№ას-1070-1029-2016 15 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
პირველი კასატორი (მოპასუხეები, მეორე კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) – ვ.ბ–ი, შ.ბ–ი
წარმომადგენელი - მ.ყ–ი
მეორე კასატორი (მოსარჩელეები, პირველი კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) – მ.ლ–ძე, ა.მ–ი, ლ.მ–ი
წარმომადგენელი - გ.ღ–ი, მ.ს–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის მიერ 03.09.2010 წელს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული ხაშურის რაიონის, ..... სასოფლო საბჭოს აღმასკომის, სოფელ ..... 1980-1982 წწ საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, კ–ი ნ.ვ.ძეს (სახელისა და გვარის შეცვლის შემდგომ ნ.მ–ი), (შემდეგში - მამკვიდრებელი) პირად საკუთრებაში აწერია 1939 წელს აშენებული 85 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი, 1940 წელს აშენებული ბოსელი და 0,25 ჰა მიწა, მათ შორის - 0,02 ჰა შენობა-ნაგებობათა ქვეშ (იხ. საარქივო ცნობა ტ. І, ს.ფ. 19).
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის მიერ 18.10.2010 წელს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული ხაშურის რაიონის, ..... თემის საკრებულოს 1986-1995 წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, 1994 წელს ნოე კ–ის ოჯახი, გადატანილია კავშირგაწყვეტილთა სიაში, საფუძველი პირადი განცხადება. კომლის წევრად დაფიქსირებულია მამკვიდრებლის დედა, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლიდან კი, ივანე კ–ი (შემდეგში - მამკვიდრებლის მამა ან მჩუქებელი) .
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ..... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2007 წლის 31 აგვისტოს #483 ცნობის საფუძველზე, მამკვიდრებლის მამამ საკუთრებაში დაირეგისტრირა ხაშურის რაიონის სოფელ .... მდებარე 623 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 53.1 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება), ცნობის გაცემის საფუძველი გახდა 2001-2006 წლების საკომლო წიგნი #10, ფურცელი #5.
4. 2007 წლის 9 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელმა, შვილიშვილს - ვ.ბ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული) საჩუქრად გადასცა ხაშურის რაიონში, სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლი, 623 კვ.მ მიწის ნაკვეთი, განაშენიანებული 53.1 კვ.მ (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 17-18. ტ.1).
5. მითითებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი # ....... საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 625.00 კვ.მ.) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: #1 – 129.4 კვ.მ., #2 – 53.4 კვ.მ, #3 – 25.5 კვ.მ. ამ ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 09.10.2007 წლის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 32-33).
6. ნ.მ–ი 2009 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - მ.ლ–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეორე კასატორი), ა.მ–ი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან კასატორი) და ლ.მ–ი (შემდეგში - მესამე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან კასატორი).
7. 2010 წლის 7 დეკემბერს, პირველი მოსარჩელის სახელზე, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე, გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 36-38). მეორე და მესამე მოპასუხეებმა მამის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს.
8. მამკვიდრებელი და შ.ბ–ი (შემდეგში მეორე მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) იყვნენ ძმები, მჩუქებლის შვილები; პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის შვილია, ამდენად, დასაჩუქრებული მამკვიდრებლის ძმისშვილია.
9. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ ..... თემის საკრებულოს 1991-1995 წლების საკომლო წიგნში 1994 წლის ჩანაწერი, მამკვიდრებლის კომლში რეგისტრაციის გაუქმებისა და კომლის წევრად მამკვიდრებლის დედის მითითების შესახებ; გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ ..... თემის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი მამკვიდრებლის დედის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრად მჩუქებლის მითითების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ ..... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული N483 ცნობა (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ. 24-31. ტ.1), რომლის საფუძველზეც მჩუქებელი სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
10. 2015 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ისინი ატკიცებდნენ, რომ ხაშურის რაიონის, სოფელ ..... საკომლო წიგნების თანახმად, კომლის ერთადერთი წევრი მათი მამკვიდრებელი იყო. ყველა ჩანაწერი და ცნობა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მამკვიდრებლის რეგისტრაციის გაუქმებასა და კომლის ერთადერთ წევრად მჩუქებლის მითითებას, გაუქმდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სადავო ქონება ეკუთვნოდა მათ მამკვიდრებელს და არა მჩუქებელს, რის შესახებაც იცოდა დასაჩუქრებულმაც და ამდენად, ის ქონების არაკეთლსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა.
11. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარდგენილ შესაგებელში მიუთითეს, რომ მჩუქებელი მამკვიდრებლის მამა და პირველი რიგის მემკვიდრე იყო, შესაბამისად, მოსარჩელეებმა სამკვიდრო მასა სარჩელში არასწორად განსაზღვრეს. მოპასუხეთა მტკიცებით, დასაჩუქრებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენი იყო, ვინაიდან მოსარჩელეთა მამკვიდრებელს სიცოცხლეში პრეტენზია არ გამოუთქვამს სადავო ქონების მესაკუთრედ მჩუქებლის არასწორად აღრიცხვის თაობაზე.
12. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა. სასამართლომ ბათილად ცნო 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება და პირველი მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების - 625 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული 129.4 კვ.მ, 53.4 კვ.მ და 25.5 კვ.მ ფართის ნაგებობების მესაკუთრედ ცნო. მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლი, სსკ-ის 170.1, 1306-ე, 1328.1 მუხლები და სსსკ-ის 102-ე მუხლი გამოიყენა.
12.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეთა მამკვიდრებლის საკუთრებასა და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა. ვინაიდან, მჩუქებელმა არასწორი საბუთების წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირა შვილის (მამკვიდრებლის) უძრავი ნივთი და შემდგომ პირველ მოპასუხეს აჩუქა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულმა იცოდა მჩუქებლის მიერ საკუთარ სახელზე სადავო ქონების უკანონოდ დარეგისტრირების შესახებ და ის კეთილსინდისიერ შემძენად არ მიიჩნია.
12.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველმა მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით მიიღო მემკვიდრეობა და იგი სადავო ქონების მესაკუთრედ ცნო.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მეორე და მესამე მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
15. პირველი აპელანტების (მოპასუხეების) სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
15.1. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, მჩუქებლის, ხოლო შემდგომ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მამკვიდრებლისადმი კუთვნილების ფაქტი და არასწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასა და მემკვიდრეთა წრე. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნა პირველი მოპასუხის არაკეთილსინდისიერების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
16. მეორე აპელანტების (მეორე და მესამე მოსარჩელეების) სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
16.1. აპელანტთა მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მამის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე, 1421-ე და 1450-ე მუხლების მოთხოვნები.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის 2007 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; სასამართლომ მოსარჩელეები სადავო ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრეებად ცნო.
17.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მამკვიდრებლის რეგისტრაციის გაუქმებასა და კომლის ერთადერთ წევრად მჩუქებლის მითითებას, ასევე - სადავო უძრავი ქონების, 623. კვ.მ მიწისა და 53,1 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მჩუქებლის საკუთრებაში არსებობას, რითაც საფუძველი გამოეცალა სადავო ქონებაზე მის საკუთრების უფლებას. პალატის დასკვნით, იმისათვის, რომ ჩუქების ხელშეკრულება მიჩნეულიყო ნამდვილად, მჩუქებელი გაჩუქებული ქონების მესაკუთრე უნდა ყოფილიყო, მჩუქებელმა კი, განკარგა ის ქონება, რომლის განკარგვის უფლებაც მას, როგორც მესაკუთრეს არ ჰქონდა.
18. სააპელაციო პალატის დასკვნით, მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ - შვილები/მეორე და მესამე მოსარჩელეები, მეუღლე/პირველი მოსარჩელე და მამა/მჩუქებელი. ამდენად, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის პირველი რიგის ოთხი მემკვიდრე არსებობდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის შვილებმა და მჩუქებელმა მამის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებს გზით მიიღეს, რაც გამოიხატა სამკვიდრო ქონებაში მათი ცხოვრებით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო მისმა ოთხივე პირველმა რიგის მემკვიდრემ, შესაბამისად, თითოეულის წილი მამკვიდრებლის ქონების ¼ ნაწილს შეადგენდა.
19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
20. პირველი კასატორების (მოპასუხეების) საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
20.1. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ მართებულად გაყო სამკვიდრო ოთხ ნაწილად, მაგრამ არასწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასა. კასატორთა მტკიცებით, უსაფუძვლოა ჩუქების ხელეკრულების ბათილად ცნობა მთლიან ქონებაზე. გადაწყვეტილებით გამოკვლეული არაა, თუ რა ქონება ეკუთვნოდა მამკვიდრებელს და, შესაბამისად, რა უნდა განაწილებულიყო მემკვიდრეებს შორის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის მიერ 03.09.2010 წელს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, არქივში დაცული 1980-1982 წწ საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, მამკვიდრებელს პირად საკუთრებაში აწერია 1939 წელს აშენებული 85 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1940 წელს აშენებული ბოსელი და 0,25 ჰა მიწა, მათ შორის - 0,02 ჰა (200 კვ.მ) შენობა-ნაგებობათა ქვეშ, ანალოგიური ჩანაწერია მამკვიდრებლის დედაზე 1991-95 წლების ჩანაწერშიც, ერთადერთი, სადაც დაფიქსირებულია 623 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არის 2007 წლის 31 აგვისტოს გაცემული #483 ცნობა, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა ბათილი ცნობა და დაასკვნა, მთლიანი ქონება უნდა განაწილებულიყო მემკვიდრეებს შორის, რაც არასწორია. კასატორის მითითებით, მათ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მჩუქებელმა მეზობლისგან მომიჯნავედ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა და გააერთიანა სადავო ნაკვეთთან, რომელიც ბათილად ცნობილი ცნობის საფუძველზე, ერთიან ნაკვეთად დარეგისტრირდა. აღნიშნული დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული მეზობლების ახსნა-განმარტებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კასატორთა მოსაზრებით, ქონება მემკვიდრეებზე უნდა განაწილებულიყო იმ ფარგლებში, რაც ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, ანუ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 51 კვ.მ სახლი, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებაც ამ ფართის ¾ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო.
21. მეორე კასატორების (მოსარჩელეების) საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
21.1. კასატორთა მტკიცებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მათი მამკვიდრებლის რეგისტრაციის გაუქმებას. მითითებული გადაწყვეტილებით უტყუარადაა დადგენილი და დადასტურებული მჩუქებლის მიერ მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების განხორციელებაში ხელშეშლის გზით, სამკვიდროში საკუთარი წილის გაზრდისა და, დანაშაულებრივად, სხვა მემკვიდრეებისათვის სამკვიდრო წილის გარეშე დატოვების განზრახვა და ფაქტი. სააპელაციო პალატამ არ გაითვ.....წინა ამავე გადაწყვეტილებით მის მიერ გაზიარებული და დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მჩუქებლის მემკვიდრედ ცნობას. კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ მჩუქებელმა დოკუმენტების გაყალბების გზით მთლიანად მიითვისა მამკვიდრებლის კუთვნილი სადავო ქონება და შემდგომ გააჩუქა, რაც მის უღირს მემკვიდრეობაზე მეტყველებს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესს იმ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს, რომელიც მათი მამკვიდრებლის განკარგვის სფეროდან კანონსაწინააღმდეგოდ, უფრო ზუსტად, საკომლო წიგნის მცდარი ჩანაწერის საფუძველზე გავიდა და ჯერ, მამკვიდრებლის მამის, ხოლო მოგვიანებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის განკარვის სფეროში აღმოჩნდა. მოპასუხეები სარჩელს მოსარჩელეთა მამკვიდრებლის სამკვიდრო მასის და მემკვიდრეთა წრის ფარგლების არასწორად განსაზღვრაზე აქცენტირებით შეედავნენ.
25. სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელეთა ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 990-ე (1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს), 1336-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები) მუხლებისა და 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის (2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.) დანაწესიდან გამომდინარეობს. სწორედ მითითებულ ნორმათა შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია.
26. საპროცესო შეჯიბრებითობის ფარგლებში დავაზე წარმოდგენილი სამართლებრივი პრეტენზიებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, განმსაზღვრელია მოსარჩელეთა მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და იმ პირთა ზუსტი იდენტიფიცირება, ვინც ეს ქონება მესაკუთრის გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეობის უფლებით მიიღო.
27. დადგენილია, რომ მამკვიდრებელს, გარდაცვალების მომენტში, რასაც კანონმდებლობა მემკვიდრეობის მიღების უფლების წარმოშობას უკავშირებს, ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი და მამა, რომლებიც სამემკვიდრეო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის ფარგლებში თანაბარი უფლების მქონე პირველი რიგის მემკვიდრეთა სამართლებრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებლის მეუღლემ ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ 6 თვის ვადაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, ხოლო დანარჩენმა მემკვიდრეებმა სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს. სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვინაიდან კასატორებს ამ საკითხზე დასაბუთებული პრტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
28. მოპასუხეები კასაციის ეტაპზე სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ გარემოებებს და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მართებულად გაანაწილა მამკვიდრებლის ქონება 4 მემკვიდრეზე, თუმცა არასწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასა. რაც შეეხება მოსარჩელეებს, ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მამკვიდრებლის მამისთვის, როგორც უღირსი მემკვიდრისთვის, არ უნდა მიეკუთვნებინა მამკვიდრებლის ქონების ¼ წილი.
29. საკასაციო პალატა მეორე კასატორთა (მოსარჩელეების) პრეტენზიის საპასუხოდ, უპირველეს ყოვლისა, იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელეებს არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებში არ წამოუყენებიათ პრეტენზია მამკვიდრებლის მამის, როგორც უღირსი მემკვიდრის მემკვიდრეთა წრიდან ამორიცხვის თაობაზე.
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ახალ ფაქტებზე მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადეს, რაც ახალი გარემოებაა, სსსკ-ის 407.1( საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) მუხლის დანაწესის შესაბამისად კი, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში კასატორებს შედავება არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, მეორე კასატორთა მიერ შესაბამის გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მითითებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 1310-ე მუხლის (არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე)) გამოყენების წინაპირობები. სსკ-ის 1312-ე მუხლის შესატყვისად, ამა თუ იმ პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის ინიცირებას სარჩელის ფარგლებში ახორციელებს ის მემკვიდრე, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისათვის ქონების ჩამორთმევა ქონებრივ შედეგებს წარმოშობს. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს სარჩელით მამკვიდრებლის მამის უღირს მემკვიდრედ ცნობა არ მოუთხოვიათ, ამასთან, სასამართლო პირს უღირს მემკვიდრედ მხოლოდ სსკ-ის 1310-ე მუხლში მითითებული გარემოებების კუმულაციური თანხვედრისას ცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავაზე უნდა გამოიკვეთოს პირის განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების გამოვლენაში ხელშეშლით, ხელი შეუწყოს მისი ან მისი ახლობლების მემკვიდრეებად მოწვევას მამკვიდრებლის გარდაცვალებისას. დასახელებული გარემოებები ამ დავის ფარგლებში არც სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და არც პირის უღირს მემკვიდრედ ცნობისათვის სავალდებულო გარემოებათა თანაარსებობა გამოვლენილა სსკ-ის 1310-ე მუხლის კონტექსტით. დავაზე არ დასტურდება, მამკვიდრებლის მამის მიზანი და განზრახი ქმედება მამკვიდრებლის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, უფრო მეტიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მამკვიდრებლის მამის სახელზე ქონების აღრიცხვა არ ემსახურებოდა მისთვის მემკვიდრეობითი ურთიერთობის ფარგლებში რაიმე უპირატესობის მოპოვებას. აქედან გამომდინარე მეორე კასატორების საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
31. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი კასატორების პრეტენზიას სამკვიდრო მასის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამკვიდრო მასის მოცულობის თაობაზე მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენიათ, კერძოდ, მაშინ, როდესაც მოსარჩელეებმა ზუსტად აღწერეს, თუ რა ქონება შედიოდა მამკვიდრებლის სამკვიდროში და რა იყო ამ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძველი, მოპასუხეებმა თავიანთ შესაგებელში მხოლოდ ზოგადად მიუთითეს, რომ მოსარჩელეებმა არასწორად განსაზღვრეს სამკვიდრო მასა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი შესაგებელი ვერ გააქარწყლებს მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, დასაჩუქრებულზე აღრიცხულ მთლიან ქონებაზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხეებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა იგულისხმეს სამკვიდრო მასის არასწორად განსაზღვრაში.
32. ამასთან, თუნდაც დასაშვებად მივიჩნიოთ საკასაციო საჩივარში პირველი კასატორების მიერ წარმოდგენილი დეტალური განმარტება სამკვიდრო მასის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, საკასაციო პალატა ამ პრეტენზიას მაინც ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველ კასატორებს მათ მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, კერძოდ, პირველ კასატორებს 400 მ2 მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება (წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება) არ წარმოუდგენიათ (უფრო მეტიც, თავადვე ადასტურებენ, რომ ასეთი მტკიცებულება არ გააჩნიათ), ხოლო მოწმეთა ჩვენებებს ზეპირ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე, უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ დასაშვებ მტკიცებულებად საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს, ვინაიდან, სსსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. უძრავი ქონების შეძენა კი, სსკ-ის 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში) და 323-ე (ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების მიხედვით, მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების დადებითაა შესაძლებელი.
33. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, როგორც კანონიერ ძალაში შესული 13.11.2012 წლის გადაწყვეტილებით, ასევე - საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 623მ2 მიწის ნაკვეთისა და 53 მ2 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ მჩუქებელი აღირიცხა არა ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ ხაშურის მუნიციპალიტეტის ..... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2007 წლის 31 აგვისტოს #483 ცნობის საფუძველზე, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად 2001-2006 წლების #10 საკომლო წიგნის ჩანაწერები დაედო. აქედან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ სადავო ქონება (400 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობითურთ) მამკვიდრებლის მამამ არა ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ საკრებულოს ზემოხსენებული ცნობის საფუძველზე დაირეგისტრირა, სხვაგვარად ვერც დასაჩუქრებული დაირეგისტრირებდა სადავო ქონებას ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა, სამკვიდრო მასის მოცულობის განსაზღვრაზე მტკიცების ტვირთს პირველი მოპასუხის მხარეს აბრუნებს, და სწორედ დასაჩუქრებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენდა დაემტკიცებინა, რომ მან სადავო უძრავი ქონების შესაბამის ნაწილზე საკუთრების უფლება, სხვა საფუძვლით (ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) შეიძინა.
34. გაზიარებული ვერ იქნება პირველი კასატორების პერეტენზია მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეებმა შეასრულეს არა მარტო ფაქტობრივი გარემოებების მითითების, არამედ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებაც და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხეებს კვალიფიციური შესაგებელიც კი არ წარუდგენიათ. ამასთან, როგორც თავად კასატორებმა აღნიშნეს, მამკვიდრებლის ქონების სადავო ნაწილი ინდივიდუალიზებული არ არის და ცალკე უფლების ობიექტსაც კი არ წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უძრავი ნივთის სადავო ნაწილიც მამკვიდრებლის საკუთრებას და ამდენად, სამკვიდრო მასის აქტივს წარმოადგენდა.
35. საკასაციო პალატის განსჯით, დაუსაბუთებელია პირველი კასატორების პერეტენზია ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (3/4 ნაწილის ფარგლებში) ბათილობის თაობაზეც, ვინაიდან ქონება გაჩუქების მომენტში მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა და, შესაბამისად, მჩუქებელი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა იგი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს განკარგოს, გაასხვისოს მხოლოდ მის საკუთრებაში ნამდვილი უფლების საფუძვლზე რიცხული ქონება, მჩუქებელი კი, მისი შვილის საკუთრებას ვერ განკარგავდა საკუთარი შეხედულებისამებრ. საკასაციო პალატა, აქვე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა სასარჩელო მოთხოვნა კი არაა, არამედ მესაკუთრედ ცნობის შესახებ მიკუთვნებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა (შდრ. სუსგ. ას-708-662-2017, 11.01.2018წ;). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩუქების ხელშეკრულება მთლიანად ბათილია, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება იმითაა განპირობებული, რომ მამკვიდრებელს ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავდა და სადავო სამკვიდრო ქონება ოთხივე მათგანმა მიიღო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიღეს მამკვიდრებლის ქონების მხოლოდ 3/4 წილი, ხოლო კიდევ ერთმა მემკვიდრემ (მამკვიდრებლის მამამ) – 1/4 წილი. ამ უკანასკნელის მემკვიდრეობით მიღებული 1/4 წილის განაწილების საკითხი, როგორც აღინიშნა ამ დავის ფარგლებს სცილდება და ამდენად, ამ ქონების სამართლებრივი ბედი ამ დავაში ვერ გადაწყდება.
36. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
37. კასატორებმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ბ–ისა და შ.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.ლ–ძის, ა.მ–ისა და ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი