29 მაისი, 2020 წელი,
საქმე №ას-1512-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.მ–ძე, დ.ც–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით # ....., რეგისტრირებული იყო ი.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) და ქ.ც–ძეების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორი) თანასაკუთრების უფლება შემდეგი წილობრივი მონაცემებით პირველ მოსარჩელეს - 4/9, მეორე მოსარჩელეს - 103.28 კვ.მ, ხოლო მოპასუხეს - 4/9 ნაწილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „ექსპროპრიატორი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, სახელდობრ, 442 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა („აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი) და ამ უფლების რეალიზაციის შედეგად აღნიშნული ქონების მესაკუთრედ სახელმწიფო აღირიცხა საჯარო რეესტრში.
3. აუდიტორული კომპანია „ათოსის“ დასკვნის მიხედვით, საზიარო საგნის ღირებულება - 212 735.5 ლარია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საზიარო საგანი). ამავე დასკვნით, 1კვ.მ მიწის ღირებულება 45 ლარით, ხოლო საცხოვრებელი სახლის - 649 ლარით განისაზღვრა. ექსპროპრირებული ქონების საკომპენსაციო თანხის გაყოფაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ექსპროპრიატორმა ის განათავსა ნოტარიუსის (მ.გ–ძე) სადეპოზიტო ანგარიშზე.
4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2017 წლის 6 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, მათი მტკიცებით, ექსპროპრეაციის შედეგად მიღებული თანხიდან თითოეულ მხარეს უძრავ ქონებაში კუთვნილი წილის პროპორციული თანხა უნდა მიეღო. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ის ამტკიცებდა, რომ თანხა მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების და არა საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესაბამისად უნდა განაწილებულიყო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის შედეგად ექსპროპრიატორის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212 735.5 ლარი (რომელიც განთავსებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე) - პირველი მოსარჩელის წილი - 94 549.11, ხოლო მეორე მოსარჩელის - 23 637.28 ლარია. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 173-ე, 953-ე, 961-ე და 964-ე მუხლები გამოიყენა.
6. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოსარჩელემ და მოპასუხემ. მეორე მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის შედეგად მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - პირველი მოსარჩელის წილი - 69 538.39, ხოლო მეორე მოსარჩელის - 73 658.72 ლარი იყო.
6.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო სსკ-ის 961.1-ე და 963-ე მუხლები. პალატის დასკვნით, მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 19 890 ლარი სამ ნაწილად უნდა განაწილებულიყო და თითოეულ მესაკუთრეს, 6630 ლარი უნდა მიკუთვნებოდა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, რადგან, მეორე მოსარჩელის კუთვნილი 103.28 კვ.მ-ს ღირებულება 67 028.72 ლარია, საზიარო თანხას უნდა გამოჰკლებოდა მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა (212 735.5 - 67 028.72-19 890) და დარჩენილი 125 816,78 ლარი პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის თანაბრად განაწილებულიყო.
7. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მესაკუთრეთა წილის შესაბამისად მისაღები საკომპენსაციო თანხები. უდავოა, რომ 4/9 წილის მფლობელს გაცილებით მეტი თანხა ეკუთვნის, ვიდრე 1/9 -ის, შესაბამისად, გაუგებარი იყო, რატომ მიეკუთვნა სასამართლომ მეორე მოსარჩელეს მეტი თანხა, ვიდრე პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
10. უძრავი ქონების ექსპროპრიაციის შედეგად მისაღებ საკონპენსაციო თანხაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და მესაკუთრეთა წილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნა სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 954-ე (თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება) და (5.1).964.1-ე (კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია)) თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით) მუხლებიდან გამომდინარეობს. ზემოაღნიშნული ნორმებით, განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება და ამისთვის ამ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია.
11. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსპროპრიაციის ცნებას, კერძოდ, ესაა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. ამავე კანონის 2.1. მუხლის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, მესაკუთრეს ჩამოართვას საკუთრება კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, მესაკუთრემ უნდა მიიღოს გონივრული და სამართლიანი კომპენსაცია, რომლის ოდენობა აანაზღაურებს ექსპროპრიაციის შედეგად მესაკუთრის დანაკარგს, თუმცა, საკომპენსაციოდ მიღებული თანხის თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესს ეს კანონი არ ადგენს.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაწილობრივ არ ეთანხმება შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისთვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმას სსკ-ის 964.1 მუხლი წარმოადგენს, რადგან, დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული საკუთრების საკომპენსაციოდ თანამესაკუთრეებს - 212 735.5 ლარი ჩაერიცხათ და სწორედ ამ თანხამ (გვაროვნულმა ნივთმა) ჩაანაცვლა მხარეთა თანასაკუთრების საგანი, რომლის გაყოფაც ხსენებული ნორმით და სსკ-ის 954-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო საგანზე თითოეული თანამესაკუთრის წილის შესაბამისად უნდა მოხდეს, კერძოდ, დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, რომელზეც ექსპროპრიატორს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, მხარეთა თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია, შემდეგი წილობრივი მონაცემებით პირველ მოსარჩელეს - 4/9, მეორე მოსარჩელეს - 103.28 კვ.მ, ხოლო მოპასუხეს - 4/9 ნაწილი. ასევე, დადგენილია, რომ საზიარო საგნის ღირებულება - 212 735.5 ლარია, საიდანაც 1კვ.მ მიწის ღირებულება 45 ლარით, ხოლო საცხოვრებელი სახლის - 649 ლარით განისაზღვრა. ამდენად, მეორე მოსარჩელის წილი მიწის ნაკვეთიდან - 2210 ლარი (19890 X 1/9), ხოლო პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის წილი - 8840 - 8840 (19890 X 4/9) ლარია. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, მისი ღირებულება - 67028.72 (103.28 X 649) ლარს შეადგენს რასაც უნდა დაემატოს მიწის ნაკვეთის ღირებულება, 2210 ლარი და, საბოლოოდ მეორე მოსარჩელის წილი - 69 238,72 ლარით განისაზღვროს, შესაბამისად, დარჩენილი თანხა 143 496,78 (212 735.5 - 69 538.39) ლარი, უნდა განაწილდეს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მოსარჩელე არ ასაჩივრებს მისთვის 69 538.39 ლარის მიკუთვნების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო, არ არის უფლებამოსილი, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები), მისი წილი, 2210 ლარი, მეორე მოსარჩელის წილს უნდა დაემატოს და, საბოლოოდ ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი - 212735.50 ლარიდან, პირველი მოსარჩელის წილი - 69538.39 ლარით, მეორე მოსარჩელის წილი - 71448.72 ლარით, ხოლო მოპასუხის წილი - 71748.39 ლარით უნდა განისაზღვროს.
13. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ.ც–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.მ–ძისა და დ.ც–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ქ. თბილისში, ......, ს/კ ...... ექსპროპრიაციის შედეგად მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ მესაკუთრეებისათვის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხიდან - 212735.50 ლარიდან (რომელიც განთავსებულია ნოტარიუს მ.გ–ძის სადეპოზიტო ანგარიშზე) დ.ც–ძის წილი განისაზღვროს 71448.72 ლარით, ი.მ–ძის წილი განისაზღვროს 69538.39 ლარით და ქ.ც–ძის წილი განისაზღვროს 71748.39 ლარით;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი