Facebook Twitter

№ას-106-2020

5 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ს“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ფ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ.ფ–ძემ, (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ“-ის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით.

შპს „დ“-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ქ.ფ–ძის მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე შპს „დ“-მა სარჩელი არ ცნო.

ქ.ფ–ძემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

შპს“დ“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ქ.ფ–ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „დ“-ის სააპელაციო საჩივარი ქ.ფ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სსკ-ის 365-ე მუხლზე მითითებით დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „დ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გასაჩივრებულ განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას (მიზნებს), როდესაც თავდაპირველ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე საერთო გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, სარჩელზე ცალცალკე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ასაბუთებს. განჩინება შეიცავს არასწორ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეგებებული სარჩელი მიმართული არ იყო თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის ჩასათვლელად.

მართალია, შპს „დ“-ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გააჩნდა ქ.ფ–ძის მიმართ ერთი თვის სახელფასო დავალიანება, თუმცა იგივე სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, ქ.ფ–ძეს გააჩნდა მის მიმართ შემხვედრი ვალდებულება (2465.56 ლარი), ამიტომ ორივე სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც (თუნდაც ნაწილობრივ) კი, გადაწყვეტილება თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით მიმართული უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ მიღებულია საერთო გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის მიერ გასაჩივრებულია ორივე ნაწილში, სააპელაციო საჩივრის ფასი უნდა განისაზღვროს მოთხოვნების ჯამური ოდენობის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი სრულად იქნეს მიღებული განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ“-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ: ა)კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს“დ“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ქ.ფ–ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტას ემსახურება.

სააპელაციო პალატამ, შპს „დ“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას დაადგინა შემდეგი:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ.ფ–ძემ შპს „დ“-ის მიმართ და მოითხოვა 2018 წლის ნოემბრის თვის შრომითი ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდა, რაც მოპასუხემ არ ცნო.

მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2465.56 ლარი.

დასახელებული ფაქტებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ცალკე, დამოუკიდებელი დავის საგანია და კონკრეტული პირის უფლების რეალიზაციას უკავშირდება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი უარყოფილია.

აპელანტი, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, როგორც თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ისე შეგებებული სარჩელის (რომლითაც ითხოვდა პირგასამტეხლოს - 1800 ლარს და ზიანის - 665.56 ლარის დაკისრებას) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

შესაბამისად, ქ.ფ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1059.9 ლარია (600+ (600ლარის 0.07%) *365*3), რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს. რომ არა, შეგებებული სარჩელის დავის საგანი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო წესით ვერ შემოწმდებოდა.

პალატამ აღნიშნა, რომ სხვაგვარი დაშვების პირობებში, თუ დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით 2000 ლარია, შეგებებული სარჩელის აღძვრით, რომლის დავის საგანი მაგალითვისთვის არ აღემატება 50 ლარს, ყოველთვის შეიძლება მივიღოთ 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე დავაზე დაწესებული ქონებრივი ცენზის დაძლევა, რაც შეგებებული სარჩელის აღძვრისა და კანონით დადგენილი ზღვრული ღირებულების ზრდის მაპროვოცირებელი საშუალებაა და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან.

უდავო გარემოებაა, რომ ქ.ფ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1059.9 ლარია (600+ (600ლარის 0.07%) *365*3). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შპს „დ“-ის (ქ.ფ–ძის სარჩელთან მიმართებით) სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ჩარევა ლეგიტიმურია, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა)

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას დაერღვა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება, რადგანაც სააპელაციო საჩივრით მხარე რომელიმე ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაზე არ მიუთითებს, ხოლო ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, საჩივრის დაშვებაზე უარი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს ემყარება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს (50 ლარი), პალატა მიიჩნევს, რომ მისი ნახევარი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოვალეს რადგან კრედიტორის მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 1059.9 ლარს. შესაბამისად, მოცემული მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავათა კატეგორიაში ექცევა, რის გამოც, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, განახევრებას ექვემდებარება; პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) შპს „დ“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 39-ე, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „დ“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორს შპს „დ“-ს (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „დ“-ის მიერ 30/12/2019 წ. #1577707560 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე