№ას-1083-1040-2016 26 აპრილი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორები (მოპასუხეები) – ა.კ–ძე, ლ.ც–ძე
წარმომადგენელი - ე.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – მ.დ–ძე, ე.დ–ძე
წარმომადგენლები - შ.პ–ძე, ნ.მ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 3 აგვისტოს ა.კ–ძემ (შემდეგში: მყიდველი, პირველი მოპასუხე), რომელსაც წარმოადგენდა მისი მეუღლე ლ.ც–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და მ.დ–ძემ (შემდეგში: გამყიდველი, პირველი მოსარჩელე), რომელსაც ასევე მეუღლე - ე.დ–ძე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) წარმოადგენდა, სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება („ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ“) დადეს, რომლის მიხედვითაც პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის წინაშე, 2012 წლის 21 ოქტომბრის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება - 25 500 აშშ დოლარი 2012 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაეფარა.
2. ამ ვალდებულებიდან ნაწილი - 15000 აშშ დოლარი მ.ც–ძემ (შემდეგში - მესამე პირი, მოწმე) გადაიხადა, ნაწილი კი, შეუსრულებელია.
3. 2012 წლის 3 აგვისტოს მეორე მოსარჩელე და მეორე მოპასუხე წერილობით შეთანხმდნენ („ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ“), რომ ეს უკანასკნელი მეორე მოსარჩელეს, 2012 წლის 21 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალს - 5 000 აშშ დოლარს 2013 წლის 3 აგვისტოს ჩთვლით გადაიხდიდა.
4. მეორე მოპასუხეს მეორე მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეუსრულებია.
5. 2013 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი დოკუმენტის (სათაურით - „ბინის ფულის გადაცემა“) მიხედვით, „ფული გადახდილია მესამე პირის მიერ, რომელმაც გადაიხადა პირველი მოპასუხის ვალი 15000 აშშ დოლარი, დარჩენილია 6000 აშშ დოლარი, რომელიც გადასაცემი არის ა.ბ–ძეზე (შემდეგში - მოთხოვნის მფლობელი) პირველი მოპასუხის მიერ“. დოკუმენტი ხელმოწერილია მოსარჩელეების, პირველი მოპასუხის, მოთხოვნის მფლობელის, მესამე პირის, გ.ც–ძის, მ.ც–ძისა და ა.ა–ძის მიერ.
6. გამყიდველმა და მისმა მეუღლემ (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებულნი: მოსარჩელეები, აპელანტები) ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს მყიდველისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ (შემდეგში ერთობლივად ასევე მოხსენიებულნი: მოპასუხეები, კასატორები) პირველი მოპასუხისათვის, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 11 500 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 5 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
6.1. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ბინის ნასყიდობის თაობაზე თავდაპირველად, შეუთანხმდნენ მოთხოვნის მფლობელს, რომელმაც გამყიდველს წინასწარ გადაუხადა ნასყიდობის საფასურის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. შემდგომში მან გადაიფიქრა ბინის შეძენა და გადაცემული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. გამყიდველი დაჰპირდა, რომ 10000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა ბინის გაყიდვის შემდეგ.
2011 წლის ოქტომბერში, როდესაც მოსარჩელეები მოსკოვში იმყოფებოდნენ, დაუკავშირდა მათივე ნათესავი მეორე მოპასუხე და შეთანხმდნენ გამყიდველის საკუთრებაში არსებული ბინის ნასყიდობაზე 30 000 აშშ დოლარად. შეთანხმების მიხედვით, ბინას მეორე მოპასუხე გადაიფორმებდა, დატვირთავდა იპოთეკით და ბინის საფასურს გამყიდველს გაუგზავნიდა. მინდობილი პირის მეშვეობით, ბინა გაფორმდა პირველი მოპასუხის სახელზე, დაიტვირთა იპოთეკით, თუმცა მყიდველმა გამყიდველს თანხა არ გადაუხადა.
6.2 მეორე მოპასუხემ მოსარჩელეებს განუმარტა, რომ თავის მეუღლეს ბინის ნამდვილ ფასს უმალავდა, 5 000 აშშ დოლარით ნაკლებს ეუბნებოდა, რის გადახდასაც მოგვიანებით თავად აპირებდა. სწორედ ამიტომ, 2012 წლის 3 აგვისტოს, გაფორმდა ორი ხელშეკრულება ერთი - 25 000 აშშ დოლარზე პირველ მოპასუხესთან და მეორე - 5 000 აშშ დოლარზე მეორე მოპასუხესთან. ვალის აღიარების ხელშეკრულებათა მიუხედავად, მოპასუხეებმა შეთანხმებულ ვადაში ვალი არ დაფარეს.
6.3 2013 წლის ოქტომბერში მოსარჩელეები შეხვდნენ პირველ მოპასუხეს, რომელმაც განაცხადა, რომ 12 000 აშშ დოლარს ახლა გადაიხდიდა, 2 000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, 6 000 აშშ დოლარს მისცემდა მოთხოვნის მფლობელს, რითაც ვალი გადახდილად მიიჩნეოდა (5 500 აშშ დოლარის მიცემაზე მოპასუხემ უარი განაცხადა, რადგან, მისი განმარტებით, ბინა მეტი არ ღირდა).
6.4. მოსარჩელეთა განმარტებითვე, პირველი მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მათ გადაუხადა 15 000 აშშ დოლარი, რეალურად კი - 14 000 აშშ დოლარი მისცა. მოპასუხის მტკიცებით, 1000 აშშ დოლარი მან მოსარჩელის დისშვილს გადასცა, მაგრამ, ვინაიდან თანხა მოსარჩელეებს არ მიუღიათ, გადახდილად არ მიიჩნევდნენ.
7. მოპასუხეებმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს შემდეგი: 2013 წლის 13 ოქტომბრის ხელწერილით მხარეები შეთანხმდნენ 21 000 აშშ დოლარის გადახდაზე. ამ შეთანხმებით გაიქვითა მანამდე არსებული ყველა ვალდებულება, მათ შორის - აღიარებული ვალდებულებები - 25 500 აშშ დოლარი და 5 000 აშშ დოლარი.
ამასთან, მოპასუხეთა მითითებით, სადავო ბინის ღირებულება არ აღემატება 19 432 აშშ დოლარს.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე, 341-ე მუხლები.
8.1. სასამართლომ მოპასუხეთა ახსნა-განმარტებიდან და მესამე პირის ჩვენებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებათა შემდეგ, 2013 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი შეთანხმებით, მხარეთა შორის ბინის საფასურის თაობაზე დავა უნდა დასრულებულიყო და მოპასუხეებს მოსარჩელეთათვის ბინის საფასური სრულად ექნებოდათ გადახდილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეებს ბინის ნასყიდობის საფასური სრულად გადაუხადეს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა 2013 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმების მიზანთან დაკავშირებით. აპელანტებმა სარჩელშიც და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც გარკვევით ახსნეს, რომ ხელწერილი შედგა იმის გამო, რომ მყიდველს გადახდილი ჰქონდა არა 15000 აშშ დოლარი, არამედ 14000 აშშ დოლარი, რამდენადაც 1000 აშშ დოლარი, მისი თანხმობის გარეშე, გადასცეს დისშვილს, რომელიც აპელანტს არ მიუღია.
9.2. სასამართლო მიუთითებს, რომ 2013 წლის 13 ოქტომბერს ხელწერილის შედგენას ესწრებოდა და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მეორე მოპასუხეც და ამ უკანასკნელის მიერ აღირებული 5000 აშშ დოლარის ვალდებულებაც შეწყდა. გაურკვეველია, ეს ფაქტი რომელი მტკიცებულებით დაადგინა სასამართლომ, როცა მეორე მოპასუხე საერთოდ არ ესწრებოდა ამ შეხვედრას და ამ ვალზე არც კი უსაუბრიათ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
10.1 გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
10.2. პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
10.3. მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 10 500 აშშ დოლარის გადახდა;
10.4. მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
10.5. მეორე მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 341.1, 317.1, 361.2 მუხლებით და დაასკვნა, რომ მოპასუხეთა ვალდებულება აპელანტთა მიმართ ნამდვილი იყო.
11.1 ვალის აღიარების ხელშეკრულებებს მოპასუხეები არ შესცილებიან და არც მათი ნამდვილობის გამომრიცხველ გარემოებებზე მიუთითებიათ. ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულების არსებითი პირობებია - აღიარებული ვალდებულების ოდენობა, მისი გადახდის ვალდებულება და დამოუკიდებლობა სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებისაგან. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები 2012 წლის 3 აგვისტოს შეთანხმდნენ ვალის არსებობის აღიარების თაობაზე ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით. შესაბამისად, ხელშეკრულებები ნამდვილი იყო და მოპასუხეებს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინათ.
11.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ 2013 წლის 13 ოქტომბერს მხარეებმა ხელშეკრულების პირობები შეცვალეს. უპირველესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელწერილში მეორე მოსარჩელის მიმართ მეორე მოპასუხის ვალდებულება ნახსენები არ იყო და ამ უკანასკნელს საბუთისთვის ხელი არ მოუწერია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას ეს შეთანხმება ვერ მოაწესრიგებდა.
11.3. პალატის მითითებით, ხელწერილით მხარეები ხელშეკრულების არცერთ პირობაზე არ შეთანხმებულან. მასში მითითებული არ არის არც ხელშეკრულების მხარეები, არც - მისი არსებითი პირობები, არც ვალდებულების მოცულობა, სახე და ა.შ. ხელწერილის ტექსტიდან ჩანს, რომ იგი ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას, ვალდებულების შესრულების მიმდინარეობას და არა მხარეთა შეთანხმებას ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისაგან განსხვავებულ პირობებზე.
11.4. ის, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 13 ოქტომბერს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებათაგან განსხვავებული ხელშეკრულება დაიდო, არ გამომდინარეობდა არც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან. მართალია, მესამე პირის ჩვენებით, მის მიერ გადახდილი თანხით მხარეთა შორის ვალდებულება უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა, პალატის აზრით, ეს ჩვენება ხელშეკრულების პირობების შეცვლას არანაირად არ ადასტურებდა. მოწმის განმარტებით, შეთანხმების ახალი პირობები მხარეებს მან დაუდგინა - „გადაუწყვიტა“, თუმცა არსად უთქვამს, რომ ამას პირველი მოსარჩელე დაეთანხმა და ვალდებულების შემცირების ნება გამოხატა.
11.5. დადგენილია, რომ მყიდველს გამყიდველისათვის 25500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, ხოლო მეორე მოპასუხეს მეორე მოსარჩელისათვის - 5000 აშშ დოლარი, აგრეთვე - მყიდველის ვალდებულების შესასრულებლად, მესამე პირმა გადაიხადა, სულ 15000 აშშ დოლარი. ეს თანხა მოიცავდა მოთხოვნის მფლობელისათვის გადაცემულ 4000 აშშ დოლარსაც, რაც გამყიდველის მიმართ მყიდველის ვალის ანგარიშში ჩაითვალა. ეს, გარდა ზემოხსენებული ხელწერილისა, დადგინდა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ვალი გამყიდველის მიმართ შეადგენს 25500-15000=10500 აშშ დოლარს.
11.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გამყიდველის მტკიცება, რომ მან მყიდველისაგან ვალდებულების შესასრულებლად მხოლოდ 14000 აშშ დოლარი მიიღო. საქმეში არსებული ხელწერილითა და მოწმეთა ჩვენებით, პალატამ დაადგინა, რომ მესამე პირმა, მყიდველის ვალდებულების შესასრულებლად, 15000 აშშ დოლარი გადაიხადა და ეს შესრულება გამყიდველმა მიიღო. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამ თანხიდან 1000 აშშ დოლარი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუღია, მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, პალატამ ამ ნაწილში პირველი მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
11.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეს თანხის გადახდა დაეკისრა მაშინ, როდესაც მას წინ არ უძღვოდა რეალურად არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რასაც თავად მოსარჩელეც აღიარებს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელეები, ისევე, როგორც საქმეზე დაკითხული მოწმეები, ადასტურებდნენ, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელეთა წინაშე შესრულებელი ვალდებულება არ ჰქონდა.
11.2. მეორე მოპასუხემ 5 000 აშშ დოლარი ვალი აღიარა თავისი დეიდის - მეორე მოსარჩელის შანტაჟის შედეგად - თუ ვალს არ აღიარებდა, შეძენილი ბინის გამო, თანხის გადაუხდელობის ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა და მას თაღლითობაში დაადანაშაულებდა. რადგან მეორე მოპასუხემ ვალი აღიარა გავლენის ბოროტად გამოყენებით, ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება ბათილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასა და მეორე მოპასუხეს შორის ვალის არარსებობას ადასტურებს თავად მეორე მოსარჩელეც.
11.3. ვალის აღიარების შესახებ ორივე ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სადავო საკითხებზე მხარეებმა 2013 წლის 13 ოქტომბერს მიაღწიეს ახალ შეთანხმებას, რომლითაც პირველმა მოსარჩელემ მიიღო 15 000 აშშ დოლარი და მის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულდა. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავის ამოწურვისათვის პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის მფლობელისათვის 6 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. ამდენად, ახალი წერილობითი გარიგებით დადგინდა ახალი პირობები, რაც შესრულდა.
11.4. მოსარჩელემ პირველი მოპასუხისგან 15 000 აშშ დოლარი მიიღო. ბინის გასხვისებამდე პირველმა მოსარჩელემ მოთხოვნის მფლობელისაგან 10 000 აშშ დოლარი მიიღო, რაც დღემდე არ დაუბრუნებია.
ამდენად, მოსარჩელეები, ბინის ნასყიდობის გამო, საბოლოოდ 36 500 აშშ დოლარს მიიღებენ: 15 000 აშშ დოლარს - პირველი მოსარჩელისათვის გადახდილ თანხას, 6 000 აშშ დოლარს - მოთხოვნის მფლობელისაგან მიღებულ თანხას, 10 500 აშშ დოლარს - პირველი მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას, 5 000 აშშ დოლარს - მეორე მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას, მაშინ, როდესაც გამყიდველსა და მყიდველს შორის შეთანხმებული ბინის საფასური 25 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო ბინის ღირებულება აუდიტის შეფასებით - 42 000 ლარია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ხოლო შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინეს.
15. მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინის შეთანხმებული საფასურის სრულად გადახდის თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლს. ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის მისაღებად შემდეგი წინაპირობები უნდა შესრულდეს: ა) ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა.
16. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადავო არ არის. დადგენილია, ისიც რომ სადავო ბინა პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ შემდგომი შეთანხმებით (13.10.2013წ.) მხარეებმა ნასყიდობის საფასური შეამცირეს, რომელიც მოპასუხემ გადაიხადა.
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვალის არსებობის აღიარების თაობაზე 03.08.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. მოვალის მიერ ვალის აღიარება, სსკ-ის 341-ე მუხლით (1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ, ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.
18. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (შდრ. სუსგ ას-839-890-2011, 8.11.2011 წელი, ას-392-371-2013, 8.11.2013 წელი).
19. ხელწერილში, რომლითაც მყიდველმა გამყიდველის წინაშე 25 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა დაადასტურა, პირდაპირ არის მითითებული, რომ კრედიტორის წინაშე დავალიანება სადავო ბინის გაყიდვის შედეგად წარმოიშვა. შესაბამისად, აღიარება დამოუკიდებელ საფუძველს არ ეყრდნობა, ის უკვე არსებული სამართალურთიერთობის - ნასყიდობის ფარგლებში წარმოქმნილ მოთხოვნას აღიარებს. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 03.08.2012 წლის შეთანხმება სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებული ე.წ. ვალის აბსატრაქტული აღიარება კი არა, უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს სურდათ 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალის გადახდის ვადა გაეგრძელებინათ 2012 წლის 25 დეკემბრამდე. ამასთან, აეცილებინათ ყოველგვარი გაუგებრობა ვალის არსებობის თაობაზე.
20. ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის გაგრძელებისა და „მტკიცებულების შექმნის“ მიზნით დაიდო შეთანხმება მეორე მოპასუხესთანაც, რომლითაც ამ უკანასკნელმა 5 000 აშშ დოლარის 2013 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით გადახდა იკისრა. მართალია, მასში მითითებულია, რომ ეს ვალდებულება 2012 წლის 21 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ მეორე მოპასუხე წარდგენილ შესაგებელში თავადვე მიუთითებს, რომ 2012 წლის 3 აგვისტოს ორივე შეთანხმება გაფორმდა მყიდველის ვალდებულების გამო, რომელიც გამომდინარეობდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და არავითარი სხვა სამართალურთიერთობა, გარდა ნასყიდობისა, მხარეებს შორის არ არსებობდა.
სწორედ 03.08.2012 წლის შეთანხმებებითა და მხარეთა ახსნა განმარტებით დგინდება სადავო ბინის მხარეთა მიერ შეთანხმებული საფასური.
21. მოპასუხეთა შესაგებელი ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 13.10.2013 წლის შეთანხმებით მხარეებმა ნასყიდობის ფასი 30 500 აშშ დოლარიდან 21 000 აშშ დოლარამდე შეამცირეს, რომელიც პირველ მოპასუხეს უკვე გადახდილი აქვს. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ შედავებას და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებიდან ამგვარი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, ვინაიდან მასში შეცვლილი პირობები ასახული არ არის. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ამ მტკიცებულებაში მითითებულია ფაქტი, რომ პირველი მოპასუხის მიერ 15 000 აშშ დოლარის პირველი მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება შეასრულა მესამე პირმა (სსკ-ის 371.1 მუხლი: თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.), რასაც დაეთანხმა კრედიტორი და მოვალე. აღნიშნული არ გულისხმობს ნასყიდობის ფასის შემცირებას, თუმცა ადასტურებს მოპასუხის შედავებას მოსარჩელის წინაშე 15 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს მოსარჩელეთა მტკიცებას, რომ პირველმა მოპასუხემ მათ მხოლოდ 14 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
22. მეორე ფაქტი, რომელიც 13.10.2013 წლის შეთანხმებიდან დგინდება ისაა, რომ მყიდველმა გამყიდველისაგან გადაიკისრა 6000 აშშ დოლარის მოთხოვნის მფლობელისათვის გადახდის ვალდებულება. შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე მიღწეულია: მას ხელს აწერს კრედიტორი, მოვალე და მოთხოვნის მფლობელი (სსკ-ის 203-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება, თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი). ვალის გადაკისრებით ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი თავისუფლდება კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში ვალის გადაკისრების შედეგი ისიცაა, რომ გამყიდველის მოთხოვნას გადაკისრებული 6 000 აშშ დოლარის ნაწილში საფუძველი გამოეცალა, შესაბამისად, მყიდველის ვალდებულება გამყიდველის წინაშე ამ ნაწილში შეწყდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებელია კასატორთა პრეტენზია პირველი მოსარჩელის გადაკისრებული ვალის კვლავ მის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის არასწორად დაკისრების ნაწილშიც.
23. როგორც აღინიშნა, სადავო ბინის ფასი 2012 წლის 3 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომლის შედგენის მიზანი სწორედ რომ ვალის ამ რაოდენობით არსებობის დადასტურება იყო, ფაქტობრივად, მოსარჩელეებმა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული სადავო საკითხი ამ გზით მოაწესრიგეს. შესაბამისად, თუ მხარეებს ამ პირობის შეცვლა ანუ ნასყიდობის ფასის შემცირება სურდათ, როგორც ამას მოპასუხეები მიუთითებენ, შეთანხმება იმავე ფორმით უნდა დაედოთ, როგორითაც ფასი განსაზღვრეს - რთული წერილობითი ფორმით. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ დამატებითი შეთანხმებები და შემდგომი ცვლილებები, მით უმეტეს, ისეთი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ვალდებულების შინაარსს (ამ საკითხზე დეტალურად იხ. სუსგ №ას-109-105-2016, 27.12. 2017 წ.). ამდენად, გარდა იმისა, რომ 13.10.2013 წლის შეთანხმებიდან მხარეთა ნება ნასყიდობის ფასის შემცირების თაობაზე არ იკითხება, მხარეთა მიერ განსაზღვრული ის ფორმაც არ არის დაცული, რაც ამ პირობის - ნასყიდობის ფასის შემცირებას სჭირდებოდა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ნასყიდობის საგნის საფასურის ოდენობა, რაც მოპასუხემ დასაბუთებული შედავებით ვერ გააქარწყლა. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს გადაუხადოს ნასყიდობის შეთანხმებული ფასი. ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, მყიდველს ეკისრება. მყიდველმა ნასყიდობის ფასის - 30 500 აშშ დოლარიდან 21 000 (15 000 + 6 000) აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა. შესაბამისად, გამყიდველის მოთხოვნა მყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის - 11500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე 9 500 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
25. მეორე მოსარჩელის მოთხოვნას მეორე მოპასუხის მიმართ საფუძველი არ გააჩნია, რამდენადაც დადგინდა, რომ მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და არა - ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებიდან. მეორე მოსარჩელე და მეორე მოპასუხე კი, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს არ წარმოადგენდნენ.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) საფუძველია. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებას და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სარჩელს 9 900 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს.
27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
28. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი მოსარჩელე (აპელანტი) გათავისუფლდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 966 ლარის გადახდა.
ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ - 1000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდა, პირველ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 139.00 ლარის გადახდა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
მეორე მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე 662.50 ლარი აქვს გადახდილი. მეორე მოსარჩელის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მეორე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 662.50 ლარის გადახდა მეორე მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2 000 ლარამდე.
პირველი მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა პირველი მოპასუხისათვის მის მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის - 500 ლარის დაკისრებას. პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე, პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.კ–ძისა და ლ.ც–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე.დ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ა.კ–ძეს დაეკისროს 9 500 აშშ დოლარის გადახდა მ.დ–ძის სასარგებლოდ;
6. ა.კ–ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 966.00 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
7. ა.კ–ძეს დაეკისროს 500 ლარის გადახდა მ.დ–ძის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად;
8. მ.დ–ძეს დაეკისროს 139.00 ლარის გადახდა ა.კ–ძის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. ე.დ–ძეს დაეკისროს 662.50 ლარის გადახდა ლ.ც–ძის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი