Facebook Twitter

საქმე №ას-187-2020

10 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი მ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე ფ.ჰ.დ.ნ–ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ.ჰ.დ.ნ–ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 ევროს გადახდა, მოპასუხისათვის 36 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში კი არ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით ფ.ჰ.დ.ნ–ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემაც და მოპასუხემაც შეიტანეს საკასაციო საჩივარი.

მ.გ–ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებთ მ.გ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 13 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით მ.გ–ძემ წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2020 წლის 5 ივნისს მ.გ–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 5 ივნისს მ.გ–ძის წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსრულებულია ნებაყოფლობით და მ.გ–ძე უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა ნებაყოფლობით. შესაბამისად კასატორს აღნიშნული დავის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის გამო, მ.გ–ძეს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე ფ.ჰ.დ.ნ–ეს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

2. კასატორ მ.გ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, გადახდის თარიღი 13.03.2020, საგადახდო დავალება N9186515545, მიმღების კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, გადამხდელის პირადი ნომერი 01024064255, გადახდილი თანხა - 6 000 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე