Facebook Twitter

№ას-1582-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ე.ვ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 12 ივლისს გ.გ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს ე.ვ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დამტკიცებული, მოპასუხესთან დადებული მორიგების აქტით გათვალისწინებული ალიმენტის, 180 ლარის, 100 ლარამდე შემცირება.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4.1. სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 960 ლარს შეადგენდა, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან. ამდენად, აღნიშნული საჩივარი სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

5. ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა.

5.1 კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არასწორია და მიკერძოებულია. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, საჩივრის ავტორი ამას იმით ასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მისი საჩივარი წარმოებაშიც უნდა მიეღო და არსებითადაც უნდა განეხილა, რათა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ განჩინებით მიღებული არასწორი შედეგი გამოსწორებულიყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მიანიჭა, ამდენად, მას ზემდგომი ორი ინსტანციის სასამართლოთი სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

9. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სრულიად ცხადი ხდება შემდეგი: სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 960 ლარია. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. ამდენად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

11. ზემოაღნიშნული მსჯელობის საპირწონედ ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ამოწმებს არა პირველი, არამედ - სააპელაციო ინსტანციის სასამართლო. ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ განიმარტა, ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობობის დადგენისას ხელმძღვანელობს კანონით, რომელიც კრძალავს 2000 ლარზე ნაკლები ღირებულების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

12. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-713-2019, 21.06.2019; ას-1025-2019, 9.09.2019; ას-1102-2019, 13.09.2019; ას-1305-2019, 21.11.2019, ას-1693-2018, 29.03.2019).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი