Facebook Twitter

საქმე №ას-1366-2019 16 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ი.ა–ი (კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.წ–ი (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი განჩინების მიღება

დავის საგანი – გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინებით ი.ა–ის (შემდეგში - კასატორი) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინება, ასევე ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება (მოსამართლის თვითაცილება) და 2019 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინება (ვიდეო მასალის საქმისათვის დართვა).

2. 2020 წლის 19 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელმაც მოითხოვა დამატებითი განჩინების გამოტანა იმ საფუძვლით, რომ კასატორის მოთხოვნას სხვა მოთხოვნებთან ერთად შეადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 2019 წლის 9 აპრილს ტელეკომპანია იმედში გასული სიუჟეტისა (გადაცემა „პირისპირ“) და ვებ.გვერდებზე გავრცელებული ამ სიუჟეტის ამსახველი მოკლე წერილობით ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) დართვაზე (იხ., განცხადება).

3. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 2019 წლის 9 აპრილის ინტერვიუს დართვაზე, მაშინ როდესაც კასატორის მოითხოვდა ასევე „ვებ.გვერდებზე გავრცელებული ამ სიუჟეტის ამსახველი მოკლე წერილობითი ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) დართვაზე“ უარის თქმის კანონიერების შესწავლას. განჩინების სამოტივაციო ნაწილში ამ საკითხის შესახებ არაფერია ნათქვამი, რის გამოც, გაურკვეველია იმსჯელა, თუ არა საკასაციო პალატამ აღნიშნულის შესახებ.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს დამატებითი განჩინების მიღებას საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზე, რომელიც ეხება „ვებ.გვერდზე გავრცელებული ამ სიუჟეტის ამსახველი მოკლე წერილობითი ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) დართვას“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არაა სრულყოფილი და არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).

12. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“.

13. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით, თუმცა, სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც მართალია იყო განხილვის საგანი, წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები ამ მოთხოვნის ფაქტობრივი დასაბუთებისათვის, ე.ი. მოხდა მისი განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს გამორჩა რატომღაც მხედველობიდან, მიეღო გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ (მაგალითად, სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელების ობიექტური გაერთიანება). თუ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, სასამართლოს გამოაქვს განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.

15. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების (ან შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების დამატება) გამოტანა, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ისეთი ხარვეზის გამოსწორების საშუალებაა, როგორიც მისი დაუსრულებლობაა. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც დადგენილია საქმის განხილვის დროს და მხოლოდ სსსკ-ის 261-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, 1) თუ სასამართლომ არ განიხილა, უპასუხოდ დატოვა რომელიმე მოთხოვნა (არ გამოიტანა მათ თაობაზე გადაწყვეტილება), თუმცა კი მათ თაობაზეც (დასამტკიცებლად) საქმის მონაწილეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებები და ყოველივე ეს ასახულია სასამართლო სხდომის ოქმში (მაგალითად, არ არის გადაწყვეტილი დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის მოთხოვნა, უპასუხოდ დარჩა შეგებებული სარჩელი, მოსარჩელის მიერ აღძრული რამდენიმე მოთხოვნიდან, ნაწილი უპასუხოდაა დატოვებული. ვთქვათ, აღძრული იყო მამობის დადგენისა და ალიმენტის გადახდევინების სარჩელი. სასამართლომ მამობის დადგენის სარჩელი (მოთხოვნა) დააკმაყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილებაში არაფერი უთქვამს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გამოტანილ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება გადაუწყვეტელი მოთხოვნების მიმართ, რამთუ განხილულ და სხვა ამდაგვარ შემთხვევებში ფაქტობრივად ერთმანეთს არ თანხვდება (არ ემთხვევა) სასამართლო განხილვის საგანი, ე.ი ფაქტები და მტკიცებულებები და სასამართლო გადაწყვეტილების საგანი (იხ., შ.ქურდაძე, ნ.ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2015, გვ.599).

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები.

17. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).

18. სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30;). მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ., Milatova and others v. The Czech Republic §59; Niderost-Huber v. Switzerland, § 24).

19. კასატორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებასთან ერთად, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება (მოსამართლის თვითაცილება) და 2019 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინება (2019 წლის 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტი (გადაცემა „პირისპირ“) და ამ სიუჟეტის ამსახველი მოკლე წერილობითი ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) ვებ.გვერდებზე გავრცელების ამსახველი მასალის საქმისათვის დართვაზე უარი). ( იხ. სუსგ 2020 წლის 06 აპრილის განჩინება საქმეზე # ას-1366-2019, პ. 130). კასატორი აღნიშნავდა, რომ ამ სიუჟეტით იგი ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ზემოხსენებულ საქმესთან ნეგატიურად დაკავშირება, მით უფრო, ცილისწამების შედეგად, იწვევს ყველა ადამიანის მიმართ უარყოფით შედეგებს, სახელის გატეხვას, სტიგმატიზებას, მისთვის ამა თუ იმ იარლიყის მიკვრას.

20. საკასაციო პალატამ დაუსაბუთებულობის გამო არ გაიზიარა კასატორის აღნიშნული პრეტენზია და მიიჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას (იხ., სხდომის ოქმის ჩანაწერი 10.45სთ) შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში. ( იხ. სუსგ 2020 წლის 06 აპრილის განჩინება საქმეზე # ას-1366-2019, პ. 139).

21. საკასაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საქმესთან მოსარჩელის ნეგატიური დაკავშირება და ამით, მოსარჩელის სტიგმატიზება, რაც შეიძლება იკვეთება ამ კონკრეტული ინტერვიუს ჩანაწერიდან, წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის შეხედულებას, მის მოსაზრებას. სასამართლო კი, მტკიცებულებათა შეგროვების საკითხს წყვეტს სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე და 104-ე მუხლების შესაბამისად. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებას, არ მიიღოს, არ გამოითხოვოს ან საქმიდან ამოიღოს მტკიცებულებები, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.( იხ. სუსგ 2020 წლის 06 აპრილის განჩინება საქმეზე # ას-1366-2019, პ. 140).

22. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ, 2020 წლის 06 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილში, საკასაციო სასამართლოს თითქოსდა არ უმსჯელია სააპელაციო სასაამრთლოს მიერ 2019 წლის 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტის (გადაცემა „პირისპირ“) ამსახველი მოკლე წერილობითი ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) ვებ.გვერდებზე გავრცელების ამსახველი მასალის საქმისათვის დართვაზე უარის თქმის კანონიერების შესახებ.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათვალისწინებული იქნებოდა განმცხადებლის მოსაზრება, რომ საქმეზე # ას-1366-2019 სუსგ 2020 წლის 06 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, 2019 წლის 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტის (გადაცემა „პირისპირ“) ამსახველი მოკლე წერილობითი ინფორმაციის (რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსი) ვებ.გვერდებზე გავრცელების ამსახველი მასალის საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ, მაინც არ არსებობს დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ ჯერ ერთი, შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ, არ წარმოადგენს სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.7-9; 14-15), მეორეც, ამ მტკიცებულების დართვაზე უარის შესახებ პასუხი გაცემულია საქმეზე # ას-1366-2019 სუსგ 2020 წლის 06 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში, ხოლო დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი, გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე არაერთხელ განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (იხ. სუსგ-ებები №ას-1075-1033-2016 3 თებერვალი, 2017 წელი; №ას-1334-1254-2017, 13 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დამატებითი განჩინების გამოტანის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, განმცხადებელის მოთხოვნა დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ა–ის განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე