№ას-21-21-2018 18 მაისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ე.მ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „მ.ს.ო.რ.ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.მ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, მსესხებელი ან მოვალე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, მოვალის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოვალისათვის პირგასამტეხლოს, 4307.46 ლარის, დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა 3000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება პირგსამატეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირების მიმართ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. კასატორი სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს 1600 აშშ დოლარამდე შემცირებას მოითხოვს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2015 წლის 8 ივნისს შპს მ.ს.ო.რ.ე–სა“ (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი, კრედიტორი ან იპოთეკარი) და მოსარჩელეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, ე.მ–ამ 21 012 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით ისესხა. ხელშეკრულებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.5% - ის ოდენობით განისაზღვრა. სარგებელი ყოველი თვის 8 რიცხვში უნდა გადახდილიყო. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ რუსთავში, ....... ბინა №67, მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი № ...... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
5.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 10.12 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კრედიტორი უფლებამოსილი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის მისაღებად ნოტარიუსისთვის მიემართა. მხარეებმა ხელშეკრულებაში დაადასტურეს, რომ მათ ნოტარიუსმა ჯეროვნად და დეტალურად განუმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
5.2.3. მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და ყოველთვიურად განსაზღვრული თანხა 2015 წლის 8 ივლისს არ გადაუხდია. მომდევნო დღიდან, 2015 წლის 9 ივლისიდან არსებულ დავალიანებას პირგასამტეხლო დაერიცხა.
5.2.4. 2015 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუსმა 2015 წლის 08 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააღსრულებო ფურცელი გასცა, სააღსრულებო ფურცლით შესასრულებელ ვალდებულებად სესხის ძირითადი თანხა - 21 012 აშშ დოლარით, მასზე დარიცხული სარგებელი 443.26 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 4307.46 აშშ დოლარით განისაზღვრა. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
5.2.5. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის - დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობით (შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის) დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირების გზით ცვლილების შეტანაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა პირგასამტეხლოს ოდენობის არსებით შეუსაბამობას ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
7. უდავოა, რომ 2015 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს (სესხის 0.5%-ის) გადახდის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ, ასევე, უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია.
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
9. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).
10. კასატორის პრეტენზია, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია, მართალია, კასატორი აპელირებს პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობაზე, თუმცა ამ საკითხზე კასატორს წარმოდგენილი არ აქვს დასაბუთებული საკასაციო შედავება, კერძოდ, თუ რა მყარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის კასატორის მოთხოვნისამებრ პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას. უსაფუძვლოა კასატორის აპელირებაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობის კუთხით. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში დეტალურადაა განხილული თუ რა გარემოებებს მიაქცევს სასამართლო ყურადღებას პირგასამტეხლოს შეფასებისას და საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომაც, განსაჯა რა შესაბამისი გარემოებები, მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო შეამცირა მის გონივრულ (3000 აშშ დოლარამდე) ოდენობამდე. პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება პალატის მოსაზრებით, აზრს დაუკარგავს პირგასამტეხლოს დანიშნულებას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე N ას-1518-1438-2017, 30 მარტი 2018 წელი).
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #2, გადახდის თარიღი 28.12.2017), 70% – 210 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე.მ–ას (.....7) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #2, გადახდის თარიღი 28.12.2017), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი