Facebook Twitter

№ას-1021-982-2016 17 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.კ–ი

წარმომადგენელი – გ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – თ.ბ–ი, ტ.ჟ–ი

წარმომადგენლები – გ.დ–ა, თ.ნ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თავდაპირველი მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ბ–ის (მესაკუთრე, გამყიდველი, პირველი მოპასუხე) სახელზე 2008 წლის 25 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მან მიიღო მემკვიდრეობა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ......... ქუჩა N65-ში (სადავო უძრავი ქონება).

2. მ.კ–მა 2012 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის მიმართ 39 000 აშშ დოლარის, ხოლო პირველი მოპასუხისა და თ.ბ–ის მიმართ სოლიდარულად 70 000 ევროს დაკისრების მოთხოვნით.

3. პირველმა მოპასუხემ და ტ.ჟ–მა (მეორე მოპასუხე, მყიდველი) 2013 წლის 20 თებერვალს სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი 80 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამასთან, მოპასუხეს მიეცა აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრების უფლება.

4. 2013 წლის 20 თებერვალსვე, სადავო უძრავი ქონება, დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების შედეგად, საჯარო რეესტრში თავდაპირველად გამყიდველის საკუთრებად, შემდეგ კი, მყიდველის სახელზე აღირიცხა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხესა და თ.ბ–ს, მ.კ–ის (მოსარჩელე) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 70 000 ევროს გადახდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალში 2015 წლის 23 თებერვალს შევიდა, ის ჯერ არ აღსრულებულა.

6. 2013 წლის 18 მარტს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თავდაპირველი მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნით.

6.1. მოსარჩელის მტკიცებით, პირველი მოპასუხე მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებას, მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით, საჯარო რეესტრში არ ირეგისტრირებდა. როდესაც მოსარჩელემ მემკვიდრეობით მიღებული ქონების შესახებ შეიტყო, სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მიმართა, თუმცა, 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ შეიტყო მოპასუხემ და მეორე დღეს, 20 თებერვალს, სადავო უძრავი ქონება თავის ახლობელს, მეორე მოპასუხეს, დაჩქარებული წესით გადაუფორმა.

6.2. ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობას ადასტურებს ისიც, რომ მეორე მოპასუხე თავის 6 შვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ ......., მან 2007 წლის 11 ივნისს იპოთეკით დატვირთა თავისი ბინა ბანკის სასარგებლოდ და აიღო სესხი, ხოლო 2011 წლის 3 აგვისტოს კვლავ აიღო სესხი ბანკისგან და არცერთი იპოთეკის ხელშეკრულება დღეს გაუქმებული არ არის. ამიტომ, საეჭვოა, რომ მეორე მოპასუხეს 80 000 აშშ დოლარი გადაეხადა ისეთ ბინაში, რომელშიც გადასვლას არ ჩქარობს.

7. მოპასუხეებმა მოთხოვნის წარმოშობის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მხოლოდ მისი მოსაზრება იყო და არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე, 56-ე, 170-ე, 477-ე მუხლები და დაასკვნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება არ იყო.

9.1 სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ სწორედ ამ ქონების დაყადაღებაზე უარის თქმის გამო დაირეგისტრირა და შემდეგ გაასხვისა საკუთრება, არ დასტურდება, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, რომ მან იცოდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. გარდა ამისა, როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებდა, მან სარჩელი აღძრა 2008 წლის ნოემბერში, ანუ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა. თუ პირველ მოპასუხეს ამგვარი განზრახვა ჰქონდა, იგი მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე დაირეგისტრირებდა და გაასხვისებდა ქონებას, რადგან ამისათვის ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობდა. ამასთან, 2008 წლის ნოემბრის შემდეგაც, საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მესაკუთრეს არაერთხელ ჰქონდა საშუალება, ანალოგიურად მოქცეულიყო.

9.2. სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შესული არ იყო, რის გამოც მოპასუხის დადასტურებულ ვალდებულებას მოსარჩელისადმი სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხე, როგორც აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო, შეუზღუდავად განეკარგა საკუთარი ქონება ნებისმიერი ფორმით.

9.3. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება გამყიდველის საკუთრება იყო და ობიექტური გარემოების, კერძოდ, ვალების გამო გაასხვისა. მოსარჩელის მტკიცება, რომ მეორე მოპასუხეს არ სურდა უძრავი ქონების შეძენა, სასამართლოს მოსაზრებით, გარიგების მოჩვენებითობას არ ადასტურებდა. ის გარემოება, რომ სადავო ბინაში კვლავ გამყიდველი ცხოვრობდა, არ ეწინააღმდეგებოდა და არც რაიმე ფორმით არ ლახავდა შემძენის საკუთრების უფლებას, ხოლო ის ფაქტი, რომ შემძენს გამყიდველისათვის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა:

10.1. პირველმა მოპასუხემ დედის დანატოვარ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო 2008 წელს, თუმცა იმის შიშით, რომ სადავო ქონება მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად არ გამოყენებულიყო, საჯარო რეესტრში არ ირეგისტრირებდა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარს შედეგად მოჰყვა ის, რომ პირველმა მოპასუხემ მეორე დღესვე დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა სამკვიდრო ქონება და ასევე დაჩქარებული წესით იმ დღესვე გაასხვისა. აპელანტის მითითებით, თუ არა შიში, რომ დედამისის დანატოვარი ქონება არ გამოყენებულიყო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების საშუალებად, მაშინ რატომ დაირეგისტრირა დაჩქარებული წესით უძრავი ნივთი, რომელზეც სამკვიდრო მოწმობა აღებულია 2008 წლიდან? რატომ გადაიხადა გამყიდველმა, რომელსაც, სასამართლოს განმარტებით, ვალები ჰქონდა, 200 ლარი, როდესაც 3 სამუშაო დღეში 50 ლარად დაირეგისტრირებდა ქონებას? ასევე, გაუგებარია, რას ემსახურებოდა მეორე მოპასუხის მიერ დაჩქარებული წესით ნივთის რეგისტრაცია და ამაში 205 ლარის გადახდა, მაშინ, როდესაც იგი დღესაც არ გადასულა ამ სახლში საცხოვრებლად.

10.2. აპელანტის განმარტებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან გასულია 5 თვეზე მეტი და მყიდველი არ აპირებს „ნაყიდ“ სახლში გადასვლას, ხოლო გამყიდველი – სახლის დაცლას, რადგან უდავოა, რომ მათ შორის დადებული გარიგება მოჩვენებითია.

10.3. აპელანტის მითითებით, საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს 2012 წლის ნოემბრიდან და არა - 2008 წლიდან, როგორც ამას აღნიშნავს სასამართლო. სასამართლომ სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა არ დაადო სამკვიდრო ქონებას, რითაც ისარგებლა პირველმა მოპასუხემ და, როდესაც რეალური საფრთხე დაემუქრა მის ქონებას, მოჩვენებითი გარიგებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის სახელზე. პირველი მოპასუხის შიში რეალური აღმოჩნდა, რამდენიმე დღეში სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და პირველ მოპასუხეს დაეკისრა 70 000 ევროს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

10.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გამყიდველს ჰქონდა ვალები და სწორედ ამან განაპირობა დაჩქარებული წესით ქონების რეგისტრაცია. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის გარდა, სხვისი ვალიც ჰქონდა. ამასთან, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონების გასხვისების შედეგად აღებული ფულით მესამე პირის ვალი გაისტუმრა.

10.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ, არასწორად განმარტა სსკ-ის 56-ე მუხლი. პირველმა მოპასუხემ ვერ მიუთითა, რატომ გაყიდა მინიმუმ 150 00 აშშ დოლარად ღირებული სახლი 80 000 აშშ დოლარად. მან ვერც ამ თანხის მიღების ფაქტი ვერ დაადასტურა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებდა ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.

11.2 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ნასყიდობის საგანი მყიდველს მფლობელობაში არ გადასცემია საკმარისი არ იყო გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, რადგანაც უძრავ ნივთთან დაკავშირებული გარიგების ნამდვილობა ნასყიდობის საგნის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას არ უკავშირდებოდა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველს მიეცა აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრების უფლება მის მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის მოძებნამდე. ამდენად, იმაზე მითითებით, რომ სადავო ბინაში დღემდე პირველი მოპასუხის ოჯახი ცხოვრობს, დასაბუთებულად არ ივარაუდება სადავო ხელშეკრულების დადებისას ქონების საკუთრებაში მიღებაზე მყიდველის სხვა უპირატესი ინტერესი.

11.3 რაც შეეხება აპელანტის მითითებას, ნასყიდობის ფასის შეუსაბამობაზე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება. ამასთან, ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, იგი ვერ გახდებოდა გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი, ვინაიდან მხარეებმა ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე (სსკ-ის 319-ე მუხლი) შეათანხმეს, რაც გულისხმობს მხარის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რა პირობებით და რამდენად გაყიდოს კუთვნილი ქონება.

11.4 აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის დაჩქარებული წესით დარეგისტრირება და შემდეგ ასევე დაჩქარებული წესით გასხვისება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს განჩინების შესახებ, რომლითაც მხარეთა შორის მიმდინარე პირველ დავაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სადავო სახლზე ყადაღის დადების შესახებ.

11.5 რაც შეეხება მყიდველის კეთილსინდისიერებას, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება მეორე მოპასუხის არაკეთილსინდისიერების თაობაზე. პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრიდან გამომდინარე, მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა ნათესაურ ან სხვა სახის ახლობლურ ურთიერთობას, ასევე, მყიდველის მხრიდან გამყიდველის მიმართ ფინანსური ვალდებულების არსებობას.

11.6 რაც შეეხება აპელირებას, რომ მყიდველს ბანკის წინაშე სასესხო ვალდებულებები ჰქონდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა სადავო ქონების ყიდვას, პალატამ მიუთითა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დათქმაზე, მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შესახებ, რომელიც ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული მტკიცებულება იყო (სსკ–ის 429-ე, 430-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მყიდველის განმარტებაც, რომ საბანკო სესხებიდან პირველი უკვე დაფარული ჰქონდა. ამასთან, სესხი მოხმარდა იმ ფერმერული მეურნეობის გაფართოებას (მიწის ნაკვეთის, ძროხებისა და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას), საიდანაც სოლიდურ შემოსავალს იღებს.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

12.1. მოპასუხეები რომ ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ და გარიგების შესაბამისი იურიდიული შედეგი არ სურდათ, საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამსხვისებელი კვლავ სადავო ბინაში ცხოვრობს, შესაძლოა, არ იყოს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა ამაზე არაერთი სხვა გარემოება მიუთითებს.

12.2 ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი სადავო ბინაში ალტერნატიული სადავო საცხოვრებლის მოძიებამდე უნდა დარჩენილიყო. ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი შესაძლოა, ბინის გაყიდვიდან 1-2 თვე ვერ მოიძიო, თუმცა, მოცემულ შეთხვევაში, გასულია 45 თვე და გამყიდველი კვლავ „გაყიდულ“ ბინაში ცხოვრობს. ეს იმ პირობებში, როდესაც მყიდველს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს. ამასთან, გამყიდველის განმარტებით, მყიდველი მისთვის უცნობი პირია.

12.2. მოპასუხეთა ახლობლობას ადასტურებს საქმეში არსებული მრავალი გარემოება, მათ შორის, თავად მხარეთა ახსნა-განმარტებები. 18.05.2016 წლის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მყიდველმა იცოდა პირველი მოპასუხის მეზობლად მისი ბიძის საცხოვრებელი სახლისა და იმის შესახებ, რომ გამყიდველს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა, რამდენადაც ბიძას, რომელიც გარდაიცვალა, მოსარჩელის მოვალეების გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა. გამყიდველი ბიძის სახლშია რეგისტრირებული, ფლობს მას და მისი საკუთრებაა.

მოპასუხეები არ უარყოფენ, რომ გაყიდულ სახლში კვლავ გამყიდველის ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ერთობლივად რამდენჯერმე შეიცვალეს პოზიცია, რაც მათ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ახლობლური კავშირი დადასტურებულია, რამდენადაც მყიდველმა განმარტა, რომ გამყიდველი მისივე ტაძარში მოღვაწე მამა ა–ის მრევლია, ხოლო მამა ა–იმ განაცხადა, რომ გამყიდველი მყიდველის მრევლია. მყიდველი ვერ უარყოფს, რომ გამყიდველი იმ ტაძრის მრევლია, სადაც ღვთისმსახურებას მეორე მოპასუხე ეწევა.

12.3. კასატორის მტკიცებით, გამყიდველს მყიდველისათვის ნასყიდობის საფასური - 80 000 აშშ დოლარი არ გადაუხდია. მყიდველმა ვერ დაადასტურა, რომ მას 2013 წლის 20 თებერვლისათვის ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო გამყიდველმა კი, თანხის მიღება ვერ დაადასტურა. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ თანხა მის სახელზე სადავო ბინის რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრში გადაუხადა. სადავო ბინა მყიდველის სახელზე 20.02.2013 წელს, 19:20 საათზე აღირიცხა, ამ დროისათვის რეესტრი საათზე მეტი ხნის დაკეტილი იყო. არადამაჯერებელია მეორე მოპასუხის განმარტება თანხის მოძიებასთან დაკავშირებით: 25 000 აშშ დოლარი ბანკიდან სესხი გამოიტანა, 25 000 აშშ დოლარი მეგობარმა სასულიერო პირმა ასესხა (არ დაუსახელებია ვინ ზუსტად), დანარჩენი მრევლმა შეკრიბა. ბანკთან არსებული ხელშეკრულების თაობაზე კი, მოსამართლეს უპასუხა, რომ სესხი 2013 წელს კი არა 2011 წელს აიღო.

ვერც გამყიდველმა დაადასტურა თანხის მიღების ფაქტი. მისი განმარტებით, თანხა ვალებში გადაიხადა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას ვალი ჰქონდა, მით უმეტეს დაუდგენელია სახლის გაყიდვით მიღებული თანხით ვალების დაფარვა. თუ ვალის გასტუმრებას აპირებდა, პირველ რიგში, მოსარჩელის ვალის ნაწილი მაინც უნდა დაეფარა.

მყიდველის განმარტებით, მის მიერ თანხის გადახდისას საჯარო რეესტრში გამყიდველთან ერთად იმყოფებოდა ქალბატონი, რომელსაც პირველმა მოპასუხემ ვალი გადაუხადა. გარდა იმისა, რომ ამ დროს საჯარო რეესტრი დაკეტილი იყო, ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად განაცხადებდა პირველი მოპასუხე მისი ვინაობის შესახებ, მან ხომ თავისი ნათესავებისა და ნაცნობებიდან ვერავინ დაითანხმა ვალის გადახდის დასადასტურებლად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მესამე პირზე (მეორე მოპასუხეზე) გასხვისებული უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

16. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).

17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა მათი შეთანხმებული ქმედებით მოჩვენებითი გარიგების დადებით, რათა შეუძლებელი გამხდარიყო პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული, ვალდებულების აღსრულება - თანხის გადახდა.

18. პალატა მიუთითებს სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზე: საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამოვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი (შდრ სუსგ №ას-571-879-09, 30.04.2010 წელი).

19. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ისევე, როგორც კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი ისაა, რომ მოსარჩელემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა იმ ფაქტების დასამტკიცებლად, რომელიც გარიგების მოჩვენებითობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა კი მიუთითებს, რომ სასამართლოს საფუძვლიანი ეჭვი, ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე დიდწილად მხარეთა შორის არა სადავო, არამედ უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობამ განაპირობა, კერძოდ: უდავოა, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის ვალი ჰქონდა; უდავოა, რომ პირველმა მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო სადავო ბინა; იგი ბინას, კანონით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრში არ ირეგისტრირებდა; სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას - 20.02.2013 წელს სასამართლოში მიმდინარეობდა დავა მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გამო პირველი მოპასუხისათვის 39 000 აშშ დოლარისა და პირველი მოპასუხისა და მისი დისათვის სოლიდარულად 70 000 ევროს დაკისრების მოთხოვნით; გამყიდველმა სადავო უძრავი ქონება, დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების შედეგად, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა, იმავე დღეს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და ბინა დაჩქარებული წესით მყიდველის საკუთრებად აღირიცხა. უძრავი ქონების გასხვისებიდან მეექვსე წელია სადავო ბინას კვლავ გამყიდველი ფლობს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება 70 000 ევროს გადახდის თაობაზე დღემდე არ შეუსრულებია, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გამო, შეუძლებელი გახდა.

20. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება.

21. რამდენადაც მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის, ძირითადად, კრედიტორის მოტყუებაა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კი, უდავოა, რომ გამყიდველი მოსარჩელის მოვალეა, რომელიც თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, მოტივი იმთავითვე ივარაუდება. აღნიშნული მიზანი და მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთკავშირი (პ.19), მაღალი ალბათობით, უთითებს მხარეთა მიერ მოჩვენებითი ნების გამოვლენაზე და ქმნის სასამართლოს დასაბუთებულ ვარაუდს ფიქტიური გარიგების თაობაზე.

22. ვინაიდან ეს გარემოებები არც მოპასუხეებმა უარყვეს, შემდეგ უკვე მათი ვალდებულება იყო, წარმოედგინათ მოვლენათა ამგვარი განვითარების ლოგიკური დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით. სწორედ მათ უნდა ემტკიცებინათ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა იყო ქონების დაჩქარებული წესით ჯერ გამყიდველის, ხოლო შემდეგ მყიდველის საკუთრებად აღრიცხვა, იმის გთვალისწინებით, რომ სადავო ბინაში მისი გაყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კვლავ გამყიდველი ცხოვრობს.

მათი ამგვარი ვალდებულება თანაბარი საპროცესო შესაძლებლობების პრინციპიდანაც გამომდინარებს, ვინაიდან მათ უკეთ იციან, თუ როდის, როგორ და რატომ მოხდა შესაბამისი ფაქტები. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთათვის შესაძლებელი იყო, წარმოედგინათ კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

23. პირველი მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ სადავო ქონების დაჩქარებული წესით რეგისტრაცია და შემდეგ დაჩქარებული წესით გასხვისება ვალებმა განაპირობა, კერძოდ, სადავო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხით მესამე პირის ვალი გაისტუმრა. ქვედა ინსტანციის სასამართლომ ისე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ ვალების გამო გაყიდა ქონება, ამ ფაქტის დასადასტურებლად გამყიდველს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მაშინ, როდესაც, როგორც აღინიშნა, ეს მას მეტად ხელეწიფებოდა. პირველმა მოპასუხემ ვერც ის ფაქტი ახსნა, თუ ქონება სწორედ ვალების გამო გაყიდა, რატომ არ გადაიხადა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალის თუნდაც ნაწილი.

24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას და რომ მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ შესაბამის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია, რომ არა მხოლოდ სადავო გახადოს მტკიცების ვალდებულების მქონე მხარის მითითებები, არამედ დასაბუთებულად წარმოადგინოს თავის მიერ მითითებული გარემოებები.

25. მყიდველი უთითებდა, რომ 25 000 აშშ დოლარი მეგობარმა სასულიერო პირმა ასესხა, 30 00 აშშ დოლარი მრევლმა შეკრიბა, 25 000 აშშ დოლარი კი, 2011 წელს ბანკიდან გამოტანილი სესხით გადაიხადა. პალატა მიუთითებს, რომ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების უმთავრესი წინაპირობა მათი საკმარისად დასაბუთებულად წარმოდგენაა. მხარის მითითებული ახსნა-განმარტება არ არის საკმარისად დასაბუთებული იმისათვის, რომ სასამართლომ ისინი დამაჯერებლად მიიჩნიოს და გაითვალისწინოს, მაგალითად, სესხის აღება, ორი წელი ბანკში სარგებლის გადახდა და მხოლოდ ორი წლის შემდეგ ბინის ყიდვა ან თუნდაც უცნობი პირისათვის წლების განმავლობაში ბინის თხოვება, მაშინ, როდესაც თავად ბანკთან სასესხო ვალდებულებები გააჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია მყიდველის განმარტება, რომ საბანკო სესხებიდან პირველი უკვე დაფარული ჰქონდა. ამასთან, სესხი მოხმარდა იმ ფერმერული მეურნეობის გაფართოებას (მიწის ნაკვეთის, ძროხებისა და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა), საიდანაც სოლიდურ შემოსავალს იღებდა. ამ ფაქტების დასადასტურებლად მეორე მოპასუხეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მყიდველმა ნასყიდობის თანხის წარმოშობის წყარო დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა.

26. სააპელაციო პალატამ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დათქმა, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებლად მიიჩნია. მსგავს ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სადავო გარიგებაში არსებული დათქმა ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ, მტკიცებულებას ქმნის ხელშემკვრელ მხარეებს შორის გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების შესახებ, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც გარიგებაზე დავობს მესამე პირი მოჩვენებითობის საფუძვლით და გარიგების მოჩვენებითობის ერთ-ერთ საფუძვლად ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაზეა მითითებული, სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ჩანაწერის გარდა, მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი თანხის გადახდის შესახებ, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ (შდრ სუსგ №ას-667-638-2016, 7.10.2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხემ არა მარტო ნასყიდობის თანხის წარმოშობის წყარო ვერ დაასაბუთა, არამედ ვერც საფასურის გადახდა დაამტკიცა.

27. პალატა სააპელაციო სასამართლოს არც იმ დასკვნას იზიარებს, რომ საქმის მასალებით მოპასუხეთა ნათესაური ან სხვა სახის ახლობლური ურთიერთობა არ დასტურდება. ფაქტი, რომ ამდენი წლის მანძილზე გამყიდველს გაყიდულ ნივთზე მფლობელობა არ დაუკარგავს და თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს მას, სწორედ გამყიდველსა და მყიდველს შორის ახლობლურ ურთიერთობაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოპასუხეთა საერთო მიზნით მოქმედების პრეზუმფციას ის გარემოება ამყარებს, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეები ახლობლები იყვნენ და ივარაუდება, რომ მათ ერთიანი განზრახვაც ჰქონდათ.

28. მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებები იმდაგვარად ავსებს ერთმანეთს, რომ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნის დასკვნის შესაძლებლობას, რომ მოპასუხეებს არ განუზრახავთ რეალური ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და სადავო ხელშეკრულება მოჩვენებითია.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) საფუძველია. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს აკმაყოფილებს.

30. საკასაციო შესაგებელსა და 02.04.2018 წლის განცხადებას ერთვოდა მტკიცებულებები. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს ამოწმებს. კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან, შესაბამისად, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს (პირველ მოპასუხეს) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელსა და 02.04.2018 წლის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები (სულ 115 ფურცელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. საჯარო რეესტრში ტ.ჟ–ის (პ/ნ ……) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ......... (....ის) ქ.#65 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # .......), მესაკუთრედ აღირიცხოს თ.ბ–ი (პ/ნ ………);

5. თ.ბ–ს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელსა და 02.04.2018 წლის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები (სულ 115 ფურცელი);

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი