საქმე №ას-1662-2019 24 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ნ–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ა–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ ქონების უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება თ.ნ–ძე (შემდგომში − „მესამე პირი“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. უმკვიდროდ იქნა ცნობილი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ....., მ.ლ–ის 7/10 ნაწილიდან 75.34 კვ.მ. ფართი, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის 2019 წლის 13 თებერვლის №000870518 დასკვნის შესაბამისად, და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი მოცემულ საქმეში იყო მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს არ წარმოადგენდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება და აზიანებს მესამე პირის, როგორც მესაკუთრის, უფლებებსა და ინტერესებს. ფართი, რომელზეც საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობს მოსარჩელე, მესამე პირის საკუთრებაში შედის და არ წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით მესამე პირს ერთმევა და უმცირდება მოცემულ მისამართზე მის საკუთრებაში დასაზუსტებელი და დასარეგისტრირებელი ფართი;
9.2. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეში კერძო საჩივრის ავტორი მესამე პირის სტატუსით არის ჩაბმული, ადგილი არ აქვს სტანდარტულ შემთხვევას, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ზიანს აყენებს მას;
9.3. იმ პროცესუალური შეზღუდვების გამო, რომელთა მიხედვით, პირს არ აქვს უფლება ჩაებას სასამართლო დავაში მოპასუხედ და მოპასუხეთა წრეს ირჩევს და განსაზღვრავს მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორს მოცემულ საქმეში თავისი სტატუსის განსაზღვრისა და უფლებების რეალიზაციისთვის სხვა პროცესუალური რესურსი არ გააჩნია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მესამე პირის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
15. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე - შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არაა უფლებამოსილი, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც დაუშვებელია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.
18. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ფართი, რომლის გადაცემასაც სახელმწიფოსგან მოითხოვს მოსარჩელე, სინამდვილეში მის საკუთრებაში არსებული ფართია. ეს ნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა აქვს დავის საგნის ნაწილზე ან მთლიანად დავის საგანზე და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად), მას შეეძლო აღეძრა სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ. მას აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია. პირიქით, კერძო საჩივრის ავტორმა თავად მოითხოვა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა (იხ. ტ.1. ს.ფ. 147-149), რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი გამონაკლისს არ ითვალისწინებს. თუმცა მას არ ერთმევა უფლება საერთო საფუძვლებით დამოუკიდებლად აღძრას სარჩელი.
19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, რომლებიც დავის საგნის მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებს ეხება, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ნ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე