№ას-1168-1123-2016 26 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ა.ე–ი, ვ.ე–ი, ე.ე–ი, ა.ე–ი
წარმომადგენელი - ვ.ლ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.კ–ა
წარმომადგენელი - რ.ჯ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.კ–ამ სარჩელი აღძრა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის წინააღმდეგ ოქროს ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეთაგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთები. ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების ღირებულების - 5920 აშშ დოლარის გადახდა.
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით:
- ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- დ.კ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- დ.კ–ას დაეკისრა, 1360.00 (ათას სამას სამოცი) ლარის გადახდა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 26.03.2018 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ გაწეული ასანაზღაურებელი საპროცესო ხარჯი ნაცვლად 1310.00 ლარისა, მითითებულია 1360.00 ლარი. შეცდომა გამოწვეულია, მოსარჩელისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟისა და მოპასუხეთა მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის არასწორი არითმეტიკული დაანგარიშებით, კერძოდ, მოსარჩელისათვის, მოპასუხეთა სასარგებლოდ, დასაკისრებელი ამ უკანასკნელთა მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი შეადგენს 1310.00 ლარს (810+500) და არა - 1360.00 ლარს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მითითებული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „4. დ.კ–ას დაეკისროს, 1310.00 (ათას სამას ათი) ლარის გადახდა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „4. დ.კ–ას დაეკისროს, 1310.00 (ათას სამას ათი) ლარის გადახდა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად“;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი