№ას-1240-1160-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – გ.ტ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ქ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სს „ქ.კ–მა“ (შემდეგში: განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი), რომელმაც მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ.ტ–ძისათვის (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე, საჩივრის ავტორი, მესაკუთრე) ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ......მ/რ-ის #13; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 7 696კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი - 32; შენობა- ნაგებობები #1-დან #43-ის ჩათვლით; საკუთრება - სხვენი; ფართი - 104.19კვ.მ; შემდეგში მოხსენიებული, როგორც - ქონება) რაიმე სახით განკარგვის (გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა) აკრძალვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა.
2.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ ქონების გასხვისების ან სანივთოსამართლებრივი უფლებით დატვირთვის შემთხვევაში, შესაძლოა გართულებულიყო ან შეუძლებელი გამხდარიყო მოსარჩელის სასარგებლოდ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან შესაძლოა, მესაკუთრეს საკუთრებაში აღარ აღმოჩენოდა რაიმე ქონება, რომლის რეალიზაციის გზითაც კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მესაკუთრე არ არის შეზღუდული, ნებისმიერ დროს, თავისუფლად განკარგოს მისი ქონება, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და გადაუდებლობას.
3. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა საარბიტრაჟო მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ზემოხსენებული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.1. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე ისე გამოიყენა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ არ გამოიკვლია - არსებობდა თუ არა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა საშუალება. მისგან განსხვავებით, მსესხებელიც და სხვა თავდები პირებიც, დასაქმებულები არიან და გარკვეული შემოსავალი გააჩნიათ. ამასთან, გაურკვეველია, თუ რომელი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა მესაკუთრეს, განჩინებაში მითითებული ფართი არარეალურია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორს კრედიტორისათვის თანხა ნაწილობრივ ანაზღაურებული ქონდა და გადახდებს აგრძელებდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (მიკუთვნებითი სარჩელი), გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ - მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება, თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით, იზღუდება მოპასუხის ნება - გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება.
4.2. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება არ სრულდებოდა (საქმეზე წარდგენილი გადახდის ქვითრების მიხედვით, სესხზე ბოლო გადახდა 2017 წლის იანვარში მოხდა), სხვა სოლიდარული მოვალეების შემოსავლებზე მითითება, ვერ გამოდგებოდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად. სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული ქონების მახასიათებლები თანხვედრაში იყო საჯარო რეესტრის ამონაწერთან და ამდენად, ამ კუთხით მოპასუხის პრეტენზია უსაფუძვლო იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც, ადგენს, მსგავს შემთხვევებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.
6. სსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
7. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამ გარემოების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში, ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს აღძრული აქვს მიკუთვნებითი სარჩელი. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვა საჭიროა იმ მიზეზით, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაში ხდება), არამედ, ასევე, - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოხდა.
8. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მისგან განსხვავებით, მსესხებელიც და სხვა თავდები პირებიც დასაქმებულები არიან და გარკვეული შემოსავალიც გააჩნიათ, ამიტომ მოთხოვნაც, პირველ რიგში, მათ უნდა წაეყენოთ. საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის უსაფუძვლობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა, ძირითადმა მოვალემ კი, გადახდის ვადას გადააცილა, ამასთან, იგი უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. ასეთ ვითარებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 895-ე მუხლის (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, მოთხოვნა წაუყენოს თავდებს, რომელმაც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, ხოლო რამდენიმე თავდების არსებობისას, სსკ-ის 896-ე (თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ) და 465-ე მუხლების (კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება) მიხედვით, კრედიტორის გადასაწყვეტია, თუ რომელ მათგანს მოსთხოვს შესრულებას.
9. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ვერც იმ პრეტენზიას დაეთანხმება, რომელიც განჩინებაში მითითებული ქონების არარსებობას შეეხება, კერძოდ, როცა იგი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, თუ რომელი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა მას. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული ქონება სრულ თანხვედრაშია, ამავე ქონებაზე საჩივრის ავტორის მესაკუთრეობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერთან.
10. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ტ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი