Facebook Twitter

№ას-1331-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ფ.ნ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით:

1.1. ნ.კ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. მ.კ–ის (შემდეგში: ბავშვი, არასრულწლოვანი) მამად აღიარებულ იქნა ფ.ნ–ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), რის გამოც დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება განხორციელებულიყო არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, ბავშვის მამის გრაფაში მითითებულიყო მოპასუხე, ხოლო გვარის გრაფაში, კ–ის ნაცვლად, ნ–ი;

1.3. მოპასუხეს შვილების, მათ შორის, არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 160-160 ლარის, მთლიანად 320 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე;

1.4. მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში. ამასთან, არასრულწლოვანი საზღვარგარეთ არ უნდა გაეყვანათ საცხოვრებლად დასარჩენად;

1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 1.3. და 1.5. პუნქტებში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილებში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით თითოეული ბავშვისათვის გადასახდელი თანხის 80-80 ლარით განსაზღვრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ფასი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე (2000 ლარზე) ნაკლები იყო.

4. დასახელებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 12 ივლისს შევიდა, საიდანაც 16 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი 10 დღის ვადაში არ განიხილა. ამასთან, არასწორად დაიანგარიშა დავის საგნის ფასი, ვინაიდან ალიმენტის თანხის შემცირებასთან ერთად აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილშიც.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი ისაა, თუ რამდენად აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის პირობას. ამ მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რომ აპელანტს მეორე მხარის სასარგებლოდ დაევალოს ყოველთვიურად ალიმენტის - 80-80 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე დავის საგნის ფასი განსაზღვრულია სსსკ-ის 41.1 მუხლის „გ“ პუნქტით, კერძოდ, კანონმდებლის მიერ დადგენილია, რომ ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის ფასი განისაზღვრება - 1 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. დასახელებული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ფასი 1920 (160 X 12 = 1920-ს) ლარია.

8. რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 200 ლარის, აპელანტისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების სადავოობას, აქ საჭიროა, განიმარტოს შემდეგი: დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც სსსკ-ის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები). ჯერ ერთი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივსამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და, ბუნებრივია, დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. იგი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული, პროცესის ხარჯების ერთ-ერთი სახეა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებას არ ემატება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ები: №ას-63-2019, 2019 წლის 19 ივნისის განჩინება; №ას-230-218-2017, 2017 წლის 28 აპრილის განჩინება; №ას-1360-1585-05, 2006 წლის 7 თებერვლის განჩინება).

9. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

10. კერძო საჩივრის ავტორის კიდევ ერთი პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 374-ე მუხლით (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) გათვალისწინებული ვადის დაცულობის საკითხს. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით, კერძოდ, ს.ფ. 240-ზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისაღების შტამპით დგინდება, რომ მოცემული საქმე სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 22 ივლისს შევიდა, საიდანაც გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონით დადგენილი ვადის დაცვით (ს.ფ. 242-245). ამასთან, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვადა სასამართლოს რომც დაერღვია, ეს სამართლებრივ სურათს მაინც ვერ შეცვლიდა. უფრო მეტიც, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი შეცდომით წარმოებაშიც რომ მიეღო, ბოლოს ის მაინც განუხილველად დარჩებოდა, სსსკ-ის 187.2 მუხლის საფუძველზე.

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ნ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი