საქმე №ას-68-2020 3 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ც–ძე, გ.თ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 28 თებერვალს სს „ლ.ბ–სა“ (შემდგომში „ბანკი“, „კრედიტორი“ ან „მოსარჩელე“) და ნ.ც–ძეს (შემდგომში „მსესხებელი“, „მოვალე“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. 2017 წლის 28 თებერვალს ბანკსა და გ.თ–ძეს (შემდგომში „თავდები“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5150 ლარით.
3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა.
4. მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2017 წლის 12 სექტემბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
5. 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 56 ლარი.
6. 2019 წლის 14 თებერვალსა და 18 თებერვალს მოპასუხეებს დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.
7. გაფრთხილების წერილები მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ.
8. მოსარჩელის მოთხოვნა
8.1. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლისა და თავდები პირის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 8056.90 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
9. მოპასუხეების პოზიცია
9.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეტყობინებები არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, არ განსაზღვრიათ ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ორკვირიანი ვადა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნ.ც–ძის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო თავდები პირის, გ.თ–ძის მიმართ - ნაწილობრივ: მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების, 5 150 ლარის გადახდა, მოპასუხე ნ.ც–ძეს დაეკისრა დავალიანების - 2 906.90 ლარის გადახდა.
11. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი
11.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 868-ე, 873-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტება იმის შესახებ, რომ სახეზეა დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის, ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ, რაც კრედიტორს ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, არსებული დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას.
12.4. სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (საქმეზე #ას-145-135-2015) მითითებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მოცემული ნორმის მიხედვით, კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. თუმცა ხელშეკრულება შესრულების ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილებით ავტომატურად არ წყდება. მხარეებმა უნდა გამოხატონ ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება გაფრთხილების თაობაზე შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლს.
13. მოპასუხეების საკასაციო საჩივარი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რაც საბოლოოდ, მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილ პრაქტიკას (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას) კავშირი არ აქვს მოცემულ დავასთან, ვინაიდან მითითებულ დავაში მხარე მოითხოვდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებას და სადავოს არ წარმოადგენდა ბანკის მხრიდან სამოქალაქო კოდექის 873-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოცემული საკითხი სადავო არაა, მითითებული მუხლის, როგორც კრედიტორის ინტერესების დამცავი აღმჭურველი ნორმის განმარტება, სრულად მისაღებია. წინამდებარე დავაში კი დადგენილია, რომ ბანკმა სსკ 873-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული პრაქტიკა არარელევანტურია მოცემული დავის მიმართ.
13.3. მართალია, სსკ 873-ე მუხლის პირველი ნაწილი (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას) ნამდვილად წარმოადგენს კრედიტორის დამცავ ნორმას და აღჭურავს მას უფლებით ვალდებულების დარღვევისას შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მეორე ნაწილი ადგენს, რომ შეწყვეტა ძალაშია მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. შესაბამისად, ნორმის აღნიშნული დანაწესი ადგენს იმ წესს, რომლის დაცვაც აღარ არის დამოკიდებული კრედიტორის ნებაზე, არამედ იგი სავალდებულო პირობაა კრედიტორის მიერ ამავე ნორმის პირველი წინადადებით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის.
13.4. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული სასამართლო პრაქტიკის საპირისპიროდ კასატორები მიუთითებენ უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განჩინებაზე (საქმე #ას-707-666-2017), და აღნიშნავენ, რომ მოცემულ დავაში მოპასუხეების მიერ სადავოდ იყო გამხდარი ბანკის მხრიდან სსკ 873-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის დაცვა. აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებები არსებითად ემთხვევა წინამდებარე დავის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მოცემულ საქმეში, ბანკის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო, შესაბამისად, დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო სსკ 873-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ, რაც კრედიტორს ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, არსებული დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. მოცემულ შემთხვევაში კასატორების მიერ სადავოდ არის გამხდარი საკითხი სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული ნორმა და არასწორად არ მიიჩნია სავალდებულოდ მასში გათვალისწინებული ორკვირიანი დამატებითი ვადის ბანკის მიერ მსესხებლისათვის დაწესების სავალდებულოობა. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად კასატორები მიუთითებენ უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განჩინებაზე (საქმე #ას-707-666-2011).
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორთა ზემოთმითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: მართალია, კასატორთა მიერ დასახელებულ განჩინებაში (საქმე #ას-707-666-2011) საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სსკ 873-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო დაწესებულების მხრიდან დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არაკანონიერად იყო მიჩნეული ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა, თუმცა, წინამდებარე საკასაციო საჩივრის განხილვის დროისათვის მოცემულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიდგომა ამგვარია: სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე # ას-921-960-2011, 25 ნოემბერი, 2011 წელი). მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ საქმე #ას-145-135-2015, 23 აპრილი, 2015 წელი). ანუ მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ დროში (იხ. სუსგ საქმე #ას-910-972-2014, 4 მარტი, 2015 წელი).
19. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც კასატორები ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულება - ზედიზედ მინიმუმ ორჯერ გადააცილა კრედიტის თანხის გადახდის ვადას. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსკ 873-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტორის უფლება ვალდებულების დარღვევისას შეწყვიტოს ხელშეკრულება და ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს ამავე ნორმით მოვალისათვის განსაზღვრული ორკვირიანი დამატებითი ვადის დაწესების მოთხოვნის უფლებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადის განსაზღვრის ვალდებულების არარსებობაზე მითითებულია საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშიც (მაგ. იხ. სუსგ საქმე #ას-921-960-2011, 25 ნოემბერი, 2011 წელი).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა საკრედიტო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს ნ.ც–ძესა და გ.თ–ძეს უნდა დაუბრუნდეთ 2020 წლის 17 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 257.50 ლარის 70% - 180.25 ლარი, ხოლო კასატორ ნ.ც–ძეს უნდა დაუბრუნდეს 2020 წლის 17 თებერვალს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ც–ძისა და გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ.ც–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 17 თებერვალს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორებს ნ.ც–ძესა (პ/ნ: ......) და გ.თ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეთ ნ.ც–ძის მიერ 2020 წლის 17 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 257.50 ლარის 70% - 180.25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე