Facebook Twitter

საქმე №ას-1504-2019 13 მარტი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის ვერის საქალაქო სასაფლაოზე მდებარეობს მ.ნ–ის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) დედის რ.ვ. ასული გ–ნ–ის ოჯახის საგვარეულო სამარხი, სადაც განისვენებენ დედამისის დედა, მამა, ბიძა, დები და ძმა, აგრეთვე მოპასუხის ძმა - ვ.ნ–ი. ამ სამარხში ვ.ნ–ი დაიკრძალა დეიდაშვილების თანხმობით.

2. მოპასუხემ, თავის დეიდაშვილებთან ერთად, საგვარეულო საფლავისათვის ერთიანი იერსახის მიცემის მიზნით დაიწყო სამარხის მოპირკეთება, რის საშუალებასაც არ აძლევს მისი გარდაცვლილი ძმის- ვ.ნ–ის მეუღლე - თ.თ–ძე (შემდეგში - თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მოითხოვა, რომ მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის (ვ.ნ–ის) საფლავისზედა ნაგებობაზე ნებისმიერი ქმედების განხორციელება და მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 4200 ლარის გადახდა დაეკისროს (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-20).

4. მოპასუხის შესაგებელი და შეგებებული სარჩელი

4.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოსარჩელის წინააღმდეგ შეტანილი შეგეგებული სარჩელით მოითხოვა, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს აეკრძალოს საგვარეულო სამარხის მოპირკეთებაში მისთვის ხელშეშლა და სამარხზე ნებისმიერი ქმედების განხორციელება (იხ. შეგებებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 201-224).

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელით მოსარჩელესაც.

5.2. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლით; აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 229-230-ე მუხლებით.

5.3. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს ა.ჯ–ას სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობათ 2019 წლის 25 იანვარს, რაც დასტურდება სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესაბამისი ხელწერილით. მოსარჩელე/მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

5.4. შეგეგებული სარჩელით მოსარჩელისთვის უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ შეგეგებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვისთვის დაბრუნება მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

7.2. სასამართლომ სსსკ-ის 229-231-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში არსებული გარემეობები ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს, მის მიერ გაწეული ქმედებების გათვალისწინებით, დანამდვილებით გააჩნდა ინტერესი სასამართლო პროცესის მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს და წარმოადგენს მხარეთა ერთგვარ იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება სასამართლოში და არ გააჩნია ამის საპატიო მიზეზები. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეს არ გააჩნია სურვილი, მხარი დაუჭიროს სასარჩელო მოთხოვნას, ან უარყოს იგი. აპელანტი ადასტურებს, რომ მას ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა სსსკ-ის 233-ე მუხლის “ბ“ პუნქტზე - სხვა მოვლენა, რომელმაც ხელი შეუშალა მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადებას. მოსარჩელემ ამგვარ მოვლენად დაასახელა ის გარემეობა, რომ მან, ემოციურ ფონზე, არასწორად ჩაინიშნა სხდომის დაწყების დრო, ხოლო მისი წარმომადგენელი ამ დროისთვის მივლინებით ქალაქგარეთ იმყოფებოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ როდესაც სხდომის მდივანი დაუკავშირდა მოსარჩელეს 2019 წლის 25 თებერვალს, მოსარჩელემ დაუდასტურა მას, რომ ახსოვდა თარიღი, თუმცა არასწორად ახსოვდა სხდომის დაწყების დრო. ნაცვლად 11.00 საათისა, მას ჩანიშნული ჰქონდა 16.00 საათი და მოითხოვა მის გარეშე არ განხილულიყო საქმე და მივიდოდა მალე. როგორც ირკვევა, ის უმოკლეს დროში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო. უფრო ადრე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოთხოვილიქნა დოკუმენტაცია, რომელსაც საქმესთან კავშირი გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოებები ცხადჰყოფს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესის საქმის მიმართ, რაც prima pacie ნათელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ემოქმედა მეტი გულისხმიერებით, მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის განზრახვა და აქტიურობა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა დააფიქსირა მზაობა, დაუყოვნებლივ მოსულიყო სხდომაზე და მალევე მივიდა კიდეც. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დასტურდებოდა სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მუხლით გათვალისწინებული ვითარება, რის საფუძველზეც გაუქმდა განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

8.2. კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია სააპელაციო სასამართლის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემეობებთან მიმართებით და განმარტა, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე არაერთხელ ეცადა პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მაქსიმალური გულისხმიერება გამოიჩინა მოსარჩელის მიმართ, მას ყველა შესაძლებლობა მისცა, რათა დროულად გამოცხადებულიყო პროცესზე, თუმცა მოსარჩელე კვლავაც გაჭიანურებას ეცადა, რაც, საბოლოოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლომ მცდარად დაადგინა, რომ საქმის განხილვის მიმართ მოსარჩელეს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური№ ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: ას-838-796-2013; ას-72-448-2013, ას-678-649-2016; ას-1276-1196-2017; 505-473-2017(ბ)).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს: სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს - „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის“. სსსკ-ის 233-ე მუხლით გამოხატულია კანონმდებლის ნება და მიზანი, დაიცვას დაინტერესებული მხარე და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლომ, არ მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუკი ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლში ჩამოთვლილი გარემოებები: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. იმ შემთხვევაში, თუკი არ იკვეთება სსსკ-ის 233-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კონკრეტული გარემოებები, კანონი მხარეს ანიჭებს უფლებას, რომ მიუთითოს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე - ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული ქვეპუნქტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გარემოებებზე აბსტრაქტულად მიუთითებს - „სხვა მოვლენა“ ან „დაუძლეველი ძალა“, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. განსახილველ შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სწორედ სსსკ-ის 233ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება მიუთითა.

15.1.ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი აბსტრაქტულად მიუთითებს საპატიო გარემოებებზე და შესაბამისად, ფართო შინაარსის მატარებელია და აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, რომ იმსჯელოს ისეთ ობიექტურ გარემოებებზეც, რომელიც კანონში კონკრეტულად აღწერილი/მითითებული არაა. მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში ექცევა ნორმის (სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის) აბსტრაქტული შემადგენლობის შეფასება და დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თუ დასახელებული გარემოების გაზიარება, შესაბამისად, მასზე მითითებით შესაბამისი შედეგის დადგომაც. სამოსამართლო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას (ანუ იმის დადგენისას, რომ მითითებული გარემოებები შეესაბამება „სხვა მოვლენის“ ან „დაუძლეველი ძალის“ ობიექტურ გამოვლინებას), მოსამართლე, სასამართლოს კონსტიტუციური დანიშნულებიდან და არსიდან გამომდინარე, იკვლევს და ადგენს, მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები/ფაქტები დანამდვილებით უზრუნველყოფენ კანონით მინიჭებული საპროცესო მიზნების მართლზომიერ რეალიზებას თუ ადგილი აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას;

15.2.ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის - სსსკ-ის 233-ე მუხლის ობიექტური მიზნის განსაზღვრას, ანუ ტელეოლოგიურ განმარტებას, რომლის დროსაც შესაფასებელია სამართლის ნორმის მიმართება სამართლებრივი უსაფრთხოების, თანასწორობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების მიმართ. სსსკ-ის 233-ე მუხლი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის უფლებადაცვითი შინაარსის მატარებელია და მთლიანად შეეხება იმ კონკრეტულ და ობიექტურ გარემოებებს, რომელთა არსებობაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას; თუმცა, სამოქალაქო ბრუნვის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვროს სოციალური ყოფის ყოველი კონკრეტული გარემოება, რაც, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს გამოუცხადებლობის საპატიოდ შემაფერხებელ გარემოებას. სწორედ ამიტომ, ნორმით დადგენილი მიზნების რეალიზებას ემსახურება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი „დაუძლეველი ძალისა“ და „სხვა მოვლენის“ შესახებ. ვინაიდან ამ ტერმინებს საპროცესო კანონმდებლობაში სიტყვასიტყვითი განმარტება არ გააჩნიათ, მათი დადასტურება ჯერ დაინტერესებული მხარის მტკიცების ტვირთსა და საგანს წარმოადგენს, შემდეგ კი მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას, შეაფასოს, გაიზიაროს ან უკუაგდოს მისი ობიექტური შინაარსი. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება;

15.3.სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს.

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განსახილველად მომზადების პროცესში მოსარჩელე იჩენდა გარკვეულ აქტიურობას, დააყენა საპროცესო შუამდგომლობები და მოითხოვა დოკუმენტაციის გამოთხოვა, ასრულებდა სასამართლოს მითითებს და მონაწილეობდა მოსამზადებელ სხდომაზე. ასევე დასტურდება ისიც, რომ მას შემდეგ, რაც მან შეიტყო, რომ სხდომის დაწყების დრო არასწორად ჰქონდა ჩანიშნული, ითხოვა, რომ მის გარეშე არ გაგრძელებულიყო საქმის განხილვა და შეძლებისდაგვარად მალე გამოცხადდებოდა პროცესზე. ის მართლაც მალევე გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. აღნიშნული გარემოებები დასტურდება სასამართლო საქმისწარმოების მასალებით და მისი ნამდვილობის საწინააღმდეგოდ, კასატორი არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ არგუმენტებზე არ მიუთითებს. მოპასუხის საკასაციო შედავება მხოლოდ იმას შეეხება, რომ მოსარჩელეს რეალურად არ გააჩნია სურვილი იმისა, რომ პროცესი წარიმართოს გონივრულ ვადაში, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლო, რადგან მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედების საპირისპიროს ადასტურებენ: საპროცესო საქმისწარმოების მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს დანამდვილებით გააჩნია ინტერესი სასამართლო პროცესის მიმართ, ის ხან თავად, ხან წარმომადგენლის მეშვეობით ასრულებდა შესაბამის საპროცესო ქმედებებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს, რაც საფუძველს აცლის კასატორის ვარაუდს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს არა დარღვეული უფლების აღდგენის მცდელობას, არამედ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებმაც, თავის მხრივ განაპირობეს სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება და რის საფუძველზეც გაუქმდა განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით განმეორებითი დაუსწრებელი გადაყვეტილების გაუქმების თაობაზე არსებითად სწორია, ხოლო კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ნ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N22503963, გადახდის თარიღი 2019 წლის 10 დეკემბერი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე