Facebook Twitter

№ას-1343-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – თ.ვ–ა, ტ.კ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ.ვ–ასა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი) და ტ.კ–ას (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, ასევე, შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორები), მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 27 626.22 აშშ დოლარის (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხის - 22 447.08 აშშ დოლარის, პროცენტის - 3 712.72 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 1 466.42 აშშ დოლარის) გადახდა; პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 6 320.51 ლარის (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხის - 4 116.12 ლარი, პროცენტის - 1 433.88 ლარის, პირგასამტეხლოს - 470.51 ლარის) ანაზღაურება; ორივე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაევალა პროცენტის - 7.99 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 11.22 აშშ დოლარის გადახდა ყოველდღიურად, სოლიდარული წესით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პროცენტის - 2.25 ლარისა და ჯარიმის - 2.05 ლარის გადახდა, ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დადგინდა, რომ დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიქცეულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (ს/კ ....) და გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება (DAF FT XF 95 VIN კოდი-...., გამოშვების წელი-2005, სახ. N ....).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში, მათ მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება მოითხოვეს.

4.1. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, რაც სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა. რეალურად, დაკისრებული ბაჟი დიდი ოდენობისაა და ამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. ამის გამო, მათთვის მართლმსაჯულება მიუწვდომელი არ უნდა ყოფილიყო, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

7. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდათ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო, ე.ი. მართლმსაჯულება მათთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. მითითებულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები). როგორც აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლების გამონაკლისს, კერძოდ, აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 47-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.

8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, ასევე, რომ მათ არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენიათ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, მათ ვერ დაამტკიცეს გადახდისუუნარობის ფაქტი.

9. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: ას-142-142-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება, # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ვ–ასა და ტ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი