-19) ბრძანება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სსიპ-ის ხელმძღვანელს ეკისრება პასუხისმგებლობა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა იმგვარად შერჩევაზე, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფების ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უმთავრესი წინაპირობაა. აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, ცენტრმა მიიღო შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებისათვის აუცილებელი იყო ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. კომისიამ დაადგინა, რომ ანგარიშში ასახულ არაერთ დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო მოსარჩელე. შესაბამისად, დამსაქმებელმა რისკის შემცველად და მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.
15.2. აპელანტის განმარტებით, ცენტრის დირექტორის 2012 წლის 30 ივნისის N18-01 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის თანამშრომელთა ფუნქცია- მოვალეობების თანახმად, ფინანსური და მატერიალური სამსახურის უფროსის ფუნქციებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ცენტრის სხვა თანამშრომელთა მოთხოვნის საფუძველზე შესყიდვები, არამედ ცენტრის მიერ პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცების შემდგომ მის განხორციელებაში მონაწილეობა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და მისი კორექტირება, კონტროლი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე და ა.შ. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის ხარისხის შემცირება სახელმწიფო შესყიდვებისა და სხვა ფინანსური ტრანზაქციების მექანიკური შემსრულებლის პასუხისმგებლობამდე, გაუმართლებელი იყო.
15.3. დამსაქმებლის მტკიცებით, სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის ფუნქციების შესრულება პირდაპირ გამომდინარეობდა მოსარჩელის, როგორც საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის ფუნქცია-მოვალეობებიდან. ამასთან, სასამართლოს მითითება, რომ დამსაქმებელი ნებას რთავდა დასაქმებულს, შეთავსებით ემუშავა ორ თანამდებობაზე, არასწორია. დასაქმებულისათვის უცნობი იყო პროექტის ფარგლებში ცენტრსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თაობაზე.
15.4. აპელანტის მითითებით, ამჟამად ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების უფროსის თანამდებობაზე ცენტრის მიერ, კონკურსის წესით, დანიშნული იყო თანამშრომელი, რომლის შრომითი უფლებების შელახვა დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად მისთვის კომპენსაციის გადახდა კანონსაწინააღმდეგო და წინააღმდეგობრივი იყო.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.1. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა, რომ, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო 2014 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება არ შეიცავს მითითებას სხვა ობიექტურ გარემოებებზე და ამაზე ვერც მოპასუხემ ვერ მიუთითა, პალატამ მიიჩნია, რომ რეალურად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო კომისიის 2014 წლის 22 სექტემბრის ოქმსა და აუდიტის ანგარიშში გამოვლენილი დარღვევები, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი მიიჩნია.
16.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ვალდებულების უხეში დარღვევა, რის გამოც აპელანტი (მოპასუხე) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ მასზე შრომითი ხელშეკრულებებით ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტები. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა სადავო ბრძანებების გამოცემამდე ამგვარი დარღვევის ფაქტები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა, რომ კომისიის ოქმში ჩამოთვლილი დარღვევები: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღზე 4 დღით ადრე თანხის გადახდა, პირგასამტეხლოს დარიცხვა ზუსტად თვის ბოლოს და არა - ხელშეკრულების დასრულებისას, ტენდერში გამარჯვებულთან ერთზე მეტი ხელშეკრულების გაფორმება, საწვავის თვიური ლიმიტის ზემოთ გახარჯვა, რასაც არ მოჰყოლია წლიური ლიმიტის გადახარჯვა, ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევა და სხვა, არ წარმოადგენდა უხეშ დარღვევებს, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ ისინი არ შეიძლებოდა, გამხდარიყო ისეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, როგორიც მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებაა.
16.3. პალატის მითითებით, 2014 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულების მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და დადგენილი წესით და ის არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადაზე ადრე ავტომატურად შეწყვეტას მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იმ დროისათვის, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, ცენტრის დირექტორისათვის უცნობი იყო პროექტის ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თაობაზე, რადგან ის ცენტრის დირექტორსა და მოსარჩელეს შორის დაიდო, ხოლო ის გარემოება, რომ ახალი დირექტორისათვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების თაობაზე, მოსარჩელისათვის არაფერს ცვლიდა.
16.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის თანამდებობაზე სხვა პირის დასაქმება სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (ამ განჩინების 15.1 – 15.4 პუნქტები) და დამატებით აღნიშნა:
17.1. სადავო ბრძანებათა გამოცემის საფუძველია აუდიტის ანგარიში და კომისიის ოქმი. ოქმის თანახმად, მოსარჩელემ არაერთხელ დაარღვია დაკისრებული შრომითი მოვალეობები, რამაც გამოიწვია მისი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის - ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ბრძანებაში სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი სწორად იყო მითითებული, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, „ობიექტურ გარემოებას“ ჩატარებული აუდიტი და აუდიტორულ დასკვნაში მითითებული სისტემური ცვლილების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია წარმოადგენდა. კასატორის მოსაზრებით, „სხვა ობიექტური საფუძველი“ გულისხმობს სწორედ დასაქმებულის მიერ ისეთი ფინანსური ტიპის დარღვევას, რომელიც უშუალოდ მის მიერ შესასრულებელ სამუშაოს ეწინააღმდეგება. ამაში იგულისხმება მოსარჩელის ის საქმიანობაც, რაც ცენტრისა და მისი მაკონტროლებელი ორგანოსათვის სისტემურად შეიცავდა საფრთხეს. დასკვნაში აღნიშნულია არაერთი დარღვევა შესყიდვების, ბუღალტრული ანგარიშებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის კუთხით. ამ დარღვევებიდან ნათლად ჩანს ცენტრის საქმიანობაში სისტემური ხარვეზები, სუსტი და არაადეკვატური კონტროლის მექანიზმები, რაც სწორედ მოსარჩელის საქმიანობას უკავშირდებოდა.
17.2. კასატორის მითითებით, თუ სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის არა „ო“, არამედ „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლებულიყო, მაშინ პროცედურული საკითხები უნდა გამოსწორებულიყო და მოსარჩელე არ უნდა აღედგინა პირვანდელ თანამდებობაზე, მას არც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა მისცემოდა, იმ პერიოდზე, როდესაც არ უმუშავია.
17.3. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის ერთ-ერთი ფუნქცია ცენტრის ფინანსური საკითხების მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი და ეფექტური გამოყენება და დირექტორისათვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევის/მოსაზრების წარდგენა იყო. აუდიტის დასკვნაში მითითებული ერთ-ერთი დარღვევის - სახელმძღვანელოების წლიურ საჭირო რაოდენობაზე მეტის შეძენის გადაწყვეტილება მიღებული იყო სწორედ მოსარჩელის წინადადების გაზიარების შედეგად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), სსკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
21. საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორის ძირითადი პრეტენზია, რის გამოც მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ისაა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტი იყო, და არა - „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა). აღნიშნულს იგი უკავშირებს იმას, რომ დასაქმებულის გასათავისუფლებლად მისი ვალდებულების უხეში დარღვევა არ იყო საჭირო და, მოსარჩელის მიერ სხვადასხვა დარღვევა ერთობლიობაში ერთი წლის განმავლობაში და, ზოგადად, სისტემური გაუმართაობა, რაც აუდიტის დასკვნითა და კომისიის ოქმით დგინდებოდა, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა.
22. პალატა მიუთითებს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ამ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული ამავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლებისაგან. აუდიტის დასკვნა და კომისიის ოქმი კი, სწორედ დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევაზე უთითებს. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებაში თავად დამსაქმებლის მიერ მითითებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა: „ცენტრში დაკავებული მისი სამსახურებრივი პოზიცის, კომპეტენციის განვრცობადობის, უფლებამოსილების დონის, გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და მასთან სამსახურებრივი ვალდებულების რანგში, მისი პერსონალური შემხებლობის გათვალისწინებით, რამაც ხელი შეუწყო/თავისთავად განაპირობა მისი სამოქმედო უბნის მართვის მექანიზმის არაჯეროვანი ფუნქციონირება“. შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი ვალდებულების დარღვევა გახდა. პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ ესა თუ ის ქმედება, ცალკეულად, შესაძლოა, უხეში დარღვევა არ იყოს, თუმცა, მიუხედავად იმისა, დარღვევა იქნებოდა ერთჯერადი, დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენიმე თუ სისტემატური, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი დაკისრებული ვალდებულებისა თუ ვალდებულებების მხოლოდ უხეში დარღვევა შეიძლება გამხდარიყო, რის გამოც დამსაქმებელს სწორედ მიღებული ყველაზე მკაცრი ღონისძიების დარღვევასთან პროპორციულობა უნდა ემტკიცებინა.
23. ხელშეკრულების შეწყვეტის დარღვევასთან თანაზომიერება ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დასაქმებულზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსის გათვალისწინებით მოწმდება, რის გამოც მათ სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვენლობა აქვს.
24. კასატორი დასაქმებულის ძირითად დარღვევად მიიჩნევს, მისი რეკომენდაციის საფუძველზე სახელმძღვანელოების წლიურ საჭიროებაზე მეტი რაოდენობით შეძენას, ვინაიდან სწორედ ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. საკასაციო საჩივრის დიდი ნაწილიც ამ დარღვევას შეეხება და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები არაა შედავებული.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროებაზე მეტი სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე პასუხისმგებელ პირად მოსარჩელე ვერ მიიჩნევა, რამდენადაც კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ დასაქმებულის პირდაპირი მოვალეობა იყო. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია ცენტრის დირექტორის 30.06.2012 წლის ბრძანებით (N18-01), სადაც არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულების შესახებ. დასაქმებულის ვალდებულება, დასაბეჭდი სახელმძღვანელოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, არც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს.
როგორც საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, მოსარჩელემ ცენტრის ხელმძღვანელს სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომ, თუ დაბეჭდილი იქნებოდა გარკვეული რაოდენობით წიგნი, რაც საჭიროზე მეტი იყო (რესურსცენტრების მიერ მოთხოვნილ რაოდენობაზე მეტი), შესყიდვისას ერთეულის ფასი იქნებოდა უფრო დაბალი. შესაბამისად, ირკვევა, რომ მოსარჩელემ გარკვეული ფინანსური გათვლის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, შესაძლოა, არც იყო სწორი გათვლა ან გაანგარიშება, მაგრამ აღნიშნული იყო ინფორმაციული და რეკომენდაციული ხასიათის და არ იყო სავალდებულოდ გასათვალისწინებელი. ამასთან, დგინდება, რომ ცენტრის ხელმძღვანელისათვის რესურსცენტრების მიერ მოთხოვნილი სახელმძღვანელოების რაოდენობის შესახებ ცნობილი იყო. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოპასუხე ხელმძღვანელისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე ან რაიმე ინფორმაციის დამალვაზე არ აპელირებს. შესაბამისად, საჭიროზე მეტი რაოდენობის სახელმძღვანელო რომ იბეჭდებოდა, დამსაქმებლისათვის იმთავითვე ცნობილი იყო და აუდიტის დასკვნით არ გამხდარა ცნობილი.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 96 000 ცალი სახელმძღვანელო რომ არამიზნობრივად, მოსარჩელის ვალდებულების დარღვევის გამო დაიბეჭდა, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა (აღნიშნული კი, მისი ვალდებულება იყო - იხ. პ. 29), რის გამოც ეს დარღვევა მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხება.
27. რაც შეეხება შპს-სათვის ზედმეტად გადარიცხულ 4 785 ლარს, მითითებული თანხა კომპანიამ უკან დააბრუნა, რის გამოც, მოსარჩელის მტკიცებით, შემოწმების პროცესშივე გამოსწორებული დარღვევის გამო, დისციპლინურ ღონისძიებად სამსახურიდან გათავისუფლება არაადეკვატური იყო. თანხა რომ დაბრუნდა და ამ დარღვევას არ მოჰყოლია ზიანი, მოპასუხემაც დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, რის გამოც ამ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა აღარ იყო საჭირო, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, კასატორის პრეტენზია, რომ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დასკვნა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ დააყრდნო არა მტკიცებულებას, არამედ მოსარჩელის ზეპირ ახსნა-განმარტებას.
28. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ გარემოებებზე შედავება საჭირო აღარ იყო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა, სადაც დარღვევები დეტალურად არის გაწერილი (იხ. საკასაციო სასამართლოს 14.06.2018 წლის სხდომის ოქმი). პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას, მათ შორის - არც აუდიტის ანგარიშს, წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს და ის ისევე კრიტიკულად ფასდება, როგორც სხვა მტკიცებულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აუდიტის დასკვნა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის საკმარისი მტკიცებულება სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის დასამტკიცებლად და, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მასში მითითებული ფაქტები არ გაიზიარა და, მაგალითად, დაადგინა, რომ საწვავის თვიური ლიმიტის ზემოთ გახარჯვით წლიური ლიმიტი არ გადახარჯულა, კასატორი ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა დასკვნა და მოსარჩელემ ნამდვილად გადახარჯა საწვავის წლიური ლიმიტიც. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმებისას შეზღუდულია საკასაციო საჩივრის საფუძვლებით (სსსკ-ის 407.2 მუხლი), შესაბამისად, თუ კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ რომელიმე ფაქტობრივი გარემოება არასწორად დაადგინა, მისი ვალდებულებაა, აღნიშნულის თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული შედავება წარმოადგინოს (სსსკ-ის 396.1 „ვ“ მუხლი), რაც პირველ რიგში, გულისხმობს მითითებას, თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებას ედავება და შემდეგ მტკიცებას, რამ განაპირობა ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენა (სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასრულყოფილმა გამოკვლევამ, დაუშვებელი მტკიცებულების გაზიარებამ, წარდგენილ მტკიცებულებათა არასწორმა შეფასებამ თუ სხვა). იმ პირობებში კი, როდესაც კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (გარდა 24-ე და 27-ე პუნქტებში მითითებული პრეტენზიებისა) არათუ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, არამედ საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია, მისი პრეტენზია, რომ საქმეში ისედაც არსებობს მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს თავისი ინიცატივით უნდა გამოეკვლია, დაუსაბუთებელია.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; №ას-922-884-2014, 16 04.2015).
30. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარკვეული გადაცდომები მოსარჩელეს ჰქონდა და ამას თავადაც აღიარებს (მაგალითად, პირგასამტეხლოს დაკისრებისას დღეები სრულად არ იყო დაანაგარიშებული, რის გამოც ჯამში დაუკისრებელი პირგასამტეხლო 98.78 ლარი იყო), თუმცა მიიჩნევს, რომ დარღვევები არც ცალ-ცალკე და არც ერთობლივად, არ იყო იმდენად მძიმე, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული.
31. ამ კუთხით, მნიშვენლოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვენლოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (შდრ. სუსგ. საქმე №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015 წელი; №ას-787-736-2017, 10.11.2017 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის გათავისუფლება არ იყო მართლზომიერი და გონივრული, რამდენადაც არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა. აუდიტის ანგარიშსა და კომისიის ოქმში ასახულ დარღვევების ნაწილთან მიმართებით არ დადგინდა დასაქმებულის ბრალეულობა, ხოლო რამდენიმე გადაცდომასთან მიმართებით, რომელზედაც მოსარჩელეა პასუხისმგებელი, პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევის ხარისხის, სიხშირის, ასევე, იმ უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, რაც მას მოჰყვა სამსახურიდან გათავისუფლება, არ იყო აუცილებელი, შესაფერისი და პროპორციული ღონისძიება. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდების მიზანშეუწონლობა. შესაბამისად, პალატა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედებების შეფასების შედეგად ასკვნის, რომ მოსარჩელეს დაკისრებული ვალდებულებები იმ ხარისხით არ დაურღვევია, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის დაწესების ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა.
33. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ მოსარჩელის სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნა, ცალკე არ იყო დამსაქმებლისა და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობა. ამ დროისათვის მოსარჩელე უკვე იყო ცენტრში დასაქმებული და მისი ერთ-ერთ მოვალეობა პროექტის ფინანსური მენეჯერის ფუნქციების შესრულება იყო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 2014 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა, არ იყო მიბმული მის უკვე არსებულ თანამდებობასთან. ის დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, რომელიც ყველა იმ პირობას შეიცავს, რომელიც აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის: დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და წესს.
34. სშკ-ის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტიდან (თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და განიხილება, როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება) გამომდინარე, ერთი და იმავე მხარეებს შორის რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობისას ისინი ერთიან შრომით ხელშეკრულებად რომ განვიხილოთ, მათში მოცემული პირობები ერთმანეთს უნდა ავსებდეს, არ უნდა იყოს სრულიად განსხვავებული. მოცემულ ორ ხელშეკრულებაში განსხვავებული შრომის პირობებია ასახული.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 2 ოქტომბრისა და 28 ოქტომბრის ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
36. რაც შეეხება უკანონოდ გათავისუფლებული მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციას, პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმავე თანამდებობაზე სხვა პირის დასაქმება, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი არ არის და განმარტავს, რომ, მართალია, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებს შორის უპირატესია დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგენა, თუმცა ის გარკვეულ წინაპირობებს უკავშირდება, პირველ რიგში, კი - ამ სამუშაო ადგილის ვაკანტურობას.
37. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერ ქცევაზე აპელირებს და მიუთითებს, რომ ვაკანტური თანამდებობა განზრახ სწრაფად შეავსეს და კონკურსი უკანონოდ ჩატარდა. მოცემულ შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის შევსება მოსარჩელის იმავე სამუშაოზე აღდგენას გამორიცხავს იმიტომ, რომ კონკურსის წესით დასაქმებულ მესამე პირს აქვს კანონიერი ნდობა კონკურსის შედეგების მიმართ, რადგან კონკურსი სავალდებულო წესით ჩატარდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობა და, მათ შორის, მითითებული კანონი კი, არ ითვალისწინებს შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას ადრე დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის გამო.
38. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოსარჩელის სპეციალობისა და დაკავებული თანამდებობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით (მოსარჩელეს მენეჯერული თანამდებობა ეკავა ფინანსური მიმართულებით), ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, შეუძლებელია. ტოლფასი სამუშაოს ფუნქციური დანიშნულება და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები პირვანდელი სამუშაოს მსგავსი უნდა იყოს. ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე, მის სტრუქტურულ ერთეულებში კი, ფინანსური მიმართულების მხოლოდ ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურია.
39. პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შუძლებელია, დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით, მას უნდა მიეცეს კომპენსაცია. სასამართლოს კომპენსაციის ადეკვატურ ოდენობად მოსარჩელის განაცდურის ოდენობა მიაჩნია. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მოსარჩელეს უხეში დარღვევა არ ჩაუდენია, თუმცა სამუშაოს შესრულებისას ცალკეული დარღვევები გამოვლინდა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაცდურზე მეტი კომპენსაციის მოსარჩელისათვის გადახდა.
40. კასატორი კომპენსაციის შემცირებაზე აპელირებდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო სხვა სამსახურში. კომპენსაცია, შესაძლოა, მოსარჩელის მატერიალურ დანაკარგზე ნაკლებიც ყოფილიყო, მაგალითად, თუ დადგინდებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელე დასაქმდა სხვაგან, მაგრამ ასეთი ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც პალატას ცენტრის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებისათვის ადეკვატურ კომპენსაციის ოდენობად მიაჩნია მოსარჩელის იძულებითი განაცდურის ოდენობით გადახდა უკანონოდ გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 2 ოქტომბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე, 2018 წლის 6 ივლისამდე, თვეში 2100 ლარი, რომელსაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ დამსაქმებლისაგან მიღებული კომპენსაცია (ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები. ამავე საფუძვლებით, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სპეციალური პროგრამის ფინანსური მენეჯერის თანამდებობიდან მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების გამო, მოპასუხისათვის კომპენსაციად სამი თვის ხელფასის ოდენობით დაკისრებას და მიიჩნევს, რომ კასატორს კომპენსაციის ოდენობის შემცირების ან მის დაკისრებაზე უარის თქმის დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
41. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3, 1.4 და მე-2 პუნქტები და ცენტრს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის - თვეში 2100 ლარის გადახდა 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ივლისამდე. კომპენსაციას უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ ცენტრისაგან მიღებული კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.
42. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
43. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სარჩელზე 200 ლარი აქვს გადახდილი. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3, 1.4 და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2.1. ლ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2.2. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ლ.ს–ის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ივლისამდე თვეში 2100 (ორი ათას ასი) ლარის ოდენობით;
2.3. 2.2. პუნქტში მითითებულ კომპენსაციას გამოაკლდეს ლ.ს–ის მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისაგან მიღებული კომპენსაცია (ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები;
2.4. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა ლ.ს–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი