№ას-362-362-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – სს „კ.ფ.ს.ნ–ი“
წარმომადგენელი - ნ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.წ–ი
წარმომადგენელი - შ.ხ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.წ–ის (შემდეგში: მესაკუთრე, მიმბარებელი, მოსარჩელე) სარჩელი და დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხე შპს „ი.კ.ტ–თვის“, რომლის სამართალმემკვიდრე სს „კ.ფ.ს.ნ–ია“ (შემდეგში: შემნახველი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), 30 900 ლარის გადახდის შემდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გამოთხოვილიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 11 ავტომანქანა (1. MITSUBISHI COLT - შასის ნომერი ......; 2. TOYOTA CARTIS - შასის ნომერი .....; 3. MITSUBISHI COLT - შასის ნომერი .....; 4.NISSAN MARCH - შასის ნომერი ......; 5.NISSAN ELGRAND - შასის ნომერი ......; 6. BMW - შასის ნომერი ........; 7.BMW - შასის ნომერი .......; 8.HONDA STRYM - შასის ნომერი ......; 9.BMW - შასის ნომერი ......; 10.MITSUBISHI DELICA - შასის ნომერი ......; 11.BMW - შასის ნომერი .....). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხე 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის იანვრამდე უკანონოდ ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
2. ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოსარჩელისათვის გადაცემის შემდეგ, სსიპ საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ ავტომობილზე მოსარჩელე 1000 ლარით - სულ 11 000 ლარით დაჯარიმდა. ასევე, საპატრულო პოლიციის მიერ ტრანზიტული ნომრებით სარგებლობის ვადაგადაცილებისათვის თითოეული ავტომობილი დაჯარიმდა 501 ლარით და დაერიცხა საურავი 91 ლარი, სულ - 6512 ლარი.
3. მოსარჩელემ 2017 წლის 20 მარტს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხისათვის 18 635 ლარისა და წინა სამოქალაქო სამართალწარმოებისას ადვოკატისათვის გადახდილი 2500 ლარის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის უკანონო ქმედებით მიადგა ზიანი, კერძოდ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანების უკანონო დაყოვნების გამო, ვერ შეძლო მათი განბაჟება, რის გამოც გადაიხადა ჯარიმა 18 635 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები და სამართლებრივი დასაბუთება არასაკმარისია, ბუნდოვანია, არ ამართლებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯს, მოსარჩელეს არ წამოუდგენია იურიდიული მომსახურების გაწევისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმის სახით მიყენებული ზიანის - 18 635 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ადვოკატისათვის გადახდილი 2500 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 992-ე, 412-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლი გამოიყენა.
5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ავტომანქანების დაჯარიმება სწორედ მოპასუხის ქმედების შედეგი იყო, ვინაიდან, მხოლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 30 900 ლარის გადახდის შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, მოსარჩელეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოეთხოვა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, მოპასუხის ქმედება სასამართლომ დელიქტურ ქმედებად შეაფასა, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი გახდა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელეს მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი ჰქონდა 11 ავტომობილის მიბარების საზღაური - 30 900 ლარი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სწორედ ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მიენიჭა მოსარჩელეს უფლებამოსილება, გაეყვანა თავისი კუთვნილი 11 ავტომობილი ნავსადგურის პარკინგიდან. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა მომსახურების სააგენტოსათვის და შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნები სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად ჩაებარებინა, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელის უმოქმედობამ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეაფასება და დამატებით მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ, მიუხედავად მოსარჩელის მიერ 30 900 ლარის გადახდისა, მოპასუხემ უარი განაცხადა ავტომანქანების მოსარჩელისათვის გადაცემაზე, სწორედ ამიტომ გახდა იძულებული მოსარჩელე, სარჩელი აღეძრა 30 900 ლარის გადახდის სანაცვლოდ კუთვნილი 11 ავტომანქანის გადაცემის მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ 11 ავტომობილის გადაცემის დაყოვნება მოსარჩელის მიერ სანაცვლო ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია.
7.2. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ზიანი მოპასუხის ქმედებამ - მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანების უსაფუძვლო დაკავებამ გამოიწვია.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
8.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 412-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის სამართლებრივი ურთიერთობის დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ სამართლებრივი ურთიერთობით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
8.2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს შეეძლო, თავიდან აეცილებინა როგორც ტრანზიტული ნომრებით სარგებლობის ვადაგადაცილების გამო მიყენებული ზიანი, ისე - სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი გარემოება, რომლის გამოც იგი სარეგისტრაციოდ ვერ წარადგენდა ავტომობილებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-14 პუნქტი მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მიემართა შესაბამისი ორგანოსათვის და ჩაებარებინა შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად. მას ამ გზით შეეძლო, თავიდან აეცილებინა 6 512 ლარის ზიანი. ამის თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. მან ახსნა-განმარტებისას განაცხადა, რომ ვერ შეძლო ამ უფლების რეალიზება, რამდენადაც კასატორმა არ მისცა ტრანზიტული სანომრე ნიშნების ავტომობილებიდან ჩამოხსნის შესაძლებლობა. ამგვარი ხელშეშლის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არის წარდგენილი საქმეში.
8.3. კასატორის მითითებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით. ამ ვადასთან დაკავშირებით ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს საგამონაკლისო წესს გარკვეული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით. მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილები სწორედ ამ საგამონაკლისო წესში ექცევა და მათზე დასაშვებია საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადის გაგრძელება, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო, მიემართა სსიპ შემოსავლების სამასახურისათვის და მოეთხოვა ავტომობილების სარეგისტრაციოდ წარდგენის ბრძანებით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე. ამით იგი თავიდან აიცილებდა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას - 12123 ლარს. მიუხედავად კანონით მინიჭებული ამ უფლებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ჯარიმის სახით დარიცხული ზიანის თავიდან აცილების მცდელობის ფაქტს. სწორედ მისმა უმოქმედობამ გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი დელიქტური ვალდებულებაა და მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის მიბარების (სსკ-ის 763-ე მუხლი - მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი) სახელშეკრულებოსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, მოსარჩელე კი, მოითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას მოპასუხის მიერ მიბარების საზღაურის მიღების ვადის გადაცილების გამო მიადგა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 391-ე (კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს.
13. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა რომ მიბარების ხელშეკრულებიდან წარმოიშვა, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც (სსსკ-ის 266-ე მუხლი). ასევე, დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ სადავო ავტომანქანები თავდაპირველმა მიმბარებელმა მოპასუხისათვის მიბარების შემდგომ გაასხვისა მოსარჩელეზე (სსკ-ის 477-ე მუხლი - 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ავტომანქანებზე საკუთრება გადაეცა, სსკ-ის 186.2 (ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება) მუხლის შესაბამისად, მოპასუხისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭების გზით.
14. რადგან მოსარჩელე მიმბარებელს ჩაენაცვლა მიბარების ხელშეკრულებაში, შესანახად მიბარებული ავტომანქანების დაბრუნების მოთხოვნის უფლებაც მას წარმოეშვა სსკ-ის 770-ე (მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება,- იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო) მუხლის საფუძველზე.
15. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სანაცვლო ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ავტომანქანების მისთვის გადაცემის დაყოვნება, კერძოდ, შემნახველს, სსკ-ის 776-ე (კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს შეუძლია უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე) მუხლის საფუძველზე, მიბარების საფასურის ანაზღაურებამდე ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა.
16. მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის - 30 900 ლარის გადახდაზე ვალდებული პირი რომ მოსარჩელეა არც თავად უარყოფს, თუმცა მისი არგუმენტი მოპასუხის მიერ მითითებულ მოთხოვნის განხორციელების დროებით შემაფერხებელ გარემოებაზე ისაა, რომ მიმბარებელმა შესთავაზა შემნახველს, 30 900 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 11 ავტომანქანის წამოყვნა, რაზეც ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო.
17. პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დგინდება, სსკ-ის 390.1 მუხლის (კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია) შესაბამისად, მოვალის მიერ შესრულების შეთავაზება და კრედიტორის მიერ შესრულების მიუღებლობა - მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი 11 ავტომანქანის მიბარების საზღაურის მიღებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული კასატორმაც დაადასტურა (იხ. 30.10.2018 წლის სხდომის ოქმი).
18. მოპასუხე მოითხოვდა თავდაპირველი მიმბარებლების სხვა დავალიანების - 105 600 ლარის სრულად გადახდას. პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელი იყო დაკავების უფლების გამოყენება იმ საზღაურის გადაუხდელობისათვის, რომლის მოვალე მოპასუხე არ იყო. ამგვარი დამატებითი მოთხოვნის პირობით შესრულების მიღება, კრედიტორის მიერ შესრულების მიუღებლობას უთანაბრდება.
19. ამდენად, მოპასუხემ შესრულების მიღების ვადას გადააცილა შესრულების მიღებაზე უარის თქმის გზით, რაც ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
20. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეს შეეძლო, თავიდან აეცილებინა ზიანი, კერძოდ, მისი ბრალი საკუთარი თავისათვის მიყენებულ ზიანში უმოქმედობით გამოიხატა, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებდა უფლებამოსილებას, შეესრულებინა გარკვეული მოქმედებები - მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის და თავიდან აეცილებინა, როგორც ტრანზიტული ნომრებით სარგებლობის ვადაგადაცილების გამო მიღებული ზიანი, ისე - სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ზიანის მიყენებაში მოსარჩელის ბრალეულობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, კერძოდ, მოპასუხე წარდგენილ შესაგებელში მხოლოდ ზოგადად მიუთითებდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება არასაკმარისი, ბუნდოვანი იყო და არ ამართლებდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ზიანის წარმოშობაში მოსარჩელის ბრალსა თუ თანაბრალეულობაზე მოპასუხეს არც 29.06.2017 წელსა და 06.07.2017 წელს ფოთის საქალაქო სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია. უფრო მეტიც, მოპასუხეს სარჩელის უარყოფის ეს საფუძველი არც 13.07.2017 წლის მთავარ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტების დროს არ აღუნიშნავს. მან სსკ-ის 415-ე მუხლზე და შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა მხოლოდ საპაექრო სიტყვის წარმოთქმისას.
22. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) მიხედვით, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის მოთხოვნასა და დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხე, რომელიც არ მიუთითებს ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, ერთმევა უფლება, საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგინოს ისინი.
23. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს სარჩელის უარყოფა იმ საფუძვლით, რომ ზიანის გამოწვევას ხელი შეუწყო მოსარჩელემ, საქმის არსებით განხილვამდე არ მოუთხოვია. მას ამ გარემოების დასაბუთება შესაბამისი არგუმენტებით ევალებოდა. მოსარჩელეს არათუ არ დაუსაბუთებია, არამედ ამის თაობაზე არც კი მიუთითებია. ამდენად, პალატა, კასატორის ზემოხსენებულ შედავებას საქმის განხილვის მითითებულ სტადიაზე დაუშვებლად მიიჩნევს.
24. ასეც რომ არ იყოს, ის, რომ მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიმართა ავტომობილების სარეგისტრაციოდ წარდგენის ბრძანებით დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ანდა სააგენტოს არ ჩააბარა შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად, მისი პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. სსკ-ის 415-ე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი) მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულის პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობას ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. კასატორის მიერ მითითებული ნორმები, მოსარჩელეს არ აკისრებდა ვალდებულებას, არამედ ისინი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ შესაბამისი მოქმედებების შესრულების უფლებამოსილებაზე მიუთითებს.
25. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ იმგვარი ქმედებების განუხორციელებლობა, რომელთა შესრულება დაზარალებულს არ ევალებოდა, მისი პასუხისმგებლობის სფეროში არ ექცევა, ვინაიდან სსკ-ის 415.2 მუხლის გამოყენების წინაპირობა ბრალეული უმოქმედობით ზიანის თავიდან ასაცილებლად ზომების მიუღებლობაა. შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი მოქმედებით რომც შეძლებოდა თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი, მას უმოქმედობა ბრალად ვერ შეერაცხებოდა, რადგან, როგორც აღინიშნა, პასუხისმგებლობის საფუძველი ვალდებულების დარღვევაა. მოსარჩელეს კი, ვალდებულება არ დაურღვევია.
26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ზიანის სავარაუდოობასა და ნაკისრი რისკის ფარგლებში მისი ანაზღაურების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლი „უშუალო მიზეზობრიობის“ გარდა, განამტკიცებს ზიანის განჭვრეტადობის კრიტერიუმსაც. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს, რომ მხოლოდ ზიანის შესაძლებლობის დაშვება მიზეზობრივი კავშირის დადგენისათვის საკმარისი არ არის. მითითებული ნორმა მოითხოვს, რომ ზიანი მაღალი ალბათობით იყოს განჭვრეტადი, თუმცა კონკრეტული შედეგის განჭვრეტა აუცილებელი არ არის. მოვალეს დაუშვებელია, დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის (შესაბამის ბაზარზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირისათვის) სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანების უკანონო დაკავებით. შესაბამისად, მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანი - 18 635 ლარი მისი ქმედების ადეკვატური და პირდაპირი ზიანია.
27. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ.ფ.ს.ნ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი