Facebook Twitter

№ას-1178-1133-2016 22 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ზ.ჭ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – დ.კ–ძე, კ.ო–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.2013 წლის განაჩენით გ.ფ–ძე (შემდეგში - მსჯავრდებული) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა) ჩადენაში. დანაშაული გამოიხატა დ.კ–ძის (შემდეგში: მესაკუთრე, პირველი მოპასუხე) 4000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა „მაზდას“, სახ. ნომრით-....., მოტყუებით წაყვანასა (თითქოს სურდა მისი შეძენა) და, მესაკუთრისაგან ფარულად, ზ.ჭ–ისათვის (შემდეგში - მოსარჩელე) მიყიდვით.

2. საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სადავო ავტომანქანა 2012 წლის 19 ივლისიდან 2013 წლის 16 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო კ.ო–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) საკუთრების უფლებით. შემდეგ კი, მოიხსნა აღრიცხვიდან. ავტომანქანას მოსარჩელე ფლობს.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

4. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მან მსჯავრდებულისაგან 2013 წლის ნოემბერში 3500 ლარად შეიძინა ავტომანქანა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს წამოუყვანია პირველი მოპასუხისაგან, ხოლო საფასური არ გადაუხდია. მესაკუთრე უარს აცხადებს, მოსარჩელეს სადავო ავტომანქანა საკუთრებაში დაურეგისტრიროს.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელე ავტომანქანის კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნეოდა.

6. მეორე მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვისა და მიყენებული ზიანის - 7000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, სადავო ავტომანქანას ბოლო პერიოდში ფლობდა მისი ნათესავი - პირველი მოპასუხე, რომელიც ავტომაქანის გასხვისებაში უნდა დახმარებოდა. ამ უკანასკნელს დაუკავშირდა მსჯავრდებული, რომელსაც ავტომანქანა უნდა შეეძინა ნასყიდობის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით. მან კი, ნივთი უკანონოდ მოსარჩელეს გადასცა. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე ავტომანქანას არ აბრუნებს, რითაც მას ადგება ზიანი. აღნიშნული ავტომანქანის გაქირავებით ის ყოველთვიურად მიიღებდა შემოსავალს - 500 ლარს.

7. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის სადავო ავტომანქანის კეთილსინდისიერი შემძენია. შეგებებული სარჩელის ავტორმა კი, ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს მსჯავრდებულს.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილი იქნა ავტომანქანის მესაკუთრედ.

9. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე, 186-ე, 158-ე, 187-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოსარჩელე სადავო ავტომანქანის კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

9.1 სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ პირველმა და მეორე მოპასუხემ სადავო ავტომანქანა მიჰყიდეს მსჯავრდებულს, რომელსაც ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. ამ უკანასკნელმა კი, გადახდამდე, სადავო ავტომანქანა 3500 ლარად მიჰყიდა მოსარჩელეს, რომელიც ავტომანქანის მესაკუთრე გახდა.

9.2 სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცება, რომ მოსარჩელემ მას მიაყენა 7000 ლარის ზიანი, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სასამართლომ შეგებებული სარჩელის ორივე მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10.1. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ მოპასუხეებს არ უდავიათ მოსარჩელის მიერ ავტომანქანის საფასურის - 3500 ლარის მსჯავრდებულისათვის გადახდაზე. მსგავსი რამ არც მოპასუხეებს და, რაც მთავარია, არც მოსარჩელეს არ უთქვამს სასამართლო პროცესზე. უფრო მეტიც, მან შეკითხვების დასმის ეტაპზე დაზუსტებით ისიც კი ვერ თქვა, ნასყიდობის საფასურის სახით რამდენი გადაუხადა მსჯავრდებულს.

10.2. მოძრავი ნივთი ახალ შემძენს ნამდვილი უფლების საფუძველზე უნდა გადაეცეს, რაც, არ მომხდარა. ამასთან, მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნივთის საფასური, მაგრამ არც ეს დგინდება საქმეზე თანდართული დოკუმენტებით.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების ნაწილში;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

11.1 სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით მტკიცდებოდა ავტომობილის პირველი მოპასუხისადმი კუთვნილება. ამ უკანასკნელის დაკითხვის ოქმიდანაც ჩანდა, რომ სადავო ავტომობილი მეორე მოპასუხის სახელზე ფორმალურად იყო რეგისტრირებული, რეალურად კი, სწორედ პირველ მოპასუხეს ეკუთვნოდა.

ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ავტომობილი ეკუთვნოდა პირველ და არა - მეორე მოპასუხეს.

11.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენითვე დგინდებოდა, რომ სადავო ავტომობილი მსჯავრდებულმა მესაკუთრისაგან მოტყუებით წაიყვანა - ამ მომენტისათვის მხარეთა შორის ნამდვილი გარიგება, ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობდა. ვინაიდან მოსარჩელესა და მსჯავრდებულს შორის გარიგების დადების მომენტისათვის სადავო ნივთი ისევ პირველ მოპასუხეს ეკუთვნოდა, პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრე მსჯავრდებულს ავტომობილს საკუთრებაში ვერ გადასცემდა.

11.3. უდავოდ დგინდებოდა, რომ მესაკუთრემ მსჯავრდებულს ავტომობილი გადასცა შეძენის მიზნით, ე.ი. მესაკუთრემ გამოხატა მსჯავრდებულთან გარიგების დადების და არა - ნივთის სხვა პირისათვის გადაცემის ნება. ამის შესაბამისად, სადავო ავტომობილი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მის მიერ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ, ამიტომ, პალატის აზრით, მართალია, მოსარჩელე სადავო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი იყო, თუმცა მისი მესაკუთრე მაინც ვერ გახდა.

11.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შეგებებული სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა და მიუთითა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 992-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, როგორც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ასევე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ნივთის მესაკუთრეს. ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსაარჩელე სადავო ავტომობილის მესაკუთრე არ იყო, მისი მოთხოვნა პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

12.1. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, მართალია, მოსარჩელე კეთილსინდისიერი შემძენი იყო, მაგრამ არა ავტომანქანის მესაკუთრე. ეს განმარტება არასწორია, რამდენადაც კეთილსინდისიერების ინსტიტუტი თავდაყირა დგება და სასამართლო პრაქტიკაც არასწორად განვითარდება.

გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო დავის დაწყებამდე მოპასუხეებმა საპატრულო აღრიცხვიდან მოხსნეს ავტომანქანა, ანუ უარი განაცხადეს მის საკუთრებაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, შესაძლოა, დაეფუძნოს სსკ-ის 477.1 მუხლს (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი).

17. პალატა მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანის „გამყიდველი“ იყო მსჯავრდებული, შესაბამისად, ამ მოთხოვნის მოპასუხეა მსჯავრდებული და არა - მეორე მოპასუხე. ამასთან, მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან, როგორც 04.12.2013 წლის განაჩენით ირკვევა, მსჯავრდებული ავტომანქანის მესაკუთრე არ იყო. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა პირველი მოპასუხის ავტომანქანას, რომელიც შემდეგ მოსარჩელეს მიჰყიდა. შესაბამისად, მსჯავრდებულს ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. ნივთის არამესაკუთრის მიერ განკარგვა კი, ეწინააღმდეგება სსკ-ის 186.1 (მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი) მუხლის დანაწესს და სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) მუხლის საფუძველზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილია. ამდენად, მოსარჩელემ არამესაკუთრისაგან შეიძინა ნივთი, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია. მოსარჩელეს სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია.

18. პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ იგი, როგორც ავტომანქანის კეთილსინდისიერი შემძენი, მისი მესაკუთრეა. მოსარჩელე სსკ-ის 187.1 მუხლს (შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე) ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმის საგამონაკლისო შემთხვევა, რომელსაც ამავე მუხლის მეორე ნაწილი (კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ) განამტკიცებს. ნორმის თანახმად, თუ ნივთი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან შემძენი კეთილსინდისიერად ვერ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, რაკი განაჩენით დგინდება, რომ ავტომანქანა მესაკუთრის ნების წინააღმდეგ გავიდა მისი მფლობელობიდან, შემძენი (მოსარჩელე) კეთილსინდისიერი ვერ იქნება.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან კანონის დარღვევა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას არ უდევს საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი