№ას-395-379-2016 12 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ვ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ.ხ–ი
წარმომადგენელი - თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.ხ–ი (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) 2006 წლის 14 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში ირიცხება ქ. ახმეტაში, ...... მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლისა და მიწის დაზუსტებული ფართბის - 1000.00 კვ.მ) მესაკუთრედ, ხოლო ქ. ახმეტაში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (საცხოვრებელი სახლისა და მიწის დაზუსტებული ფართობის - 1010.00 კვ.მ) მესაკუთრე 2011 წლის 19 დეკემბრიდან ვ.ხ–ია (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი).
2. მოპასუხის საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი სასაზღვრო-სამიჯნე კედელია და გამყოფ საკადასტრო წითელ ხაზს ქმნის მოსარჩელისა და მოპასუხის მეზობელ ნაკვეთებს შორის (შემდეგში - სამიჯნე ან სადავო კედელი). სადავო კედლის მეორე სართულზე ოთხი ფანჯარაა განთავსებული, ხოლო პირველ სართულზე - სამი, რომელთა ღიობები მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მხარესაა და გადმოჰყურებს მის ეზოსა და სახლის ღია აივანს.
3. მოსარჩელემ თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა და მოითხოვა:
3.1. სამიჯნე კედელში მოწყობილი შვიდივე ფანჯრის ღიობის ამოქოლვა (ამოშენება);
3.2. სამიჯნე კედელში მოწყობილი სავენტილაციო ხვრელების ამოქოლვა;
3.3. სადავო კედელზე არსებული საკვამლე მილის დემონტაჟი და ხვრელების ამოქოლვა;
3.4. სამიჯნე კედელზე მოწყობილი სახურავიდან წყლის შემკრები მილებიდან გამომდინარე წყლის მოსარჩელის ნაკვეთში ჩადინების მიმართულების შეცვლა მოპასუხის ნაკვეთისაკენ;
3.5. საკადასტრო ნახაზის მიხედვით, სახლის სასაზღვრო კუთხიდან ..... ქუჩის მიმართულებით სასაზღვრო წითელ ხაზზე 17.70 მ სიგრძისა და 2.20 მ სიმაღლისა და ამავე სამიჯნე კედლის სამხრეთის კუთხიდან 28.4 მ-იან საზღვარზე კედლიდან სასაზღვრო წითელ ხაზზე 3.0 მ სიგრძისა და 2.20 მ სიმაღლის მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა და გამიჯვნის ხარჯების ნახევრის ანაზღაურება.
4. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო კედელზე ფანჯრის ღიობები განთავსებულია იმდაგვარად, რომ უხეშად ირღვევა მოსარჩელის საკუთრებაში ჩაუხედავობის პრინციპი. ხელშემშლელი გარემოებაა სამიჯნე კედელში არსებული საკვამლე და სავენტილაციო მილებიც, საიდანაც ატმოსფეროში მავნე აირი გამოედინება მოსარჩელის მიწის ნაკვეთისკენ. ამ უკანასკნელის საკუთრებას ხელყოფს სამიჯნე კედელზე დამონტაჟებული საკვამლე მილიც, რომელიც მთლიანად მდებარეობს საკადასტრო წითელი ხაზიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და - სადავო კედელზე ორივე მხარეს დამონტაჟებული ნალექების შემკრები მილებიდან მოსარჩელის ეზოში ჩამონადენი წყალი.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი სახლის ფანჯრები და საკვამლე მილი მოსარჩელეს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის, ხოლო წყალი მის ტერიტორიაზე არ ჩაედინება. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო სახლი ააშენა მოსარჩელის მამამ და სახლის ფანჯრები იმთავითვე იყურებოდა მოსარჩელის ეზოში. შემდეგ სახლი მოსარჩელის დის საკუთრებაში გადავიდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წელს, მისი მეუღლისაგან მოპასუხემ შეიძინა. შესაბამისად, 25 წელზე მეტია, მოსარჩელემ იცის, რომ სახლის ფანჯრები მისი სახლისაკენ არის მიმართული, დავა კი ახლა დაიწყო, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაევალა:
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკადასტრო წითელ ხაზზე არსებულ სახლის სამიჯნე სასაზღვრო საყრდენ კედელში, მეორე სართულზე, 4 ფანჯრის ღიობის მთლიანად ამოქოლვა;
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ სამიჯნე საზღვარზე სახლის საყრდენ კედელში მოწყობილი სავენტილაციო ხვრელების ამოქოლვა;
- სასაზღვრო სამიჯნე სახლის კედელზე მოსარჩელის მიწის ნაკვეთში არსებული საკვამლე მილის დემონტაჟი და გატანა, ამავე საკვამლე მილისათვის კედელში გამოთხრილი ხვრელების ამოქოლვა;
- სასაზღვრო სამიჯნე სახლის კედელზე მოწყობილი სახურავიდან წყლის შემკრები მილებიდან გამომდინარე წყლების მოსარჩელის ნაკვეთში ჩადინების მიმართულების შეცვლა თავისი ნაკვეთისკენ;
- საკადასტრო ნახაზის მიხედვით, სახლის სასაზღვრო სამიჯნე კედლის კუთხიდან ..... ქუჩის მიმართულებით სასაზღვრო წითელ ხაზზე 17,70 მ სირძისა და 2,20 მ სიმაღლის და ამავე სამიჯნე კედლის სამხრეთის კუთხიდან 28,4-მეტრიან საზღვარზე კედლიდან სასაზღვრო წითელ ხაზზე 3,0 მ სიგრძისა და 2,20 მ სიმაღლის მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა და გამიჯვნის ხარჯების ნახევრის ანაზღაურება;
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკადასტრო წითელ ხაზზე არსებული სახლის სამიჯნე სასაზღვრო საყრდენ კედელში მოწყობილ პირველ სართულზე 3 ფანჯრის ღიობების ამოქოლვა, თითოეულ ფანჯარაზე სარკმლისათვის მაღლითა ერთ მესამედ ნაწილში - ღია ადგილის განსაზღვრით, რათა ოთახებმა არ დაკარგოს თავისი დანიშნულებით მათი გამოყენების შესაძლებლობა (მხედველობაშია ოთახებში ბუნებრივი განათების გამოყენების შესაძლებლობა).
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170.1, 172.2, 176-ე მუხლებით და განმარტა, რომ საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან არ არის გასული; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად უშლის ხელს მესაკუთრეს თავის საკუთრებით სარგებლობაში.
5.2. სასამართლომ მიუთითა „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილებაზეც, რომლის თანახმად, ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება, ღიობების გაკეთება, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. ამავე დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლეც არ უნდა აღემატებოდეს 2.2 მეტრს. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებები, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში.
5.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლებოდა, რაც გამოიხატებოდა მისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელშიც მესაკუთრის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორცილების შესაძლებლობა ეზღუდებოდა. ამასთან, ამის საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნდა. სასამართლოს მითითებით, სამიჯნე კედელში არსებული საკვამლე და სავენტილაციო მილებიდან მავნე აირები გამოედინებოდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთისაკენ, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა თავისი ნაკვეთით სარგებლობაში. მოსარჩელის საკუთრების უფლებას ხელყოფდა სამიჯნე კედლის შიგნიდან გამომავალ საკვამლე მილთან მიერთებული კედელზე დამონტაჟებული საკვამლე მილი (რომელიც განთავსებული იყო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე) და სასაზღვრო კედელზე დამონტაჟებული ნალექების შემკრები მილებიდან მოსარჩელის ეზოში ჩამონადენი წყალი. ხელშემშლელს წარმოადგენდა მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთების გამიჯვნაც საკადასტრო სწორ წითელ ხაზზე ლითონის ბადით. სასამართლომ მიუთითა, რომ მესაკუთრეს საკუთარი ნებით არ შეუზღუდავს თავისი უფლება და მოპასუხეს არ შესთანხმებია სადავო ობიექტების თაობაზე.
5.4. სასამართლომ მიიჩნია, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკადასტრო წითელ ხაზზე არსებული სახლის სამიჯნე სასაზღვრო საყრდენ კედელში მოწყობილ პირველ სართულზე მოპასუხის კუთვნილი სამი ფანჯრის ღიობი უნდა ამოქოლილიყო თითოეულ ფანჯარაზე სარკმლისათვის მაღლითა ერთმესამედ ნაწილში - ღია ადგილის განსაზღვრით, რათა ოთახებს არ დაეკარგათ მათი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა (ოთახებში ბუნებრივი განათების გამოყენების შესაძლებლობა).
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. სასამართლომ, მართალია, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლებოდა, თუმცა არ ასახა გადაწყვეტილებაში, რამდენადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს დაევალა ფანჯრის ნაწილობრივ ამოქოლვა.
6.2. აპელანტის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა, რომ ფანჯრების ღიობების ამოქოლვის შემთხვევაში, ოთახები დაკარგავდა თავის დანიშნულებას. ამასთან, არც შესაგებელში და არც ახსნა-განმარტებაში მოპასუხე არ მოითხოვდა ფანჯრის ღიობების ნაწილობრივ, ერთ მესამედ ნაწილში ამოქოლვას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა უკანონო ხელყოფისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. მოპასუხეს არც წარდგენილ შესაგებელში და არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სამი ფანჯრის ამოქოლვით ოთახების ფუნქციის დაკარგვის შესახებ. ამის თაობაზე მოსარჩელემ მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია, რაც აისახა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
7.2. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 219.1 და 215.2 მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, ანუ მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს, სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა ამ ახალი ფაქტობრივი გარემოების და, არსებობის შემთხვევაში, მისი დამადასტურებელი მტკიცებულების მიღების ფაქტი. ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა ახალი ფაქტობრივი გარემოების უარყოფის პროცესუალური შესაძლებლობა. ასეთ დასაბუთებას არ შეიცავდა არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
7.3. პალატამ განმარტა, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებული იყო, შესდავებოდა მას და შესაბამისად დაესაბუთებინა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმეოდა უფლება, ასეთი მოქმედება შეესრულებინა საქმის არსებითად განხილვის დროს.
7.4. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული ამ უფლების რეალიზებას შეეცადა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სადაც მან იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მიღებული ზემოთ მითითებული ახალი გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით, სსსკ-ის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
7.5. სააპელაციო პალატის დასკვნით, საპროცესო სამართლის ნორმები დაირღვა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. შესაბამისად, ვლინდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.
7.6. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებული ახალი გარემოების მიღების საკითხზე და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს მისი მიღების პროცესუალური წინაპირობა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეს უნდა მიეცეს ამ გარემოების საწინააღმდეგო მოსაზრებისა და, საჭიროების შემთხვევაში (თუ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე გადავა), მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
8.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, კერძოდ, ფანჯრის ღიობების 1/3 ნაწილი სარკმლისათვის დატოვა, მაშინ, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელის ეზოსკენ გაჭრილი ფანჯრები ხელს უშლიდა მას საკუთრებით სარგებლობაში.
8.2. ახალი გადაწყვეტილებით აპელანტმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება და არა - საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება. საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად გამოიწვევს საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას. საქმის დაბრუნების საფუძველი არ არსებობდა იმიტომაც, რომ სააპელაციო პალატამ თავადვე მიიჩნია დადგენილად, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც, ფანჯრების ღიობების ამოქოლვის შემთხვევაში, ოთახების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვას დაადასტურებდა. ამასთან, პალატამ იმაზეც მიუთითა, რომ ამ მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ ვლინდებოდა. შესაბამისად, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ზეპირი დაუსაბუთებელი „მითითება“ გავლენას ვერ მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე.
8.3. თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა სარჩელის რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებული იყო, მიეთითებინა ამისი მიზეზი და დაესაბუთებინა შესაბამისი არგუმენტებით საქმის წინასწარი განხილვისათვის მომზადების სტადიაზე. ამის შესახებ თავის დროზე არც საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული, არც მოპასუხეს არ უთხოვია და არც სასამართლოს ინიციატივით გადადებულა საქმის განხილვა. საქმის არსებით განხილვის სტადიაზე ამის თაობაზე მოპასუხის „მითითება“ კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად იმიტომაც, რომ საქმის მასალებში ამ ახალი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა.
8.4. სასამართლოს მიერ თავის გადაწყვეტილებაში გამოყენებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება არ ითვალისწინებს სასაზღვრო-სამიჯნე კედელში მეზობლის მხარეს რაიმე ღიობის არსებობას. შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის იმპერატიული ნორმა უკვე გამორიცხავს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სასაზღვრო-სამიჯნე კედელში სამი ფანჯრის ამოქოლვით ოთახების დანიშნულებით გამოყენების დაკარგვასთან დაკავშირებით რაიმე დასაბუთებას და, შესაბამისად - მტკიცებულების არსებობა/არარსებობას, დასაბუთება/არდასაბუთებას, საპატიო/არასაპატიო მიზეზს, სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებასა და სხდომის გადადებას ან, როგორც ახალი გარემოების მიზეზით, საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას.
9. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, სამეზობლო საზღვრის მხარეს მოპასუხის კუთვნილ შენობაზე არსებული ფანჯრის ღიობების სრულად ამოშენების დავალდებულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 176-ე (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა) მუხლი.
12. მითითებული ნორმით გათვალისწინებული შედეგისათვის მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს, რომ ასაშენებელი ნაგებობა ან უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაცია დაუშვებლად ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას, რაც იმთავითვე აშკარაა. ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაუშვებელი ხელყოფა“ გულისხმობს ნაგებობის იმგვარ ექსპლუატაციას, რომელიც სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოება, დადგენილი წესებით, დაცული არ არის (შდრ. სუსგ ას-740-956-08, 10.12.2008წ.)
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ზუსტად განსაზღვრა არსებითია, რათა მართებულად განისაზღვროს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები), კერძოდ, სასამართლოს არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს და, პირიქით, დაადგინოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები.
14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნაზე არსებითად არ უმსჯელია. პალატამ მიიჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემობა, რომელიც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა, მოპასუხემ მხოლოდ მთავარ სხდომაზე წარადგინა და, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია მითითებული ახალი გარემოების მიღების საკითხი, პალატამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა.
15. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციისათვის იმ საფუძვლით დაბრუნებას, რომ პროცესუალური ნორმების დაცვით დადგინდეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი - მოპასუხის ოთახის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობა. ამ საკითხის გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, რამდენადაც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შესაბამისად, გასარკვევია არა ფანჯრის სრულად ამოქოლვით ხომ არ ირღვევა მოპასუხის უფლება, არამედ - ფანჯრის 1/3 ნაწილის ღიად დატოვებით დაუშვებლად ილახება თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება. აქვე პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ ამის დამტკიცების შემდგომ, შესაძლოა, იმსჯელოს სასამართლომ ორივე მესაკუთრის ინტერესების დაბალანსებასა და მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერებაზე.
16. მოპასუხის სახლის სადავო ოთახში სხვა ფანჯრების არსებობა არსებითიც რომ ყოფილიყო საქმის გადაწყვეტისათვის, საქმის პირველ ინსტანციაში ამ საფუძვლით დაბრუნება მაინც უსწოროა, რამდენადაც მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების წარდგენით იმის დამტკიცება სურდა, რომ სადავო ოთახს სხვა ფანჯარაც ჰქონდა, მაშინ, როდესაც 24.02.2016 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ თავადაც დაადასტურა კიდევ ერთი ფანჯრის არსებობა, თუმცა, განმარტა, რომ ვინაიდან მასზე გადმოფარებული იყო აივანი, საკმარისი სინათლე არ შედიოდა.
გარდა ამისა, მართალია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სსსკ-ის 219.1 და 215.2 მუხლებთან დაკავშირებით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ახალი გარემოების წარდგენის თაობაზე პრეტენზია აპელანტს არც სააპელაციო საჩივარში და არც საქმის ზეპირი განხილვის დროს არ განუცხადებია. ამასთან, მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში უშუამდგომლია საქმის გადადების თაობაზე, ახალი გარემოების გასაქარწყლებლად მტკიცებულებათა წარმოდგენისათვის.
17. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სსკ-ის 176-ე მუხლის წანამძღვრები არ გამოუკვლევია და, აქედან გამომდინარე, არც სასამართლოს გადაწყვტილება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ამასთან, არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქმეზე არსებითად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნება არსებითად სწორია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, სამიჯნე კედლის ფანჯარაზე ერთი მესამედი ნაწილი სარკმლისათვის განსაზღვრა, თუმცა ამის საფუძვლად მიუთითა მოპასუხის მიერ ოთახების სხვაგვარად დანიშნულებით გამოყენების შეუძლებლობა.
სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგისათვის, როგორც აღინიშნა, პირველ რიგში, მოსარჩელის ინტერესის დაუშვებელი ხელყოფა უნდა შემოწმდეს და არა - მოპასუხის საკუთრების უფლების შელახვა, ვინაიდან მოთხოვნის უფლება გამორიცხულია, თუ მესაკუთრე ვალდებულია, ითმინოს ხელყოფა. თმენის ვალდებულება ეფუძნება კანონს (სსკ-ის 175-ე მუხლი). ამდენად, თუნდაც მოპასუხის ოთახს, გარდა სადავო ფანჯრებისა, სხვა ფანჯარაც ჰქონდეს, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო ფანჯრების 1/3 ნაწილზე სარკმლის არსებობით მისი ინტერესის დაუშვებელ ხელყოფას, მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
18. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისას, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით, უნდა დაადგინოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - სსკ-ის 176-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, სადავო ფანჯრების მხოლოდ ერთ მესამედ ნაწილზე სარკმლის არსებობა მოსარჩელის საკუთრების უფლებას შელახავს თუ არა აშკარად და დაუშვებლად. ამასთან, დასაშვები ფარგლები უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის საშუალო გონიერი მოსარგებლის თვალთახედვიდან და არა - მოსარჩელის სუბიექტური აღქმით.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 115-ე მუხლზეც (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა იყოს გამიზნული მხოლოდ მოპასუხეთათვის ზიანის მისაყენებლად, ისე რომ არ იყოს გამოკვეთილი მისი ინტერესის უპირატესობა. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ ნაწილში მოსარჩელის პრეტენზია დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ მიზანთან - არ ჩაიხედონ მის საკუთრებაში არსებულ ეზოში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, ფანჯრის ზედა ერთ მესამედ ნაწილში სარკმლის არსებობის შემთხვევაშიც, ეს მიზანი რატომ არ მიიღწევა.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რაკი „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება არ ითვალისწინებს სასაზღვრო სამიჯნე კედელში მეზობლის მხარეს რაიმე ღიობის არსებობას, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას და დამატებითი ფაქტების კვლევას აზრი ეკარგება.
აქტი საჯაროსამართლებრივი ხასიათისაა და განსახილველი კერძოსამართლებრივი დავის მოსაწესრიგებლად არ გამოდგება (დაუშვებელი ხელყოფის სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებისას, აღკვეთას ექვემდებარება მეზობელ ნაკვეთზე, თუნდაც მშენებლობის წესების შესაბამისად აშენებული ნაგებობიდან მომდინარე ხელშეშლა და, პირიქით, მოსარჩელე, თუ ვერ დაამტკიცებს დაუშვებელ ხელყოფას, სარჩელი არ დაკმაყოფილდება, რამდენადაც სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მშენებლობის წესების დარღვევა არ მოწმდება). ასეც რომ არ იყოს, სახლი აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1989 წელს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და 15.01.2014 წლის დადგენილებას მოცემული ნაგებობის მიმართ ვერ ექნება უკუქცევითი ძალა (საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლი).
21. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიწის ნაკვეთები, რომელზეც მოსარჩელისა და მოპასუხის სახლი მდებარეობს, ერთიანი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელის მამას და სწორედ მან ააშენა ორივე სახლი ამგვარი სახით. ამდენად, მოპასუხეს სადავო ფანჯრები თვითნებურად არ გაუჭრია, არამედ მან სახლი შეიძინა არსებული პროექტით, შენობა ექსპლუატაციაში იყო მიღებული და, შესაბამისად, აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნებზე სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია და სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ამ საქმეზე თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. ამასთან, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე, არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ხ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი