11 ივნისი 2020 წელი,
საქმე №ას-855-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე (მოპასუხე)
წარმომადგენლები - ნ.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ.დ–ი
მოპასუხე - ბ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, ......, ბინა #60-ში მდებარე უძრავი ქონების 4/5 ნაწილი, საკადასტრო კოდით # ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, ბინა ან სადავო ქონება) ლ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 17. ტ.1. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სადავო ბინა ერთი ოთახისგან შედგება (28 კვ.მ), რომელსაც დღემდე გულჩინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ბ.გ–ძეები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) ფლობენ. ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი 4/5 ნაწილით.
2. მოსარჩელემ 2018 წლის 19 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ბინის 4/5 ნაწილის გამოთავისუფლებისა და მისთვის გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, 2017 წლის 23 იანვრიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მოპასუხეები მაინც განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.
3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სადავო ბინის მარლზომიერი მფლობელები არაინ, პირველი მოპასუხე მოსარჩელის მამასთან ერთად უძრავი ქონების თანამესაკუთრეა, სადავო ბინაში ჩაწერილია 1977 წლიდან, ხოლო ცხოვრობს 1974 წლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, სსკ-ის 160-ე, 162-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა. ს სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.
5. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფართზე მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერება, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
7. აპელანტმა საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებას ის ფლობს უკანონოდ, ვინაიდან ქონებაზე უფლება მან მოიპოვა მემკვიდრეობით. მისი მტკიცებით მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი საინფორმაციო ბარათი, სადავო ქონებაში 1979 წლიდან მისი რეგისტრაციის თაობაზე, ადასტურებს უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 26 დეკემბერს 12:00 საათზე, რომელიც გადაიდო და მხარეებს მოსარიგებლად მიეცათ საპროცესო ვადა. მორიგება მიღწეული ვერ იქნა.
10. 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 831 მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობისა და სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელსაც კასატორის (მოპასუხის) წარმომადგენელიც დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათ გამო:
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპს განამტკიცებს და ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამ ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობას მოპასუხეც ეთანხმება. ამდენად არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
14. სსსკ-ის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ, ამასთან, ამავე კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ლ.გ–ძის წარმომადგენელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე. 375-ე, 831, 275-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ძის წარმომადგენლის მ.დ–ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინება.
3. ლ.გ–ძის სარჩელი მოპასუხეების გულჩინა და ბ.გ–ძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
ზურაბ ძლიერიშვილი
ეკატერინე გასიტაშვილი