№ას-1168-1123-2016 26 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
თარჯიმანი - ნ.გ–ძე
კასატორები (მოპასუხეები) – ა.ე–ი, ვ.ე–ი, ე.ე–ი, ა.ე–ი
წარმომადგენელი - ვ.ლ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.კ–ა
წარმომადგენელი - რ.ჯ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.კ–ა (სადავო პერიოდში ე–ი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი) და ს. ე–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე) 2012 წლის 16 ივნისიდან ფაქტობრივ, ხოლო 2013 წლის 7 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
2. ქორწინების დროს დ.კ–ას, როგორც თავისმა, ასევე, მეუღლის ნათესავებმა აჩუქეს ოქროს სამკაულები: 480 აშშ დოლარად ღირებული ბაჯაღლოს ბეჭედი (6,5 გრამი), 1200-აშშ დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი, 400-აშშ დოლარიანი ალმასის თვლიანი ოქროს ბეჭედი, 290-აშშ დოლარიანი ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი, 260-აშშ დოლარიანი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, 750-აშშ დოლარიანი ბრილიანტის თვლებიანი ოქროს ბეჭედი (ბოხჩა), 230-აშშ დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი „ტიულპანი“, 130-აშშ დოლარიანი ბეჭედი მარგალიტის ქვით, 700-აშშ დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი, 300-აშშ დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი „ტიულპანი“, 650 აშშ-დოლარიანი სამაჯური, 300-აშშ დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი, 250-აშშ დოლარიანი ოქროს ბეჭედი საფირონისა და ბრილიანტის თვლებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ნივთები).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მის მეუღლეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელის შეგებებული სარჩელი მეუღლის უკანონო მფლობელობიდან ოქროს ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილებაც კანონიერ ძალაშია შესული.
4. 2016 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების (დედა, ძმები და რძალი) ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, კასატორები) წინააღმდეგ სადავო ოქროს ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, ხოლო ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი საფასურის 5920 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობის გამო, საავადმყოფოში მოხვდა, ამ დროისათვის მისი მეუღლე ნაოსნობაში იყო. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად წავიდა დედის სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა ქმრის ოჯახში, თუმცა დედამთილმა სახლში არ შეუშვა. მას სახლიდან წასვლისას ოქროს სამკაულები არ წაუღია და დღემდე მოპასუხეები ფლობენ. მოპასუხეთა მიერ სადავო ნივთების ფლობას ადასტურებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის კუთვნილ ოქროს ნივთებს მეუღლის სახლში ინახავდა, ამასთან, ეს უკანასკნელი ნაოსნობაში იყო წასული და მეუღლის ნივთებს ვერ დაეუფლებოდა. ამდენად, ნივთებს დაეუფლნენ მოპასუხეები.
5. მოპასუხეებმა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ნაჩუქარი ოქროს ნივთები მოსარჩელემ მაშინ წაიღო, როდესაც მათი ოჯახიდან წავიდა - 2013 წლის 17 აგვისტოს.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.1. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ ნორმას სამი კუმულაციური წინაპირობა აქვს: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, ამასთან, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.
6.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი კუთვნილი ნივთების მოპასუხეთა მიერ ფლობის ფაქტი, რის გამოც სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7.1. აპელანტის მტკიცებით, უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავო ნივთების მოპასუხეთა მფლობელობაში არარსებობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ მისი კუთვნილი ოქროს ნივთები მოპასუხეთა მფლობელობაში იყო. ამდენად, გადაწყვეტილება არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნებოდა, რაც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი იყო.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეთაგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთები. ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების ღირებულების - 5920 აშშ დოლარის გადახდა.
- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
8.1 სააპელაციო სასამართლომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მითითებულ დავაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის სახლიდან წამოსვლის დროისათვის მისი მეუღლე შორეულ ნაოსნობაში იყო. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოსარჩელის კუთვნილ ოქროს ნივთებს ვერ დაეუფლებოდა.
8.2. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ ოქროს ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა. უდავოა, რომ ეს ნივთები მოპასუხეთა საცხოვრებელ სახლში ინახებოდა (ამ ორ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხეები არ შედავებიან). გასარკვევი იყო საკითხი, მოსარჩელემ თან წაიღო თუ არა თავისი ოქროს ნივთები მაშინ, როცა იგი არ შეუშვეს მოპასუხეებმა სახლში, პოლიციის საქმეში ჩართვის შემდგომ კი, დაატოვებინეს სახლი.
8.3. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ, მოსარჩელის განმარტებით, მას ნივთები მოპასუხეთა სახლთმფლობელობიდან არ წაუღია. ამასვე ადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ორი პირი. საპირისპიროს მტკიცების, ანუ იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ ოქროს ნივთები წაიღო მოპასუხეთა სახლიდან, მოპასუხეებს ეკისრებოდათ. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება, პალატის მოსაზრებით, კანონშესაბამისი, გონივრული და სამართლიანი იყო. მოპასუხეებმა კი ვერ შეძლეს მტკიცებულების წარდგენა, რომელიც მოსარჩელის მიერ კუთვნილი ოქროს ნივთების წაღების ფაქტს დაადასტურებდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
9.1. კასატორთა მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ნივთები მოპასუხეთა მფლობელობაშია, არასწორია. მოსარჩელემ გარდა პირადი ნივთებისა, სახლიდან წაიღო თავისი მეუღლის პირადი ნივთებიც.
ამასთან, მხარე ვერ ასახელებს და ვერ აღწერს სადავო ნივთებს. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა ნივთების საბაზრო ღირებულებას სარჩელის შეტანის დროისათვის. მხარე ვერც იმას ვერ ასაბუთებს, თუ სად და ვისთან ინახებოდა ნივთები, ვის მიუწვდებოდა ხელი მათზე და კონკრეტულად ვინ ფლობდა ამჟამად.
კასატორთა მტკიცებით, მნიშვნელოვანია, რომ სადავო პერიოდისათვის უძრავი ქონება მოსარჩელის მეუღლის სახელზე ირიცხებოდა და არა კასატორების. ერთ-ერთმა მოპასუხემ ქონება ჩუქების საფუძველზე 2013 წლის აგვისტოში მიიღო.
9.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ერთ-ერთ მტკიცებულებად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 6.11.2014 წლის გადაწყვეტილებას უთითებს, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები, რომ მოსარჩელეს სახლიდან წასვლის დროს ოქროს ნივთები არ წაუღია. ამასთან, კასატორთა მტკიცებით, მითითებულ საქმეში მოსარჩელის მიერ ნივთების წაღების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტო, ვიდეო, წერილობითი) არსებობს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინეს.
12. უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება).
13. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალეა ნივთის მფლობელი, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს.
14. მოპასუხეები არ ედავებიან მოსარჩელეს ოქროს ნივთების საკუთრების უფლებაში. მათი შესაგებელი იმას ეფუძნება, რომ ისინი არ ფლობენ ოქროს ნივთებს, ეს ნივთები მოსარჩელემ თავის სხვა ნივთებთან ერთად წაიღო, როდესაც იგი პატრულის დახმარებით შევიდა ქმრის საკუთრებაში არსებულ სახლში. ამდენად, ვინაიდან მოპასუხეები ედავებიან მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების მათ მიერ მფლობელობის ფაქტს, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთებს მოპასუხეები ფლობენ. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხევაში, მოსარჩელე ვერ დაეყრდნობა მითითებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციული მნიშვნელობისაა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა დავაში იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ საქმეში კი, იგივე მხარეები არ მონაწილეობენ (მოსარჩელე იგივეა, თუმცა მოპასუხეები სხვა პირები არიან).
15. მოსარჩელის განმარტებით, იგი ქმრის ოჯახში ინახავდა სადავო ნივთებს და, ვინაიდან ამ ოჯახში ცხოვრობდნენ მოპასუხეები, ისინი ფლობდნენ კიდეც ნივთებს. საკასაციო პალატა ვერც ამ განმარტებას გაიზიარებს, ვინაიდან სადავო ნივთები ინდივიდუალური სარგებლობისაა და, თავად მოსარჩელის განმარტებით, ამ საგნებით სწორედ თვითონ სარგებლობდა. თუნდაც დავუშვათ, რომ მოსარჩელის საავადმყოფოში წასვლის შემდეგ მოპასუხეები დაეუფლენ სადავო ნივთებს, პალატის მოსაზრებით, ამ ვარაუდს აქარწყლებს საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საპატრულო პოლიციის დახმარებით ქმრის ოჯახიდან წაიღო თავისი ნივთები. მართალია, მოსარჩელის განმარტებით, მან ოქროს ნივთები ქმრის ოჯახში დატოვა, მაგრამ, ზემოხსენებული დადგენილი ფაქტის გათვალისწინებით, ამ გარემოების დამტკიცება უკვე თავად მას ეკისრებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად მოწმედ დაკითხული მოსარჩელის დედისა და ნათესავის ჩვენება არასაკმარისია. ჯერ ერთი, მოწმეები დამაჯერებლად ვერ ადასტურებენ სადავო გარემოებებს. ორივე მოწმის განმარტებით, ნივთების გამოსატანად სახლში შევიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მოსარჩელე და მისი დედამთილი (მოპასუხე). მოწმეები ნივთების ჩალაგებას არ დასწრებიან და არც სახლიდან გამოტანილი ნივთები არ შეუმოწმებიათ. პატრული კი, მოწმედ არ დაკითხულა. მეორეც, მოსარჩელემ თავად მიმართა საპატრულო პოლიციას დახმარებისათვის და მისი თანდასწრებით წაიღო ნივთები ქმრის ოჯახიდან, თუმცა ამ უკანასკნელისათვის არ მიუმართავს პრეტენზიით, რომ მოპასუხეები სადავო ნივთებს არ ატანდნენ და თან წასაღებ ნივთებს შორის, ოქროს ნივთები არ იყო. მართალია, მოსარჩელემ განმარტა, რომ მან ოქროს ნივთები შეგნებულად დატოვა ქმართან შერიგების იმედით, მას არც ამ გარემოების თაობაზე განუცხადებია პოლიციისათვის. ეს სადავო გარემოება, როგორც ზევით აღინიშნა, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რაც მან ვერ შეძლო.
16. ამდენად, მოთხოვნის უფლების მქონე მესაკუთრეს ეკისრებოდა თავისი საკუთრების მოპასუხის მიერ ფლობის მტკიცების ტვირთი. მოსარჩელემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი კუთვნილი სადავო ნივთების მოპასუხეთა მიერ ფლობის ფაქტი. მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგე მხარე კი, მხოლოდ მფლობელია (ამ ფატის დადგენის შემდეგ მოწმდება, ჰქონდა თუ არა მას ამ ნივთის ფლობის უფლება). ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ მოპასუხეები სადავო ოქროს ნივთების მფლობელები არიან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
17. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
18. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
19. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს საკასაციო საჩივარზე 810 ლარი აქვს გადახდილი. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 810 ლარის გადახდა. მოპასუხეები პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდნენ მოსარჩელისათვის მათ მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის - 1000 ლარის დაკისრებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, მოპასუხეთა სასარგებლოდ, 500 ლარის გადახდა დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, რასაც საკასაციო პალატაც გონივრულ ოდენობად მიიჩნევს. ამასთან, მოპასუხეებს აღნიშნული არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეთა მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და არაქს ე–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.კ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. დ.კ–ას დაეკისროს, 1360.00 (ათას სამას სამოცი) ლარის გადახდა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი