საქმე №ას-14-2020 28 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.უ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ.უ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოპასუხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამეზობლო მიჯნაზე. მოპასუხის სახლს მეორე სართულზე გამოჭრილი აქვს ორი ფანჯრის ღიობი, რომელიც გადაჰყურებს მოსარჩელის ეზოს.
2.2. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები მოსარჩელეს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მის ეზოში ყრიან ნაგავს. მოსარჩელე მუდმივად გრძნობს მოპასუხის მხრიდან თვალთვალს სასაზღვრო მიჯნაზე გაჭრილი ფანჯრებიდან. მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაახლოებით 30 წლის წინ, სახლის მეორე სართულის დაშენების დროს, მოსარჩელესთან შეთანხმებით სახლის კედელზე მოეწყო ორი ფანჯარა. მოსარჩელის თანხმობა წარდგენილ იქნა შესაბამის სამსახურში და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 04.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე: სიღნაღის რაიონი, ……, საკადასტრო კოდი: ……
4.2. მოპასუხის საკუთრებაშია …… ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის სამეზობლო მიჯნაზე. მოპასუხის სახლს მეორე სართულზე, მოსარჩელის ეზოს მხარეს, აქვს ორი ფანჯარა.
4.3. მოპასუხის საკუთრებაში არსებული სახლის პირველი სართული აშენებულია დაახლოებით 1963 წელს. სახლი მოპასუხის მშობლებმა იყიდეს 1970 წელს და 1993 წელს მასზე დააშენეს მეორე სართული. მოსარჩელის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მოსარჩელის ეზოს მხარეს მოეწყო ორი ფანჯარა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ იგი თანახმაა, მისმა მეზობელმა ც.გ. ასულმა დ–მა (მოპასუხის დედა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს მოაწყოს ფანჯრები მისი ეზოს მხარეზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას ფანჯრების მოწყობაზე წინასწარი ნებართვა არ მიუცია და მოტყუებით მოაწერინეს ხელი ცარიელ ფურცელზე. სასამართლოს მითითებით, სადავო ფანჯრების მოწყობის ფაქტი მოსარჩელეს სარჩელის შეტანამდე, 24 წლის განმავლობაში, არ გაუპროტესტებია.
4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანხმად, ….. ქ,N41-ში მდებარე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლის ნაწილი განთავსებულია ქ. წნორში, ….. მდებარე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და მათ საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა. ამავე დასკვნის თანახმად, მოპასუხის სახლის სამხრეთ-დასავლეთის მხარეს, სახლის მეორე სართულზე მოწყობილია ორი ფანჯრის ღიობი. ფანჯრები განთავსებულია მიჯნის ზონაში, რის გამოც მათი განლაგება არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის N59 დადგენილების მოთხოვნებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუკი ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ფანჯრის ღიობების მოწყობა იმ სახით, რა სახითაც ამჟამად არსებობს, განხორციელდა 1993 წელს, მოსარჩელის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. ამრიგად, მოსარჩელემ თავად შეიზღუდა საკუთრებით სარგებლობის გარკვეული უფლებები. მართალია, დარღვეული იქნა სამშენებლო ნორმატივები ფანჯრების მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დროისათვის ფანჯრების ასეთი განლაგება მოსარჩელეს პრობლემას არ უქმნიდა, მან მეზობელს თანხმობა მისცა და არქიტექტურის სამსახურმა გასცა ნებართვა ფანჯრების ამ მხარეს მოწყობაზე. მშენებლობის დასრულების შემდგომ აზრის შეცვლა ვერ გახდება შენობის ნაწილის დემონტაჟის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 04.06.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სასამართლომ ისე გამოიყენა მტკიცებულება გადაწყვეტილების დასაბუთებისას, რომ არ უცდია მისი ნამდვილობის შემოწმება.
6.2. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 162-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. უსაფუძვლოა მსჯელობა მასზე, რომ მხარეს შეეძლო დაენიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა და დასკვნა წარედგინა სასამართლოში. გამოსაკვლევი დოკუმენტის ერთადერთი დედანი მოთავსებულია სასამართლოს საქმის მასალებში. ამასთან, მოსარჩელეს მიზანშეწონილად მიაჩნდა ექსპერტიზა დანიშნულიყო უშუალოდ სასამართლოს მიერ.
6.3. საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო ექსპეტრიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის და მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის არის გადაფარვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები არ შეთანხმებულან და მოპასუხემ მოსარჩელის ნაკვეთზე თვითნებურად ააშენა კედელი, რომელზეც მოაწყო ორი ფანჯარა. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოპასუხემ მშენებლობა აწარმოა სამშენებლო ნორმების დარღვევით.
6.4. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 176-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
6.5. სასამართლომ სარჩელი არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოცემული სარჩელი სწორედ ნეგატორული ხასიათისაა.
11. დადგენილია, რომ მოსარჩელის და მოპასუხის უძრავი ქონება მომიჯნავე, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს, შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება. სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სსკ-ის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სსკ-ის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას (სუსგ N ას-1046-1007-2016, 03.02.2017წ.).
12. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის სახლის მეორე სართულზე, მოსარჩელის ეზოს მხარეს, მოწყობილია ორი ფანჯრის ღიობი. ფანჯრები განთავსებულია მიჯნის ზონაში. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია რომ 1993 წელს მოპასუხის ოჯახის წევრებმა საცხოვრებელ სახლზე განახორციელეს მეორე სართულის დაშენება და მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მისი ეზოს მხარეს, მოაწყვეს ორი ფანჯარა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე თანახმაა, მისმა მეზობელმა ც.გ. ასულმა დ–მა (მოპასუხის დედა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს დაიტანოს ფანჯრები მისი ეზოს მხარეზე (ს.ფ. 69). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელწერილი ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილ მოპასუხის სახლის ტექნიკურ პასპორტს და დამოწმებულია სააგენტოს ბეჭდით (ს.ფ. 49-69). ამდენად, მოსარჩელე მხარემ განაცხადა რა თანხმობა სასაზღვრო მიჯნის ზონაში ფანჯრის ღიობების მოწყობაზე, თავად შეიზღუდა საკუთრებით სარგებლობის გარკვეული უფლებები. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ფანჯრის ღიობების სამშენებლო ნორმების დარღვევით მოწყობის მოტივით ხელშეშლის აღკვეთის და ფანჯრის ღიობების გაუქმების დავალდებულების თაობაზე.
13. კასატორის პრეტენზია ზემოაღნიშნულ ხელწერილთან მიმართებაში ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ხელწერილი ყალბია და სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს 03.10.2019წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 224). ანუ ფაქტობრივად, კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა.
14. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (სუსგ Nას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის წერილობითი თანხმობა ფანჯრის ღიობების მოწყობასთან დაკავშირებით წარადგინა შესაგებელთან ერთად, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარეს არ უშუამდგომლია კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ასეთი შუამდგომლობით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე. ამასთან განმარტა, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზის საფუძველი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გაეცნო სასამართლო გადაწყვეტილებას (03.10.2019წ. სხდომის ოქმი 12:19:23-12:19:38), რაც სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ განიხილება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა სასამართლოების მხრიდან სსსკ-ის მოთხოვნების დარღვევის და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
15. არ არსებობს ფანჯრის ღიობების, როგორც მოსარჩელის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფის წყაროს, ამოშენების მოთხოვნის სსკ-ის 176-ე მუხლის (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა) საფუძველზე დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ.: სუსგ Nას-1198-2018 , 19.12.2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 176-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ ნორმა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (სუსგ Nას-413-396-2016, 15.07.2016; N ას-1198-2018 , 19.12.2018წ.). მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელი და აშკარა ხელყოფის ფაქტის არსებობა. მისი თანხმობით მოწყობილი ფანჯრის ღიობების თაობაზე დაახლოებით 24 წლის შემდეგ პრეტენზიის გაცხადება ვერ შეფასდება დაუშვებელ ხელყოფად.
16. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დაცულ საკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან მესაკუთრის აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი დაქვემდებარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს (სუსგ Nას-368-352-2016, 21.10.2016წ.; სუსგ Nას-307-289-2014, 09.01.2015წ.). სსკ-ის 176-ე მუხლზე, მსგავსად 170-ე და 172-ე მუხლებისა, არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა (სუსგ Nას-368-352-2016, 21.10.2016წ.).
17. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზე, რომ მის და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის არის გადაფარვა, სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერება ვერ გახდება შემოწმების საგანი.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.უ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
პაატა ქათამაძე