№ას-1168-1123-2016 26 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ა.ე–ი, ვ.ე–ი, ე.ე–ი, ა.ე–ი
წარმომადგენელი - ვ.ლ–ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.კ–ა
წარმომადგენელი - რ.ჯ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.კ–ამ სარჩელი აღძრა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის წინააღმდეგ ოქროს ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით დ.კ–ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა.ე–ს აეკრძალა ქ.ბათუმში, ........ მე-3 შესახვევის #10-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .......) გასხვისება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეთაგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთები. ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების ღირებულების - 5920 აშშ დოლარის გადახდა.
- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით:
- ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- დ.კ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- დ.კ–ას დაეკისრა, 1360.00 (ათას სამას სამოცი) ლარის გადახდა ა.ე–ის, ვ.ე–ის, ე.ე–ისა და ა.ე–ის სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით გამოიტანოს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
10. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დ.კ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო სასამართლოს არ გაუუქმებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და, სსსკ-ის 1991-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე #2/463-16) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება,
რომლითაც ა.ე–ს (პ/ნ .) აეკრძალა ქ.ბათუმში, ........ მე-3 შესახვევის #10-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......) გასხვისება და საჯარო რეესტრში გაუქმდეს მითითებული აკრძალვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 261-ე, 264.3-ე, 1991, 284-ე, 285-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე #2/463-16) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.ე–ს (პ/ნ .....) აეკრძალა ქ.ბათუმში, ........ მე-3 შესახვევის #10-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .....) გასხვისება და საჯარო რეესტრში გაუქმდეს მითითებული აკრძალვა;
2. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი