საქმე №ას-1826-2019 3 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 10 ნოემბერს ინდ. მეწარმე ზ.ა–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „დამკვეთი“, „აპელანტი“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განაცხადით მიმართა სს „თ–ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კომპანია“, ან „შეგებებული სარჩელის ავტორი“) და მოითხოვა ქ. თბილისში, ...... ქ. N6-ში მდებარე მისი კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების სიმძლავრის გაზრდა 500 კვტ-მდე.
2. 2017 წლის 11 დეკემბერს დამტკიცდა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ტექნიკური პირობები (პროექტი N1079). სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 60 სამუშაო დღე, 2018 წლის 8 თებერვლამდე.
3. მოსარჩელემ გადაიხადა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ღირებულების ნახევარი - 19 000 ლარი. მეორე ნახევარი გადახდილი არ არის.
4. 2018 წლის 16 იანვარს მოპასუხემ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) და მოითხოვა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ვადის გაგრძელება 2018 წლის 8 მარტამდე. სემეკის გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით.
5. 2018 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ქ–თან“, რომელმაც იკისრა ვალდებულება ჩაეტარებინა სატრანსფორმატორო ქვესადგურის აწყობისა და მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 20 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 31 კალენდარული დღით.
6. მოპასუხის 2018 წლის 7 სექტემბრის წერილში მითითებულია, რომ კომპანიამ მაღალი ძაბვის კაბელის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 12 თებერვალს და დაასრულა იმავე წლის 22 თებერვალს. კაბელი პროექტის მიხედვით დამონტაჟდა ობიექტის წითელ ხაზთან არსებულ მაღალი ძაბვის კვანძამდე.
7. მოსარჩელის პრეტენზიის საფუძველზე, მისი კატეგორიული მოთხოვნით მოხდა კვანძის დემონტაჟი. დამონტაჟებული ახალი ქვესადგური არ იყო მზად მაღალი და დაბალი ძაბვის მისაღებად, დამკვეთს არ ჰქონდა დამონტაჟებული მაღალი ძაბვის კაბელი ქვესადგურიდან აღრიცხვის კვანძამდე.
8. მაღალი ძაბვის კაბელის დაგრძელების სამუშაოები განახლდა მოსარჩელისგან თანხმობის მიღების შემდეგ - დაიწყო მიწის გათხრა კაბელის 60 მეტრით დასაგრძელებლად ახალ ქვესადგურამდე. სამუშაო შეჩერდა დამკვეთის მოთხოვნით, რადგან მას სურდა არხის გაფართოება და მასში დაბალი ძაბვის კაბელის მოთავსება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.
9. მოპასუხისთვის წარდგენილი 05.04.2018 წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მის კუთვნილ ტერიტორიაზე კაბელის გაყვანის სამუშაოების წარმოების ნებართვა მოპასუხეს 2018 წლის 5 აპრილს მისცა.
10. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 29 მაისს.
11. სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევის გამო მოსარჩელეს უარი არ უთქვამს სიმძლავრის გაზრდაზე. მის კუთვნილ უძრავ ნივთს ამჟამად მიეწოდება ელექტროენერგია გაზრდილი სიმძლავრით.
12. მოსარჩელის მოთხოვნა
12.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის 22 190 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელემ მის კუთვნილ ობიექტზე ქირავნობის წინარე ხელშეკრულება გააფორმა შპს „პ.პ–თან“ და იკისრა 500 კვტ.სთ სიმძლავრით გაზრდილი ელექტროენერგიის მისთვის მიწოდების ვალდებულება, რის გამოც დაეთანხმა მოპასუხის მხრიდან სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების გაგრძელებას 2018 წლის 10 მარტამდე, თუმცა ვინაიდან მოპასუხემ ამ ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, შპს „პ.პ–მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელესთან და გადაახდევინა მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 22 190 ლარი.
13. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოები. გარდა ამისა, მისივე დაჟინებული მოთხოვნით მოხდა დამონტაჟებული მაღალი ძაბვის აღრიცხვის კვანძის დემონტაჟი. ამ დროისათვის დამკვეთის მიერ დამონტაჟებული ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგური არ იყო მზად მაღალი და დაბალი ძაბვის მისაღებად. მოსარჩელის თანხმობის გარეშე კაბელის დაგრძელების სამუშაოები ვერ დაიწყებოდა, მან კი ამ სახის თანხმობა მოპასუხეს მისცა 2018 წლის 5 აპრილს. სარჩელში მითითებული წინარე ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. იგი ხელოვნურად არის შექმნილი სარჩელის აღძვრის მიზნებისათვის.
14. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
14.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ქსელზე მიერთების სიმძლავრის გაზრდის გადაუხდელი საფასურის მეორე ნახევრის, 19 000 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება.
15. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
15.1. მოსარჩელემ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით დაადასტურა შეგებებული სარჩელის ავტორის მიმართ არსებული დავალიანების (19 000 ლარის) არსებობის ფაქტი, თუმცა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთმოთხოვნები უნდა გაიქვითოს.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ დაეკისრა 19 000 ლარის გადახდა.
17. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
17.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
18.3. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე დაადასტურა მოწყობილი აღრიცხვის კვანძის მისი ინიციატივით მოხსნისა და სხვა ადგილას გადატანის ფაქტი (ვინაიდან, მისი განმარტებით, შესასვლელში იყო გაკეთებული და სატვირთო ავტომანქანა ვეღარ შევიდოდა ტერიტორიაზე). აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე ა.გ–ძის ჩვენებაზეც.
18.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოების დასრულების ვადა დაირღვა მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. თავდაპირველად ვადის გაგრძელების აუცილებლობა გამოიწვია ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნამ პროექტის კორექტირების შესახებ. გაგრძელებულ ვადაში სამუშაოების დასრულება კი შეაფერხა მოსარჩელემ - მან არ უზრუნველყო ქვესადგურის დროულად მოწყობა და აღრიცხვის კვანძამდე მისასვლელი კაბელის მონტაჟი. მოწყობილი აღრიცხვის კვანძი გადაატანინა სხვა ადგილას, ამასთან, გადატანისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გასცა მხოლოდ 2018 წლის 5 აპრილს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტსაც, რომ პროექტის მიხედვით, იმთავითვე იყო გათვალისწინებული აღრიცხვის კვანძის შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ მოწყობა.
18.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ მოცემულ სამართალურთიერთობაში არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა. კერძოდ, 2017 წლის 5 აგვისტოს იჯარის წინარე ხელშეკრულებით მან მესამე პირის წინაშე იკისრა ობიექტისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის სიმძლავრის 2018 წლის 10 თებერვლამდე გაზრდის ვალდებულება ისე, რომ მისთვის უცნობი იყო მოპასუხის პოზიცია ტექნიკურად იყო თუ არა შესაძლებელი სიმძლავრის გაზრდა. გარდა ამისა, სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით მოსარჩელემ მოპასუხეს მხოლოდ 2017 წლის 10 ნოემბერს მიმართა, ქვესადგურის აწყობა-მონტაჟის თაობაზე კი ხელშეკრულება დადო 2018 წლის 28 იანვარს, რომლითაც სამუშაოების შესრულების ვადა 31 დღით განისაზღვრა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა მოპასუხის ბრალით არ დარღვეულა და იგი პასუხისმგებელი არ არის მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე.
18.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 215-ე, 219-ე მუხლებით, ასევე ამავე კოდექსის 380-ე მუხლით და არ გაიზიარა მოსარჩელის (აპელანტის) ის პრეტენზია, რომლის მიხედვითაც იგი მიუთითებდა მოპასუხის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების მოსარჩელის მიერ დროულად ჩატარების შეუფერხებლობის დამადასტურებელ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზევე მიეთითებინა, რაც მან არ გააკეთა, შესაბამისად, დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა მათზე.
14.2. სასამართლომ მიუთითა სსკ 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე (შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტზე (მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გადაუხდია ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის მეორე ნახევარი, ამასთან, შპს „პ.პ–თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად, მას უარი არ უთქვამს სიმძლავრის გაზრდაზე და სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ კვლავ დაინტერესებულია გაზრდილი სიმძლავრით მიიღოს ელ. ენერგია, ამავე დროს, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით არ უარყო მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი ქსელზე მიერთების სიმძლავრის გაზრდის გადაუხდელი საფასურის მეორე ნახევრის, 19 000 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე.
19. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოსარჩელის ბრალით დროულად შეუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნული დასკვნა კი არასწორად დაამყარა მოწმის ცრუ ჩვენებას, რომლის საპირისპიროდ წარდგენილი მტკიცებულება უსაფუძვლოდ მიიჩნია ახალ გარემოებად და არ მიიღო. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს მოსარჩელის ობიექტზე ტრანსფორმატორი უკვე დადგმული იყო. აღნიშნული კი აბათილებდა მოწმის იმ მითითებას, რომ 2018 წლის 1 მარტს ტრანსფორმატორი ობიექტზე არ იდგა. მოცემული მტკიცებულება მოსარჩელეს გადაეცა 2019 წლის 26 ივლისს, ამდენად, იგი წარდგენილი ვერ იქნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ ამ დოკუმენტის პირველ ინსტანციაში წარუდგენლობა საპატიოდ.
13.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს მოსარჩელემ 2018 წლის 5 აპრილამდე არ გასცა თანხმობა კაბელის გაყვანის სამუშაოების წარმოებაზე. სინამდვილეში კი მას არავითარი უფლება არ ჰქონდა კომპანიისთვის მიეცა ან არ მიეცა თანხმობა. ამასთან, თუ წარუდგენდნენ ამ სახის დოკუმენტს, მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეწერა ხელი მასზე. შესაბამისად, თანხმობის დაგვიანებით გაცემა ვერ მიიჩნევა კომპანიის სამუშაოების შეფერხების მიზეზად.
13.3. არასწორია სასამართლოს დასკვნაც, რომ მოსარჩელემ შპს „პ.პ–თან“ წინარე ხელშეკრულების გაფორმებისას არ გამოიჩინა წინდახედულობა.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის დაკვეთით შეასრულა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები, რომლის საფასურის ნაწილიც, 19 000 ლარი მას შემსრულებლისთვის არ გადაუხდია. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ობიექტზე ელექტროენერგიის სიმძლავრის სამუშაოების წარმოების შესახებ) დროულად არ შესრულდა მოსარჩელის ბრალით.
26. სწორედ მითითებულ გარემოებას ხდის კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ საკასაციო საჩივრით და აცხადებს, რომ მოსარჩელის ბრალით ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი არასწორად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მოწმის ჩვენებით და აღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა, აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითებით, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მისთვის დაკისრებული მოვალეობა დროულად შეასრულა და ობიექტზე 2018 წლის 17 თებერვალს ტრანსპორმატორი უკვე დადგმული იყო, მან მოიპოვა 2019 წლის 26 ივლისს, რის გამოც, ბუნებრივია, ვერ შეძლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მის წარდგენას, თუმცა, კასატორი ვერც საკასაციო და ვერც სააპელაციო საჩივრებში ასაბუთებს, თუ რატომ ვერ შეძლო მსგავსი შინაარსის მქონე მტკიცებულების საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოპოვება. მას არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მსვლელობისას მიუთითებია მისი მოპოვების შეუძლებლობაზე, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა იმისთვის, რომ დაგვიანებით (სააპელაციო სასამართლოში) წარდგენილი მტკიცებულება ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპატიოდ და დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულიყო. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მოსარჩელის მიერ ვალდებულების არადროულად შესრულებაზე აპელირებდა და ამ შედავების საპირისპიროდ სწორედ მოსარჩელეს ევალებოდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უარეყო იგი.
28. დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევა კასატორის ვერც ის პრეტენზია, რომ მას არანაირი უფლება არ ჰქონდა გაეცა თანხმობა აღრიცხვის კვანძის გადატანის სამუშაოების წარმოების გაგრძელებაზე, რაც, მისივე მოსაზრებით, უსაფუძლოს ხდიდა კომპანიის განმარტებას თანხმობის დაგვიანებით წარდგენის გამო სამუშაოების შეფერხების თაობაზე.
29. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ვალდებულებას განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამუშაოების წარმოების გაგრძელებაზე მოსარჩელის მიერ თანხმობის დაგვიანებით წარდგენამ შეაფერხა კვანძის გადატანის სამუშაოების დროულად დასრულება.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს ტოპოგრაფიული გეგმის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მხრიდან არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ დაირღვა მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით (თავდაპირველად ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ვადის გაგრძელების აუცილებლობა გამოიწვია ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნამ პროექტის დაკორექტირების შესახებ; გაგრძელებულ ვადაში სამუშაოების დასრულება შეაფერხა მოსარჩელემ, ვინაიდან არ უზრუნველყო ქვესადგურის დროულად მოწყობა და აღრიცხვის კვანძამდე მისასვლელი კაბელის მონტაჟი; მოწყობილი აღრიცხვის კვანძი გადაატანინა სხვა ადგილას და გადატანისთვის აუცილებელი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გასცა დაგვიანებით), მოსარჩელეს ამჟამად მიეწოდება ელექტროენერგია გაზრდილი სიმძლავრით და მას მოპასუხისთვის არ გადაუხდია ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის დარჩენილი ნაწილი, ამასთან, იგი თავადაც არ უარყოფს აღნიშნული დავალიანების არსებობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა დავალიანების, 19 000 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული საკასაციო შედავება, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს ზ.ა–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1109.50 ლარის 70% – 776.65 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ზ.ა–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 17 თებერვალს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1109.50 ლარის 70% – 776.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ ზ.ა–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2019 წლის 26 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, სიტუაციური გეგმა), მთლიანობაში „02“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 107-108);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე