საქმე №ას-174-2020 17 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:თამარ ზამბახიძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
II კასატორი - ააიპ „თბილისის №48 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელის მოთხოვნა), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა)
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში: სააგენტო) მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თბილისის N48 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემსყიდველი, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) და შპს „ე–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მიმწოდებელი, კომპანია, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შორის ხელშეკრულება გაფორმდა:
1.1. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო 312 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურება გაეწია 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. 3.1 პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 78 577.2 ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოპასუხისა და სააგენტოს შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა გაითვალისწინეს უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2 397 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტ. 1, ს.ფ. 19-24).
1.2. ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა დაშლილიყო. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
1.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია NBB.14.09/07, რომლის თანახმადაც, პრინციპალია მიმწოდებელი, ბენეფიციარი - შემსყიდველი, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 2 397 ლარია (ტ. 1, ს.ფ. 39).
1.4. ხელშეკრულების მიხედვით, 2017 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 14 110.90 ლარს (ტ.1,ს.ფ. 41-42).
1.5. შემსყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (ტ.1, ს.ფ. 43-44).
1.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში მიმწოდებლის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტ.1, ს.ფ 55-56).
2. სარჩელის მოთხოვნა
2.1. კომპანიამ, 2018 წლის 20 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში, შემსყიდველის წინააღმდეგ, მოითხოვა, შემსყიდველისთვის:
2.1.1. გაწეული მომსახურების ღირებულების 14 110.9 ლარის დაკისრება;
2.1.2. პირგასამტეხლოს 1 078 ლარის დაკისრება;
2.1.3. საბანკო გარანტიის, 2 397 ლარის დაკისრება;
3. შემსყიდველის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე გამოთქმული პოზიციით სარჩელი არ ცნო;
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
4.1. შემსყიდველმა, 2018 წლის 6 ივნისს, შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 22 975 ლარის დაკისრება მოითხოვა;
5. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
5.1. მიმწოდებელმა, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
6.1.1. კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
6.1.1.1. შემსყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულება 14 110.9 ლარი;
6.1.1.2. შემსყიდველს დაეკისრა პირგასამტეხლო 100 ლარი;
6.1.1.3. პირგასამტეხლოს 978 ლარისა და საბანკო გარანტიის 2 397 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
6.1.2. შემსყიდველის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
7. შემსყიდველისა და მიმწოდებლის სააპელაციო საჩივრები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:
7.1.1. მიმწოდებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწტვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
7.1.2. შემსყიდველმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
8.1.1. შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
8.1.2. კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შემსყიდველს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 978 ლარი.
8.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინების 1-1.6 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის დადებული იყო შერეული ტიპის ხელშეკრულება ნარდობისა (იხ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში: სსკ-ის 629-ე მუხლი) და ნასყიდობის (იხ.სსკ-ის 477-ე მუხლი) ელემენტებით.
8.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემსყიდველის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა აღნიშნული პროდუქტისთვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
8.5. უდავო იყო, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-იყო. ასევე უდავო იყო, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5).
8.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრებოდა, ივარაუდებოდა, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
8.7. სასამართლოს განმარტებით, კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავდა რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა იქნებოდა 80%-ზე ნაკლები. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.
8.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, შემსყიდველის მიერ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის წერილსა (ეტიკეტირების შემოწმების მიზნით) და ამავე წერილის პასუხზე, რომლის მიხედვითაც - სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა და განმარტა, რომ ამავე წერილებში მითითებული იყო, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს (ტ.1, 45-65).
8.9. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეტიკეტირების შესწავლის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი კვლევა, რომელიც უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლებს შეისწავლიდა მხარეს არ წარუდგენია, შესაბამისად სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტის შემოწმება ვერ გახდებოდა შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
8.10. ამასთანავე, საქმის მასალებში წარდგენილი იყო კარაქის მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებული იყო 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი
8.11. 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა (ტ. 1, ს.ფ. 57).
8.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდებოდა. შესაბამისად კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
8.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიმწოდებელმა, ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა:
8.13.1.მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას, შემსყიდველისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა, განსახილველ შემთხვევაში უდავო იყო, რომ პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.
8.13.2.„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
8.13.3.ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახად დგინდებოდა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია.
8.13.4.განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია და ითვალისწინებს პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველის მიწოდებას, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი მიაწოდა, შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
8.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დადგენილი იყო, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ნაკლიანი ნივთის მიწოდება, ხოლო ამ უკანასკნელს არც ნაკლის გამოსწორება, არც ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია, საფუძვლიანი იყო კომპანიისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
8.15. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მოხმობით განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
8.16. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის, შესრულებული ვალდებულებისა და სანაცვლოდ, დაუსაბუთებლად, მიწოდებული პროდუქტის საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო არსებობდა პირგასამტეხლოს სრულად (მოთხოვნილი ოდენობით) 1 978 ლარის ოდენობით დაკისრების საფუძველი.
8.17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უსაფუძვლო იყო მიმწოდებელი კომპანიის მოთხოვნა შემსყიდველის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიის ანაზღაურების თაობაზე.
8.17.1.სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე, 880-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
8.17.2.განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც საბანკო გარანტიის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
9. მიმწოდებლის (პირველი კასატორი) საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მიმწოდებელმა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, საბანკო გარანტია ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და აღნიშნულით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ეხება. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების ნაკლიანი შესრულების მცირე მნიშვნელობის გამო მოპასუხეს ზიანი არ მისდგომია, შესაბამისად მიღებული საბანკო გარანტია, არარსებულ ზიანს ვერ აანაზღაურებდა.
9.3. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევა თავისი არსით უმნიშვნელო იყო და მეორე მხარის ზიანი არ განუცდია, რის გამოც არ არსებობდა საბანკო გარანტიის მიღების წინაპირობები.
10. შემსყიდველის (მეორე კასატორის) საკასაციო საჩივარი
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას.
10.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განმარტებულიყო არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენდა ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად.
10.4. კასატორის მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული ხარისხის ყველი არ მიუღია, შესაბამისად არც საფასურის გადახდის ვალდებულება გააჩნია სსკ-ის 385 მუხლის შესაბამისად.
10.5. კასატორის განმარტებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმცა აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და შესაბამისად, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება.
10.6. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნაკლიანი შესრულების მიღება, მხარეთა შორის ახალი გარიგების დადებას გულისხმობს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის მიუწოდებლობისთვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
10.7. კასატორის განმარტებით, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ განხორციელებულა მითითება. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვა პრეცედენტი ბავშვთა უფლებებისა და კერძოსამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისას, სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში სამოქალაქო ნორმების გარკვეული სახით ინტერპრეტაციის უპირატესობისა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ბავშვთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალებულებასთან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო ხელისუფლება.
11. სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ კარაქთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ ყველთან მიმართებაში, კარაქის შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარია კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით კომპანიის, ხოლო 2020 წლის 27 მარტის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა მეორე კასატორის მიერ (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, პროდუქტი „ყველის“ მიწოდება, რომელიც, ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. მიუხედავად, აღნიშნულისა, ასევე დადგენილია, რომ ნაკლიანი პროდუქტის მიღება და გამოყენება დანიშნულებისამებრ მოხდა, ისე, რომ მყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია.
17. მეორე კასატორი, აცხადებს, რომ ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილი პროდუქტის საფასური.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ორი სამართლებრივი ინსტიტუტი - ვალდებულების გარეშე შესრულება (შემსყიდველის მიერ) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (მიმწოდებლის მიერ). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი).
19. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობისსამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების სამართლებრივი მდგომარეობა, უდავოა, რომ ნაკლიან შესრულებას (იხ. სსკ-ის 488-ე „1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლი მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ მუხლი) აქვს ადგილი.
20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 490.1-ე „თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში“, 491-ე „მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“ და 492-ე „თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი“ მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. კასატორის პრეტენზია, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების, ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს.
21. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკითხის სამართლებრივი შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, თუ რა სახის ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა დადებული. ამგვარი ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიებს, სასამართლო უპირველესად სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად შეაფასებს და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების) შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალდებულების ნაკლიანი შესრულებაა, მეორე კასატორის მითითება, სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულების გარეშე გადახდის საკითხი, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ხდება, დაუსაბუთებელია (დამატ. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების შემოწმების რიგითობის თაობაზე იხ. სუსგ. ას-1681-2018; 1.03.2019).
22. საკასაციო სასამართლო, შემსყიდველის საკასაციო პრეტენზიაზე, პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.2-8.11 ქვეპუნქტები) და დამატებით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც, მეორე კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლოა. უდავო იყო, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
23. საკასაციო სასამართლო, პირველი კასატორის (კომპანიის), პრეტენზიის პასუხად, გარანტიის გამოთხოვის თაობაზე, სსკ-ის 879-ე „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“, 881-ე „საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“, 882-ე „საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“, მუხლებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, შესრულების გარანტია.
24. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), რომლის ფარგლებში არსებული შემსყიდველი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით.
25. საკასაციო სასამართლო, საბანკო გარანტიის არააქცესორულ ბუნებაზე მიუთითებს, რაც განასხვავებს მას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის საშუალებებისგან და განმარტავს, რომ მისი თავისებურება, იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეწყვეტა, ავტომატურად არ იწვევს უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტას (დამატ. იხ. სსკ-ის 881-ე მუხლის დეფინიცია, წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში), რის გამოც კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება. მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით მოწმდება ბენეფიციარის მოთხოვნა (იხ. სსკ-ის 885.1-ე და 887.1-ე მუხლები) (იხ. სუსგ.: ას-1189-1149-2016).
26. საკასაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ ერთგვაროვან, საბანკო გარანტიის გამოუთხოვად და არააქცესორულ ბუნებასთან დაკავშირებით მიუთითებს: „რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ამიტომაც საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას [სსკ-ის ის 881-ე მუხლი]. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.(იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55).“ (დამატ. იხ. სუსგ-ები.: ას-1633-2019; 9.03.2020; ას-562-871-09; 20.10.2009; ას-950-886-2017; 3.11.2017;)
27. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება მხარის იმ პრეტენზიას, რომელიც პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხება და განმარტავს, რომ მეორე კასატორის მითითება ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე დაუსაბუთებელია. დადგენილი იყო, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხდა (დეკემბრის თვის მიწოდების საფასური საერთოდ არ იყო გადახდილი), ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბაუთებელია, შესაბამისად მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო, ამასთან მისი გაქვითვის მოთხოვნა ვერ მოხდება სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო (იხ. წინამდებარე განჩინების 17-21 პუნქტები; სსკ-ის 442-ე-447-ე მუხლები).
28. საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდებოდა ვალდებულების შესრულების (ნაწილობრივ ნაკლიანი, შემსყიდველის მიერ შესრულების მიღების) ფაქტი, ამასთან, შემსყიდველს საფასური არ გადაუხდია და არც საფასურის გადახდაზე უარის თქმა დაუსაბუთებია სათანადო წესით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 1 078 ლარი, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე–ისა“ და ააიპ „თბილისის №48 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ე–ს“ (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, 2020 წლის 23 იანვარს, №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. ააიპ „თბილისის №48 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/კ: 209472658) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, 2020 წლის 12 მარტს, №1584006938 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 904.20 ლარის 70% - 1 332.94 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ლ. მიქაბერიძე