№ას-1110-1030-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ჩ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2009 წლის 3 დეკემბერს ლ.ჩ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, მყიდველი) და შპს ”ბ”-ს (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, გამყიდველი) შორის თბილისში, ..... მდებარე შენობის (საკ. კოდი № .....) მე-4 სართულზე განთავსებული 60.00 კვ.მ. №2 ფართის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს, ნასყიდობის ფასის ფარგლებში, 2010 წლის 30 სექტემბრამდე მყიდველისათვის, საკუთარი ხარჯით უნდა შეესრულებინა 9884 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და შესაბამის მდგომარეობაში გადაეცა ნივთი მყიდველისათვის. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
2. 2016 წლის 22 ივლისს მყიდველმა გამყიდველის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის - 9884 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაადასტურა, რომ მას მართლაც უნდა შეესრულებინა მოსარჩელისათვის სარემონტო სამუშაოები, თუმცა არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, რომ მას მყიდველისათვის 9884 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და მოპასუხეს 9884 ლარის გადახდა დააკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 15 მარტის განჩინება.
8.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 13 იანვარს, 14:00 საათზე, რის თაობაზეც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით 2016 წლის 10 დეკემბერს ეცნობა. მასვე, კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.
8.2. პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზე მოპასუხე იურიდიული პირის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
9. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
9.1. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
9.1.1. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მას 2016 წლის 10 დეკემბერს, მისი დედის დაკრძალვის დღეს ეცნობა, როდესაც მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გამო, არ შეეძლო, შეეცნო სატელეფონო შეტყობინების შინაარსი.
9.1.2. კასატორის წარმომადგენლის მტკიცებით, ის 2017 წლის 5 იანვარს სხეულის დამწვრობის დიაგნოზით გადაიყვანეს ბ. იაშვილის სახელობის თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრში, შემდგომ კი -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მისი განმარტებით, მას დამწვრობისა და გლიკემიის გამო ფიზიკურად არ შეეძლო გადაადგილება, რაც მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, სახელდობრ:
14.1 დადგენილია, რომ მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) 2017 წლის 13 იანვრის სასამართლოს სხდომის თაობაზე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით - 2016 წლის 10 დეკემბერს პირადად ეცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ 66). ამავე სატელეფონო შეტყობინებით მოპასუხის წარმომადგენელს განემარტა, სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპროცესო შედეგები.
14.2. კასატორის მტიცებით, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უნდა განეხილა.
14.3. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი ნორმების მოხმობისა და გაანაზილების საფუძველზე უპასუხოს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას და შეაფასოს მის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, რამდენად აკმაყოფილებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებს.
14.4. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
14.5. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს აწესებს და ასეთად სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან მხარის ისეთი სხვა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას მოიაზრებს, რომლის შესახებაც გამოუცხდებელ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
14.6. საკასაციო პალატა აქვე მოიხმობს სსსკ-ის 215.3 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა გარემოებები შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14.7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იურიდიული პირის დირექტორის განმარტებით, სასამართლოს წარმომადგენელმა მას სხდომის თარიღის თაობაზე ოჯახის წევრის დაკრძალვის დღეს შეატყობინა, როდესაც ძლიერი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო მას არ შეეძლო შეეცნო სატელეფონო შეტყობინების შინაარსი. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მითითებული ფაქტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპატიო გარემოებად ვერ განიხილება. საგულისხმოა, რომ კასატორს სამართალწარმოების არცერთ ეტაზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მას სასამართლოს წარმომადგენელი ნამდვილად დაუკავშირდა და აცნობა სხდომის დრო და ადგილი, კასატორი მხოლოდ სასამართლო წარმომადგენლის შეტყობინების შინაარსის აღქმადობის შეუძლებლობაზე აპელირებს, რაც გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგზე. სატელეფონო შეტყობინების ჩანაწერი ადასტურებს, რომ მოპასუხე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე, რასაც კასატორის ეს შედავება ვერ აქარწყლებს. ამასთან, მაშინაც კი, თუკი დავუშვებდით, რომ მოპასუხე იურიდიული პირის დირექტორმა ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ძლიერი სულიერი მღელვარების გამო, ზუსტად ვერ აღიქვა/არ დაამახსოვრდა სასამართლო სხდომის დრო, არც ეს გარემოება გაამართლებდა მის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ამ მხრივ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შეტყობინებასა და სასამართლო სხდომას შორის დროის შუალედს და მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებიდან სასამართლო სხდომამდე, მოპასუხეს ჰქონდა გონივრული (ერთთვიანი) დრო დაეზუსტებინა სხდომის თარიღი.
14.8. კასატორის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპატიო საფუძვლად ასევე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც მიუთითა, რამაც მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა დააბრკოლა. საკასაციო პალატა კასატორის წარმომადგენლის ვერც ამ პრეტენზიას გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით, ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ ასახავს სასამართლოს სხდომის დღეს (2017 წლის 13 იანვარს) მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც მას საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. სამედიცინო ცნობებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე 2017 წლის 6 იანვარს ბინაზე გაეწერა, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რაც ცხადია, სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხე იურიდიული პირის დირექტორს საავადმყოფოდან გაწერიდან სასამართლო სხდომამდე ჰქონდა ერთი კვირა, რაც საკმარისი დროა საიმისოდ, რომ თუკი მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე, თუმცა მას ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია. ალტერნატიულად, მოპასუხე იურიდიულ პირს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა პროცესზე წარმოდგენილი ყოფილიყო არა დირექტორის, არამედ საპროცესო წარმომადგენლის მიერ, თუკი საწარმოს ხელმძღვანელი მოკლებული იყო შესაძლებლობას სხდომაზე პირადად გამოცხადებულიყო. მოპასუხეს არც ამ ღონისძიებისთვის მიუმართავს, რაც საბოლოო ჯამში საქმის შედეგისადმი მის გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ამ დავის ფარგლებში ვერ მიუთითა იმ საპატიო გარემოებებზე, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შედეგს განსაზღვრავდა.
15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი წინაპირობა ისაა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელზე დაყრდნობით, რომელში მითითებული ფაქტებიც დამტკიცებულად მიიჩნევა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის შეთანხმებულ კონდიციაში/მდგომარეობაში გადაცემას გულისხმობდა, რა მიზნითაც მოპასუხეს გარკვეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ამ სამუშაოების ღირებულება მხარეებმა იმთავითვე გაითვალისწინეს ნასყიდობის ფასში, რაც გადაიხადა კიდეც მყიდველმა. ამ ფაქტს არც მოპასუხე უარყოფს. მოსარჩელის მტკიცებით, ნასყიდობის საგნის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მისაყვანად გამყიდველს საკუთარი ხარჯით 9884 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. საკასაციო პალატის განსჯით მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 492-ე (თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.) მუხლი წარმოადგენს და, ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ნასყიდობის ფასის 9884 ლარით შემცირების თაობაზე, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ნაკლის გამოსასწორებლად სწორედ ამ ოდენობის თანხაა საჭირო. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე დააზუსტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას მხარის გამოუცხადებლობის ფაქტობრივი მდგომარეობა განაპირობებს და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს წარადგინა თუ არა მოპასუხემ შესაგებელი ან რა მიუთითა მასში, მთავარია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის ვითარება სამართლებრივად სწორად შეაფასეს, ვინაიდან საქმეზე არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები # ას-310-295-2016, 04.10.2016).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 495 ლარი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 495.00 ლარის, 70% – 346.50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ბ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 495.00 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 14.08.2017) 70% – 346.50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი