საქმე №ას-473-2019 13 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ს–ი, მ.პ–ი, ქ.პ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.პ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი), ნ.ს–სა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი და პირველი მსესხებელი) და მ.პ–ს (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე მსესხებელი), აგრეთვე ქ.პ–ს (წარმოდგენილი კანონისმიერი წარმომადგენლების - პირველი და მეორე მოსარჩელეების მიერ; შემდეგში: მესამე მოსარჩელე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი ან მესამე მსესხებელი) შორის, 2012 წლის 11 ოქტომბერს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა მოსარჩელეებს ერთი წლის ვადით, 2013 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით ასესხეს 135 000 აშშ დოლარი. მსესხებლებმა მიიღეს ეს თანხა სესხად და იკისრეს ვალდებულება, დააბრუნონ სესხი სრული მოცულობით, გადაიხადონ მასზე დარიცხული სარგებელი/პროცენტები და შეასრულონ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები სრული მოცულობით.
2. მხარეთა შეთანხმებით, სესხი სარგებლიანია და მისი ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიური 3,3%-ით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის/პროცენტის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებლებს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხებათ საურავი/პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 0,1% და ვადაგადაცილებული პროცენტი - 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისაგან.
3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით მსესხებელი პროცენტს 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდიდა, ხოლო გადახდა დაიწყებოდა ხელშეკრულების დამოწმებიდან მე-7 თვეს, კერძოდ, ერთი თვის პროცენტი გადახდილი იქნებოდა 2013 წლის 11 მაისის ჩათვლით, მომდევნო ერთი თვის პროცენტი-2013 წლის 11 ივნისის ჩათვლით, მომდევნო ერთი თვის პროცენტი-2013 წლის 11 ივლისის ჩათვლით, მომდევნო ერთი თვის პროცენტი 2013 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, მომდევნო ერთი თვის პროცენტი 2013 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი 7 თვის პროცენტი სრულად გადახდილი იქნებოდა 2013 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება განხორციელდებოდა ერთიანად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. სესხის დაბრუნება გაფორმდებოდა წერილობითი აქტით, რომელსაც ხელს მოაწერდნენ მხარეები. გადახდა ჩაითვლებოდა დადგენილ ვადაში განხორციელებულად, თუ გადასახდელი თანხა, სრული მოცულობით, ჩაირიცხებოდა გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ან ნაღდი ანგარიშსწორების სახით გადაეცემოდა გამსესხებელს ვალდებულების შესრულების დათქმულ ვადაში.
4. სესხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა მესამე მოსარჩელის უძრავი ქონებებით, ს/კ ......; ......; ........ ამ ქონებების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარით (იხ. შპს ,,ბიზნეს აუდიტის” 2014 წლის №14/10-02 დასკვნა).
5. მესამე მსესხებლის კანონიერ წარმომადგენელს - მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 3 სექტემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებებზე, თითოეული - 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი)_ აშშ დოლარად.
6. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მესამე მსესხებლის კუთვნილი შესაბამისი უძრავი ქონებები გამსესხებლის საკუთრებაში გადავიდოდა იმ პირობით, რომ მესამე მსესხებელს 2014 წლის 3 მარტამდე უფლება ექნებოდა, გამოესყიდა ზ/აღნიშნული უძრავი ქონებები. მოპასუხე თითოეულ უძრავ ქონებაში მყიდველს 53 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა. ამ ვადაში, უძრავი ქონების გამოსყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში იგი საბოლოოდ გადავიდოდა მყიდველის (მოპასუხის) უპირობო საკუთრებაში.
7. მხარეებს შორის, 2012 წლის 24 სექტემბერს, სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ პირველ და მეორე მოსარჩელეებს ერთი წლის ვადით ასესხა 17 000 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3.3%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება .... ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა განცხადებით, გამსესხებლმა მსესხებლებს სრულად გადასცა სესხი, ხოლო მსესხებლმა მიიღო თანხა შესაბამისი სანოტარო აქტის დამოწმებამდე ნაღდი ანგარიშსწორებით.
8. მეორე მოსარჩელეს გამოსყიდვის უფლება არ გამოუყენებია და მყიდველისათვის გამოსასყიდი თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, არ გადაუხდია.
9. სასარჩელო მოთხოვნა
9.1. მსესხებლებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს გამსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს უძრავი ნივთების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენა.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მსესხებელთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 477-ე, 509-ე, 510-ე, 56-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
13. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
13.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მსესხებელთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, აპელანტთა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2013 წლის 3 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა, არ დასტურდება.
14.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა 2013 წლის 3 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების თვალთმაქცური ბუნება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება, მხარეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონებების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებების, 2012 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელებად (მასში ცვლილებების შეტანის გზით) მიჩნევის თაობაზე; გარდა იმისა, რომ კრედიტორმა უარყო სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე შეთანხმება, არც ხელშეკრულების შინაარსით და შემდგომში განვითარებული მოვლენებით, რომლებიც თანმიმდევრულად, სრულყოფილად და დეტალურად არის აღწერილი და შეფასებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენდნენ მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელებას, შეთანხმებული და შეცვლილი პირობებით.
14.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიაქცია ყურადღება პირველი მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ თუკი მხარე სესხის სამართალურთიერთობაზე ამყარებდა თავის მოთხოვნას, მოსარჩელეებს რაიმე თანხა, სარგებლის სახით, ამ პერიოდისათვის არ გადაუხდიათ (2015 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:47 სთ). შესაბამისად, საქმის განმხილველმა სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ თუკი მხარე სადავო გარიგებას აღიქვამდა სესხის ხელშეკრულებად და მის გაგრძელებად, ამ ვადაში არ იხდიდა საპროცენტო სარგებელს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ თუკი, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, სესხის სახით მიღებული თანხის დაფარვის ვადა ახლოვდებოდა, არ იყო მისი გადახდის საშუალება და თუ მოსარჩელეები ამ გარემოებას აცნობიერებდნენ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული კვლავ სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ ასეთ ვითარებაში ლოგიკური იყო მხარეებს შორის სწორედ უძრავი ქონების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულების გაფორმება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით, მათი შინაგანი ნებაც ამ ხელშეკრულების დასადებად გამოვლინდა და სესხის ხელშეკრულება შეცვლილი პირობებით არ გაგრძელებულა, მით უფრო, რომ სადავო უძრავ ქონებას გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ფაქტობრივად ფლობდა მოპასუხე და, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მის კონტრაჰენტებს იმთავითვე ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
14.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი დადგა - შემძენი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ და შეუდგა ქონების ფლობას; გამოსყიდვის ვადად ხელშეკრულებით განისაზღვრა ექვსი თვე და უდავოა, რომ გამოსყიდვის უფლება რეალიზებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის შემდეგ განმარტებაზე: ვალის აღების შემდეგ მსესხებლებმა მალევე გააცნობიერეს, რომ სესხის დაფარვას მხოლოდ ფართის რეალიზაციის შედეგად შეძლებდნენ, ამასთან, მათ არ გააჩნდათ სტაბილური შემოსავალი, რითაც უზრუნველყოფდნენ სესხის გადახდას, ახლოვდებოდა სესხის გადახდის ვადა და არ იყო მისი გადახდის შესაძლებლობა. მხარის ნებას წარმოადგენდა ვალის დაფარვა, რასაც იგი განახორციელებდა ფართის რეალიზაციის შედეგად და ა.შ. ამ გარემოებების შეჯერების შედეგად კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაბუთებულად მართებულად მიიჩნია ის, რომ მხარეთა ნება მიმართული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებების დადებისკენ.
14.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილი მსჯელობა, რომ თუკი კრედიტორის ნებას წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების გაგრძელება, მაშინ იგი უარს არ იტყოდა ამ პერიოდში სავარაუდოდ დარიცხული საპროცენტო სარგებლის მიღებაზე, რაც არცთუ უმნიშვნელო თანხას წარმოადგენდა, ასევე მართებულია და საქმის განმხილველი სასამართლოს სწორი შეფასებაა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულების გაგრძელებით მოწინააღმდეგე მხარე მიიღებდა გაცილებით დიდ სარგებელს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობით, უსაფუძვლოა აპელანტთა მტკიცება, რომ მხარე დათანხმდა სესხის ხელშეკრულების გაგრძელებას შეცვლილი პირობებით, უპროცენტოდ, ძირითად თანხად მხოლოდ 159 000 აშშ დოლარის განსაზღვრის პირობით.
14.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არყოფილა, ასეთზე აპელანტებს ზეპირსიტყვიერი განმარტების ფარგლებშიც არ მიუთითებიათ სარწმუნოდ და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენიათ სასამართლოსათვის; მათ მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის, ხელშეკრულებაში ასახულ უძრავი ქონების რეალურ ფასსა და მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობასთან დაკავშირებით, სადავო გარიგებების თვალთმაქცური ბუნების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა; განზოგადებული სასამართლო პრაქტიკით მიჩნეულია და პირველი ინსტანციის სასამართლომაც სწორად იმსჯელა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქონების რეალური საბაზრო ღირებულებისაგან, მაგრამ ეს მხარეთა ნებიდან გამომდინარე შეთანხმებას წარმოადგენს, მათ სრული უფლება აქვთ, ეკონომიკური თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, შეთანხმდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასზედაც. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობა ვერ იქნება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებმა თავად წარადგინეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქონების გასხვისების შემთხვევაში, მათ ეკისრებოდათ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები, რაც ქონების გასხვისებისას, ცხადია იმოქმედებდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებზე.
14.8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეს კონკრეტულ დავაში უნდა დაემტკიცებინა - სურდათ თუ არა მხარეებს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებათა დადება და თუკი არ სურდათ ამ შინაარსის ხელშეკრულებების გაფორმება, რა გარიგება დაფარეს მათ სადავო გარიგებებით. ამ გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში კი პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული უტყუარი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით; დასახელებული გარიგებების საფუძველზე, მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონებები. ეს ხელშეკრულება შესრულებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ფორმით და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, რის შედეგადაც მყიდველი ფაქტობრივად შეუდგა ქონების ფლობას; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კი, აპელანტთა მხრიდან გამოსყიდვის უფლება რეალიზებული არ ყოფილა.
15. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
15.1. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. საკასაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულია განმეორებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლოს მიერ დამატებითი, გონივრული ვადის მიცემაზე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სასამართლოს საოქმო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.12.18 წლის განჩინება; ასევე გასაჩივრებულია 12.08.2015 წლის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე (დანართები N1-3) და 12.03.2018 წლის ახსნა-განმარტებებზე (დანართები N1-4, 6 და 7) დართული დოკუმენტების მიმდინარე საქმეში წერილობით მტკიცებულებებად დართვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 13.03.2018 წლის საოქმო განჩინება.
15.2. კასატორთა განმარტებით, სადავო გარიგების ბათილად ცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისა და გარიგებაში მითითებულ ფასთა არაპროპორციულობაა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას არ შეესაბამება. ასევე, მოპასუხეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. მოსარჩელეებს არ ჰქონდათ ნება, გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ, მოპასუხემ მათი გამოუცდელობითა და სულიერი სისუსტით ისარგებლა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისს განჩინებით მსესხებელთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა. წარმოდგენილია ვრცელი საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღწერილია თეორიული საკითხები, თუმცა კონკრეტული საფუძვლიანი პრეტენზიები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს, კასატორებს არ წარმოუდგენიათ.
21. განსახილველი დავის საგანია გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი თვალთმაქცური ხასიათის გამო. კასატორთა განმარტებით, მათ გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება არ ჰქონდათ, მათ რეალურად სასესხო ურთიერთობის გაგრძელება სურდათ (სსკ-ის 56-ე მუხლი).
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
23. საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.
24. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, თუ როგორი შეიძლება იყოს თვალთმაქცური გარიგება და შემდეგ იმსჯელებს სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლიანობაზე.
25. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
26. „მოჩვენებითი გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა. მოჩვენებითი გარიგება ბათილია, რადგან მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას. მოჩვენებითი გარიგებისაგან განსხვავებით, თვალთმაქცური გარიგება ნამდვილია. მტკიცებითი ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში. აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას“ (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 56, ველი 4, 7, 8, 19, 21, 22).
27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ # ას 871-821-2015, 05.02.2016წ; # ას-487-461-2015, 17.06.2015წ.).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგების მხარეებს (ორივე მხარეს) სურთ სხვა გარიგების დაფარვა, როგორც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები განმარტავენ, მათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელება სურდათ, თუმცა გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული და სადავო ურთიერთობა მოექცეს სასესხო ურთიერთობის ფარგლებში. კასატორები საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის დასამტკიცებლად უთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულია ჯერ კიდევ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში /ეს ხელშეკრულება 11.10.2012 წელს გაფორმდა ერთი წლის ვადით, ხოლო უძრავი ქონების არასრულწლოვანი მესაკუთრის წარმომადგენელმა - მამამ 2013 წლის 3 სექტემბერს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით- იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.355/. კასატორის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ სსკ-ის 327-ე და 319-ე მუხლების ფარგლებში, მხარეებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი ანიჭებს შესაძლებლობას, შეთანხმდნენ მათთვის სასურველი და მისაღები პირობებით კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე და განსაზღვრონ ხელშეკრულების არსებითი პირობები. ის გარემოება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ერთწლიანი ვადის ამოწურვამდე გაფორმდა მხარეთა შორის უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით, სავსებით კანონიერი და მართლზომიერია ზემოხსენებული ნორმების მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეებმა სარჩელის აღძვრამდე, 2014 წლის 22 ოქტომბერს, განცხადებით მიმართეს სასამართლოს, სადაც ვრცლად და დეტალურად აღწერეს ის ვითარება, რომ მათ უჭირდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოპასუხის წინაშე, მასთან მოლაპარაკებები აწარმოეს; საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულიყო, იპოთეკარს (მოპასუხეს) მიაჩნდა, რომ გარკვეული შეღავათის სახით, უმჯობესი იქნებოდა, რომ უძრავი ქონებები მის სახელზე გადაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულებების სახით და თითოეულ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებულიყო 53 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის ვადის გაგრძელების თვალსაზრისით ხელშეკრულებაში ჩადებულიყო გამსხვისებლის მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლება, რაც შესაძლებელი იქნებოდა თითოეული უძრავი ქონებისათვის 53 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის ამ თვალთმაქცურ გარიგებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ არსებობდა შანსი, დაეკარგა უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამიტომ ჩაიწერა ხელშეკრულებაში, რომ გამსხვისებელმა მიიღო მყიდველისაგან თითოეული უძრავი ქონების სანაცვლოდ 53 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითვე გამორიცხავს საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგან მხარის განმარტების გარდა, სხვა სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის გამოვლინდა სხვა ნება და არა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებით; ასევე, არც ის დასტურდება, რომ გამსხვისებლის კანონიერ წარმომადგენელს არ მიუღია მყიდველისაგან ფულადი თანხა. მოსარჩელე საგადასახადო ვალდებულებების გამო, რაც მისივე სიტყვებით, „ორმაგ დაბეგვრას“ გამოიწვევდა, შესაძლო პასუხისმგებლობაზეც უთითებს (იხ. ტ.1, ს.ფ.1-6). სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად წარდგენილი არგუმენტების საპირწონედ, მოპასუხემ დამაჯერებლად, ლოგიკური თანმიმდევრობითა და ამომწურავად წარადგინა მოსარჩელეთა მოთხოვნის გამაბათილებელი პოზიცია შესაგებელში (იხ. სსსკ-ის 201-ე მუხლის მ-4 ნაწილი), შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველჰყო საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებულობის დამტკიცება.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 14.2-14.8 ქვეპუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორთა პრეტენზია თითქოს მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ სასესხო ურთიერთობა გააგრძელეს, რადგან მოსარჩელეები აღარ იხდიდნენ ყოველთვიურად ძირითად თანხასა და პროცენტს. ამასთან, მათ გაუძნელდათ უკვე სესხად აღებული თანხების გამსესხებლისათვის დაბრუნება და არადამაჯერებელია მოსარჩელეებს კვლავ სესხის აღების სურვილი ჰქონოდათ გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას. ასევე, არადამაჯერებელია თავად გამსესხებელს ეთქვა უარი სესხის გაცემაზე, რადგან მას დამატებით შემოსავლის მიღების შანსი ექნებოდა. მოპასუხე არ აცხადებს, რომ მხარეთა ნება გამოსყიდვით ნასყიდობა არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიის საპასუხოდ, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური არ გადაუხია, განმარტავს, რომ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არის, არამედ ეს გამყიდველს ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლებას აძლევს.
30. კასატორები აცხადებენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა ამგვარი განაცხადი დაუსაბუთებელია, რადგან კასატორები უთითებენ კონკრეტულ საქმეებზე, მაგრამ არ ასახელებენ კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც განსახილველ საქმეში, მათ მიერ მითითებულ მსგავს საქმეებში გაკეთებული შეფასებებისაგან განსხვავებულად, შეფასდა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი და თეორიული ხასიათის, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოს უნდა დაუდასტუროს ფაქტობრივი გარემოებების მის სასარგებლოდ შეფასების მართლზომიერება, სამართლებრივი შეფასება კი სასამართლოს პრეროგატივაა (jura novit curia - სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო საჩივრის იმგვარი გადატვირთულობა, როგორიც განსახილველ საქმეშია, სასამართლოს ვერ შეუქმნის ან გაუმყარებს შინაგან რწმენას, რომ სარჩელი დასაბუთებულია, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იმის მიხედვით იღებს, თუ როგორ წარადგენს ფაქტობრივ გარემოებათა თანმიმდევრულობას მოსარჩელე და როგორ შეედავება მას მოპასუხე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ გაართვეს თავი მათზე კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს იმგვარად, რომ სასამართლო დაერწმუნებინათ, მხარეთა ნება, გამოსყიდვით ნასყიდობის გაფორმებისას, მიზნად ისახავდა სხვა გარიგების - სესხის ხელშეკრულების დაფარვის მიზანს.
31.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როცა სასამართლო იხილავს სარჩელს გარიგების ბათილობის შესახებ, იგი იკვლევს და აფასებს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, გაფორმებულ გარიგებათა თანმიმდევრულობას და შინაარსს, ლოგიკურ და ადეკვატურ კავშირებს ამ გარიგებებს შორის. რაც შეეხება ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასსა და გარიგებით გათვალისწინებულ ფასს შორის სხვაობას, საკასაციო სასამართლო კასატორებს მიუთითებს, რომ მათ მიერ დასახელებულ განჩინებებში უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მარტოოდენ ფასთა დისპროპორცია გარიგების ბათილობის საფუძველი არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება #ას-664-635-2016, 02.03.2017 წ.).
32. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორებს არ მიუთითებიათ ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სადავო ხელშეკრულებები ბათილად მიეჩნია, ეს კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
33. კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადავადებული ჰქონდათ, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორებს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ის, მ.პ–ის და ქ.პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. ნ.ს–ს (პ/ნ ....), მ.პ–ს (პ/ნ .....) და ქ.პ–ს (პ/ნ .....) დაეკისროთ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე