Facebook Twitter

11 ივნისი, 2020 წელი №ას-286-2020 გობეჩია ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ.გ–ას, ლ.გ–ის, ი.მ-ბ–ის, ქ.ა–ბის, დ.დ–სა და მ.დ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – ლ.კ–ძის, გ.გ–ას, ლ.გ–ის, ი.მ–-ბ–ის, ქ.ა–ბის, დ.დ–სა და მ.დ–ას სარჩელის გამო, ა(ა)იპ საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის მიმართ, 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობის, 2017 წლის 23 თებერვლის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი N5-ის ბათილად ცნობის, 2017 წლის 18 მარტის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის რიგგარეშე ყრილობის ოქმი N1-ის ბათილად ცნობისა და სადავოდ გამხდარი ყველა დოკუმენტის სიყალბის დადგენის თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი გ.გ–ას, ლ.გ–ის, ი.მ–-ბ–ის, ქ.ა–ბის, დ.დ–სა და მ.დ–ას მიერ 2017 წლის 18 მარტის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის რიგგარეშე ყრილობის ოქმი N1-ის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობის ნაწილში გ.გ–ას უნდა გაუგრძლდეს ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადა, ხოლო საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გ.გ–ას მოთხოვნა იყო 2017 წლის 23 თებერვლის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი N5-ის ბათილად ცნობა და ასევე სადავოდ გამხდარი ყველა დოკუმენტის სიყალბის დადგენა განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: გ.გ–ას - სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის (300-300 ლარი თითოეულ მოთხოვნაზე) ხოლო ლ.გ–ს, ი.მ–-ბ–ს, ქ.ა–ბს, დ.დ–სა და მ.დ–ას - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ასევე, სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა - 2017 წლის 18 მარტის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის რიგგარეშე ყრილობის ოქმი N1-ის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; დაზუსტებული საკასაციო საჩივრით გ.გ–ამ დააზუსტა მოთხოვნა და (გარდა ზემოთ აღნიშნულისა) მოითხოვა მხოლოდ 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობა, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე უარი თქვა და ამასთან იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე პანდემიით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იყო გ.გ–ას მიერ სრულად, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა მის სრულად გასაჩივრებაზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გ.გ–ას საკასაციო საჩივარი 2017 წლის 23 თებერვლის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი N5-ის ბათილად ცნობისა და ასევე სადავოდ გამხდარი ყველა დოკუმენტის სიყალბის დადგენის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მათ განხილვაზე.

გ.გ–ას, ლ.გ–ის, ი.მ–-ბ–ის, ქ.ა–ბის, დ.დ–სა და მ.დ–ას საკასაციო საჩივარი 2017 წლის 18 მარტის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის რიგგარეშე ყრილობის ოქმი N1-ის ბათილად ცნობის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

რაც შეეხება გ.გობეჩიას საკასაციო მოთხოვნას 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობის ნაწილში, კასატორს უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადა შემდეგ გარემოებათა გამო;

როგორც უკვე აღნიშნა, მხარემ კასაციის ფარგლებში ზემოხსენებული მოთხოვნის ნაწილში იშუამდგომლა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე პანდემიით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გამო, რასაც სასამართლო უარყოფს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ეს ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, კონკრეტული დროისათვის გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს ზემოხსენებული წესის შესაბამისად არ წარმოუდგენია მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. მხოლოდ ზეპირი მითითება პანდემიის გამო არსებულ ფინანსურ სიძნელეებზე სასამართლოს ვერ შეუქმნის შინაგან რწმენას, რომ მას არ შეუძლია მოცემული დროისათვის, კონკრეტული ოდენობით ბაჟის გადახდა. ამდენად, პალატა უარყოფს ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობას არასაკმარისი დასაბუთებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დაუდასტურებლობის გამო და უგრძელებს კასატორს საპროცესო ვადას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ.გ–ას უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

განემარტოს მხარეს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობის ნაწილში არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 64-ე, 396-ე, მე-400, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე გ.გ–ას მიერ 2017 წლის 23 თებერვლის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომის ოქმი N5-ის ბათილად ცნობისა და სადავოდ გამხდარი ყველა დოკუმენტის სიყალბის დადგენის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

2. გ.გ–ას, ლ.გ–ის, ი.მ–-ბ–ის, ქ.ა–ბის, დ.დ–სა და მ.დ–ას საკასაციო საკასაციო საჩივარი 2017 წლის 18 მარტის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის რიგგარეშე ყრილობის ოქმი N1-ის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში იქნას მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში მხარეთა დასწრების (ზეპირი მოსმენის) გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

5. გ.გ–ას საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 14 იანვრის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომის ოქმი N2-ის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გაუგრძელდეს ხარვეზის განოსწორებისთვის დადგენილი ვადა და დაევალოს მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე