Facebook Twitter

№ ას-91-2020 10 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ვ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ.ვ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან მიმწოდებელი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, შემსყიდველი ან კასატორი) შორის გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ ხელშეკრულება N679 (შემდეგში: ხელშეკრულება).

1.1. ხელშეკრულების 2.1 მუხლისა და N1 დანართის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისათვის შიდა ქართლის რეგიონში გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან მე-2 ხარისხის საშეშე მერქნის (წიფელი) სახით დამზადება და მიწოდება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.

1.2. ხელშეკრულების 3.1 და 3.2 ქვეპუნქტების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 32 997 ლარით. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.

1.3. ხელშეკრულების 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, დანართი N1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

1.4. ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, სამინისტროსთვის მიეწოდებინა 300 კბ/მ საშეშე მერქანი (წიფელი), ეტაპობრივად, 100 კბ/მ საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში, 100 კბ/მ საშეშე მერქანი 60 კალენდარულ დღეში და 100 კბ/მ საშეშე მერქანი 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ.18-22).

1.5. ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, დადგინდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განისაზღვრა ამ მუხლში, კერძოდ, ხელშეკრულების 10.3 მუხლის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ბ) ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით; ხოლო, ხელშეკრულების 10.4. მუხლით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

1.6. შესაბამისად, ხელშეკრულების მე-10 მუხლით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მის მიმართ გამოსაყენებელი საჯარიმო სანქციები განისაზღვრა ორი კომპონენტით: 1) პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით; 2) ჯარიმა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

2. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, კერძოდ:

ა) პირველი ტრანშის შემთხვევაში, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 26 ოქტომბრისა დასრულდა 2017 წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით;

ბ) მე-2 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებულია 2017 წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით;

ამასთან, როგორც მიმწოდებელი 2018 წლის 9 იანვრის წერილით მოსარჩელეს ატყობინებდა, იგი ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს. ამდენად, 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებისათვის ვადაგადაცილება დადგინდა 31 კალენდარული დღით.

3. მიმწოდებელმა, 2018 წლის 9 იანვარს წერილობით აცნობა სამინისტროს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ტ.1,ს.ფ. 38-41).

4. სარჩელის მოთხოვნა

4.1. სამინისტრომ, 2018 წლის 22 ივნისს, სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 13 990.73 ლარის დაკისრება;

5. მოპასუხის პოზიცია

5.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანიას სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის გადახდა.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 401-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით.

7. სამინისტროს სააპელაციო საჩივარი

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

8.3. სააპელაციო სასამართლომ, დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე მიუთითა. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ კომპანიამ სამინისტროს არაერთი წერილით აცნობა ვალდებულების შესრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ, კერძოდ:

8.3.1. მოპასუხემ, 2017 წლის 27 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად დამზადება უნდა მომხდარიყო გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან, რაც დასაწყობების ადგილიდან, გორის რაიონი სოფელი ..... იყო დაახლოებით 20-25 კილომეტრში, ხოლო რეალურად ტყეკაფი გამოყოფილი იყო გორის რაიონის სოფელი ..... სატყეო უბანში, რომელიც ..... იყო დაახლოებით 40-45 კილომეტრში. შემსყიდველს ეცნობა, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გზების გაყვანა და შესაბამისად, კომპანია ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულფასოვნად შესრულებას (ტ. 1, ს.ფ.71-72);

8.3.2. კომპანიამ, 2017 წლის 4 დეკემბერს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორს ა. კ–ს მიმართა წერილობითი შეტყობინებით და მოითხოვა შესრულების ვადების გახანგრძლივება. კერძოდ, გაერთიანებულიყო მეორე და მესამე მიწოდების ეტაპები და საბოლოო თარიღად მხარეებს განესაზღვრათ 2017 წლის 20 დეკემბერი. კომპანიამ 2017 წლის 04 დეკემბრის წერილობითი მიმართვით ასევე შეატყობინა შემსყიდველს, რომ ახალ ტყეკაფში არ იყო ა/მანქანის მისასვლელი გზა, ხოლო სოფელ ...... მისასვლელი გზა დაახლოებით 10-15 კილომეტრის მოცულობით იყო დაჭაობებული და უვარგისი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისათვის. აღნიშნულ გზაზე 4-ჯერ ჩავარდა მანქანა და საჭირო გახდა ბულდოზერით მისი გამოყვანა. კომპანიამ სცადა აღნიშნული გარემოების მოგვარება და ოთხჯერ შეაკეთა ეს მონაკვეთი, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე დღეში გზა ისევ ჭაობდებოდა. ასევე, შეუძლებელი იყო დამზადების ადგილზე ა/მანქანის მოძრაობა და აუცილებელი იყო მოჭრილი ხის რამდენიმე კილომეტრზე გამოთრევა (ტ. 1, ს. ფ. 73-74);

8.3.3. კომპანიამ, 2017 წლის 29 დეკემბერს სამინისტროს აცნობა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, მას შემდეგ რაც თოვლის საფარმა მიაღწია ერთ მეტრს, მიმწოდებელმა ვეღარ შეძლო სამუშაოების გაგრძელება, რადგან დამზადების ადგილი მიუდგომელი გახდა. კომპანიამ აღნიშნული გარემოების გამოსწორების მიზნით მიმართა სატყეო სააგენტოს და მოითხოვა ახალი ტყეკაფის გამოყოფა. კომპანიის მოთხოვნა განხილულ იქნა, რის შემდეგაც სააგენტომ შეისწავლა ადგილმდებარეობა და დააკმაყოფილა მოთხოვნა. აღნიშნულ მოკვლევას დასჭირდა რამდენიმე დღე და მიმწოდებელმა მხოლოდ 21 დეკემბერს შეძლო სამუშაოების განახლება. სამუშაო პერიოდის დაწყებამდე მოხდა ბულდოზერებით გზების შეკეთება და თოვლის დახვეტა, დამზადდა დაახლოებით 50 კუბური მეტრი მორი, მათ შორის მოხდა 13 კბ/მ-ის ტრანსპორტირება. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს ალტერნატიული ტყეკაფის გამოყოფასა და მიწოდების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით (ტ. 1, ს. ფ. 75-76);

8.3.4. მოპასუხემ, 2018 წლის 9 იანვარს, შემაჯამებელი ვრცელი წერილით მიმართა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორს ა. კ–ს. ხსენებულ წერილში დეტალურად იყო გადმოცემული ის ობიექტური გარემოებები (მათ შორის შემსყიდველის ბრალით გამოწვეული: სატყეო სააგენტოსთვის მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების მოპასუხისთვის დაგვიანებით მიწოდება, პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 20 დღის დაგვიანებით ჩარიცხვა, არასამუშაო საათებში პროდუქციის მიუღებლობა და ამ მიზეზით დატვირთული ავტომანქანების მოცდენა, დახმარების თხოვნით გაგზავნილი წერილების უპასუხოდ დატოვება), რამაც განაპირობა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. ამ გარემოებებზე მითითებით, ხსენებულ წერილში მოპასუხე კომპანიის დირექტორი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მოსარჩელის თვითმიზანი მათი კომპანიის დაჯარიმება იყო და არა საქმის შესრულება, რის გამოც მიიღეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება (ტ. 1, ს. ფ. 77-79).

8.4. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა პრეტენზიების გათვალისწინებით განმარტა, რომ განხილვის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრებისა და გონივრულ ოდენობამდე შემცირების მართლზომიერების საკითხის კვლევა წარმოადგენდა.

8.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე „პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის“ მუხლის მოხმობითა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებისა და მიზნების შეფასებით განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მოპასუხისთვის არ არსებობდა, კომპანიის მხრიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის არაბრალეულობის გამო.

8.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნის მართებულობისთვის საქმეში არსებულ გარემოებებზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 აპრილის განკარგულებაზე მიუთითა. დასახელებული განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციაზე (სააგენტომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის სექტემბრის N679 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მართალია, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, თუმცა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად მიმართა სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ გზის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საიდანაც დგინდება, რომ გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოს კვარტალ N42-ში გამოყოფილი სოციალური ჭრის N002-04-001931 და N002-04-0022401 ტყეკაფებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ცენტრალური ძირითადი გზა 2017 წლის ზაფხულში გაწმენდილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მოძრაობა ჯიპის მარკისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის. თუმცა, ამავე წერილით ვერ დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ მითითებული პერიოდისთვის გზა იყო გაწმენდილი და შესაძლებელი იყო ამ გზით სარგებლობა. ხსენებული წერილის თანახმად, ასევე დგინდება, რომ უამინდობისა და დიდთოვლობის დროს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა იყო გაძნელებული და საფრთხის შემცველი, რადგანაც გზა ზიანდებოდა ავტომანქანის საბურავებით, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფიქსირდებოდა საფლობები და ნამქერები.). ამასთან, კომპანიის წერილობით მიმართვებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, სამინისტროს პოზიცია მიმწოდებლისთვის არ უცნობებია.

8.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სამინისტრომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მიზეზები, ამასთან არ შეუწყო ხელი აღნიშნული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას არაერთი წერილის რეაგირების გარეშე დატოვებით.

8.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით - მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).

8.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, უნდა დაანგარიშებულიყო თითოეული მიწოდების მიხედვით, მისი ღირებულების 0.4%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8.10. ხელშეკრულების ღირებულების - 32 997 ლარის გათვალისწინებით, თითოეულის მიწოდების ღირებულება, ვინაიდან შეთანხმებული იყო 3 მიწოდება, განისაზღვრებოდა 10 999 ლარით.

8.11. ამდენად, დადგენილი იყო, რომ

ა) პირველი ტრანშის შემთხვევაში, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 26 ოქტომბრისა დასრულდა 2017 წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით;

ბ) მე-2 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებული იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით;

გ) ამასთანავე, როგორც მიმწოდებლის 2018 წლის 9 იანვრის წერილში ჩანდა იგი ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს. ამდენად, 33 კბ/მ (მეორე ტრანშიდან დარჩენილი) და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებისათვის ვადაგადაცილება დადგინდა 31 კალენდარული დღით.

8.12. თითოეულ ტრანშზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 16, 31+14, 20, ჯამში, 81 დღე. ამდენად, პირგადსამტეხლოს ოდენობა პირველი ტრანშის შემთხვევაში შეადგენდა (10 999 ლარის 0,4%, ანუ 44 ლარი, 16 დღეზე) 704 ლარს, მეორე ტრანშზე - (45x44) 1 980 ლარს, ხოლო, მესამე ტრანშზე - (20 x 44) 880 ლარს. ჯამში, 3564.00 ლარს.

8.13. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება 1 000 ლარამდე საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო.

9. სამინისტროს საკასაციო საჩივარი

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 000 ლარამდე. ამასთან არ გამიჯნა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისიწნებული ჯარიმა ერთმანეთისგან.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება და მხარეთა შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

14. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების ნორმა/პრინციპის მოხმობით განმარტავს, რომ დასახელებული პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

15. კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპები ნაცნობია როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის ვენის კონვენციისთვის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ (CISG), ასევე საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებათა პრინციპებისათვის (UNIDROIT) და ისინი მოიაზრება როგორც გენერალური საფუძვლები ამ აქტებისათვის (მუხლი 7(1) CISG; მუხლი 1.2. PICC). მისი შინაარსი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტიზაციას ცალკეულ მოთხოვნებში, კერძოდ ურთიერთგამომრიცხველი მოქმედებების აკრძალვაში, ასევე ორმხრივ ინფორმირებულების ვალდებულებაში ჰპოვებს (იხ. სუსგ. №862-828-2016, 24.02.2017).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

17. სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება.

18. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, „შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს“ მოტივაციით, მისი შემცირების თაობაზე განმარტავს, რომ უდავოდაა დადგენილი მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება სამ ეტაპად უნდა მომხდარიყო (ჯამში 300 კუბური მეტრი), აქედან მეორე მიწოდება ნაწილობრივ (100 კუბური მეტრიდან 67 კუბური მეტრის ოდენობით), ხოლო მესამე მიწოდება (100 კუბური მეტრი) საერთოდ არ განხორციელებულა.

19. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულების მიზეზების თაობაზე, კომპანიამ არაერთი წერილით მიმართა სამინისტროს, თუმცა სანაცვლოდ რაიმე სახის რეაგირება დასახელებულ მიმართვებს არ მოჰყოლია.

20. საქმეში არსებული და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით, ჯამში, შეუსრულებელმა ვალდებულებამ, მთლიანი ვალდებულების ნახევარზე ნაკლები შეადგინა, ამასთან, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამდა, მეორე ეტაპის მისაწოდებელი საშეშე მერქნის დარჩენილი (33 კუბური მეტრი საშეშე მერქანი) და მესამე ეტაპის მისაწოდებელი მასალა ერთიანად, მიეწოდებინა, გარკვეული გარემოებების (უამინდობით გამოწვეული პრობლემების, რაც ობიექტური გარემოებაა მოცემულ შემთხვევაში) აღმოფხვრის შემდეგ. ვალდებულების შესრულების გართულების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია აგრეთვე, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომლის გამომრიცხველ გარემოებაზე კასატორს არ მიუთითებია, კერძოდ, ტყეკაფის ადგილმდებარეობა, შეთანხმებული ადგილიდან დაახლოებით 20-25 კმ-ით უფრო შორს მდებარეობდა.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისაწოდებელი/შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება მხარეთა შეთანხმების მიხედვით და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო თითქმის ერთი ოდენობის თანხაა, რაც შესასრულებელი ვალდებულების, მისი შეუსრულებლობის და იმ მიზეზების გათვალისწინებით რამაც დამატებით გავლენა იქონია აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ვერ მიიჩნევა მხოლოდ მიმწოდებელი კომპანიის ბრალეულობად, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, რის გამოც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო მართებულადაა შემცირებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

23. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. (იხ. სუსგ.-ები 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013, ასევე, შდრ. სუსგ-ები Nას-848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016; Nას-1451-1371-2017).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. (იხ. სუსგ.№ას-1031-992-2016; 23.05.2017). მართალია, განსახილველ შემთხვევაში, მოვალე მეწარმე სუბიექტია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრია ვალდებულების შესრულების მიმართ, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მითითებული გარემოებების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განსახილველ შემთხვევაში გონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს სახეებს - ჯარიმასა და საურავს. საურავი, უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი.

26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისთვის ცალკე, პროცენტში გამოხატული თანხა იყო განსაზღვრული ჯარიმის სახით. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში უპირობოდ უნდა დაჰკისრებოდა მხარეს.

27. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით გათვალისწინებული ჯარიმის თაობაზე კვლავ მიუთითებს ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლებზე, აგრეთვე მოვალის, სანაცვლო რეაგირების გარეშე დატოვებულ მზადყოფნაზე - მიეწოდებინა დარჩენილი საშეშე მერქანი გარკვეულ დროში, და განმარტავს, რომ მსგავსი სახით ჯარიმის დაკისრების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა, განსახილველ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მოვალის ბრალეული ქმედების შედეგად.

28. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ერთმანეთისგან გამიჯვნის შესახებ კვლავ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ორი საფუძვლით - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ორივე შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით (მიზეზი) დაეკისრებოდა მხარეს ფულადი სანქცია და ორივე შემთხვევაში აღნიშნული ფულადი სანქცია კრედიტორის (სამინისტროს) მოთხოვნის უზრუნველყოფას ემსახურებოდა (მიზანი), შესაბამისად მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო სხვადასხვა შემთხვევებისთვის, მისი გამოთვლის სხვადასხვა მეთოდის გათვალისწინებით.

29. საკასაციო სასამართლო დამატებით, ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - პირგასამტეხლოსა და ე.წ. „საჯარიმო თანხის“ (შენიშვნა: აღნიშნული ინსტიტუტი ქართული კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული არაა და ის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს) ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზნით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული ფულადი სანქიცაა, რომელსაც მოვალე იხდის. საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (იხ. სსკ-ის 420-ე მუხლი). აღნიშნულისგან განსხვავდება სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებული და გერმანულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული ე.წ. „საჯარიმო თანხა“, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით მოვალე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის დროს, ალტერნატიული შესრულების სახით იხდის. დასახელებული შეთანხმება, მხარეთა შორის, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპით გათვალისწინებულ ისეთ შეთანხმებას წარმოადგენს, რომელშიც სასამართლო მისი ოდენობის შეუსაბამობის მოტივით (იხ. სსკ-ის 420-ე მუხლი) ვერ ჩაერევა, მხარის შესაგებლის არსებობის შემთხვევაშიც კი.

30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის შეთანხმებული პირგასამტეხლო სამართლიანად შემცირდა გონივრულ ოდენობამდე, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისწინებული საჯარიმო თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, ამასთან დასახელებულ შემთხვევაში საჯარიმო თანხა სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

31. კასატორი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე